როგორ ამოვიცნოთ პროდუქტიული კვერცხმდებელი ქათამი _ პრაქტიკული გზამკვლევი ფერმერებისთვის
მეფრინველეობაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა ფრინველთა ეფექტიანობის შენარჩუნებაა.
იმის ცოდნა, თუ როგორ ამოვიცნოთ აქტიური კვერცხმდებელი ქათამი, ფერმერს იცავს თვეობით ლოდინისა და ფუჭად დახარჯული საკვებისგან.
ამის მიუხედავად, ფრინველს ბაზარზე ყიდულობთ თუ საკუთარ მეურნეობას აფასებთ, მნიშვნელოვანია შეისწავლოთ _„წაიკითხოთ“ ფრინველი, სანამ მასზე საბოლოო არჩევანს შეაჩერებთ.
ძირითადი ინდიკატორები _ როგორ ამოვიცნოთ საუკეთესო დედლები
კვრცხმდებელი დედლის პროდუქტიულობის დასადგენად რამდენიმე გარეგანი ნიშანი არსებობს, რომლებიც პირდაპირ მიანიშნებს ფრინველის რეპროდუქციული სისტემის მდგომარეობაზე:
- ბიბილო და საყურეები _ ეს ყველაზე სწრაფი ინდიკატორია. აქტიური კვერცხმდებელი ქათმის ბიბილო და საყურეები არის დიდი, მკვეთრი წითელი ფერის და შეხებისას თბილი. პატარა, ფერმკრთალი ან ცივი ბიბილო მიანიშნებს სტრესზე, ავადმყოფობაზე, განგურზე (ბუმბულის ცვენა) ან იმაზე, რომ ქათამმა კვერცხისდება შეწყვიტა;
- მუცლის ღრუ _ ეს ყველაზე სანდო ნიშანია. რბილი, ფართო და მოქნილი მუცელი ნიშნავს, რომ რეპროდუქციული სისტემა აქტიურია. თუ მუცელი გამაგრებულია ან მცირე ზომის, ეს ადასტურებს, რომ ქათამი ამჟამად კვერცხმდებლობის ციკლში არ იმყოფება.
- კლოაკა _ ქათმის სხეულის იმ ნაწილს, საიდანაც ის კვერცხს დებს _ ტენიანი და რბილი კლოაკა რეპროდუქციული სისტემის გამართული ფუნქციონირების პირდაპირი ნიშანია. მშრალი და შევიწროებული კლოაკა კი მიუთითებს იმაზე, რომ ფრინველი კვერცხს არ დებს.
განგურის პერიოდი და სეზონური თავისებურებები
მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ კომბინირებული და მძიმე ჯიშების (მაგალითად: Rhode Island Red, Barred Plymouth Rock და სხვა ამერიკული საჯიშე ჯგუფების) თავისებურება: ყოველწლიური განგურის დროს — რომელიც ჩვეულებრივ შემოდგომაზე (სექტემბერი-ნოემბერი) ხდება — საუკეთესო კვერცხმდებლებსაც კი დროებით ბიბილო უფერმკრთალდებათ.
რეკომენდაცია _ ნუ იჩქარებთ ფრინველის გაყიდვას ან „დაწუნებას“ ამ პერიოდში. დაელოდეთ 6-8 კვირა, სანამ ფრინველი კვლავ პროდუქტიულ ფაზაში დაბრუნდება და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღეთ გადაწყვეტილება ზემოთ ჩამოთვლილი ინდიკატორების საფუძველზე ფრინველი გამოსაწუნებელია თუ არა.
ფრინველის პროდუქტიულობის დროული და სწორი შეფასება მეურნეობის რენტაბელობის გარანტიაა. ზედაპირული დათვალიერება და ფიზიკური მაჩვენებლების კონტროლი საშუალებას აძლევს ფერმერს, შეინარჩუნოს მხოლოდ მაღალპროდუქტიული ინდივიდები, თუმცა თუ გაგიჩნდათ ეჭვი ფრინველის ჯანმრთელობაზე, რომელიც სცილდება მხოლოდ კვერცხმდებლობის საკითხს, აუცილებლად მიმართეთ გამოცდილ ვეტერინარს.
მოამზადა, ნატა მაჭარაშვილმა

