დარგებიმედიამეცხოველეობა

დეტალები „ქართული მთის ღორის გადარჩენის პროექტზე“

„უკეთესი დიდი პროექტი მიმაჩნია, რომ საქართველოში არ არის“ _ ასე შეაფასა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ  საპარლამენტო მოსმენისას, „ქართული მთის ღორის გადარჩენის პროექტი, რომელიც ამ ეტაპზე რაჭაში ხორცილედება.

რაში მდგომარეობს პროექტის სიდიადე და რა ეტაპზეა იგი — დეტალების გარკვევას კომერსანტი კომპანია Native Georgia-ში შეეცადა. 

„ესპანელ პარტნიორებთან ერთად გადავწყვიტეთ, რომ გაგვეკეთებინა პროექტი, რომლის მიზანია  გადაშენების პირას მყოფი ქართული ღორის ჯიშის აღდგენა და წარმოება.  ჩვენ ჩავატარეთ კვლევა ქართული ღორის ჯიშზე და მივიღეთ ძალიან მაღალი ხარისხის პროდუქტი,  რომელიც გემოვნური თვისებებითა და ხარისხით გასაკუთრებულია,“ – ამის შესახებ კომპანია Native Georgia-ს დამფუძნებელმა ვასილ ბაბლუანმა „კომერსანტთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

„საპარტნიორო ფონდისა“ და „Native Georgian”-ის ერთობლივი „ქართული მთის ღორის (კახური და სვანური) გადარჩენის პროექტი“ 5-დან 7 წლამდე პერიოდს მოიცავს და 5 ეტაპისგან შედგება. ამჟამად პროექტის პირველი ეტაპი მიმდინარეობს,  რომელიც ევროპული ტექნოლოგიებისა და სტანდარტების შესაბამისი მეღორეობის ფერმის მშენებლობას, საქართველოს მასშტაბით ქართული უნიკალური ჯიშის მთის ღორების მოძიებისა და მათ ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ, სპეციალიზებულ ფერმაში გადაყვანის პროცესს მოიცავს. ვასილ ბაბლუანის განცხადებით 2 წლის სამუშაოები უკვე შესრულებულია, პროექტის მიხედვით პროცესი 6 წელიწადში დასრულდება.

„საქართველოში ღორის ორი ჯიში არსებობს _ კახური და სვანური და ამ ორ ჯიშში არის ორი ტიპის ღორი _ ლაგაზა და გრუზა. ჩვენმა წინაპრებმა ქართული ღორი გარეულიდან მოიშინაურეს, ზუსტად ასეთი ტიპის არის „იბერიკოც“, რომლის პროდუქტი კულინარიის ვარკვლავადაა მიჩნეული.  პროექტის პირველ ეტაპზე ჩვენ გავაფორმეთ ხელშეკრულება  სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევით ცენტრთან, მთელს საქართველოში  სოფელ-სოფელ მოვიარეთ და  მხოლოდ 10 ღორი მოვიძიეთ, რომელსაც ჯიშობრივი თვისება დაკარგული ჰქონდათ. გავაკეთეთ კვლევები ხარისხზე, გავაკეთეთ პირველი ხამონი (ღორის უკანა ფეხი) და მივიღეთ მაღალი ხარისხის პროდუქტი.  დღეს ჩვენ გვინდა, რომ მსოფლიოს გავაცნოთ ახალი ჯიში, რომელსაც არავინ არ იცნობს. დავიწყეთ ამ ჯიშის მომრავლება და დღეს გვყავს 500 სულამდე. მეურნეობაში ჩართული იქნებიან ესპანელი და ქართველი მეცნიერები და გამოვიყვანთ სუფთა ჯიშის ღორს,“ – განაცხადა ვასილ ბაბლუანმა.

პროექტის მთავარი მიზანი ვასილ ბაბლუანის განცხადებით, არის იმპორტირებული ხორცის ჩანაცვლება, ექსპორტზე გასვლა და ქართული ღორის ხორცპროდუქტებისთვის დამსახურებული სახელის მოპოვება.

„ყველაზე მნიშვნელოვანი, ჩემი აზრით, არის ამ პროექტის მეოთხე ეტაპი, რაც ამ ღორების შესყიდვას, დაკვლასა და  ხორც-პროდუქტების წარმოებას გულისხმობს. ჩატარდება ქართული ტრადიციული პროდუქტების აღდგენა, როგორიც არის რაჭული ლორი, რომელსაც არ აქვს საბაზრო სახე, არსად არ არის გაწერილი მისი დამუშავების ტექნიკა. არსებობს ესპანური ხორცის ტიპი სახელად „მორსილია“, რომლის ანალოგი კეთდება სვანეთში სახელწოდებით „ზისხორა“. ასევე „ხმელობა“ – რომელიც ვეფხისტყაოსამნშია ნახსენები.  ანუ საქართველოში არის ბევრი ტრადიციული პროდუქტები, რომლებიც დაკარგულია.  ქართული ღორი უნდა გავაცნოთ მსოფლიოს,  ბიოპროდუქტის მიღება არის ჩვენი საბოლოო მიზანი, რომლის საშუალებასაც გვაძლევს ქართული მთის ღორი.

ჩვენ ბევრი იმპორტირებული ხორცი გვაქვს და გვინდა ეს ხორცი მთლიანად ჩავანაცვლოთ ქართული პროდუქტით და იმედი გვაქვს, რომ საექსპორტო ბაზარზე გასვლის საშუალებაც მოგვეცემა, ამ პროდუქტს ძალიან დიდი ბაზარი ელოდება.“ – აღნიშნა ვასილ ბაბლუანმა

პროექტის პირველი ეტაპის საინვესტიციო მოცულობა 750.000 აშშ დოლარს შეადგენს, საიდანაც საპარტნიორო ფონდის თანამონაწილეობა 350.000 აშშ დოლარია.  ამ ეტაპის ფარგლებში, ევროპული ტექნოლოგიებისა და სტანდარტების შესაბამისი მეღორეობის პირველი ფერმის მშენებლობა რაჭაში, სოფელ ღარში მიმდინარეობს.

პროექტის მეორე ეტაპის ფარგლებში, დაგეგმილია 1200-მდე დედა ღორის მოშენება და ფერმების მშენებლობა საქართველოს 9 რეგიონში. მეორე და მესამე ეტაპი სოციალურ ასპექტს მოიცავს და მთიან რეგიონებში მოსახლეობის დასაქმებას, მათი შემოსავლების ზრდას და ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. აღნიშნული ეტაპი ფერმებიდან მოსახლეობისთვის ბუნებრივ პირობებში გასაზრდელად 23 კგ-ზე ზემოთ ღორების გადაცემას ითვალისწინებს. 100 კგ-დან 150 კგ-მდე წონის ღორებს კი კომპანია უკან, ფიქსირებული თანხის სანაცვლოდ ჩაიბარებს. მეოთხე ეტაპი თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, ევროპული სტანდარტის ხორცის გადამამუშავებელი საწარმოს შექმნას და ქართული მთის ღორისგან დამზადებული ხორცპროდუქტების რეალიზაციას ითვალისწინებს. მეხუთე ეტაპი კი ქართული ხამონისა რაჭული ლორის დასამზადებელი საწარმოს შექმნას და მის მსოფლიო ბაზარზე ექსპორტს გულისხმობს. 

Native Georgia-ს პარტნიორი ესპანური კომპანია „Deraza Iberico S.L.“-ს დამფუძნებელი ლეხინო დიაზ დელ რიოსია. კომპანია  „Deraza Iberico S.L.“-ი პიონერია იბერიული ღორის ხორცის წარმოებასა და რეალიზაციაში. კომპანიამ შექმნა ახალი ბაზარი ამ სექტორში და დღეს მისი უდავო ლიდერია. „Deraza Iberico S.L.“ თითოეული ღორისგან, დაახლოებით, 600 სახეობის სხვადასხვა პროდუქტს აწარმოებს.

მარიამ მორგოშია

წყარო: commersant.ge