დარგებიმევენახეობა-მეღვინეობა

აშშ-ს ბაზარზე ქართულ ღვინზე  დაინტერესება იზრდება _ ჯული პეტერსონი

ამერიკელი ღვინის პროფესიონალები საქართველოს ერთკვირიანი ვიზიტით ეწვივნენ. სტუმრებმა ღვინის კომპანიები და მარნები სამეგრელოში, იმერეთში, ქართლსა და კახეთში მოინახულეს, სადაც გაეცნენ ქართული ღვინის დაყენების ტექნოლოგიებს, დააგემოვნეს ევროპული და ტრადიციული მეთოდებით დამზადებული ღვინოები.

ვიზიტი ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით განხორციელდა.

ღვინის პროფესიონალების ჯგუფს, რომლის შემადგენლობაშიც სომელიეები, ღვინის მწერლები და იმპორტიორები შედიოდნენ, ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი ამერიკული მარკეტინგული კომპანია „მარქ ენერჯის“ (Marq Energie) მმართველი ჯული პეტერსონი (Julie Peterson) ხელმძღვანელობდა.

ჯული პეტერსონი აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარზე ქართული ღვინის მიმართ  დაინტერესება იზრდება.

„როგორც იცით, ამერიკის ბაზარი სულ უფრო მეტად ინტერესდება ქართული ღვინით. ფაქტია, რომ ამ წელს ექსპორტი დაახლოებით 70%-ით გაიზარდა. სასიამოვნოა, რომ ამ უძველესი ტრადიციის მიმართ ამერიკაში მზარდი ინტერესია, და არა მხოლოდ ტრადიციის, არამად იმ ღვინოების მიმართ, რომლებიც ამ ტრადიციით მზადდება.  ვესტუმრეთ  დასავლეთ საქართველოს, რადგან გვაინტერესებდა რა ხდება იქ ღვინის სფეროში, ვინ არიან მწარმოებლები, რომელი განსხვავებული ყურძნის ჯიშებია, რითი განსხვავდება აღმოსავლეთისგან დასავლეთის ღვინოები”, – აღნიშნა ჯული პეტერსონმა.

ამერიკელ პროფესიონალებს შესაძლებლობა მიეცათ გაცნობოდნენ შემდეგი კომპანიების ღვინოებს: „ბაგრატიონი 1882“, „შატო მუხრანი“, „ნიკოლაძეების მარანი“, „არჩილ გუნიავას ღვინის მარანი“, „ამირან ვეფხვაძის ღვინოები“, „გაიოზ სოფრომაძის მარანი“, „ვარციხის მარანი“, „ბაიას ღვინო“, „ოდა“, „ვინო მარტვილე“, „თელავის ღვინის მარანი“, „შუხმანის ღვინოები“, „ფაფარი ველი“, „ჭოტიაშვილის მარანი“, „მუკადო ვაინსი“, „ხოხბის ცრემლები“, „შუმი“, „ლუკასი“, „ლაგვინარი“, „იაგოს ღვინო“, ასევე ეწვივნენ მექვევრე ზაზა კბილაშვილს და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს ჯიღაურაში.