დარგებივეტერინარია

სარკოცისტოზი – ადამიანის ჯანმრთელობისთვის კიდევ ერთი საშიშროება

მოსახლეობის უზრუნველყოფა ცხოველური წარმოშობის მაღალხარისხიანი და უვნებელი საკვები პროდუქტებით ვეტერინარი სპეციალისტების უმთავრესი ამოცანაა, რომლის გადაწყვეტის ერთ-ერთი მთავარი შემაფერხებელი ფაქტორია სასოფლო-სამეურნეო ცხოველებისა და ფრინველების დაავადებები, რომელთა შორის მნიშვნელოვანია უმარტივესი პარაზიტული ორგანიზმებით გამოწვეული ინვაზიური დაავადებები. ერთერთი მათგანია სარკოცისტოზი.

ამ დაავადების გამავრცელებლები არიან ძაღლები, კატები, გარეული ხორცისმჭამელი ცხოველები, ხოლო ამთვისებელი _ ხმელეთის ძუძუმწოვრები, ქვეწარმავლები, ფრინველები, ადამიანი.

სარკოცისტოზი ფართოდაა გავრცელებული ჩეხეთში, ყირგიზეთში, ინდოეთში, ეგვიპტეში, კანადაში, დანიაში, მალაიზიაში, უზბეკეთში, იაპონიაში, ავსტრალიაში, ინგლისში, ირლანდიაში, ახალ ზელანდიაში, იტალიაში, პოლონეთში, შვედეთში, რუმინეთში, ბელგიაში და სხვა.

სარკოცისტოზის აღმძვრელებით განსაკუთრებით სასოფლო-სამეურნეო ცხოველები არიან დაინვაზიებული. ხშირად, მათი დაინვაზიების მაჩვენებელი 100%-ს აღწევს. სარკოცისტებით ძლიერი ინტენსიურობით დაინვაზიების დროს მკვეთრად ქვეითდება პირუტყვის ნაკვებობა, ირღვევა სხვადასხვა ორგანოს ფუნქცია. სარკოცისტების ცხოველმყოფელობის პროდუქტები, როგორც ტოქსიკური ნივთიერებები, უარყოფით გავლენას ახდენენ ცხოველის ორგანიზმზე. დაინვაზიებული ცხოველის ხორცი დაბალი ხარისხისაა, ცუდად ინახება, გაუარესებულია მისი საყუათო თვისებები და ბიოქიმიური მაჩვენებლები. ძლიერი დაინვაზიების შემთხვევაში იგი საუტილიზაციოდ იგზავნება. დაავადების მწვავე ფორმით მიმდინარეობის დროს, როდესაც ცხოველის ორგანიზმში დიდი რაოდენობის აღმძვრელი მიგრირებს, მოსალოდნელია მოზარდეულის მასობრივად გაწყდომა.

სარკოცისტოზი, როგორც ანთროპოზოონოზური დაავადება, სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ადამიანის ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფის თვალსაზრისითაც. სარკოცისტოზის აღმძვრელებისათვის ადამიანი არის როგორც შუალედური, ასევე დეფინიტური (საბოლოო) მასპინძელი. ადამიანის დასნებოვნება ხდება უმი ან თერმულად არასაკმარისად დამუშავებული სარკოცისტებით დაინვაზიებული მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის, ღორის, აგრეთვე ნანადირევი ცხოველის ხორცის მიღებისას, რაც ჯანმრთელობისათვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს. ადამიანის ორგანიზმში ვითარდება სარკოცისტების ნაწლავური და კუნთოვანი (ქსოვილოვანი სტადია) ფორმები. სარკოცისტოზის ნაწლავური ფორმით დაავადებისას ადამიანს გამოხატული აქვს პირღებინება, მუცლის ტკივილი, ციებ-ცხელება, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის აშლილობა და ჰემორაგიული დიარეა. სარკოცისტოზის კუნთოვანი ფორმა, რომელიც ადამიანებში იშვიათად გვხვდება, ვლინდება მიალგიით და კუნთოვანი ქსოვილის შეშუპებით. გარდა ამისა, ტოქსინი, რომელიც წარმოიქმნება დაავადების აღმძვრელის ცხოველმყოფელობის შედეგად, აკუმულირდება ცხოველის კუნთოვან ქსოვილებში და სარკოცისტებით ძლიერ დაინვაზიებული ხორცის მიღებისას ადამიანი შესაძლოა მოიწამლოს.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სარკოცისტოზის შესწავლას, ამ დაავადების საწინააღმდეგო ღონისძიებათა შემუშავებას და სარკოცისტოზის დროს ხორცისა და ხორცის პროდუქტების სანიტარული შეფასების ნორმების დადგენას ძალზე დიდი ეპიდემიოლოგიური და სოციალური მნიშვნელობა აქვს, რადგან უსაფრთხო გავხადოთ მომხმარებლის მიერ ადამიანისათვის მიწოდებული ხორცი და ხორცის პროდუქტები.

კუნთოვანი ქსოვილის სარკოცისტებით დაზიანების ხარისხის მიხედვით ინვაზიის ინტენსივობა სამ ჯგუფად იყოფა: სუსტი _ როდესაც კუნთოვანი ქსოვილის 12 ანათალში აღმოჩნდება 20-მდე პარაზიტი; საშუალო _ 21- 40 პარაზიტი 12 ანათალში და ძლიერი _ 41 პარაზიტზე მეტი 12 ანათალში.

სუსტი სარკოცისტოზული ინვაზიისას შესამჩნევი პათომორფოლოგიური ცვლილებები კუნთოვანი ქსოვილების ბოჭკოებში არ აღინიშნება. საშუალო დაინვაზიების დროს პარაზიტებით დაზიანებული კუნთოვანი ბოჭკოები კარგავენ ჯერ გასწვრივ მოხაზულობას, შემდეგ _ განივს. ძლიერი ინვაზიისას ვითარდება ბოჭკოებშორისი შემაერთებელი ქსოვილი, კუნთი იძენს მონაცრისფრო-მოყვითალო შეფერილობას და დუნე კონსისტენციას.

სუსტი და საშუალო დაინვაზიების შემთხვევაში ხორცის ბიოქიმიური მაჩვენებლები პრაქტიკულად არ განსხვავდება ჯანმრთელი ცხოველის ხორცის ანალოგიური მაჩვენებლებისგან. დაინვაზიების ხარისხის მატებასთან ერთად მატულობს საეჭვო რეაქციების რაოდენობაც, რომლებიც მიუთითებენ, რომ ხორცი მიღებულია დაავადებული ცხოველისაგან (Ph, ფორმოლის რეაქცია გოგირდმჟავა სპილენძით ბულიონში, ბენზიდინის სინჯი) ან დაკვლის შემდგომი ცვლილებები ხორცში ნორმალურად არ ვითარდება.

კუნთოვან ქსოვილში ლოკალიზებული და შემაერთებელ ქსოვილოვან კაფსულაში განთავსებული სარკოცისტები საკმაოდ გამძლენი არიან გარემო ფაქტორების ზემოქმედების მიმართ. კერძოდ, -180C შენახვისას ისინი ძალიან ნელა ინაქტივირდებიან და 48 საათის შემდეგ მათი 41% კიდევ ინარჩუნებს სიცოცხლისუნარიანობას. 72 საათის შემდეგ პარაზიტების 21% კვლავ ცოცხალია, ხოლო 120 საათის შემდეგ კიდევ სიცოცხლისუნარიანია მათი 8%. მხოლოდ ორი საათის განმავლობაში ხარშვა უზრუნველყოფს სარკოცისტების სრულ განადგურებას.

სარკოცისტოზის ეპიზოოტიურ პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ როგორც ქუჩის (მაწანწალა), აგრეთვე სახლის ძაღლები. საკვების მოსაპოვებლად ამ კატეგორიის ძაღლები მთელი დღის განმავლობაში მოძრაობენ დასახლებულ პუნქტებში ან მათ მიმდებარე ტერიტორიებზე, რა დროსაც ისინი ჭამენ სამზარეულოს ნარჩენებს, ცხოველური წარმოშობის სხვადასხვა კონფისკატებს, მცირე ცხოველებს (მღრღნელები) ან მათ ლეშებს, რაც შესაძლოა მრავალი დაავადების აღმძვრელებით იყოს დაინვაზიებული ან დაინფიცირებული. აღნიშნულის შედეგად, ასეთი ძაღლები გარემოში სხვადასხვა გადამდებ დაავადებათა გავრცელების პოტენციურ საშიშროებას ქმნიან, ეს კი სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს არა მარტო სასოფლო-სამეურნეო ცხოველების დაინვაზიების ან დაინფიცირების თვალსაზრისით, არამედ ადამიანის ჯანმრთელობისათვისაც, რადგანაც ძაღლები ამ პროტოზოოზის აღმძვრელის ნაწლავური სტადიის ფორმით არიან დაინვაზიებულები. ისინი ფეკალთან ერთად გამოყოფენ ოოცისტებს, რომლებიც სპორულირების შემდეგ ინვაზიურ თვისებებს იძენენ. საკვებთან ან წყალთან ერთად სპორულირებული ოოცისტების გადაყლაპვის შემთხვევაში პირუტყვი ავადდება სარკოცისტოზის ქსოვილოვანი სტადიის ფორმებით.

რაც შეეხება მოსახლეობის კუთვნილ ძაღლებს, მათი როლი სარკოცისტოზის გავრცელებაში ძალზე მცირეა, თუმცა გამორიცხული არ არის აღნიშნული დაავადების აღმძვრელით მათი დაინვაზიებაც. ეს ხდება მაშინ, როდესაც მოსახლეობა არ იცავს ძაღლის მოვლა-შენახვის წესებსა და მისი კვების ნორმებს. საყურადღებოა, რომ ამ შემთხვევაში ძაღლი საკუთარი პატრონისათვის წარმოადგენს არა მარტო სარკოცისტოზით, არამედ სხვა გადამდები დაავადებებით დაინვაზირების წყაროს.

ჩვენი კვლევის მიზანს წარმოადგენდა შეგვესწავლა ნაწლავური სტადიის ფორმებით ძაღლების დაინვაზიების საკითხისა და აღნიშნული პროტოზოოზის ეპიზოოტიურ პროცესში ძაღლის ფაქტორი. საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ვეტერინარული კლინიკის კლინიკური დიაგნოსტიკის ლაბორატორიაში გამოკვლეულ მასალაში (ფეკალი) გამოვლინდა სარკოცისტოზის 5 შემთხვევა. მათგან ერთი იყო სახლის, პატრონიანი ძაღლი (იორკი, ჰანი ), მეორე შემთხვევა აგრეთვე სახლის ძაღლი (როტვეილერი, 2,5 წლ.), ხოლო სამი შემთხვევა იყო ქუჩის (მაწანწალა) ძაღლი. გამოკვლეული მასალებიდან ორი შემთხვევა დავაფიქსირეთ გვიან შემოდგომაზე _ ნოემბრის თვეში, ხოლო სამი შემთხვევა კი გაზაფხულზე, აპრილის თვეში.

თ ყურაშვილი, ე. ღვალაძე,

მ. თურმანიძე, ი. არსენიშვილი,

აგრარული უნივერსიტეტი,

ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“