მექვევრეთა ოჯახი ყვარლიდან

უნიკალური ფოტოსურათი, რომლის შესახებაც გვინდა მცირეოდენი ცნობები მოგაწოდოთ 1914 წელსაა გადაღებული ახლანდელ ახალსოფელში (ყვარლის მუნიციპალიტეტი). მასზე გამოსახულია მექვევრეების მთელი ოჯახი, თანაც ქვევრის კეთების პროცესში.

მასზე აღბეჭდილია კურტანიძეების ოჯახი. კონკრეტულად კი ისაკ კურტანიძისა, რომელსაც ახლობლები ისაკოს ეძახდნენ. ისაკო ფოტოზე მარჯვნიდან მეორე დგას (აცვია ტრადიციული ქართველი გლეხკაცი ხელოსნის საგარეო ტანისამოსი). მისი სახელი, მისსავე ზურგსუკან, დაახლოებით 3000 ლიტრის მოცულობის ქვევრზე მიუწერიათ ნახშირით. მარჯვნივ დგას ვანო კურტანიძე, მის შემდეგ, როგორც აღინიშნა დგას ისაკო კურტანიძე ხოლო მის გვერდით კი დიასახლისი ანა, რომელსაც ხელში ატაცებული ჰყავს ბავშვი — ანტონ კურტანიძე, მარჯვნიდან მეოთხე კი გიორგი კურტანიძეა. თავად ფოტოს თარიღზე, კეთების პროცესში მყოფ ქვევრზე თეთრად მიწერილი წელი მეტყველებს. რომ არა ეს მინაწერი, ჩვენთვის უცნობი იქნებოდა სურათის გადაღების ზუსტი თარიღი…

ერთი შეხედვით იქმნება შთაბეჭდილება, რომ კეთების პროცესში მყოფ თარიღიან ქვევრს, რომელიც სამფეხა მაგიდაზეა შემოდგმული, ქუსლი არა აქვს. თუმცა, მოყოლებული არქაული დროიდან, ჩვენში უქუსლო ქვევრებიც მზადდებოდა, მაგრამ საქმე ისაა, რომ ამგვარი მაგიდა მექვევრის ერთგვარი დანადგარია, რომელსაც შუაში აქვს სპეციალური ნახვრეტი (თვალი), რათა ქვევრის შენებისას მექვევრემ მშენებარე ჭურჭელი ამგვარ მაგიდაზე შემოდგას, ხოლო ქვევრის ქუსლი კი ხსენებულ ღიობში მოექცეს. ამგვარად მშენებარე ქვევრი დაცულია წაქცევისაგან, რადგან იგი სტაბილურადაა გამაგრებული მექვევრის მაგიდაზე. ამრიგად ქვევრის კეთება მეთუნის მორგვზე იწყება, გრძელდება სპეციალურ, შემაღლებულ მაგიდაზე, როგორც ეს სურათზეა ნაჩვენები და სრულდება მიწაზე.

ორ ქოცოზე, რომელთა კეთებაც მექვევრეს ეს ესაა დაუწყია, დაფარებული აქვს მცენარის დიდი ზომის ფოთლები. ამისათვის იყენებდნენ ბუერას (ჵეტასიტეს) ფოთლებს, რომელსაც ქართლ-კახეთში „ბორხვენასაც“ ეძახიან. ეს კი იმისათვის კეთდებოდა, რომ თუ ქვევრისა თუ ქოცოს მშენებლობა რიგი მიზეზების გამო დროებით წყდებოდა, მუშაობის გაგრძელების დროს, ქვევრის ის ადგილი, სადაც შეწყვეტილი იყო მისი შენების პროცესი, ზედმეტად არ გამომშრალიყო და მას ახლად დაშენებული თიხა ადვილად მიეღო.

კურტანიძეების გვარი ყვარელში იმერეთიდანაა ჩასახლებული, სადაც ისინი დღემდე ერთ უბანში ცხოვრობენ. ამ ადგილს ადგილბრივი მოსახლეობა „კურტანიძეების უბნად“ მოიხსენიებს. ამ გვარის წარმომადგენლები ახალსოფელში მეთუნეობას დღემდე მისდევენ, თუმცა, ისინი ძირითადად თონეებს ამზადებენ, მაგრამ ახლო წარსულში ზოგიერთი მათგანი ქვევრებსაც ამზადებდა. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ქვევრზე და ქვევრის ღვინოზე შექმნილმა არასერიოზულმა და ხშირად გულგრილმა დამოკიდებულებამ მოსახლეობის, მეღვინეებისა და რაც ყველაზე დასანანია — ხელისუფლების მხრიდან ახალსოფელში შინამრეწველობის ისეთი მნიშვნელოვანი დარგი, როგორიც მექვევრეობაა, თითქმის მთლიანად ჩაკლა. თუმცა ძალზე იშვიათად, მაგრამ აქ დღემდეა შესაძლებელი დამზადდეს ქოცო და ქვევრი. ის, რომ ახალსოფელში ყველა ზომის ქვევრი მზადდებოდა, წინამდებარე სურათიდანაც ნათლად მოჩანს, სადაც ერთდროულად ვხედავთ მექვევრეების მიერ ახლად დამზადებულ, თუ დამზადების პროცესში მყოფ ქოცოებს, რომელთა მოცულობა დაახლოებით 70-დან 120 ლიტრამდე მერყეობს. და ასევე დიდი მოცულობის ქვევრს, რომელიც, როგორც ზემოთ აღინიშნა, დაახლოებით 3000 ლიტრის მოცულობისაა.

ზოგადად ქვევრის კეთება, დაწყებული საქვევრე თიხის მოძიებით, მოზიდვით, დახარისხებით, მოზელვის პროცესით, ქვევრის აშენებით, გამოშრობითა და გამოწვით, მეტად რთული პროცესია და მოითხოვს გამოცდილი ოსტატის ხელს. ამ საქმეს გარკვეული რისკიც ახლავს გამოშრობისა და გამოწვის პროცესში…

ამ მეტად რთული პროცესის შესახებ ერთობ საინტერესო ცნობებია მოცემული წიგნში — „მასალები საქართველოს შინამრეწველობისა და ხელოსნობის ისტორიისათვის“. აკად. ი. ჯავახიშვილის საერთო რედაქციით, 5 ტომად. ტომი II, ნაწილი I, მეჭურჭლეობა. თბილისი, 1979.

წინამდებარე ფოტოსურათი, რომელიც, როგორც აღინიშნა, უნიკალური ხასიათისაა, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ ფაქტს, რომ მექვევრეობას საქართველოში ძალზე ხანგრძლივი და რაც მეტად მნიშვნელოვანია — უწყვეტი ტრადიცია ახლავს, რაც შინამრეწველობის ამ დარგის უნიკალურობაზე მეტყველებს. ეს დარგი მამიდან შვილზე და შვილიშვილზე გადადიოდა და ისე მოაღწია დღევანდელ დღემდე, რასაც ძალზე კარგად გადმოსცემს ჩვენს მიერ მოძიებული ეს ისტორიული ფოტოსურათი.

გიორგი ბარისაშვილი

ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“