ამიერკავკასიის პურის ბზუალა – მეხორბლეების უდიდესი პრობლემა
ამიერკავკასიის პურის ბზუალა აზიანებს თავთავიან კულტურებს, ძირითადად ხორბალს, იშვიათად სიმინდს და შვრიას. მატლი მცენარის ფოთლებით იკვებება, ხოჭო კი — ჭყინტი მარცვლებით. ბზუალას ზრდასრული ფორმა — ხოჭო შავია (ზემოდან), ხოლო ქვედა მხრიდან ღია ფერისაა. ზედა ფრთები შავია, გასწვრივი ცხრა ზოლით, რომელთა შორის წერტილოვანი რიგებია. სხეულის სიგრძე 14-16 მმ-ია, პირი, თათები, ულვაშები — მოშავო ქარცი, წვივებზე ქაცვები აქვს განლაგებული.
მატლი ცილინდრული ფორმისაა, რუხი მოთეთრო შეფერილობით, 20-25 მმ სიგრძის. მატლს მკერდის სეგმენტები მოშავო ფერის აქვს. მუცლის სეგმენტებზე, ზედა მხრიდან შუაში შეინიშნება მოყავისფრო ლაქები, მუცლის ბოლო შევიწროვებულია, უკანასკნელი სეგმენტი მუქია და ორ წანაზარდს ატარებს.
ბზუალა ზამთრობს ნიადაგის ვერტიკალურ ხვრელებში უმცროსი მატლის ფაზაში, მეზამთრეობაში გვიან შემოდგომაზე გადადიან. დეკემბრის მეორე დეკადაში მატლები გამოსაზამთრებლად ჩადიან ნიადაგში 15-20სმ სიღრმეზე. 12-13°C ტემპერატურაზე კი გამოდიან გარინდებული მდგომარეობიდან და იწყებენ აქტიურ კვებას. ჯეჯილის ფოთლებს ითრევენ ხვრელში და ფლეთენ მას, ისე რომ მხოლოდ მცენარის მთავარი ძარღვი რჩება.
მავნებელი ძირითადად ღამით იკვებება. ღრუბლიან ამინდში კი დღისითაც. როცა ბზუალა მავნეობს ყანაში შეიმჩნევა ეგრეთწოდებული კალოები — ცარიელი ლაქები ჯეჯილში. მავნებელი უფრო აქტიური ხდება გაზაფხულზე, დაჭუპრებას იწყებს მაისში, ზოგჯერ ივნისშიც.
მატლები იჭუპრებენ ნიადაგში ვერტიკალურ ხვრელებში. დაჭუპრება გრძელდება 2-3 კვირა. ხოჭოების გამოსვლა ივნისში იწყება და ახალგამოჩეკილი ხოჭოები მავნეობას იწყებენ რძისებურ სიმწიფეში შესული ხორბლის მარცვლებით. როცა ტემპერატურა 30°C-ს გასცდება, ხოჭოები ჩადიან ნიადაგში 25-30 სმ სიღრმეზე და გადადიან დიაპაუზაში.
დიაპაუზიდან გამოსვლა იწყება როდესაც ტემპერატურა 30°C-ზე დაბლა ჩამოდის, ამ დროისათვის ისინი კვლავ აქტიურ კვებას იწყებენ, განაყოფიერდებიან და დებენ კვერცხებს.
პურის ბზუალა წელიწადში ერთ თაობას იძლევა. ამ მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლისას უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ აუცილებელია აგროტექნიკის ზუსტი დაცვა (ხვნა შესაბამის სიღრმეზე, დროული თესვა და ა.შ.) ხოლო რაც შეეხება ბრძოლის ქიმიურ ღონისძიებას კარგ შედეგს იძლევა ფოსფორორგანული პრეპარატები და ნეონიკოტინოიდები, მაგალითად პრეპარატი აქტარა.
აღნიშნულ პრეპარატს აქტიურად გამოიყენებენ ევროპაში, რუსეთში, უკრაინაში და სხვა ქვეყნებში, ხარჯვის ნორმაა — 0.150 კგ/ჰა, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენთან ნიადაგის სტრუქტურა შედარებით მძიმეა, უფრო კარგ ეფექტს იძლევა ნათესების დამუშავება პრეპარატის უფრო დიდი დოზით — 0.200 კგ/ჰა.
ქიმიური ბრძოლისას გასათვალისწინებელია ისიც, რომ რადგან მავნებელი დაფარულ ცხოვრებას ეწევა ნიადაგში აუცილებელია წყლის ხარჯვის ნორმა 300 — 400 ლ-ს შეადგენდეს.
ნანა ჩიგოგიძე
ბიოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი,
ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“