აგრარული განათლებადარგებიმევენახეობა-მეღვინეობამცენარეთა დაცვა

როგორ დავიცათ ვენახი ქლოროზისგან

ივლისი მევენახეობისთვის ერთერთი ყველაზე დატვირთული პერიოდია. ვაზი სრულ მზადყოფნაშია: მარცვლები აქტიურად იზრდება და სიმწიფეში შედის, რის გამოც მცენარე მთელ რესურსს მოსავლისკენ მიმართავს. სწორედ ამ დროს, თუ კვების რეჟიმი დაირღვა, ფოთლები კარგავს ქლოროფილს, ფერმკრთალდება, ყვითლდება და ხმება.

ქლოროზით დაზიანებული ვაზი კარგავს ფოტოსინთეზის უნარს, რაც იწვევს მარცვლის ზრდის შეჩერებას, მჟავიანობის შენარჩუნებას და, რაც ყველაზე საშიშია, ლერწის არასრულფასოვან მომწიფებას, რაც ვაზის ზამთრის ყინვებისადმი მედეგობას საგრძნობლად ამცირებს.

იმისათვის, რომ დროულად ვიმოქმედოთ, აუცილებელია ზუსტი დიაგნოზის დასმა, რადგან ტერმინი „ქლოროზი“ სხვადასხვა ელემენტის ნაკლებობას   ნიშნავს.

აზოტოვანი ქლოროზი _ სიფრთხილე აზოტთან

დამწყები მევენახეები ხშირად უშვებენ შეცდომას, როდესაც ივლისის დადგომისთანავე ვაზს აზოტის  მიცემას სრულად უწყვეტენ, რათა თავიდან აიცილონ ლერწის გადაჭარბებული ზრდა. შედეგი მყისიერია: ფერმკრთალდება და ყვითლდება ქვედა ძველი ფოთლები, რომლებიდაც მცენარე იღებს აზოტის მარაგს  დააწვდის ახალ ნაზარდებს.

გამოსავალი _  უნდა მოიხსეს აზოტის მიაწოდება წერტილოვნად და დოზირებულად. საუკეთესო მეთოდია ამონიუმის გვარჯილის ან აზოფოსკის სუსტი ხსნარით ფოთლოვანი გამოკვება. ეს მეთოდი მყისიერად კვებავს ფოთოლს და არ ასტიმულირებს ფესვთა სისტემას ზედმეტი ნაზარდების გამოსატანად.

მაგნიუმის ქლოროზი _ მოზაიკური სიყვითლე

მაგნიუმი ქლოროფილის მოლეკულის ცენტრალური ატომია. როდესაც მოსავალი იზრდება, ის „აცლის“ მაგნიუმს ფოთლებს.

  • ნიშნები _ ქვედა ფოთლების ფირფიტა ყვითლდება ან წითლდება (წითელ ჯიშებში), თუმცა ძარღვები რჩება კაშკაშა მწვანე.

გამოსავალი: მაგნიუმის სულფატი. საღამოს საათებში ფოთლიდან შესხურება სასწაულებს ახდენს – რამდენიმე დღეში ვაზი ჯანსაღ მწვანე ფერს იბრუნებს.

რკინის ქლოროზი _ რატომ ყვითლდება კენწეროები?

თუ სიყვითლე შეინიშნება არა ქვედა, არამედ ვაზის წვეროებზე (ახალ ფოთლებზე), საქმე გვაქვს რკინის დეფიციტთან. ფოთოლი ლიმნისფერი ან თითქმის თეთრი ხდება, ძარღვები კი მწვანე რჩება. ეს ხდება ხანგრძლივი წვიმების ან ნიადაგის ზედმეტი კირქვიანობის გამო, როდესაც რკინა მცენარისთვის მიუწვდომელ ფორმაში გადადის.

გამოსავალი: რკინის სულფატის ნიადაგში პირდაპირ შეტანა უშედეგოა. საჭიროა რკინა ადვილად ასათვისებელ ფორმაში რკინის ნაერთის სახით მომზადება.

რეცეპტი _ სახლის პირობებში რკინის  ნაერთის მომზადება

მნიშვნელოვანია გამოიყენეთ მხოლოდ პლასტმასის ჭურჭელი! ლითონის ჭურჭელი გამოიწვევს ქიმიურ რეაქციას, რაც ხსნარს გააფუჭებს და ფოთლებს დაწვავს.

ინგრედიენტები:

  1. 10 ლიტრი წყალი (სასურველია რბილი, ნადგომი ან წვიმის წყალი);
  2. 1 ჩაის კოვზი ლიმონმჟავა (თავმოდებული);
  3. 0.5 ჩაის კოვზი რკინის სულფატი, FeSO₄.

მომზადების წესი:

  1. წყალში გახსენით ლიმონმჟავა და კარგად მოურიეთ;
  2. როცა მჟავა სრულად გაიხსნება, დაუმატეთ რკინის სულფატი;
  3. სწორად მომზადებული ხსნარი არის გამჭვირვალე, ღია ნარინჯისფერი (ქარვისფერი) შეფერილობის.

ყურადღება:  რადგანაც მომზადებული ხსნარი არასტაბილურია, ის უნდა გამოიყენოთ მომზადებიდან მაქსიმუმ 2-3 საათის განმავლობაში.

შესხურება: ფოთლები დაამუშავეთ ორივე მხრიდან, რადგანაც ფოთლის ქვედა მხარე  უფრო აქტიურად ითვისებს მიკროელემენტებს. ძლიერი ქლოროზის დროს გაიმეორეთ პროცედურა 5-7 დღის შემდეგ.

აგროტექნიკური რჩევა

დაიცავით ნიადაგი ზედმეტი გადახურებისა და ქერქის წარმოქმნისგან. ფესვთა სისტემისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჰაერის ცირკულაცია. ნიადაგი გააფხვიერეთ ზედაპირულად (5 სმ-მდე) და გადამულჩეთ თივით ან ჩალის ნამჯით. ამ მეთოდის გამოყენება  მოგვცემს საშუალებას შევინარჩუნოთ ნიადაგის ტენიანობა  და სიგრილე, რაც დაეხმარება ვაზს მიკროელემენტების ადვილად ათვისებაში.

გისურვებთ უხვ და ჯანსაღ მოსავალს!