რბილი ხორბლის ტრადიციული ქართული ჯიშები – მოსავლიანობა და გავრცელების შესაძლებლობები
საქართველო წარმოადგენს ხორბლის უძველესი კულტურის კერას და მსოფლიოს ყველა სხვა ქვეყნებს შორის გამოირჩევა ამ მცენარის დიდი სახეობრივი და ჯიშობრივი მრავალფეროვნებით. მთელი იმ ჯიშობრივი სიმდიდრიდან, რომელიც საქართველოში საუკუნეთა მანძილზე შეიქმნა, განსაკუთრებით ძვირფასია რბილი ხორბლის საშემოდგომო ფორმები, რომლებიც ხასიათდებოდნენ წითელმარცვლიანობით, მაღალხარისხიანობით და წოდებული იყო „დოლის პურის“ სახელით. საქართველოში ეს ჯიშები ფართოდ იყო გავრცელებული. ქართული ხორბლის დიდი მრავალფეროვნება მეტყველებს, რომ ხალხური სელექცია ჩვენში ოდითგან მაღალ დონეზე იყო.
ქართული რბილი ხორბლის ფორმათა ფონდი შეიქმნა მათი მოყვანის განსხვავებულ ბუნებრივ-კლიმატურ პირობებში. ამიტომ, მრავალფეროვნებაში ცნობილია საგაზაფხულო და საშემოდგომო, ცვენადი და არაცვენადი, მკვრივთავთავიანი და ფაშართავთავიანი, მსხვილმარცვლიანი და წვრილმარცვლიანი, ფქვილისებრი და რქისებური მარცვლის კონსისტენციის მქონე, ადრეული და საგვიანო, ზამთარგამძლე და არაგამძლე, გვალვაგამძლე და ტენის მოყვარული, სოკოვან დაავადებათა მიმართ მდგრადი და სენმიმღები, მაღალმოსავლიანი და მცირემოსავლიანი ჯიშები და ფორმები. საქართველოში რბილი ხორბლის ვერტიკალური ზღვარი გადის 200-2300 მ სიმაღლეზე ზღვის დონიდან.
ქართული ეკოტიპის ხორბლის ფორმებისათვის მნიშვნელოვანი თვისებებია: 1. მარცვალში ცილის და შეუცვლელი ამინომჟავების გადიდებული შედგენილობა; 2. დაფქვისა და პურცხობის მაღალი ხარისხი; 3. გამომცხვარი პურის ხანგრძლივად შენახვისუნარიანობა; სწორედ ეს ნიშნებია, რითაც ქართული ჯიშები გამოირჩევა და საინტერესოა მსოფლიოს სელექციონერებისათვის.
სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ინტენსიურად შემოდის რბილი ხორბლის უცხოური ჯიშები. ეს ჯიშები ხასიათდებიან მაღალმოსავლიანობით, მაგრამ ხარისხობრივი მაჩვენებლებით მკვეთრად ჩამოუვარდება ადგილობრივ ჯიშებს. უხარისხო მოსავალს არ იბარებს წისქვილკომბინატი და ფერმერებს უჭირთ მათი რეალიზაცია, ამით კი მცირდება ხორბლის მოყვანისადმი ინტერესი. ჩვენი დაკვირვებები საშუალებას გვაძლევს დავასკვნათ, რომ შემოტანილი ჯიშების მაღალმოსავლიანობას განაპირობებს შემოტანილი თესლის ხარისხი. შემოტანილი ჯიშების ელიტური თესლი მაღალმოსავლიანია პირველ და მეორე წელს, შემდეგში კი მათი მოსავალი ისეთივეა, როგორც ადგილობრივი ჯიშების, რომლებიც მაღალხარისხიანია.
2014-2016 წლებში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ბაზებზე: დედოფლისწყაროს, თელავის, ხაშურის და ახალციხის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე შევისწავლეთ ქართული რბილი ხორბლის ჯიშების პოტენციური მოსავლიანობა, რომელიც შედარდა სტანდარტ ბეზოსტაია 1-ს და ინტროდუქცირებულ პერსპექტიულ ავსტრიულ ჯიშებს: ამიკუს და გალლუს. ცდის მიზანს შეადგენდა შეგვესწავლა ჯიშების მოსავლიანობის პოტენციალური შესაძლებლობა, დაგვედგინა კონკურენტუნარიანობა ინტროდუქცირებულ ჯიშებთან შედარებით და დაინტერესებულ ფერმერებს მივაწოდოთ დაზუსტებული ინფორმაცია მათი გამოყენების შესახებ.
ახალციხის (მესხური) წითელი დოლის პური მიეკუთვნება რბილი ხორბლის წითელთავთავიან სახესხვაობას. გვხვდება ზღვის დონიდან 1500 მეტრ სიმაღლეზე. საკმაოდ ზამთარგამძლე, საგვიანო ჯიშია. ღერო საშუალოდ შეფოთლილი, მაღალ აგროფონზე და სარწყავ პირობებში ახასიათებს ჩაწოლა. თავთავი საშუალო ზომისაა, თითისტარისებრი ფორმისა და მომწიფებისას დახრილია. მარცვალი წითელი, წაგრძელებული რქისებრი კონსისტენციის. მარცვალი კილებში მჭიდროდ არის ჩამჯდარი და არ ხასიათდება ცვენადობით. მარცვალში მაღალია ცილის შემცველობა (18,8%). ფქვილისაგან პურის ცხობის უნარი საშუალოზე მაღალია. ჯიში დარეგისტრირებულია 1959 წლიდან და მაღალპროდუქტიულია გავრცელების (მესხეთ-ჯავახეთი) ზონაში.
ვარძია განვითარების ტიპის მიხედვით ორთესელა (ფაკულტატური) ჯიშია, საშუალო საადრეო. მცენარის სიმაღლე 80-85 სმ. თავთავი ფხიანი, წითელი, მოკლე, ნახევრად ქინძისთავისებრი, მკვრივი, თავთავის სიგრძე 8-9 სმ, ადვილად ილეწება და არ ხასიათდება მარცვლის ცვენადობით. მარცვალი ნახევრადოვალური, მრგვალი. თავთავში მარცვლების რაოდენობაა 60-72. გამოირჩევა სოკოვანი დაავადებების მიმართ გამძლეობით. ჯიში დარეგისტრირებულია 1994 წლიდან და გავრცელებულია შიდა ქართლის კერძო ფერმერულ მეურნეობებში.
საული 9 განვითარების ტიპის მიხედვით საადრეო ჯიშია. ბუჩქი ნახევრადგართხმული, მცენარე სწორმდგომი 95-100 სმ სიმაღლის. ხასიათდება ზამთარ და გვალვაგამძლეობის მაღალუნარიანობით. თავთავი თეთრი, ფხიანი, თითისტარისებრი, მეჩხერი, სიგრძით 12-13 სმ. თავთავში 55-60 მარცვალით, კარგად ილეწება. მარცვალი წითელი, მარცვალში წებოგვარას შემცველობა 25,0%-ია, ხოლო ცილის — 11%. გასავრცელებლად საქართველოში ჯიში დარეგისტრირებულია 2011 წლიდან.
მცენარის სიმაღლე. ინტენსიური ტიპის ჯიშებისადმი მკაცრი მოთხოვნაა მექანიზებული აღებისადმი ვარგისიანობა. ამ მხრივ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნიშანია მცენარის სიმაღლე. მართალია იგი განპირობებულია ძირითადად მემკვიდრულობით, მაგრამ ხშირად მაღალი აგროფონის შემთხვევაშიც შესაძლებელია მცენარის ზრდა-განვითარება ისე მოხდეს, რომ ნათესი ჩაწვეს. ამიტომ, სელექციონერები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ, როგორც მცენარის სიმაღლეს, ასევე ჩაწოლისადმი გამძლეობას. ამ მაჩვენებლის მიხედვით, ჩვენს მიერ შესწავლილი ჯიშები ყველა აკმაყოფილებს მოთხოვნას, გარდა ახალციხის წითელი დოლისა. ამ ჯიშის მაღალმოზარდობა (126.1-139.4 სმ) მემკვიდრულია და მისი თავიდან აცილება შესაძლებელია, მხოლოდ ზრდის რეგულატორების გამოყენებით. აღსანიშნავია, რომ ახალციხის წითელი დოლი გამოირჩევა იმით, რომ არ ახასიათებს სრული ჩაწოლა, არ უარესდება მარცვლის ხარისხი, არ ახასიათებს მარცვლის ცვენადობა და თავთავში მარცვლის გაღივება.
ერთი თავთავის მარცვლის და 1000 მარცვლის მასა. ხორბლის ეს ორი ნიშანი განსაზღვრავს, როგორც პროდუქტიულობას, ასევე ხარისხს. გარდა ამისა ისინი კოლერაციაში იმყოფებიან სხვა ნიშნებთან. მაღალი ბარტყობა ხშირად იწვევს თავთავში მარცვლების რიცხვის შემცირებას და შესაბამისად ერთი თავთავის მასის კლებასაც. ამიტომ ამ ნიშნებს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სელექციის დროს. ცდის შედეგად დადგინდა, რომ ადგილობრივი ჯიში ვარძია ერთი თავთავის მარცვლის მასით (1.9გ-2.9გ) არ ჩამოუვარდება არც სტანდარტ ბეზოსტაია 1-ს (1.7გ-2.4გ) და არც ინტროდუქცირებულ ჯიშებს (2.1გ-2.3გ და 2.0გ-2.9გ). ახალციხის წითელი დოლი კი გაზრდილი ბარტყობის გამო მკვეთრად ჩამორჩება თავთავში მარცვლების რიცხვითაც და ერთი თავთავის მასითაც (1.5გ-1.7გ). 1000 მარცვლის მასით ვარძიას ისეთივე მაჩვენებელი აქვს, როგორც შემოტანილ ჯიშებს და მცირედ ჩამორჩება სტანდარტს.
მოსავლიანობა. ყველა მაჩვენებლების ანალიზი საშუალებას გვაძლევს დავასკვნათ, რომ ადგილობრივი და შემოტანილი ჯიშები კონკურენტუნარიანები არიან მაღალი მოსავლის მისაღებად, მოსავლიანობის ანალიზი კი აშკარად გვიჩვენებს ცალკეული ჯიშების მკვეთრად განსხვავებულ შესაძლებლობებს რეგიონების და კლიმატური პირობების მიხედვით. აღსანიშნავია, რომ სტანდარტი ბეზოსტაია 1 და გავრცელებული ჯიში საული 9 გამოირჩევა სტაბილური მოსავლიანობით. მათი მოსავლიანობა რეგიონების მიხედვით თითქმის არ იცვლება და მოსავლიანობის სხვაობა მერყეობს 0.5-0.6 ტონის ფარგლებში. ეს მაჩვენებელი შესაბამისად ჯიშებში ასეთია: ვარძია 2,7 ტონა; ახალციხის წითელი დოლი 2.2 ტონა; ამიკუს 2.2 ტონა და გალლუს 1.8 ტონა. როგორც მოსალოდნელი იყო ახალციხის წითელმა დოლმა ყველაზე მაღალი მოსავალი მოგვცა ახალციხეში (5.5ტ), ყველაზე დაბალი ხაშურში (3.3ტ); შესაბამისად ვარძიის მაჩვენებლებია: ყველაზე მაღალი მოსავალი ახალციხე (7.1ტ) და ყველაზე დაბალი თელავში (4.4ტ); შემოტანილი ჯიშებიდან მაქსიმალური მოსავალი მოგვცა ამიკუსმა დედოფლისწყაროში (8.1ტ);
ჩვენს მიერ შერჩეული ჯიშების შესწავლით ნათლად ჩანს, რომ ადგილობრივი ჯიში ვარძია ფაქტიური მოსავლიანობით თითქმის უთანაბრდება საულ 9-ს და აღემატება ბეზოსტაია 1-ს და ჩამორჩება შემოტანილ ჯიშებს. ახალციხის წითელი დოლი საგრძნობლად ჩამორჩება ფაქტიური მოსავლიანობით სტანდარტსაც და ინტროდუქცირებულ ჯიშებსაც. საინტერესოა პოტენციური მოსავლიანობის შედეგები (50 თავთავის და 1მ2-ზე 600 ღეროს მოსავალი). ამ მაჩვენებლის მიხედვით ახალციხის წითელი დოლის, სტანდარტის და შემოტანილი ჯიშების შესაძლებლობები თითქმის ერთნაირია (ცხრილი 1). ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ ახალციხის წითელ დოლს აქვს შესაძლებლობა მოვლა-მოყვანის ოპტიმალურ პირობებში მოგვცეს მაღალი და მყარი მოსავალი.
2014-2016 წლებში ჩატარებული გამოკვლევების შედეგად დადგინდა:
საქართველოს რბილი ხორბლის აბორიგენული ჯიში ახალციხის (მესხური) წითელი დოლი და სელექციური ჯიში ვარძია ხასიათდება მაღალი სამეურნეო და ბიოლოგიური მაჩვენებლებით, რაც საშუალებას იძლევა მივიღოთ მაღალი, ხარისხიანი და მყარი მოსავალი. ინტროდუქცირებული ჯიშები მართალია მოსავლიანობით აღემატებიან ადგილობრივ ჯიშებს, მაგრამ ხარისხობრივი მაჩვენებლებით იმდენად ჩამორჩებიან, რომ უპირატესად მიგვაჩნია ადგილობრივი ჯიშების გავრცელება;
ადგილობრივი ჯიშები გამოირჩევა უფრო სტაბილური მოსავლიანობით, ვიდრე შემოტანილი ჯიშები;
ახალციხის (მესხური) წითელი დოლი მაღალი მოსავლიანობით ხასიათდება სამცხე-ჯავახეთის რეგიონში (5.5ტ/ჰა), საშუალო მოსავლიანობით დედოფლისწყაროში (4.1ტ/ჰა) და დაბალმოსავლიანობით ხაშურსა (3.3ტ/ჰა) და თელავში (3.4ტ/ჰა);
ჯიში ვარძია მაღალმოსავლიანობით ხასიათდება სამცხე-ჯავახეთის რეგიონში (7.1ტ/ჰა), საშუალო მოსავლიანობით დედოფლისწყაროსა (6.7ტ/ჰა) და ხაშურში (5.7ტ/ჰა) და დაბალმოსავლიანობით თელავში (4.4ტ/ჰა);
ჩვენს მიერ მიღებული მონაცემების საფუძველზე შეგვიძლია კახეთის (დედოფლისწყარო), მესხეთ-ჯავახეთის (ახალციხე) და ქართლის (ხაშური) რეგიონებს ვურჩიოთ მაღალი და ხარისხიანი მოსავლის მისაღებად გამოიყენონ ადგილობრივი ჯიშები ახალციხის (მესხური) წითელი დოლის პური და ვარძია.
ცოტნე სამადაშვილი, პროფესორი;
გულნარი ჩხუტიაშვილი, ს/მ დოქტორი;
ნუგზარ ბენდიანიშვილი, აგრონომი