როგორ მუშაობენ რძის უმსხვილესი ინდუსტრიები
Fonterra
მსოფლიოს ძლიერ მერძეულ კოოპერატივებში „მოგზაურობა“ახალზელანდიური ტრანსნაციონალური გიგანტ ფონტერადან უნდა დავიწყოთ. ის 2001 წელს ახალი ზელანდიის ორი მსხვილი მერძეული კოოპერატივის გაერთიანების შედეგად ჩამოყალიბდა. მერძეული ჯგუფი და ახალზელანდიური მერძეული საბჭო, რომელიც მარკეტინგულ მომსახურებას უწევდა კოოპერატივებს, ფაქტობრივად ქვეყნის ყველა კოოპერატივის საექსპორტო აგენტს წარმოადგენდა. დღეისათვის ფონტერა ახალი ზელანდიის რძის პროდუქტების ბაზარზე მთავარი მოთამაშე და ექსპორტიორია და ქვეყნის რძის პროდუქტების მთლიანი ექსპორტის 95%-ს ახორციელებს, თუმცა, ეს ყველაფერი არ არის. საერთო ინტერესების კოოპერაციის წარმატებული მცდელობის შედეგად კომპანიმ მსოფლიოს რძის პროდუქტებით ვაჭრობის ერთი მეოთხედის მიღწევა შეძლო. კომპანიაში მთლიანად 22 000 ადამიანი მუშაობს, წარმომადგენლობები კი 140 ქვეყანაში აქვს.
ფონტერა ვერტიკალურად ინტეგრირებულ კოოპერატივს წარმოადგენს და მასში 10,5 ათასი ახალზელანდიელი ფერმერია გაერთიანებული. ამის გარდა კომპანიაში რამდენიმე ათასი დაქირავებული ადამიანი მუშაობს, რომლებიც კოოპერატივის წევრები არ არიან. კომპანიის მართვა დირექტორთა საბჭოს და აქციონერთა საბჭოს მიერ ხორციელდება.
დირექტორთა საბჭოში 13 წევრია, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან კომპანიაში მიმდინარე პროცესებზე. საბჭო ფერმერთა საქმიანობის შედეგების მიხედვით, განსაზღვრავს ანაზღაურების მოცულობას, განიხილავს და ამტკიცებს კომპანიის ბიუჯეტს, გეგმავს სამომავლო სტრატეგიას და სხვა.
აქციონერთა საბჭო იცავს კომპანიის მფლობელი კოოპერატვის წევრების ინტერესებს. ყოველ 35 ადმინისტრაციულ რაიონს საბჭოში ერთი წარმომადგენელი ჰყავს. საბჭოს ძირითადი ფუნქცია თვალყურის დევნებაა, თუ როგორ სრულდება ფერმერების მოთხოვნები, ასევე აკონტროლებს დირექტორთა საბჭოს საქმიანობას.
კოოპერატივი — ეს ბიზნესია, რომელიც ეკუთვნის ადამიანებს რომლებიც სარგებლობენ მისი მომსახურებით და თვითონვე აკონტროლებენ მას. კოოპერატივის წევრები თანაბრად მონაწილეობენ ბიზნესის შემოსავლების მიღებასა და ხარჯებში. ასეთი ორგანიზაციული ფორმა მთელი საწარმოო ჯაჭვის — „მინდვრიდან თარომდე“ მონაწილეებს შორის გამჭვირვალე ურთიერთობას ქმნის. კოოპერატივის ყოველ წევრს შეუძლია ხმა მისცეს სასურველ ლიდერს (ერთი წევრი — ერთი ხმა). ფერმერები რძის გადამმუშავებელ წარმოებებს ამარაგებენ რძით და იღებენ შემოსავალს.
ფონტერას საწარმოები განლაგებულია როგორც ახალ ზელანდიაში, ისე სხვა ქვეყნებშიც, სადაც გამოიყენება ადგილობრივი წარმოების ნედლი რძე, რომელიც აკმაყოფილებს კომპანიის მაღალ მოთხოვნებს.
ფონტერას შემოსავალი შედგება ახალ ზელანდიაში და სხვა ქვეყნებში განლაგებული საწარმოების მიერ შექმნილი რძის პროდუქტების და სხვადასხვა ინგრედიენტების ექსპორტიდან, ასევე საბანკო კრედიტებიდან, ფასიანი ქაღალდებიდან და ობლიგაციებიდან.
ფონტერა — აერთიანებს 43 კომპანიას, რომლებიც მონაწილეობენს კოოპერატივის რძისა და რძის პროდუქტების წარმოებაში, შენახვასა და რეალიზაციაში. ამასთანავე მას აქვს 29 შვილობილი კომპანია, რომელთა აქციების 100% ფონტერას საკუთრებაა. 10 კომპანია განთავსებულია ახალ ზელანდიაში, დანარჩენები საზღვარგარეთ — ავსტრალიაში, ბრაზილიაში, ჩილეში, ჩინეთში, გერმანიაში, იტალიაში, ინდონეზიაში, მალაიზიაში და სხვაგან. ერთობლივი კომპანიები წილით (50%`50%-ზე) აქვს იაპონიაში, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში, არგენტინაში, ბერმუდის კუნძულებზე, ბრაზილიაში, ჩინეთში, ეკვადორში, გერმანიაში, იამაიკასა და ვენესუელაში.
საზღვარგარეთ კომპანიას ყველაზე მეტი წარმოებები აქვს ამერიკაში. ამერიკაში ფონტერას საერთო კომპანიები აქვს ისეთ საერთაშორისო მონსტრებთან, როგორიცაა „ნესტლე“, უმსხვილეს კოოპერატივთან „ამერიკის მერძევე ფერმერები“ (DFA) და სხვა.
ფონტერა ახალ ზელანდიაში ბიო-საწვავის ყველაზე მსხვილი მწარმოებელია — იგი კაზეინის წარმოების ნარჩენებს ბიოეთანოლად გადაამუშავებს. კომპანია წელიწადში 20 მილიონ ტონამდე ეთანოლის სპირტს აწარმოებს, 5-6 წელიწადში კი მთლიანად ამ საწვავზე გადასვლას გეგმავს.
გარემოს დაცვა, წყლისა და ჰაერის დაბინძურების შემცირება კომპანიისათვის ძალიან მნიშვნელოვანი თემებია. ამ მხრივ ყოველწლიურად მხოლოდ ახალ ზელანდიაში კომპანია თავისი ფერმერებისთვის 8 მილიონ აშშ დოლარს ხარჯავს.
ამერიკის მერძევე ფერმერები _ Dairy Farmers of America
მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძველ და ცნობილ ტრანსნაციონალური მერძეულ კოოპერატივს — Dairy Farmers of America (შემოკლებით DFA) წარმოადგენს. DFA დღეს ყველაზე მსხვილი მერძეული გაერთიანებაა აშშ-ში. კოოპერატივი ამერიკის 48 შტატიდან 17 ათას ფერმერს აერთიანებს.
ყველაფერი იმით დაიწყო, რომ 1996 წელს ოთხი წამყვანი ამერიკული მერძეული კოოპერატივის ხელმძღვანელი — რძის მწარმოებლების ასოციაცია (Associated Milk Producers), მერძევეები მიდ-ამერიცა (მიდ-ამერიცა დაირყმენ), მერძეული მარკეტინგის გაერთიანება (Milk Marketing, Inc), და დასავლეთის მერძეული კოოპერატივი Western Dairymen Cooperative), თავის გადასარჩენი სტრატეგიის განსახილველად შეიკრიბა. რეგიონული კოოპერატივები არ უნდა ჩამორჩენოდნენ საერთაშორისო მწარმოებლებს, ამიტომ გადაწყვიტეს გაერთიანება და 1998 წლის 1 იანვარს ჩამოაყალიბეს რძის მწარმოებელთა დამოუკიდებელი კოოპერატიული ასოციაცია (გაერთიანება), Dairy Farmers of America (DFA).
მას შემდეგ გაერთიანებას კიდევ ხუთი კოოპერატივი შეუერთდა — რძის მწარმოებლები ვირჯინიიდან (Valley of Virginia Milk Producers Association), რძის მწარმოებლები ბლაცკ ჰილლს Black Hills (Black Hills Milk Producers), კალიფორნიის კოოპერატივი (California Cooperative Creamery (CalGold). ისინი გაერთიანდნენ კოოპერატივში იმისათვის, რომ გაეძლიერებინათ წარმოება და გამოეყენებინათ DFA -ის წევრობის უპირატესობები.
DFA -ის მოდელი ფერმერებისათვის წარმატებული გახდა და უკვე 1999 წელს DFA ა-მა ძლიერი კომპანია „მერძეული მარკეტინგის მომსახურებები“ (Dairy Marketing Services) (DMS) შექმნა, რომელიც დამოუკიდებელი მწარმოებლებისა და კოოპერატივის წევრების რძის გაყიდვასთან ერთად ადგილობრივ ბაზარზე კომპანიის ბრენდების პოპულარიზაციას ეწევა.
ერთობლივი საწარმოები და პარტნიორული ურთიერთობები აქვს საკვებისა და გადამამუშავებელი ინდუსტრიის რამდენიმე საერთაშორისო ბრენდთან.
მომსახურებები წევრებისთვის შეიძლება დავყოთ ექვს ძირითად მიმართულებად — დაზღვევა, ფინანსები, პირუტყვის საბალახო, ენერგეტიკა, ფერმის მიწოდებების და რისკების მართვა, ლიდერობის განვითარების პროგრამები. გარდა ამისა, DFA -ის ასევე შექმნილი აქვს სპეციალური ფონდი DFA Cares Foundation, რომელიც ხელს უწყობს სტიქიური უბედურებების შედეგების აღმოფხვრას. პერსპექტიულ სტუდენტებს, რომლებსაც სურთ კარიერის შექმნა მერძეული ან საკვების წარმოების ბიზნესის მიმართულებით, ყოველწლიურად აძლევს სტიპენდიას.
DFA -ის ერთ-ერთ ძირითად პრინციპს კოოპერატივის წევრებთან, თანამშრომლებთან, კლიენტებთან, პარტნიორებთან, მომწოდებლებთან, კონკურენტებთან და გაერთიანებებთან მაღალი ეთიკური სტანდარტებით ურთიერთობა წარმოადგენს. ზუსტად საამისოდ შემუშავდა DFA -ის კოდექსი, რომელშიც მოცემულია სტანდარტები და სოციალური პასუხისმგებლობის ძირითადი მიმართულებები. ძირითად სტანდარტებს შორის არის მომწოდებელთა ფასების გამჭვირვალობა, პერიოდული აუდიტორული შემოწმებები, პროდუქციის სერტიფიცირება, შიდა და გარე ანგარიშგება, ასევე დფა-ის წევრთა სპეციალური მომზადება.
ბიუჯეტის დაახლოებით 18% იხარჯება ახალი ტექნოლოგიების გამოყენებაზე და პროცესის მაქსიმალურად ბუნებრივი იერის შესანარჩუნებლად. კერძოდ, DFA -ის ქარხნები და ოფისები ცდილობენ მოიხმარონ ენერგიის მცირე რაოდენობა, გამოიყენონ განახლებადი ენერგიის წყაროები — ძროხის ნაკელისგან მიღებული მეთანი — ბუნებრივ აირად, მაქსიმალურად აითვისონ მზისა და ქარის ენერგია.
რძის პროდუქტებისთვის საჭირო შეფუთვის შემცირებით ნარჩენების წარმოების შემცირება კომპანიის სტრატეგიის ნაწილია. ასევე დიდი მნიშვნელობა ენიჭება საწვავის ეკონომიას, რაც ხორციელდება სატრანსპორტო მარშრუტების ოპტიმიზაციით, ასევე ტექნოლოგიის გამოყენებით, რომელიც „არააქტიური მონიტორინგის“ სახელითაა ცნობილი.
Arla Foods
მულტინაციონალური კომპანია Arla Foods 2000 წლის აპრილში ჩამოყალიბდა შვედური მერძეული კოოპერატივის არლა და დანიური რძის პროდუქტების კომპანიის M. D. Foods -ის გაერთიანების შედეგად. Arla ფოოდს მსოფლიოში სიდიდით მეექვსე რძის პროდუქტების კომპანიაა. იგი კოოპერატივის საკუთრებაა, რომელსაც 12600 წევრი ფერმერი ჰყავს შვედეთში, დანიაში, დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, ბელგიასა და ლუქსემბურგში. Arla -ს მცირე და დიდი საწარმოები აქვს მსოფლიოს 11, სავაჭრო კი — 30 ქვეყანაში. ამასთანავე კომპანიის ბრენდით წარმოებული პროდუქცია მსოფლიოს 100 ქვეყანაში იყიდება.
დღეს კოოპერატივი მსხვილ მწარმოებლებს სხვადასხვა ქვეყნებიდანაც აერთიანებს, რომლებიც ერთდროულად კომპანიის მფლობელებიც არინ და მიმწოდებლებიც. ამასთანავე, Arla Foods შვედეთის რძის პროდუქტების სამომხმარებლო ბაზრის 85%-ს იკავებს. ასეთი მაღალი შედეგის მიღწევა ათასობით რძის მწარმოებელთა ხარისხის ადგილობრივი კონტროლის შინაგანი მაღალი დონითა და ფერმერებისთვის მოგების გადანაწილების სისტემის დახმარებით მოხერხდა.
Arla -ს რძის ქარხნებს აქვთ კონსულტანტ-ინსპექტორების სისტემა, რომლებიც რეგულარულად სტუმრობენ ფერმებს და ეხმარებიან პირუტყვის ჯანმრთელობასა და რძის ხარისხის გაუმჯობესებაში. შვედი ფერმერების შექმნილმა კონტროლის ერთიანმა სისტემამ — ნედლი მასალის და მისგან წარმოებული პროდუქციის ხარისხის უზრუნველყოფამ, მოგების სამართლიანად გადანაწილებამ პრობლემების გადაჭრა სხვა ქვეყნებშიც შეძლო.
კოოპერაციის ერთ-ერთი უპირატესობა ყოველი ფერმერის კეთილსინდისიერება და პირუტყვის ეროვნული ჯიშების გაძლიერებაა. პირუტყვის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის დამახინჯებამ ან დამალვამ შეიძლება გამოიწვიოს კომპანიის რეპუტაციის შელახვა, რეპუტაცია კი ყოველი რძის მწარმოებლისთვის ძალიან ძვირფასია და იგი დიდი შრომის შედეგად არის მოპოვებული, ამიტომ არაკეთილსინდისიერი წევრები შეიძლება გაირიცხონ კიდეც კოოპერატივიდან.
2015 წლის ოქტომბერში კომპანიამ წამოიწყო გლობალური პროგრამა Arlagården, რომელიც კონცენტრირებულია რძის ხარისხზე, საკვები პროდუქტის უსაფრთხოებაზე, ცხოველების დაცვაზე და ა.შ. სულ 16 სახის სტანდარტია შემუშავებული, რომელიც კოოპერატივის ყველა წევრისათვის საერთოა.
პროგრამა ყველაზე დიდ აქცენტს ანტიბიოტიკების გამოყენებაზე აკეთებს. Arlagården ფერმერებს აიძულებს ვეტერინარებთან ერთად მეტი იმუშაონ, რათა დარეგულირდეს ცხოველებში ანტიბიოტიკების გამოყენებას, Arlagården ფერმერებს ყოველმხრივ ხელს უწყობს და ეხმარება წახალისების სხვდასხვა ფორმით, რათა ანტიბიოტიკები მხოლოდ სამკურნალოდ ან დაავადების შესამსუბუქებლად გამოიყენონ და არა პროფილაქტიკური მიზნით.
დამფუძნებლები ამბობენ, რომ Arlagården იცავს და აძლიერებს კომპანიის რეპუტაციას როგორც შიდა, ასევე მსოფლიოს ბაზრებზე, ზრდის კონკურენტუნარიანობას. ექსპორტიორი ქვეყნები დარწმუნებულნი არიან, რომ პროდუქცია შეესაბამება ხარისხის ყველაზე მაღალ სტანდარტებს და ამასთანავე არის მაქსიმალურად ნატურალური.
წყარო: milkua.info
ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“ №70