აგროსიახლეები

ევროპული მომავალი და მოსალოდნელი კეთილდღეობა

საქართველოს კონსტიტუციაის თანახმად, ქვეყნის უმთავრესი სტრატეგიული ამოცანა ევროკავშირის წევრობაა. ამ ამოცანას იზიარებს და გულშემატკივრობს ქვეყნის მოსახლეობის მნიშვნელოვანი უმრავლესობა. ევროპული მომავალი არამარტო ქვეყნის ისტორიული მრავალსაუკუნოვანი სტრატეგიული არჩევანი, არამედ ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობის იმედი და მომავალი თაობების უკეთესი მომავლის პერსპექტივაა.

სამეცნიერო ლიტერატურა და სტატისტიკა გვთავაზობს, რომ ქვეყნები, რომლებიც ევროგაერთიანების წევრები ხდებიან, მის ძლიერ ეკონომიკურ, მარეგულირებელ და ინსტიტუციურ სისტემაში ინტეგრირების დამსახურებით ეკონომიკურად ძლიერდებიან და ადამიანთა კეთილდღეობა ამ ახალ წევრ ქვეყნებში მნიშვნელოვნად უმჯობესდება. საქართველოს და ევროკავშირის მოსახლეობის კეთილდღეობის სოციალურ-ეკონომიკურ მონაცემებს შორის დღეს დიდი სხვაობაა და ეს მიანიშნებს იმ შესაძლებლობაზე, რომელიც საქართველოს მოსახლეობას ევროკავშირში გაწევრიანების შედეგად გაუჩნდება. ამ მოსაზრებით, საინტერესოა, თუ რა კონკრეტულ ეკონომიკურ თუ სოციალურ სიკეთეებს უნდა ველოდოთ საქართველოს მოქალაქეები ევროპული მომავლისაგან? ამ შეკითხვაზე პასუხის გასაცემად ჩვენ გავაკეთეთ შემდეგი:

  1. შევადარეთ ევროკავშირის (27 ქვეყნის) გარკვეული სოციალურ-ეკონომიკური ინდიკატორები საქართველოს მონაცემებს;
  2. გადავხედეთ იმ 10 ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დინამიკას, რომელთაც ევროკავშირის წევრის სტატუსი 2004 წელს მოიპოვეს, რათა დავრწმუნებულიყავით, შეძლეს თუ არა მათ მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესება ევროპაში გაწევრიანების და მაღალი ევროპული სტანდარტების გაზიარების შედეგად. ეს ქვეყნებია: ესტონეთი, კვიპროსი, ლატვია, ლიეტუვა, მალტა, პოლონეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, უნგრეთი და ჩეხეთის რესპუბლიკა. შემდეგ, მათი დინამიკა შევადარეთ საქართველოს მიღწევებს კეთილდღეობის სხვადასხვა ინდიკატორთან მიმართებაში;
  3. დაბოლოს, ევროპის 2004 წლის გაფართოების 10 ქვეყნის ტენდენციების მიხედვით მოვახდინეთ მოდელირება, თუ როგორი იქნებოდა დღეს საქართველოს შესაბამისი ინდიკატორები ქვეყანა იმავე ტემპით რომ განვითარებულიყო, როგორც 2004 წლის გაფართოების ქვეყნები.

ქვემოთ გთავაზობთ შესაბამის ანალიზს. უპირველეს ყოვლისა, უდიდესი სხვაობაა ევროკავშირსა და საქართველოში მოსახლეობის სხვადასხვა სოციალურ-ეკონომიკური ინდიკატორის თვალსაზრისით და ევროკავშირის წევრობა ქვეყანას ამ განსხვავების სწრაფად და ეფექტურად დაძლევის პირობებს შეუქმნის. 2004-2021 წლებისთვის 7 მნიშვნელოვანი სოციალურ-ეკონომიკური ინდიკატორის ანალიზი გვიჩვენებს, რომ 2004 წლის ევროპის გაფართოების ქვეყნებმა მნიშვნელოვნად და სწრაფად გააუმჯობესეს მოსახლეობის კეთილდღეობა – შეამცირეს უმუშევრობა, შეამცირეს სიღარიბე, გაზარდეს საშუალო პენსია, შეამცირეს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებით გამოწვეული სიკვდილიანობა, შეამცირეს ატმოსფეროში CO2 გამონაბოლქვები, გააუმჯობესეს ჰაერის ხარისხი. საქართველოს პროგრესი მოსახლეობის კეთილდღეობის მოცემული ასპექტების მხრივ მნიშვნელოვნად მცირეა. მოდელირების მიხედვით, იმავე ტემპით განვითარების პირობებში, რაც 2004 წლის გაფართოების ქვეყნებს ევროპის სივრცესთან, სტანდარტებთან, მიღწევებთან ინტეგრირებამ მოუტანა, საქართველოში დღეს შეიძლება ყოფილიყო 1.8-ჯერ ნაკლები უმუშევარი ადამიანი, 3-ჯერ ნაკლები სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მცხოვრები მოქალაქე, შედარებით მაღალი ყოველთვიური პენსია, 2-ჯერ მეტის დახარჯვის შესაძლებლობა ექნებოდათ შინამეურნეობებს დასვენებასა და კულტურაზე, 2-ჯერ ნაკლები ადამიანი დაიღუპებოდა ყოველწლიურად ავტოსატრანსპორტო შემთხვევებში, 2-ჯერ შემცირდებოდა CO2 გამონაბოლქვები ატმოსფეროში, 40%-ით ნაკლები გახდებოდა ჰაერში PM2.5-ის კონცენტრაცია და ნაკლები – ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობა.

ISET ეკონომისტი

ინფორმაციის სრულად სანახავად გახსენით წნამდებარე ბმული