გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება 95 მლნ ლარით იზრდება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, სამინისტროს ბიუჯეტის ზრდასთან დაკავშირებით მედიის წარმომადგენლებთან განმარტება გააკეთა.
როგორც მინისტრმა განმარტა პარლამენტისთვის წარდგენილი ბიუჯეტით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება 95 მლნ ლარით იზრდება მიმდინარე წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით.
_ ჩვენ ზრდა გვაქვს, ფაქტობრივად, ყველა მიმართულებით, ყველა პროგრამაში: „შეღავათიანი აგროკრედიტი“, „დანერგე მომავალი“, ასევე, შემნახველი და გადამმუშავებელი საწარმოების თანადაფინანსება და, რა თქმა უნდა, აგროსასურსათო პროდუციის პოპულარიზაციის მიმართულება, რაც, დამეთანხმებით, ძალიან მნიშვნელოვანია. ბიუჯეტის ზრდა განაპირობა იმ გარემოებამ, რომ ყველა ამ პროექტში, დაფინანსების ყველა მექანიზმში, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ ფერმერებს და მეწარმეებს, არის მოთხოვნის მნიშვნელოვანი ზრდა. ყოველწლიურად, მნიშვნელოვნად იზრდება მოთხოვნა ბაღების გაშენებაზე, შემნახველი და გადამმუშავებელი საწარმოების შექმნაზე. აგროკრედიტის პორტფელი 1 300 000 000 ლარის ფარგლებშია. ბიუჯეტი იზრდება ყველა მიმართულებით, _ განაცახადა ოთარ შამუგიამ.
მინისტრმა ასევ აღნიშნა, რომ გაგრძელდება მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამა. პროგრამის ფარგლებში, 10 მლნ ლარია გათვალისწინებული. მთავრობა იმსჯელებს და დაფინანსების მექანიზმებთან დაკავშირებით მიღებული იქნება კონკრეტული გადაწყვეტილება. მნიშვნელოვანია, რომ მცირე ფერმერები, რომელთაც არ აქვთ დიდი მიწის ნაკვეთები, გაერთიანდნენ და ერთობლივად შეიძინონ ტექნიკა. სახელმწიფო კი მათ თანადაფინანსების სახით დაეხმარება.
ოთარ შამუგიამ ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით შემუშავებულ ახალ პროგრამაზეც ისაუბრა.
_ ჩვენ ვიწყებთ, ეგრეთწოდებულ, „ლიდერ” (LEADER) პროგრამას, რომელიც ევროკავშირთან და გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) ერთად შევიმუშავეთ. ეს არის ევროპული დაფინანსების პრინციპი სოფლის განვითარებისთვის. პროცესში ჩართულია როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო და არასამთავრობო სექტორი. ამ ჯგუფების ერთობლივი წინადადებების საფუძველზე, მოხდება კონკრეტული პროექტების დაფინანსება. ეს არის სრულად ევროპული მოდელი. ამ ეტაპზე, პროგრამის ფარგლებში, 1 მლნ ლარია გათვალისწინებული. ჩვენ დავაკვირდებით პროგრამის განვითარებას და მივიღებთ შემდგომ გადაწყვეტილებებს, _ განაცხადა მინისტრმა.
ოთარ შამუგიამ აღნიშნა, რომ ბიუჯეტი იზრდება გარემოს დაცვის მიმართულებითაც. მთლიანობაში, შარშანდელ წელთან შედარებით, გარემოს დაცვის მიმართულებით ბიუჯეტის დაახლოებით, 18 %-იანი ზრდაა.
_ იზრდება დაფინანსება ეკოტურიზმის განვითარების მიმართულებით, ასევე გაიზრდება დაცული ტერიტორიების ბიუჯეტი, რომელიც გათვალისწინებულია ინფრასტრუქტურის მოწესრიგება-მოწყობისთვის და დაცულ ტერიტორიებზე მეტი ვიზიტორის მოზიდვისთვის. დაფინანსება გაიზრდება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის მიმართულებით. მთლიანობაში რომ შევაფასოთ, ფაქტობრივად, არ რჩება პროგრამა, სადაც წლევანდელ წელთან შედარებით, დაფინანსების მცირედით ან დიდი ზრდა არ გვქონდეს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ, ფინანსთა სამინისტროსთან ერთად, ვაგრძელებთ მუშაობას გარკვეულ ახალ ინიციატივებზე, _ აღნიშნა ოთარ შამუგიამ.