აგრარული განათლებადარგებივეტერინარია

ზაფხულის სიცხე და ბოცვრის კოკციდიოზი _ როგორ დავიცვათ მოზარდი დაავადებისგან

ზაფხულის შუა პერიოდი ბოცვრის მომშენებლისთვის რთული პერიოდია: ერთი მხრივ, გვაქვს უხვად ხელმისაწვდომი მწვანე საკვები და მეორე მხრივ კი ტემპერატურის მატებასთან ერთად იზრდება კოკციდიოზის განვითარების საფრთხე.

განსაკუთრებით დაუცველები 3-4 თვის ასაკის ბაჭიები არიან.

კოკციდიები (პარაზიტები) თითქმის ყველა ბოცვრის ორგანიზმში ბუდობს და  დაავადების გამწვავებას ორი მთავარი ფაქტორი უწყობს ხელს:

  1. სიცხე და ტენიანობა _ როდესაც ტემპერატურა +25°C-ს აჭარბებს, გალიის იატაკზე, საკვებურებსა და საწყლულეებში პარაზიტის კვერცხები (ოოცისტები) მყისიერად მწიფდება. მოზარდების იმუნიტეტი ამ დროს ყალიბდება და სიცხე მათ ორგანიზმს ძალიან ასუსტებს.
  2. ნედლი ბალახი _ დაუჭკნობელი, სველი ბალახი კურდღლის კუჭ-ნაწლავში დუღილს იწვევს, რაც სასარგებლო მიკროფლორას ანადგურებს და გზას უხსნის პარაზიტებს.

დაავადების ამოცნობ

  • მუცლის შებერილობა, ძლიერი ფაღარათი (ზოგჯერ სისხლის ან ლორწოს მინარევით), საკვებზე უარის თქმა. ბოცვერი 2-3 დღეში კვდება
  • ნელი მიმდინარეობა. ბოცვერი ცუდად იმატებს წონაში, უხუნდება ბეწვი, ლორწოვანი გარსები უფერულდება. დახოცვის შემდეგ ღვიძლზე აშკარად ჩანს თეთრი კვანძები.

პრაქტიკული რეკომენდაციები: მკურნალობა და პროფილაქტიკა

კოკციდიოზის მკურნალობა რთულია, ამიტომ ფსონი უნდა დაიდოს პროფილაქტიკურ ღონისძიებებზე.

გამოიყენეთ პრეპარატები, რომლებიც შეიცავს ტოლტრაზურილს (მაგ: ბაიკოქსი 2,5%, ტორუკოქსი და ა.შ.).

მნიშვნელოვანი წესები:

  • პრეპარატი იხსნება მხოლოდ სუფთა წყალში. მკურნალობის პერიოდში ცხოველმა უნდა სვას მხოლოდ წამლიანი წყალი;
  • ყოველდღიურად მოამზადეთ ახალი ხსნარი. ძველს (24 საათის შემდეგ) ეფექტი აღარ აქვს.
  • 1 მლ პრეპარატი იხსნება 1 ლიტრ წყალში. აძლევთ 24 საათის განმავლობაში, შემდეგ ამზადებთ ახალს და აძლევთ კიდევ 24 საათი.
  • თუ ბოცვრები ერთ გალიაში არიან, გაზომეთ, რამდენი ლიტრი წყალი დალია ჯგუფმა ერთ დღეში და ამ მოცულობის მიხედვით გააზავეთ წამალი.

 იოდის ხსნარი (ხალხური, მაგრამ სიფრთხილეს მოითხოვს)

იოდი ებრძვის ტოქსინებს, თუმცა მწვავე აფეთქების დროს მხოლოდ იოდი არ გიშველით.

  • სუსტი ხსნარი (პროფილაქტიკისთვის) _ 2 მლ 5%-იანი იოდი 1 ლიტრ წყალზე.
  • კონცენტრირებული ხსნარი _ 4 მლ 5%-იანი იოდი 1 ლიტრ წყალზე.
  • გაფრთხილება! იოდი რეაქციაში შედის ლითონთან, ამიტომ გამოიყენეთ მხოლოდ პლასტმასის ან კერამიკის სარწყულებელები!

ფერმერის „ოქროს წესები“

  1. არასოდეს მისცეთ ახალმოთიბული, სველი ბალახი ან ნეკერი! ისინი გაშალეთ თხელ ფენად ჩრდილში და დააცადეთ შეჭკნობა. დაჭკნობილი მწვანე მასა ბევრად უსაფრთხოა.
  2. კატეგორიულად აკრძალულია საკვების იატაკზე დაყრა! ბაქტერიები ბოცვრის ორგანიზმიდან გამოდის ფეკალიებთან ერთად. თუ ბალახი გალიის იატაკზეა დაყრილი და ბოცვერმა შეჭამა, ინფექცია გარანტირებულია. გამოიყენეთ მხოლოდ საკვებურები-ბაგები.
  3. რეგულარულად დაამუშავეთ და გაწმინდეთ საკვებურ-სარწყულებლები.

რჩევა: თუ ბოცვრებს შეამჩნიეთ ფაღარათის ნიშნები, დაუყოვნებლივ მიმართეთ ვეტერინარს დოზირების ზუსტად დასადგენად. საბოცვრეში ჯანსაღი თაობების გამოსაზრდელად პრევენციული ღონისძიებების რეგულარულა გატარება დანაკარგების თავიდან ასაცილებლად საუკეთესო დაზღვევაა.

სტატია ატარებს სარეკომენდაციო ხასიათს, დაავდების ნიშნების შემჩნევისთანავე მიმართეთ ვეტერინარს!