დამწყები ფერმერებისათვის_ მეღორეობის თავისებურებანი
მეღორეობის ბიოლოგიური თავისებურება _ სწრაფმწიფადობა, მაკეობის მოკლე პერიოდი, მრავალნაყოფიერება და სუქებისას დანახარჯების ეკონომიურობაა.
კარგი კვებისა და მოვლის პირობებში დაბადებიდან 9-10 თვის შემდეგ განაყოფიერებული ნეზვები სრულფასოვან ნაყოფს იძლევიან. ინტენსიური სუქებისას მოზარდები 5, 5 თვიდან 100 კილოგრამსა და მეტ წონას აღწევენ, რაც მინიმალურ დროში მაქსიმალური უკუგების საშუალებას იძლევა.
ღორის მაკეობა 114-116 დღე გრძელდება, ამიტომ ყოველი დედა ღორისგან წელიწადში 2 ბუდის, ხოლო ძუძუს წოვების პერიოდში განაყოფიერებისას, ან გოჭების ადრე ასხლეტვის შემთხვევაში, 2,5 ბუდის მიღება შეიძლება.
უხვნაყოფიერებად ერთ დაყრაზე საშუალო 10-12 გოჭი ითვლება. ინტენსიური საქონე სუქების დროს პირუტყვის გამოსავლიანობა 75-85%, ხოლო სახორცე სუქებისას _70-75%-ია. ღორის ინტენსიური სუქების პერიოდში ერთ კილოგრამ ცოცხალ წო-ნაზე 4-5 საკვები ერთეული იხარჯება. ასეთ პირობებში სუქების საშუალო დღიური წონამატი 550 გრამიდან 750 გრამამდეა, ღორის ხორცის წარმოება ერთ დედა ღორზე წელიწადში საშუალოდ 18,4 ცენტნერია, მაგრამ საამისოდ მყარი საკვები ბაზაა საჭირო. უნდა გვახსოვდეს, რომ ინტენსიური მეღორეობის ძირითადი საფუძველი სრულფასოვანი (კომბინირებული საკვები _ მარცვლეული, წვნიანი საკვები) საკვებია.
ზრდის გასაკონტროლებლად სანაშენე მოზარდ გოჭებს ინდივიდუალურად, ყ-ველთვიურად წონიან. ზრდაში ჩამორჩენილ ცხოველებს იწუნებენ და გასასუქებელი ცხოველების ჯგუფში გადაჰყავთ. მთლიანი და საშუალო დღიური წონამატის განსასაზღვრად დიდ სასუქი ღორებს თვეში ერთხელ ჯგუფურად წონიან. მოზარდი შეიძლება სუქებამდე და სუქების შეწყვეტის შემდეგ აიწონოს.
ღორების სხეულის აგებულების რამდენიმე ტიპი არსებობს: სახორცე, საქონე, სახორცე-საქონე და საბეკონე.
სხვადასხვა ჯიშის ღორების, კუნთოვანი, ცხიმოვანი და შემაერთებელი ქსოვილების ურთიერთდამოკიდებულების შესწავლისას დადგინდა, რომ დიდი შავი, თეთრი დიდყურა, ჩრდილო -კავკასიური ჯიშის ღორების ხორცი 88% კუნთოვანი და 9% ცხიმოვანი ქსოვილისგან შედგება. საბეკონე პროდუქტიულობის მიმართულების ჯიშის ღორები, როგორიცაა ლანდრასი, ესტონური საბეკონე, 92% კუნთოვანი და 5% ცხიმოვან ქსოვილისგან შედგებიან. საბეკონე ჯიშის ღორების ჩონჩხის სიმყარე უფრო მაღალია, ვიდრე სახორცე საქონე მიმართულების ღორებში.
დღეს, როცა ღორის მჭლე ხორცზე მოთხოვნა გაზრდილია, განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს იმ ჯიშებს, რომლებიც უცხიმო და ნაზ ხორცს იძლევიან.
მაგალითად: დანიური ლანდრასის ჯიშის ღორები საბეკონე ტიპისაა. აქვთ გრძელი, გაჭიმული ტანი, ფართე და ბრტყელი ბარკლები, თვალებზე ჩამოფარებული გრძელი ყურები, თხელი კანი, თეთრი და იშვიათი ჯაგარი.
ზრდასრული ტახები _ 300-320, ხოლო ნეზვები – 220-250 კილოგრამს იწონიან. ერთ მოგებაზე დედა ღორისგან 10-12 გოჭს ყრის. ასხლეტილი გოჭები 2 თვის ასაკში 19,6 კილოგრამს იწონიან. ლანდრასის ჯიში ღორი 100 კილოგრამ ცოცხალ წონას 189 დღეში აღწევს. საშუალო დღიური წონამატი 707 გრამია. 1 კგ ცოცხალ წონაზე 3,97 საკვები ერთეულის დანახარჯისას ზრდასრული ტახის სიგრძემ საშუალოდ 175 სანტიმეტრამდე, მკერდის გარშემოწერილობამ _ 157 სმ., ნეზვისამ კი 160-140 სანტიმეტრს უნდა მიაღწიოს.
ჟურნალი „ახალი აგრარული საქრთველო“