რეგიონებირუბრიკები

ჩაილურის ბადაგი

ბადაგი — მოდუღებული, ან ვაკუუმაპარატებში შესქელებული ყურძნის წვენია.

ყურძნის ტკბილი  შეიცავს 60-73% შაქარს (ძირითადად გლუკოზასა და ფრუქტოზას), უმთავრესად  ვაშლისა და ღვინის მჟავებს, მინერალურ და აზოტოვან ნივთიერებებს. ბადაგი საუკეთესო საკვები პროდუქტია, მას იოლად ითვისებს ორგანიზმი. 

ბადაგს ფართოდ იყენებენ ტკბილი ღვინოების კუპაჟის დროსაც, მაგრამ მას ძირითადად მაინც უგემრიელესი ქართული ნუგბარის ჩურჩხელის და ტკბილი კვერის დასამზადებლად.

ინდმეწარმე ოთარ ლოლაძემ შარშან საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ ჩაილურში, ტრადიციული ჩურჩხელის ნაცვლად, ბადაგის დამზადება და სარეალიზაციოდ მომზადება გადაწყვიტა.

იდეა, შეიძლება ითქვას, ორიგინალურია, რადგან მართლაც  ყურძნის ტკბილისგან დამზადებული უნიკალური ქართული ნუგბარი _ ბადაგი, როგორც ჯანსაღი კვების პროდუქტი,  გამაგრილებელი, ან სადესერტო სასმელი,  ქართულ ბაზარზე სათანადოდ წარმოდგენილი არ არის. სამწუხაროდ ხშირად შეხვდებით უხარისხოდ დამზადებულს, არადა ის საინტერესო საექსპორტო პროდუქტიც შეიძლება გახდეს.

თავად ოთარი დამწყები მეწარმეა, მაგრამ ოჯახის წევრებს ღვინის წარმოების გამოცდილება აქვთ. ბადაგის წარმოების იდეა  დიდი ხანია გაუჩნდა.  პირველად შარშან სცადა თუმცა გაყიდვა გაუჭირდა. ფარ-ხმალი არ დაუყრია, შეცდომები გაანალიზა და  წლევანდელი სეზონისთვის მოემზადა.

_ ბადაგს ვამზადებთ სტანდარტულად _ გვიყვება ოთარი _. ყურძნის დაწურვის შემდეგ ვიღებთ ტკბილს და ვადუღებთ გარკვეული დროით, ვიდრე სასურველ კონდიციას არ მიაღწევს. დუღილის დროს მუდმივად ვაცილებთ ქაფს, შემდეგ ვაგრილებთ, ვასხამთ ქილებში და ჰერმეტულად ვხუფავთ.

ამგვარად დამზადებული ბადაგი დიდხანს ინახება, შეიძლება განუსაზღვრელი ვადითაც კი.

ფქვილნარევი გადადუღებული ბადაგით შეიძლება დამზადდეს ჩურჩხელა, ასევე ე.წ. „თათარა”, „ფელამუში” (ფქვილს გააჩნია რომელია გამოყენებული, ხორბლის თუ სიმინდის).  ძალიან გემრიელი სადესერტო სასმელია წყალში გაზავების შემდეგ, რადგან სუფთა წვენი, ბადაგი ზედმეტად ტკბილია.

ბადაგს ჩვენში სხვა მეთოდებითაც ამზადებენ.  კარგი ბადაგი, ისევე როგორც ღვინო,  არის მხოლოდ ყურძნის ტკბილის პროდუქტი.

წელს ორი ჯიშის ყურძნისგან დავამზადეთ თეთრი „ორა“ და შავი „კარდინალი“ გამოვიყენეთ.

ღვინო ღვინო

ვენახები ჩვენც გვაქვს, მაგრამ  ყურძენსაც ვყიდულობთ. საქმე თუ კარგად გაიმართა, ახალ ვენახების გაშენებასაც ვგეგმავთ. _ ამბობს  ოთარი.

ინდმეწარმე პროდუქციის სარეალიზაციოდ ჯერ-ჯერობით ინტერნეტ რესურსს იყენებს, იმედი აქვს, რომ პროდუქციის მაღალი ხარისხის გათვალისწინებით, გაყიდვები მალე გაიზრდება.

ბაზარზე ფეხის მოსაკიდებლად ამ  ეტაპზე პროდუქცია შეზღუდული რაოდენობით დაამზადა, 200 ლიტრამდე, თუმცა ინდმეწარმის პირობაზე, საწყის ეტაპზე, ცოტაც არ არის.

ბადაგის გარდა ოჯახს ღვინის მცირე წარმოებაც აქვს, რქაწითელის და მუსკატური რქაწითელის ყურძნის ჯიშებისგან  აწარმოებენ თეთრ მშრალ ღვინოს „მუსკატურს“, ჭაჭის არაყს და სხვადასხვა კენკრის სპირტიან ნაყენს.

სულ სამი ადამიანია დასაქმებული, თავად ბატონი ოთარი, მისი ოჯახის  წევრები და  სეზონზე უწევთ დამხმარე მუშა-ხელის დაქირავება.

სამომავლო გეგმაზე რომ ვკითხე, მიპასუხა, _ საქმის კეთება ყოველთვის ღირს და არ გავჩერდებითო.

ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, წარმატება ვუსურვოთ მას, რომ ჩაილურის ბადაგმა მარტო საქართველოს კი არა საერთაშორისო ბაზრის მომხმარებელთა მოწონებაც დაემსახურებინოს.

ნესტან გუგუშვილი,

საგარეჯო, ოქტომბერი 2021წ.

2