„ერთ ჰექტარ მიწაზე ფერმერებისთვის მხარდაჭერა 1700 ლარამდე შეადგენს“-პროგრამის დეტალები
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ფერმერების მხარდასაჭერად ახალ პროექტებს იწყებს და მიმდინარე პროექტებში ცვლილებები შეაქვს.მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, სოფლის მეურეობის მიმართულებით ანტიკრიზისული ღონისძიებები განხორციელდება.
„ჩვენ მოვახდინეთ 300 მილიონი ლარის მობილიზება და შევიმუშავეთ უპრეცედენტო პროგრამა იმისათვის, რომ პანდემიით შექმნილ კრიზისულ ვითარებაში სოფლის მეურნეობაში ჩართულმა ყველა მოქალაქემ, ჩვენმა ფერმერებმა სახელმწიფოსაგან დახმარება მიიღონ. ჩვენი მიზანია, მინიმუმამდე დავიყვანოთ ის ზიანი, რაც ქვეყანაში გლობალურმა კრიზისმა შექმნა და მაქსიმალურად სწრაფად დავუბრუნდეთ წინსვლის იმ ნიშნულს, რომელიც კრიზისამდე გვქონდა“ – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.
მინისტრის ინფორმაციით, შემუშავებული პროგრამის ფარგლებში, დახმარებას მიიღებს ყველა ფერმერი.
ამისთვის მობილიზებულია 37 მლნ ლარი, რითაც ფერმერები შეიძენენ სასუქებს, მცენარეთა დაცვის და მოვლის საშუალებებს, სათესლე და სარგავს მასალებს, გადაიხდიან ხვნის სამუშაოების საფასურს.
ამასთან, აღინიშნა, რომ სახელმწიფოს ფინანსური დახმარებით, ფერმერები შეღავათიან ფასად შეიძენენ ერთ ჰექტარზე 150 ლიტრის ოდენობის დიზელის საწვავს – არსებულ ფასზე ერთ ლარამდე ფასდაკლებით.
ფერმერებს სრულად ჩამოეწერებათ 8 მლნ ლარის ოდენობის დავალიანება, რომელიც სამელიორაციო მომსახურების საფასურის გადაუხდელობის გამო 2012-2019 წლებში დაუგროვდათ.
მინისტრის განმარტებით, მიმდინარე წელს, რომელიც ყველაზე რთული წელი იქნება, ფერმერების მიერ სამელიორაციო მომსახურების ერთ ჰექტარზე 75 ლარამდე საფასურს სახელმწიფო გადაიხდის – ჯამში 4 მლნ ლარი.
პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან გაზრდილ ფინანსურ თანამონაწილეობას დარგის განვითარებისთვის შემუშავებულ სახელმწიფო პროგრამებში.
„სწორედ იმიტომ, რომ კრიზისული ვითარების დროს, სტანდარტულად, რთულდება ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, ჩვენ ფერმერებს ვაძლევთ შესაძლებლობას ისარგებლონ 50 და რიგ შემთხვევებში 80 პროცენტიანი გრანტით, ისარგებლონ შეღავათიანი აგროკრედიტებით, სადაც სახელმწიფო მათი სესხის 11, 12, და 17 პროცენტს დაფარავს. 80 პროცენტამ გრანტი მერძევეობისთვის; 50პროცენტიანი გრანტი ტექნიკისთვის, სათბურებისთვის და სარწყავი სისტემებისთვის; 17პროცენტამდე თანადაფინანსება სესხებზე – ახალი საბანკო შეღავათები; 70 პროცენტიანი თანადაფინანსება აგროდაზღვევაზე; 15,000 ლარამდე გრანტი საერთაშორისო სტანდარტების დანერგვისთვის. ამ გაზრდილი თანამონაწილეობით, ჩვენ გავაჩინეთ ახალი შესაძლებლობები იმისათვის, რომ პოტენციალი, რომელიც ქვეყანას აგრარული მიმართულებით აქვს, მაქსიმალურად გამოვიყენოთ, რომ შევინარჩუნოთ და დამატებით კიდევ შევქმნათ ახალი სამუშაო ადგილები. 2012 წელს, როდესაც პრაქტიკულად განადგურებული სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების პოლიტიკის შემუშავება დაიწყო, სახელმწიფო ფინანსური რესურსი იყო ძალიან ცოტა, ამბიცია კი იყო დიდი – სოფლის მეურნეობის დარგი უნდა განვითარებულიყო თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად. ქართულ პროდუქტზე მოთხოვნა უნდა გაჩენილიყო არა მარტო ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო ბაზარზე. ქვეყანამ შეძლო ამ პოლიტიკის განხორციელების დაწყება ბიძინა ივანიშვილის უპრეცედენტო ფინანსური მხარდაჭერით. ჩვენი ამბიციური პოლიტიკა უცვლელია. ჩვენ მას ვახორციელებთ და ვახორციელებთ წარმატებით. პანდემიით შექმნილი ვითარება ყველა მიმართულებაში ქმნის სირთულეებს, თუმცა იმ შესაძლებლობების სწორად გამოყენებით, რომელიც ჩვენი ფერმერებისთვის და მეწარმეებისთვის ახალი პროგრამით შევიმუშავეთ, ჩვენ შევძლებთ კრიზისის დაძლევას“, – განმარტა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.
ლევან დავითაშვილის განცხადებით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაც სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის უნდა გაკეთდეს, მიწის სისტემური რეგისტრაციის ბოლომდე მიყვანაა.
„ეს არის მნიშვნელოვანი ელემენტი, რომელიც ბმაშია ჩვენს პოლიტიკასთან და ამ პოლიტიკის თანამიმდევრულობას უსვამს ხაზს – ჩვენ ვახორციელებთ რეგისტრაციას, როგორც აუცილებელ პირობას და ვაყალიბებთ პროფესიონალი ფერმერების კატეგორიას. ამასთანავე, თვითუზრუნველყოფის ამაღლება ანუ მეტი საკუთარი პროდუქტის წარმოება ჩვენი პრიორიტეტია; თუმცა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ, გრძელვადიან პერსპექტივაში, აქცენტი საერთაშორისო დონის კონკურენტუნარიანობაზე კეთდება. ჩავარდნები საერთაშორისო ვაჭრობაში დროებითია; გრძელვადიანი პერსპექტივაში პრიორიტეტულ კულტურებზე და მიმართულებებზე აქცენტები უნდა შევინარჩუნოთ. პანდემიამ მეტად დაარწმუნა მოსახლეობა, რომ ის პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ ვატარებთ და რომლის შედეგადაც ეტაპობრივად იზრდება ადგილობრივი წარმოება, არის ცალსახად სწორი. ქვეყანაში აგროსასურსათო პროდუქტის სავაჭრო დეფიციტი ყოველწლიურად სულ უფრო მეტად მცირდება. ჩვენ მივაღწიეთ იმ შედეგს, როცა მცირდება იმპორტსა და ექსპორტს შორის სხვაობა (-750) მილიონიდან ეს დეფიციტი (-356) მილიონ დოლარამდე ჩამოვიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ შევძელით წარმოების მნიშვნელოვნად გაზრდა. ეს ტენდენცია უნდა გავაგრძელოთ. ძლიერი სოფელი, გაზრდილი აგრარული წარმოება აძლიერებს ჩვენს ქვეყანას, აძლიერებს თითოეულ ჩვენგანს“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში შემუშავებული ფერმერების დახმარების პროგრამის პრეზენტაციისას.
როგორც აღინიშნა, სოფლის მეურნეობაში ღირებულებათა ჯაჭვის ყველა რგოლისთვის გათვალისწინებულია ფინანსური და ტექნიკურ მხარდაჭერა.
ფერმერი ერთ ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე მიიღებს შემდეგ დახმარებას: აგრობარათებზე დარიცხული – 200 ლარი; აგროდიზელი -ერთ ლარამდე ფასდაკლებას; მელიორაცია – 75 ლარი; აგროკრედიტი, საბრუნავი კომპონენტი – 850 ლარი.
ჯამში, სახელმწიფოს მხრიდან ერთ ჰექტარ მიწაზე ფერმერებისთვის მხარდაჭერა შეადგენს 1700 ლარამდე, ამ მხარდაჭერით 200 000-მდე ფერმერი ისარგებლებს.
1tv.ge