რას ვჭამთ?!
მოვიდა ახალი კარტოფილის სეზონი, კარტოფილი ქართველი კაცის საყვარელი საჭმელია, მაგრამ ხშირად არ ვფიქრობთ იმაზე თუ რას ვჭამთ, რამდენად სასარგებლო ან საზიანოა ის ჩვენი ორგანიზმისათვის.
ახალი კარტოფილის ძირითადი ღირსება მასში სახამებლი და C ვიტამინია. სახამებლის შემცველობა კარტოფილში 20-25%-ს შეადგენს. მისი ოპტიმალური რაოდენობით დაგროვებისთვის საჭიროა სავეგეტაციო პერიოდის მეორე ნახევარში გაძლიერდეს მცენარის ფოსფორითა და კალიუმით კვება. აზოტით კვება კი უნდა შემცირდეს. ამ პერიოდში აზოტის გაძლიერებული კვება იწვევს სახამებლის პროცენტული რაოდენობის შემცირებას და ბოლქვებში ნიტრატების დაგროვებას.
ახალი კარტოფილი C ვიტამინის მნიშვნელოვანი წყაროაცაა, მისი შემცველობა ბოლქვებში 15-20მგ-ს აღწევს 100 გრამ ნედლ პროდუქტში. ასკორბინმჟავას ბიოსინთეზი ძლიერდება ფოსფორ-კალიუმიან სასუქებთან ერთად აზოტის ოპტიმალური ნორმების შეტანით. აზოტის მაღალი ნორმების გამოყენება მისი შემცველობის მკვეთრ შემცირებას იწვევს. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე კარტოფილის მაღალი და ხარისხიანი მოსავლის მისაღებად საჭიროა მიკრო და მაკროელემენტებით უმთავრესად კი აზოტით ფოსფორით და კალიუმით სრულფასოვანი კვება.
აზოტიანი, ფოსფორიანი და კალიუმიანი სასუქების შესატანი ნორმები კი დამოკიდებულია ნიადაგში მათი მოძრავი ფორმების შემცველობაზე,
მაგრამ საქართველოში არსებულ მრავალ ფერმერულ მეურნეობაში კარტოფილის გასანოყიერებლად მხოლოდ აზოტიან სასუქებს იყენებენ. მაგალითისათვის მინდა მოვიყვანო ბოლნისის რაიონის და მარნეულის რაიონები, საიდანაც 10 ტონობით ახალი კარტოფილი მოდის თბილისის ბაზრებში გასაყიდად. მაგრამ ზოგჯერ ამ კარტოფილის საჭმელად გამოყენება ყოვლად დაუშვებელია, რადგან ფერმერები კარტოფილის ნათესების გასანოყიერებლად, ხშირად ჰექტარზე 1ტონა და მეტი როადენობის აზოტიან სასუქს (ამონიუმის გვარჯილას) იყენებენ.
ეკოლოგიური თვალსაზრისით კი გაუმართლებელია კარტოფილის კულტურის ქვეშ აზოტიანი სასუქების მცენარეთა მოთხოვნილებისა და ნიადაგში ამ ელემენტის შესათვისებელი ფორმების შემცველობის გათვალისწინების გარეშე შეტანა, რადგან მათი მაღალი ნორმების გამოყნება ნაყოფში ნიტრატების ჭარბი რაოდენობით დაგროვებას იწვევს, რაც შეიძლება, ადამიანი მოწამვლის მიზეზი გახდეს.
გარემოს განსაკუთრებით საშიშ დამაბინძურებელს აზოტიანი სასუქების ნიტრატული ფორმები წარმოადგენს, რომლებიც მცენარეულ პროდუქტებს იმდენად აბინძურებენ ნიტრატებით, რომ ადამიანის მოწამვლას და სიკვდილსაც კი იწვევენ. საკუთრივ ნიტრატები ტოქსიკური არ არის, მაგრამ ადამიანის და ცხოველის კუჭში გარდაიქმნეა ტოქსიკურ ნივთიერებად, რომელსაც სისხლში არსებული ორვალენტიანი რკინა გადაჰყავს სამვალენტიანში, რითაც მიიღება მეტგემოგლობინი და ნიტროგემოგლობინი. თუ მათი შემცველობა სისხლში 10%-მდე ავიდა, შეინიშნება ჟანგბადის უკმარისობა და მოწამვლის სიმპტომები. ამასთან, ნიტრიტები მჟავე არეში მეორად ამინებთან წარმოქმნიან ნიტროზამინებს, რომელიც იწვევს სიმსივნურ დაავადებების და მუტაგენური სიმახინჯის განვითარებას.
ნიტრატების დღეღამური ნორმა ადამიანის ყოველ კილოგრამ წონაზე 5 მგ-ია.
კარტოფილში ნიტრატების დასაშვები ზღვრული მაჩვენებელი 250 მგ 1 კილოში. თუ საკვებ პროდუქტებში ნიტრატების შემცველობა მაღალია მათ დასაშვებ ზღვართან შედარებით, ასეთი კარტოფილის საკვებად გამოყენება საშიშია და ის განადგურებას ექვემდებარებიან.
იმის გამო, რომ პროდუქტებში ნიტრატების ყველგან განსაზღვრის საშუალება არ არსებობს, საჭიროა ყველა ადამიანმა იცოდეს ის ძირითადი განმასხვავებელი სიმპტომები, რითიც დაბინძურებული პროდუქტი განსხვავდება ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტისაგან.
კარტოფილის ფოჩს აზოტის ჭარბი რაოდებით შეთვისებისას აქვს მუქი მწვანე შეფერილობა, ხოლო ასეთ პირობებში ფორმირებულ ბოლქვებსაც გადაჰკრავს მკრთალი მწვანე შეფერილობა, განსაკუთრებით კანქვეშა ქსოვილებს. მკვეთრად არის გაზრდილი მასში ამ ელემენტის ცილოვანი და არაცილოვანი შენაერთების შემცველობა, რაც იწვევს მათ ლპობას, კვებითი ღირებულების და შენახვის უნარიანობის შემცირებას.
ნიტრატებით დაბინძურებული ბოლქვები მოხარშვის შემდეგ ხდება წებოვანი, ნაკლებად ფხვიერი, უგემური, სწრაფად მუქდება და იღებს ღია მოშავო შეფერილობას. ჰაერზე სწრაფად მუქდება გათლილი ნედლი კარტოფილიც, რაც დაკავშირებულია ჰაერის ჟანგბადისა და ფერმენტების გავლენით ამინომჟავების – ტიროზინისა და მელანინის დაჟანგვასთან, მუქად შეფერილ ნაერთებს წარმოქმნიან ფენოლური ნაერთები და რკინა.
აზოტით ჭარბი კვება იწვევს კარტოფილის ფოთლების აჩოყებულ ზრდაგანვითარებას, მრავალი წვრილი ბოლქვის წარმოქმნას, ქვეითდება ფიტოფტორისადმი და ქეცისადმი გამძლეობა.
ნიტრატების ჭარბად შეთვისებისას საწყის ეტაპზე ფოთლების კიდეების მთელ გარშემოწერილობაზე ჩნდება ვიწრო 3-4 მმ სიგანის უწყვეტი ყვითელი ზოლი, რომელიც შემდეგ თანდათან ფართოვდება და ქსოვილების კვდომის გამო იღებს ყავისფერ შეფერილობას, ამასთან ერთად ფოთლის კიდეები ეხვევა ქვემოთ. ამ სიმპტომების აღმოჩენისთანავე სარწყავი წყლით უნდა ჩავრეცხოთ ნიადაგის ქვედა ფენებში ჭარბად შეტანილი აზოტი, რითიც ნაწილობრივ მაინც თავიდან ავიცილებთ ნაყოფებში ნიტრატების დაგროვებას.
საქართველოში გავრცელებული ძირითადი ტიპის ნიადაგები, იშვიათი გამონაკლისის გარდა, გამოირჩევა საკვები ელემენტების დაბალი და საშუალო შემცველობით, რის გამოც ორგანული ან მინერალური სასუქების გამოყენების გარეშე შეუძლებელია ტექნიკური და ბოსტნეული კულტურების ბიოლოგიურად სრულფასოვანი პროდუქციის მიღება. აქედან გამომდინარე სასუქები შეტანილი უნდა იქნას კარტოფილის გასანოყიერებლად. მაგრამ ნიტრატების დაგროვების თავიდან ასაცილებლად საჭიროა აზოტიანი და ორგანული სასუქების ნორმები დადგინდეს დიაგნოსტიკის და ნიადაგის აგროქიმიური გამოკვლევების შედეგების საფუძველზე.
ნინო მუმლაძე აგროეკოლოგი, პროფესორი
PS. ეს წრილი ჟურნალ „ახალ აგრარულის საქართველოში“ 2010 წელს გამოქვეყნდა. სამწუხაროდ ვითარება დღემდე არ შეცვლილა.