ნახვა: 45
საქართველოში აკვაკულტურის სექტორი ახალ ეტაპზე გადადის. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით სონღულაშვილმა ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდღვაბუნაში მდებარე თანამედროვე საწარმო „სამეფო კალმახის სალიფსიტე“ მოინახულა.
სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით შექმნილი ინფრასტრუქტურა და მაღალტექნოლოგიური პროცესები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ქვეყანაში თევზმშენებლობის პოტენციალსა და მის მნიშვნელობას ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებისთვის.
დღეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდღვაბუნაში „სამეფო კალმახის სალიფსიტე“ ინფრასტრუქტურას, კალმახის ლიფსიტების წარმოების პროცესს და საწარმოს შესაძლებლობებს გაეცნო.
„აკვაკულტურა სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი პერსპექტიული მიმართულებაა, რომელსაც საქართველოში განვითარების დიდი პოტენციალი აქვს. სახელმწიფოს მიზანია, ხელი შეუწყოს ამ მიმართულების მდგრად განვითარებას, წარმოების ზრდასა და კერძო სექტორის გააქტიურებას. მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში უკვე შემუშავებულია აკვაკულტურის მდგრადი განვითარების 2024-2028 წლების სტრატეგია, რომელიც დარგის განვითარების ძირითად მიმართულებებს განსაზღვრავს. ამ პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას, ფერმერების მხარდაჭერას, ლაბორატორიული შესაძლებლობების გაძლიერებას, რაც უზრუნველყოფს თევზის დაავადებების ეფექტიან დიაგნოსტიკასა და უსაფრთხო, ხარისხიანი პროდუქციის წარმოებას“, – აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.
შპს „სამეფო კალმახის სალიფსიტე“ კალმახის ლიფსიტების წარმოების მიმართულებით საქმიანობს. საწარმოს წლიური წარმადობა 2 მილიონ ლიფსიტას შეადგენს. წარმოებული პროდუქცია სრულად ადგილობრივ ბაზარზე რეალიზდება. საწარმოში მუდმივად 5 ადამიანია დასაქმებული, სეზონურად კი – 10.
როგორც მინისტრმა ვიზიტისას აღნიშნა, სახელმწიფო აქტიურად აგრძელებს აკვაკულტურის სტრატეგიული მიმართულების ხელშეწყობას.
წლიურად 2 მილიონი ლიფსიტის წარმადობის მქონე საწარმო „სამეფო კალმახის სალიფსიტე“ წარმატებული მაგალითია იმისა, თუ როგორ უზრუნველყოფს თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა და ფერმერთა მხარდაჭერა ადგილობრივი ბაზრის მაღალი ხარისხის პროდუქციით მომმარაგებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და სოფლის მეურნეობის მდგრად ზრდას.