დარგებიმემცენარეობა

დაფნის  აგროტექნოლოგია

გასულ საუკუნეში დაფნა ჩაისა და ციტრუსების შემდეგ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კულტურა იყო. იმ პერიოდისათვის მისი ფართობი 6000 ჰა-ს შეადგენდა და ყოველწლიურად გარდა შიდა მოხმარებისა  700-00 ტონა ხმელი ფოთოლი გადიოდა საექსპორტოდ.

დღეისათვის მისი ფართობი 1500 ჰა-მდე   აღირიცხება  ცალკეული  ნარგავობის  სახით,  ყოველწლიურად 4-5 ათასი ტონა პროდუქცია გადის ექსპორტზე ევროპისა და აზის 10-ზე მეტ ქვეყანაში 7-8 მილიონი  დოლარის ღირებულებით.

დაფნის  პროდუქციაზე  საექსპორტო  მოთხოვნილების  გაზრდამ  ფერმერებს  ამ  კულტურის  მიმართ  სერიოზული  ინტერესი  გაუჩინა, შესაბამისად  გაიზარდა  მოსახლეობის   მომართვიანობა რათა  დაფნის  კულტურა  შეტანილი  იქნას   „დანერგე  მომავალის“  მრავალწლიანი  ბაღების თანადაფინასების  კომპონენტის  ჩამონათვალში.

დაფნა (LAURUS  NOBILIS) ერთ-ერთი უძველესი კულტურული მცენარეა. მას ფართოდ იყენებენ სახალხო მეურნეობის ბევრ დარგში. Dდაფნის ხმელი ფოთოლი გამოიყენება კულინარიაში, ფოთლის შემცველი ეთეროვანი ზეთის სურნელობა და ქიმიური შედგენილობა აღვიძებს მადას და სასიამოვნო გემოს აძლევს, როგორც ცხელ ისე დაკონსერვებულ საჭმელს. დაფნის ეთეროვან ზეთს ფართოდ იყენებენ პარფიუმერიაში. ცხიმოვანი ზეთები კი დიდ გამოყენებას პოულობს ვეტერინარიაში სამკურნალოდ. აღსანიშნავია, რომ ეთერზეთი მოცემულია მცენარის თითქმის ყველა ნაწილში, განსაკუთრებით მაღალია მისი შემცველობა ფოთლებში – 2,5-3.7%. ზეთის შემცველობა ნედლეულში იცვლება მცენარის ასაკის, ჯიშის, კლიმატისა და სხვა პირობების დამოკიდებულებით.

დაფნა საუკეთესო მარადმწვანე დეკორატიული მცენარეა, რეკომენდირებულია ქარსაფარი ნარგაობისათვის და ცოცხალ ღობეებად. მცენარის ძლიერი ფესვთა სისტემის გამო მას ფერდობებზე იყენებენ ეროზიის საწინააღმდეგოდ. მაღალი ყინვაგამძლეობის (-14-16 ) გამო საქართველოში დაფნას გავრცელების ფართო არეალი გააჩნია, მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა 300 წელს აღწევს. ზრდის პირობებისა და მოვლის მიხედვით იგი 2-5-მ სიმაღლის ბუჩქს წარმოადგენს, გვხვდება 16-17 მეტრიანი ხეებიც. Mმისი ბუნებრივი ნაყარი საქართველოში შემორჩენილია ურთას (ხობი) მთაზე.

დაფნის კულტურის წარმოებით დაინტერესებულ ყველა პირს ვთავაზობთ სამრეწველო პლანტაციების გაშენების, მოვლისა და ექსპლუატაციის კონკრეტულ აგროტექნოლოგიურ გეგმას.

ნაკვეთების მომზადება პლანტაციის გასაშენებლად

   დაფნის პლანტაციის გაშენება ხდება ვაკე და 200-მდე დაქანების ფერდობ ადგილებზე.  თუ პლანტაციისათვის შერჩეული ნაკვეთი დაფარულია ტყით, ან ბუჩქნარით საჭიროა გაიწმინდოს და მოხდეს ნიადაგის მთლიანი დამუშავება 45-სმ სიღრმეზე ფესვების ამოძირკვით და ნაკვეთიდან გატანით. ასეთ  ნიადაგებზე 1-2 წელიწადს რეკომენდირებულია ერთწლიანი სათოხნი კულტურების ან სიდერატების თესვა, რაც აუმჯობესებს ნიადაგის სტრუქტურას და ზრდის ნაყოფიერებას. თუ ნიადაგი ერთწლიანი კულტურების ქვეშ იყო დაკავებული გაშენებამდე 2-3 თვით ადრე ტარდება ძირითადი დამუშავება საპლანტაჟო გუთნით 45-სმ სიღრმეზე.

ამავდროულად აუცილებელია ნიადაგის სინჯების აღება, რათა მოხდეს ხარისხობრივი მაჩვენებლების განსაზღვრა და მის საფუძველზე შედგენილი იქნას განოყიერების სწორი სისტემა. მჟავე რეაქციის ნიადაგებზე (წითელმიწები, ყვითელმიწები, ეწერები) აუცილებელია ქიმიური მელიორაცია კირის, დეფეკაციური ტალახის და ტკილების გამოყენება. იმ შემთხვევაში თუ ნაკვეთი ღარიბია საკვები ელემენტებით ნიადაგის ძირითადი დამუშავების დროს იგი განოყიერებული უნდა იქნას რთული კომპლექსური სასუქით 500კგ. ჰა-ზე. რთულ კომპლექსურ სასუქად გამოიყენება NPK ან სუპერაგრო ან ამოფოსკა და სხვა. შემდეგ ნიადაგი ჯვარედინად იფარცხება, კარგად ფხვიერდება. დაფნა ვერ ეგუება ჭარბ-ტენიან ნიადაგებს. ასეთ ადგილებში (კოლხეთის დაბლობი) ტენის მოსაშორებლად და ჰაერის რეჟიმის გასაუმჯობესებლად გაშენებამდე 1-2 წლით ადრე კეთდება 5-8 მეტრი სიგანის სფერული კვლები, კვლებს შორის იღებენ 45-50-სმ სიღრმის თხრილებს, თხრილიდან ამოღებული მიწა იყრება კვლის შუა ნაწილში და თანაბრად ნაწილდება. კვლის ოპტიმალური სიგრძე 100-120-მ რომელიც წყალშემკრებ არხს უერთდება. თუ დაფნის პლანტაცია ფერდობზეა გაშენებული, მაშინ დამუშავებული ნაკვეთის ზედა მხრიდან ჩამონადენი წყლისაგან დაცვის მიზნით აწყობენ წყალგამყვან თხრილებს, ნაკვეთის შიგნით ყოველ 30-50 მეტრში ეწყობა წყალ ამრიდი ტერასები, რომელიც იმავდროულად გამოყენებული იქნება საცალფეხო გზად.

პლანტაციის გაშენება

 დაფნის სამრეწველო პლანტაციის გაშენება ხდება ორი წესით: ინდივიდუალური (ბუჩქური) და შპალერული. ინდივიდუალური წესით  გაშენების დროს ნაკვეთი ისე იგეგმება, რომ დაშორება რიგებს შორის უნდა იყოს 1,5 მეტრი,ხოლო მცენარეებს შორის 1 მეტრი, შპალერული გაშენებისას მანძილი შპალერებს შორის 1,5-1,75 მეტრი, ხოლო მცენარეთა შორის რიგებში 50-სმ. შესაბამისად ერთ ჰექტარზე პირველ შემთხვევაში თავსდება 6700 და მეორე შემთხვევაში 13400 მცენარე.

გაშენების წინ ნაკვეთის გრძელი მხარის პარალელურად გაყავთ სწორი ხაზი და ჩვეულებრივი წესით იწყებენ დაგეგმვას ყოველ 1,5-1,75 მეტრში. მწკრივთა ხაზების მონიშვნის შემდეგ მათ გასწვრივ 30-სმ სიღრმეზე აფხვიერებენ 0,5 მეტრი სიგანის სათესლე ან ნერგების დასარგავ ზოლს. სარგავ ხაზზე ამოიღება 20-სმ სიგანისა და 25-სმ სიღრმის ორმო, სადაც ირგვება სტანდარტული ნერგი, ხოლო თესლით გაშენებისას   4-5-სმ სიღრმეზე ეწყობა ბუდნები, რომელშიც 3-4 ცალი თესლი ითესება და თითოეული ბუდნა აღინიშნება მაჩვენებელი ჯოხით.

მაღალმოსავლიანი და მაღალი ზეთის შემცველობის დაფნის სამრეწველო პლანტაციების გაშენების დროს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სათესლე მასალისა და ნერგის ხარისხობრივ მაჩვენებლებს.

დაფნის თესლი უნდა დამზადდეს კარგად და  ნორმალურად განვითარებული, სავსებით ჯანსაღი მდედრობითი სქესის სადედე ხეებიდან. ამისათვის სპეციალურად გამოყოფენ ხშირ ტოტებიან, ფართო ფოთლებით შემოსილ სადედე ხეებს. სადედე ხეები განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს, ნიადაგის გადაბარვა, მინერალური და ორგანული სასუქების შეტანა, 4-5 წელიწადში მჟავე ნიადაგებზე კირის ან დეფეკაციური ტალახის, ტკილების შეტანა.

დაფნის თესლი მაშინ იკრიფება, როცა ის კარგად დამწიფდება და ხიდან ჩამოცვენას იწყებს სექტემბერ-ნოემბერში. ნაყოფგარემო მოცილებულ  თესლს უფრო მაღალი აღმოცენების უნარი აქვს, ვიდრე კანმოუცლელს. ამ მიზნით დათესვამდე 1-2 დღით ადრე თესლს წყალში ალბობენ, ხელით ფრთხილად შესრესენ და წყლით გადარეცხავენ. გაწმენდილი თესლი თხელ ფენად გაიშლება გასაშრობად.

როგორც სანერგეში ნერგების მისაღებად, ასევე მუდმივ ადგილზე პლანტაციების გასაშენებლად თესვა უნდა მოხდეს ოქტომბერ-ნოემბერში. ერთი ჰექტარი პლანტაციის ბუჩქური წესით თესლით გაშენებისას საჭიროა 35კგ თესლი, ხოლო შპალერული წესით გაშენებისას 70კგ. თუ თესლი შემოდგომით არ ითესება საჭიროა გაუკეთდეს სტრატიფიკაცია 7%-იან ტენიანობის სილაში. წინასწარ ხის ყუთში იყრება სილა, მასზე 3-4-სმ სისქით იყრება თესლი, შემდეგ ისევ სილა და ასე შემდეგ. ყუთის სიმაღლე სასურველია იყოს 40-სმ. ყუთი იდგმება დაცულ ადგილას +20+80 ტემპერატურაზე, ტენიანობა 60-70%, შენახული თესლი ითესება 25 თებერვლიდან 25 მარტამდე.

ნერგების გამოყვანა სანერგეში

   სასურველია სანერგე მოეწყოს დაფნის სამრეწველო პლანტაციების გასაშენებლად გათვალისწინებული ნაკვეთების ახლოს. სანერგისათვის არჩევენ ვაკე ან ოდნავ დაქანებულ, ქარებისაგან დაცულ, მშრალ ადგილს. ნიადაგი უნდა იყოს შედარებით მსუბუქი, წყალგამტარი და ნოყიერი. ამის შემდეგ ხდება ნიადაგის გამოკვლევა, იმ შემთხვევაში თუ ნაკვეთი ღარიბია საკვები ელემენტებით და ჰუმუსით ადრე გაზაფხულზე წარმოებს ნიადაგის მოხვნა ან გადაბარვა 25-სმ სიღრმეზე. შეაქვთ რთული კომპლექსური სასუქი 300კგ.  და ორგანული სასუქი 40 ტონა ჰექტარზე. დაფნის დასათესად მოხნული ნიადაგი 10-20-სმ სიღრმეზე ისევ უნდა გადაიხნას, ამის შემდეგ ეწყობა 10-20-სმ-ით შემაღლებული 1,0-1,2 მ. სიგანის კვლები, კვალთა შორის მანძილი 30-სმ უნდა იყოს, რომელიც იმავდროულად სასიარულო ბილიკის როლსაც ასრულებს.

თესლი ითესება კვლების გარდიგარდმო მოწყობილი პატარა 3-4-სმ-ის სიღრმის ღარებში. ღარებში თესლებს შორის მანძილი 5-6-სმ-ია. მწკრივთაშორის მანძილი 30-სმ-ია. ერთ ჰექტარზე სადაც სასარგებლო ფართი 7500კვ-მეტრს უდრის ითესება 500კგ თესლი. სანერგეში თესვის საუკეთესო ვადაა ნოემბერი, გაზაფხულზე კი თესვა სტრატიფიცირებული თესლით 25 თებერვლიდან 15 მარტამდე წარმოებს. ნათესების მოვლა უმთავრესად რიგებისა და მწკრივების გამარგვლასა და ნიადაგის გაფხვიერებაში გამოიხატება, ეს სამუშაო წლის განმავლობაში 4-6-ჯერ სრულდება. ჩვილი (ახლადგაღვივებული) ნათესარების მზის სხივებით დაზიანებისაგან დასაცავად ნათესი კვლები იჩრდილება ერთფენა დოლბანდით ან მცენარეული მასალით, რომელიც აიღება 10-15 აგვისტოდან. მეორე წელს ერთწლიანი ნერგების მოვლა ისევე ხდება, როგორც პირველ წელს, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ აპრილსა და ივნისში შეაქვთ აზოტმჟავა ამონიუმი 750-კგ ოდენობით ჰექტარზე, მათ შორის პირველად ნორმის 60%. დაფნის სამრეწველო პლანტაციის გასაშენებლად უკეთესია ორწლიანი სტანდარტული ნერგი 20-სმ სიმაღლისა და 4-5-მმ დიამეტრით ფესვის ყელთან. სანერგიდან ნერგების ამოღება ხდება ბელტიანად, შემოეცლება ზედმეტი მიწა, ეწყობა ყუთებში და გადააქვთ დასარგავად. დარგვის წინ ფესვი უნდა შეიკვეცოს 1/3-ით, ამოევლოს წუნწუხში ან სპეციალურ ჰუმინური მჟავეების ხსნარში და დაირგოს მუდმივ ადგილას.

დღეისათვის  ყველაზე  პროგრესულად   მიჩნეულია კონტეინერებში ან  პოლიეთილენის  პარკებში  გამოყვანილი  ნერგებით  პლანტაციების  გაშენება.  პოლიეთილენის პარკებში  გამოსაყვანად წინასწარ მომზადებულ  პარკებში  (15 X 10 სმ) იყრება  ჰუმუსოვანი  ნიადაგისა და  მინერალური  სასუქის  ნარევი (1კუბ. მეტრ  მიწაზე  ემატება  3-4  კგ კომპლექსური  მინერალური  სასუქი NPK ) .  პარკები  ეწყობა სანერგის  კვლებზე MPM და 3-4 სმ სიღრმეზე პარკებში  ითესება 2-3  ცალი  თესლი.  თესვა  რეკომენდირებულია  ნოემბერ  დეკემბერში.  ნათესარების  მოვლა  განოყიერება  ტარდება  იმავე  წესით,  როგორც ეს მიღებულია  ღია  გრუნტში  თესლის უაშუალოდ  თესვის  დროს. ნერგები  გადასარგავად  ვარგისია   როდესაც  ისინი  მიაღწევენ  25-30  სმ  სიმაღლეს. მიწის  კოშტებით  პლანტაციების  გაშენების დროს  მცირდება მეჩხერიანობა  და  ნარგაობა 1-2 წლით ადრე  შედის  ექსპლოატაციაში.

დაფნა შეიძლება გამრავლდეს ვეგეტატიურადაც, კალმებით და ტოტების გადაწვენით. გამრავლების ამ მეთოდს  დიდი მნიშვნელობა აქვს სათესლე, აგრეთვე მაღალი ეთერზეთების შემცველი საფოთლე პლანტაციების გასაშენებლად. დაკალმება ხდება სათბურში ან ღია კვლებზე სპეციალურად მომზადებულ სუბსტრატში (ფხვიერი ნიადაგი + მდინარის ქვიშა 2:1) გაზაფხულზე ან ზაფხულში მწვანე ორფოთლიანი კალმებით. კვლები დოლბანდით იჩრდილება, საჭიროების მიხედვით ირწყვება დაფესვიანება  75-80%. კალამ-ნერგი გადასარგავად მზად იქნება მეორე წლის ბოლოს.

დაფნის პლანტაციის მოვლა

 დაფნის ახალგაზრდა ნარგაობაში რიგთაშორისებში ეწყობა საზამთრო გადაბარვა 10-12-სმ სიღრმეზე. ფესვის დაზიანება რომ არ მოხდეს, ნიადაგის საზამთრო დამუშავება მწკრივთაშორისებში წარმოებს მცენარის ფესვის ყელიდან 15-20-სმ-ის დაშორებით. ნიადაგის გადაბარვის საუკეთესო ვადაა 15 ნოემბრიდან 1 აპრილამდე.

ნორმალურად განვითარებულ დაფნის ნარგავებში, სადაც რიგთაშორისები შეკრულია და მრავალწლიანი სარეველებით არ არის დასარევლიანებული, პლანტაციები მოვლილია და ნიადაგი კულტურულ მდგომარეობაშია, საზამთრო გადაბარვა ხდება ოთხ წელიწადში ერთხელ ორგანული და ფოსფოროვანი სასუქების ჩაბარვით 10-12-სმ სიღრმეზე.

ახალგაზრდა 1-3 წლიანი პლანტაციის რემონტი უმჯობესია მოხდეს ნერგით, დასაშვებია აგრეთვე ჩათესვა. ნერგების დარგვა მეჩხერ ადგილებში იმავე წესით სრულდება, როგორც ახალგაშენებულ პლანტაციაში, ხოლო გამოთესვას ატარებენ ბუდნების წესით, სადაც თითოეულში 4-5 თესლი უნდა მოთავსდეს. ნათესს უნდა დაეყაროს ფხვიერი მიწა, მოიტკეპნოს და დაესოს საყრდენი.

თუ დაფნის პლანტაცია ოვალურ კვლებზეა გაშენებული პერიოდულად უნდა მოხდეს კვლებს შუა თხრილების ამოწმენდა სარეველებისა და სხვა ფიზიკური სხეულებისაგან, რათა უხვი ნალექების დროს არ მოხდეს წყლის შეგუბება და ნარგაობის ფესვთა სისტემის დაზიანება.

პლანტაციის განოყიერება

   დაფნის მაღალი და სტაბილური მოსავლის მისაღებად საჭიროა განოყიერების სწორი სისტემის შემუშავება, რომელიც ეფუძნება პერიოდულად ნიადაგის ხარისხობრივი მაჩვენებლების განსაზღვრას და ნაყოფიერების დონის დადგენას. ახალგაზრდა პლანტაციებში 2-3 წლის განმავლობაში ტარდება რიგთაშორისებში 10-12-სმ სიღრმეზე გაფხვიერება და ამონიუმის გვარჯილის შეტანა 0,1კგ. იმ ძირებზე რომელიც დაკნინებულია, ხოლო ზრდასრულ პლანტაციაში სადაც რიგთაშორისები შეკრულია 4 წელიწადში ტარდება საზამთრო გადაბარვასთან ერთად ორგანული და მინერალური სასუქების შეტანა მეცნიერული კვლევის საფუძველზე დადგენილი დოზით.

ორგანული სასუქებიდან დაფნის პლანტაციებში გამოიყენება დაკომპოსტებული ნაკელი საყოფაცხოვრებო ანარჩენებთან ერთად, ტორფ-კომპოსტი. ტორფ-კომპოსტებიდან შეიძლება გამოვიყენოთ ტორფ-ნაკელი ან ტორფ-დოლომიტი, ან ცეო-ტორფი, ან ტორფ-ჰუმინური სასუქები და სხვა. ტორფ-დოლომიტის  გამოყენებისას ნიადაგში ერთდროულად ხდება ორგანული სასუქის შეტანა და ნაკვეთის გამდიდრება საკვები ელემენტი-მაგნიუმით. “ცეო-ტორფი”-ს გამოყენება უზრუნველყოფს ნიადაგის მექანიკური შემადგენლობის გაუმჯობესებას, გამდიდრებას ორგანული სასუქით და იონგაცვლითი  პროცესების ზრდას. ტორფ-ჰუმატები ორგანულ სასუქთან ერთად შეიცავენ სტიმულიატორებს წყალხსნადი ჰუმინის მჟავას სახით, რომლის შემადგენლობა ტორფ-ჰუმატებში გაცილებით მეტია ვიდრე სხვა ტორფ-კომპოსტებში. ორგანულ სასუქთან ასევე შეგვიძლია გამოვიყენოთ ბიო-ჰუმუსი შემცირებული დოზით 5 ტონა ჰექტარზე. ორგანული სასუქის დოზები განისაზღვრება ნიადაგში ჰუმუსის შემცველობით და იგი მერყეობს 30-50 ტონამდე ჰექტარზე 4 წელიწადში ერთხელ რიგთაშორისებში შეტანით.

მინერალური სასუქების გამოყენება დამოკიდებულია ნიადაგში საკვები ელემენტების შემცველობაზე, იმ შემთხვევაში როდესაც ნიადაგი ღარიბია სამივე საკვები ელემენტით: აზოტით, ფოსფორით და კალიუმით გამოიყენება კომპლექსური მინერალური სასუქი NPK, ან სუპერაგრო, ან დიამოფოსკა, ან ამოფისკა 500კგ/ჰა-ზე. დანარჩენ შემთხვევაში იყენებენ მარტივ სასუქებს. აზოტის ნაკლებობისას ახალგაზრდა პლანტაციებში გამოიყენება ამონიუმის გვარჯილა 150-კგ/ჰა-ზე, ხოლო ზრდასრულ პლანტაციებში გამოიყენება 500-კგ. ფოსფორის ნაკლებობისას ვიყენებთ სუპერფოსფატს 500-750კგ/ჰა-ზე, ხოლო კალიუმის ნაკლებობისას კალიუმის მარილს 250-კგ/ჰა-ზე. უკანასკნელ წლებში  საქართველოს ბაზარზე შემოვიდა ადგილობრივი წარმოების ორგანო-მინერალური სასუქები ბაქტოფერტი, რომელსაც დიდი გამოყენება აქვს ჰექტარზე 500კგ დოზით.

დაფნის  ბიო პროდუქციის წარმოება  შესაძლებელია  იმ  ნაკვეთებზე,  რომლებიც  უზრუნველყოფილია   საკვები  ელემენტების  შემცველობით,  ხოლო  შემდეგომ  წლეებში  ბიო-პროდუქციის  წარმოებისას  ძირითადად  გამოყენებული  უნდა იქნას  ორგანული  სასუქებით.

მოსავლის აღება

დაფნის ახალგაზრდა ნარგავის პირველი მოსავლის აღება  იწყება 3 წლის ასაკიდან, რისთვისაც ბუჩქი იჭრება ბასრი მაკრატლით ფესვის ყელიდან 10-15-სმ სიმაღლეზე დაფნის ნარგავების პირველი გადაჭრით ახალგაზრდა მცენარე გვერდით ტოტებს ივითარებს და ფოთლის მომცემ არეს ზრდის.

დაფნის მორიგი გადაჭრა  ხდება 10-სმ ზევით წინა გასხვლაზე, ე.ი 20-25-სმ/ზე ყოველ 2 წელიწადში ერთხელ. დაფნის შპალერული ნარგაობის ყოველწლიური გადაჭრა დაუშვებელია, რადგანაც ერთწლიანი ნაზარდები ეთეროვანი ზეთების ნაკლებ რაოდენობას შეიცავენ. ამისთვის პლანტაციის მეპატრონემ ნაკვეთი პირობითად უნდა გაყოს ორ ნაწილად, საიდანაც მორიგეობითი ექსპლუატაციის ფონზე საშუალება ექნება ყოველწლიურად დაამზადოს სასაქონლო ღირებულების პროდუქცია. როდესაც დაფნის ბუჩქები მოსავლიანობას შეამცირებენ და სიმაღლეში გადაიზრდებიან (ყოველ 8-10 წელიწადში ერთხელ) ეწყობა ბუჩქების მძიმე გასხვლა 20-სმ სიმაღლეზე ფესვის ყელიდან. დაფნის პლანტაციებში მოსავლის აღება ხდება 15 ნოემბრიდან 1 მარტამდე. ტოტების შეჭრა წარმოებს  გალესილი ბასრი იარაღით მზიან მშრალ ამინდში. ანასხვლავი მასა იკვრება  მცირე ზომის კონებად და თავსდება სათანადო ჰაერაციის მქონე ფარდულებში. დაფნის მზეზე შრობა დაუშვებელია. ხელსაყრელ პირობებში ფოთოლი 10-15 დღეში შრება. გამხმარ ფოთოლს უნდა ჰქონდეს  ღია მწვანე ფერი, მოღუნვის დროს თავისუფლად არ უნდა ტყდებოდეს.

ფოთოლში ტენის შემცველობა 14-%-ს არ უნდა აღემატებოდეს. გახმობის შემდეგ  პროდუქციას უნდა მოშორდეს უხეში ტოტები, უცხო მინარევები და მოთავსებული იქნას ჰაერგამტარ ტომრებში სარეალიზაციოდ. შემუშავებულია დაფნის ფოთლის ხელოვნური თბური შრობის წესი 40-45  ტემპერატურის ჰაერის ჭავლის გამოყენებით.

პერსპექტივაში გათვალისწინებულია ადგილობრივი ნედლეულის ბაზაზე საქართველოში ეთერზეთების წარმოების გაფართოება, სადაც მნიშვნელოვანი ხვედრითი წილი დაფნის ნედლეულზე იქნება გათვლილი. ამ მიზნით გამოყენებული იქნება არა მარტო სპეციალურად გაშენებული დაფნის პლანტაციები, არამედ ინდივიდუალურად მდგომი ხე-ბუჩქები, დაფნის ღობეები, კულისები, დეკორაციული ნარგაობები.

იმ შემთხევაში  როცა  ნარგაობა გათვალისწინებულია  ეთერზეთების მისაღებად, მას გაშრობა არ ესაჭიროება დაფნის ანასხლავი მწვანე მასის (ღერო-ტოტები, ფოთლები) გადაზიდვა უშუალოდ ხდება ეთერზეთების ქარხნებში.

დაფნის ფოთლისაგან ეთერზეთების  მიღება ხდება წყლის ორთქლით გამოხდით სპეციალურ აპარატში 3-4 საათის განმავლობაში. პროცესის ნორმალურად ჩატარების პირობებში შესაძლებელია ნედლეულიდან 90-95% ზეთის გამოყოფა.

დაფნის მავნებელ-დაავადებანი და მათ წინააღმდეგ ბრძოლა

  დაფნას აზიანებენ სხვადასხვა სახეობის მწუწნავი მავნებლები, რომელთაგან მნიშვნელოვანია; დაფნის ფოთოლრწყილა, რბილი ცრუფარიანა, ციტრუსოვანთა ცრუფარიანა, იაპონური ცვილისებრი ცრუფარიანა, ნარინჯოვანთა ყვითელი ფარიანა, მიხაკისფერი ფარიანა, იაპონური ჩხირისებრი ფარიანა, ჩაის ბუგრი, სათბურის თრიფსი. მღრღნელები: მახრა, ფოთოლხვევიები, მიხაკისფერი იაპონური ღრაჭუნა და სხვა. 

მავნებლებიდან განსაკუთრებით საზიანოა დაფნის ფოთოლრწყილა, რომლის მატლები და ზრდასრული ფორმები აზიანებენ ყველა ხნოვანების დაფნის ხის ნაზ ყლორტებს, წუწნიან წვენს, რის გამოც ფოთლები კარგავენ ნორმალურ ფორმას, იხვევიან კიდეებიდან ან ხუჭუჭდებიან. ფოთლები მოწითალო-ყვითელ ფერს იღებენ. მასობრივად ვლინდება აპრილ-მაისსა და აგვისტო-სექტემბერში.

დაფნის ფოთოლრწყილას, სათბურის თრიფსის, ჩაის ბუგრის, ფარიანებისა და ცრუფარიანების ახალგაზრდა ფორმების საწინააღმდეგოდ სხურდება: ინსექტიციდების 0,1%-იანი სამუშაო ემულსია. შესხურება უნდა ჩატარდეს მცენარის ყველა მიწისზედა ნაწილის დასველება-გაბანვით.

დაფნაზე აღნიშნულია შემდეგი სოკოვანი  ავადმყოფობანი: ფესვის სამხრეთული სიდამპლე, ფილოსტიქოზი, ანთრაქნოზი, ფესვის სიდამპლე და სხვა, რომელთა წინააღმდეგ გამოიყენება ფუნგიციდების დაბალპროცენტული ხსნარები.

დაფნის ნარგაობაში მავნებლების და დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა უნდა განხორციელდეს მაღალკვალიფიციური სპეციალისტების რეკომენდაციების საფუძველზე, წინააღმდეგ შემთხვევაში მოსავლიანობის კლებასთან ერთად უარესდება ფოთლის ხარისხი და კარგავს სასაქონლო სახეს.

საბაზრო ლიბერალიზაციის პირობებში დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ რეგიონებში სასოფლო სამეურნეო კულტურათა სწორ შერჩევას და მათ ექსპლუატაციას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს. ჩაის, ციტრუსების, თხილის გვერდით საპატიო ადგილი სხვა კულტურებმაც უნდა დაიკაონ, მითუმეტეს დაფნის კულტურამ რომელიც თავისი საექსპორტო და სამრეწველო თვალსაზრისით მომგებიან დარგად გადაიქცევა. პლანტაციების გაშენებისა და მოვლის მაღალ აგროტექნოლოგიურ ფონზე შესაძლებელია თითოეული ჰექტარიდან მივიღოთ 7-10 ტონა მწვანე მასა, რაც ხმელ ფოთოლზე გადაყვანით 2 ტონას შეადგენს.

  გახსოვდეთ: დაფნის კულტურის გაშენებითა და ექსპლუატაციით დაინტერესებულ ფერმერებს, პირებს შეუძლიათ სრულყოფილი კონსულტაციები მიიღონ ნიადაგისა და სურსათის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ანასეულის” სპეციალისტებისაგან. ასევე შეამოწმონ  თავიანთი ნიადაგებისა და მცენარეული ნიმუშების ხარისხიანობა და დაადგინონ პოტენციური შესაძლებლობა ამ კულტურის საწარმოებლად.

ზაურ  გაბრიჩიძე   სმმ  დოქტორი,  პროფესორი,

        რუსუდან  ტაკიძე   სმ აკადემიური  დოქტორი,

ფრიდონ  ჭანუყვაძე  სმ  აკადემიური  დოქტორი