ნედლი რძის წარმოების წახალისებისა და ბაზრის რეგულირების მიზნით შემუშავებული ახალი სამუშაო გეგმის განხილვა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ნედლი რძის წარმოების წახალისებისა და ბაზრის რეგულირების მიზნით შემუშავებული ახალი გეგმის სამუშაო განხილვა გაიმართა.
შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის წარმომადგენლები და დარგის სპეციალისტები ესწრებოდნენ.
„ეს პროცესი აბსოლუტურად ღიაა და ჩვენ მზად ვართ დისკუსიისთვის, რათა ბაზარი მთლიან ჯაჭვში, მიწოდებისა და მოხმარების ნაწილში ერთნაირად მოვაწესრიგოთ. ჩვენი მიზანია მომხმარებელმა მკაფიოდ განასხვაოს პროდუქტები და იყოს ინფორმირებული, რას ყიდულობს. არ ვზღუდავთ არცერთ პროდუქტს, პირიქით, ვაძლიერებთ ქართულ რძის სექტორს და ვეხმარებით ფერმერებს განვითარებაში. მნიშვნელოვანია როგორც მიწოდების, ისე მოხმარების ბაზრის მოწესრიგება და ფერმერული მეურნეობების განვითარება. ვზრდით სახელმწიფოს თანამონაწილეობას და ვუჭერთ მხარს ფერმერებს, რათა მცირე მეურნეობებიდან გადავიდეთ უფრო განვითარებულ, თანამედროვე ტიპის ფერმერულ მეურნეობებზე“, _ აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.
რეფორმის ფარგლებში იგეგმება ნებაყოფლობითი ხარისხის ნიშნის (პიქტოგრამის) დანერგვა, რომელიც მომხმარებელს მიანიშნებს, რომ პროდუქტი 100%-ით ქართული ნედლი რძისგან არის დამზადებული.
ასევე სავალდებულო გახდება მცენარეული ცხიმის შემცველი პროდუქტების მკაფიო ვიზუალური მარკირება როგორც ადგილობრივ, ისე იმპორტირებულ ნაწარმზე. სავაჭრო ქსელებში აღნიშნული პროდუქტები განცალკევებულად განთავსდება.

