ბოსტნეულის ახალი ქართული ჯიშები
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში „საქპატენტი“ ბოსტნეულის ახალი ჯიშები დაარეგისტრირა. ახალი ჯიშები სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თანამშრომლებმა გამოიყვანეს.
ლობიოს ჯიში ,,კუტი საპარკე’’
ლობიოს ჯიში ,,კუტი საპარკე’’ მიღებულია ერთჯერადი ინდივიდუალური გამორჩევის მეთოდით. მცენარის სიმაღლე 45-55 სმ, სწორმდგომი, ინვითარებს 16-20 სმ სიგრძის, 6-8 მსხვილ მარცვლიან პარკებს. 1000 მარცვლის მასა 431 გ. მარცვლის მოსავალი შეადგენს 1,2 ტ/ჰა-ზე, ხოლო მწვანე პარკის მოსავალი 17,3 ტ/ჰა-ზე. პარკიც და მარცვალიც სწრაფად იხარშება და აქვს კარგი საგემოვნო თვისებები. რეკომენდირებულია გასავრცელებლად აღმოსავლეთ საქართველოს სარწყავ და დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში.
თავიანი ხახვის ჯიში ,,საშემოდგომო’’
თავიანი ხახვის ჯიში ,,საშემოდგომო’’ ნახევრად ცხარე, მომრგვალო-მობრტყო ფორმის 180 გ. ბოლქვს ინვითარებს. საჰექტარო მოსავლიანობა 39,6 ტ/ჰა. სავეგეტაციო პერიოდი აღმოცენებიდან მოსავლის აღებამდე 265-270 დღეა. მისი გამოყენება შეიძლება ადრე გაზაფხულზე საფოჩედ(მწვანილი), ასევე ბოლქვად საადრეო მოსავლის სახით. რეკომენდირებულია გასავრცელებლად აღმოსავლეთ საქართველოს ყველა რეგიონში ზ.დ. 460 მ სიმაღლეზე.
ნიორის ჯიში ,,ხანდო’’
ნიორის ჯიში ,,ხანდო’’ მიღებულია გამორჩევის მეთოდით. საშუალო-საგვიანოა. სავეგეტაციო პერიოდი 150-155 დღეა. ინვითარებს მსხვილ, მკვრივ, 6-7 კბილიან, მომრგვალო-მობრტყო ფორმის 67,7 გ. ბოლქვს. საჰექტარო მოსავლიანობა 12-14 ტ/ჰა.რეკომენდირებულია გასავრცელებლად აღმოსავლეთ საქართველოს ყველა რეგიონში ზ.დ. 2000 მ სიმაღლეზე და დასავლეთ საქართველოში: აჭარა, ონი, ამბროლაურის მუნიციპალიტეტებში.
კარტოფილის ჯიში ,,დიკო’’
კარტოფილის ჯიში ,,დიკო’’ გამორჩეულია კარტოფილის საერთაშორისო ცენტრიდან მიღებული ინვიტრო სელექციური მასალიდან. ჯიში მოსავლიანია (20-22 ტ/ჰა) საშუალო-საგვიანოა, ერთ ძირზე ინვითარებს საშუალოდ 9-10 ცალ, 150-220გ. ოვალურ-წაგრძელებულ, თხელ მოყვითელო კანიან, კარგი გემური თვისებების და მყარი კონსისტენციის ტუბერებს. რეკომენდირებულია გასავრცელებლად სამცხე-ჯავახეთის რეგიონებისათვის, კერძოდ მესხეთისა და ქვემო ქართლის ზონებისათვის.
ბრინჯა ლობიოს ჯიში ,,წილკანი’’
ბრინჯა ლობიოს ჯიში ,,წილკანი’’ მიღებულია მასობრივი გამორჩევის მეთოდით ბოტანიკის ინსტიტუტიდან მიღებული კოლექციიდან. მცენარე მაღალმოზარდია, 2,5-3 მ სიმაღლის, ინვითარებს 7-10 სმ სიგრძის, 5-7 მარცვლიან პარკებს. ერთ ყუნწზე ჯგუფურად განლაგებულია 7-10 პარკი. 1000 ცალი თესლის მასა 70 გ. თესლის მოსავალი 2ტ/ჰა-ზე. რეკომენდირებულია გასავრცელებლად აღმოსავლეთ საქართველოს სარწყავ და დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში.
მაშა ლობიოს ჯიში ,,მოსავლიანი’’
მაშა ლობიოს ჯიში ,,მოსავლიანი’’ მიღებულია ინდივიდუალური გამორჩევის მეთოდით მებოსტნეობის მსოფლიო ცენტრიდან მიღებული კოლექციიდან. მცენარე 67 სმ სიმაღლისაა, ინვითარებს 5-10 სმ სიგრძის, 7-10 მარცვლიან მუქ მიხაკისფერ პარკებს. 1000 ცალი თესლის წონა შეადგენს 65 გ. რეკომენდირებულია გასავრცელებლად როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოს რეგიონებში, კერძოდ:გარდაბანი, ბოლნისი, მცხეთა, გორი, წყალტუბო, ქუთაისი, ზუგდიდი.
მაშა ლობიოს ჯიში ,,საპარკე’’
მაშა ლობიოს ჯიში ,,საპარკე’’ მიღებულია ინდივიდუალური გამორჩევის მეთოდით მებოსტნეობის მსოფლიო ცენტრიდან მიღებული კოლექციიდან. მცენარე 70 სმ სიმაღლისაა, ინვითარებს 6-8 სმ სიგრძის, 10-12 მარცვლიან მუქი მწვანე ფერის პარკებს.მცენარის ერთ ბუჩქზე ფორმირდება 35-40 -მდე სტანდარტული პარკი. 1000 ცალი თესლის წონა შეადგენს 60 გ. რეკომენდირებულია გასავრცელებლად როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოს რეგიონებში, კერძოდ:გარდაბანი, ბოლნისი, მცხეთა, გორი, წყალტუბო, ქუთაისი, ზუგდიდი.
ბოსტნეულის რეგისტრირებულმა ახალმა ჯიშებმა , წინასწარი საწარმოო გამოცდა 2014-2016 წლებში სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის საცდელ ბაზებზე გაიარა.
სოფლის მუერნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ბოსტნეულ-ბაღჩეული კულტურების კვლევის სამსახურში ლობიოს ჯიშების: „კუტი საპარკე,“,,მოსავლიანი’’, ,,საპარკე’’, ,,წილკანი’’, თავიანი ხახვის ჯიშის:,,საშემოდგომო’’, ნიორის ჯიშის ,,ხანდო’’, კარტოფილის ჯიშის ,,დიკო’’- ელიტური სათესლე მასალის მისაღებად მუშაობენ.
ნატო კაკაბაძე, ს.მ.დოქტორი
სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი
ერთწლოვანი კულტურების კვლევის დეპარტამენტის უფროსი
ს.მ.მ.აკადემიის ბოსტნეული კულტურების ეროვნული კოორდინატორი