ღორის აფრიკული ცხელება

დაავადების გავრცელების  დინამიკა

2012 წლის 28 თებერვალს კარელიის რესპუბლიკის (რუსეთის საზღვარი ნორვეგიასა და ფინეთთან) მეღორეობის ერთ-ერთ კერძო ფერმაში 8 სული ღორის დაცემა დაფიქსირდა, ღორების სიკვდილიანობის მიზეზი ღორის აფრიკული ცხელება აღმოჩნდა, რაც რუსეთის შესაბამისმა სამსახურებმაც დაადასტურა. დაავადება, სავარაუდოდ, საკვების ნარჩენებისაგან გავრცელდა, რომელიც ფერმაში საბავშვო ბაღისა და საავადმყოფოსაგან მოხვდა. ეს იყო პირველი შემთხვევა რუსეთ-ფინეთის საზღვართან, მანამდე რუსეთში დაავადება დაფიქსირებული იყო მურმანსკში, არხანგელსკსა და სანკტ-პეტერბურგში. ამ რეგიონებში დაავადება სამხრეთიდან შეტანილი ინფიცირებული პროდუქტით, ავარაუდოდ ხორცის მეშვეობით გავრცელდა.

მას შემდეგ რაც როსტოვის ოლქში (2011) აფრიკული ცხელების ფაქტი დადასტურდა (2012 წლის თებერვლამდე რუსეთში უკვე 174 დაავადების კერის აფეთქება აღირიცხა), ევროპის ბევრმა ქვეყანამ ამ დაავადების საწინააღმდეგო ღონისძიებების გეგმების მომზადება დაიწყო. იმის მიუხედავად, რომ ევროპის ქვეყნების უმრავლესობას ძლიერ განვითარებული, საბაჟო და ვეტერინარული სამსახური აქვთ, დაავადების გავრცელების რისკი მაინც მაღალია. განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს, ღორის აფრიკული ცხელების გარეულ ღორებში გავრცელება, რადგან ამ დროს დაავადების კონტროლი რთულდება, ან სულაც უკონტროლო ხდება. რაც ევროკავშირის ქვეყნებისათვის ძალიან სარისკოა, სადაც ღორის ხორცის წარმოების ინდუსტრია ძალზედ ძლიერ არის განვითარებული და ამ დაავადების შეღწევის შემთხვევაში ეკონომიკური ზარალი ძალიან დიდი იქნება, დაზარალდება არა მარტო ღორის ინდუსტრია, არამედ მთლიანად აგრარული და ხორცპროდუქტების გადამამუშავებელი სექტორები, რაც საბოლოო ჯამში სერიოზულ ზიანს მიაყენებს მთლიანად ეკონომიკას.

დანია, ესტონეთი, ფინეთი, ლატვია, ლიტვა, ნორვეგია, ისლანდია და შვეცია — ეს ის ქვეყნებია, სადაც ჩატარდა რეალურთან მიახლოებული სიტუაციების განხილვა ე,წ სიმულაციური სავარჯიშოები დაავადების ევროკავშირის ტერიტორიაზე შეღწევის შემთხვევაში.

პირველ დღეს ყურადღება გამახვილდა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ასპექტებზე: პასუხისმგებელ პირებს შორის ინფორმაციის გაცვლა გამოცვლაზე, ყველა საჭირო რესურსების ხელმისაწვდომობაზე.

მეორე დღე კი დაეთმო საგანგებო სიტუაციათა გეგმების ტესტირებას, სტრატეგიისა და ყველა ჩართული რგოლის მობილიზების სისწრაფეს. სიმულაციური სავარჯიშოებისას მონაწილეობდა თითქმის ყველა ვეტერინარი ოფიცერი, აგრეთვე ფერმერები და ღორის ხორცის გადამმუშავებელი საწარმოების წარმომადგენლები.

ღორის აფრიკული ცხელების გავრცელება ქვეყნების მიხედვით:

2007 — საქართველო;

2007 — სომხეთი;

2008 — აზერბაიჯანი;

2009 — რუსეთი (ჩეჩნეთი, ინგუშეთი, დაღესტანი, ჩრდილოეთ ოსეთი, კალინინგრადი);

2010 — რუსეთი (კრასნოდარი, როსტოვი, ვოლგოგრადი);

2011 — რუსეთი (როსტოვი, ვოლგოგრადი, კალინინგრადი, კრასნოდარი, ნიჟნი ნოვგოროდი, არხანგელსკი, მურმანსკი);

2012 — ბელორუსია (ნეზნანოვო) ერთ-ერთ კერძო ფერმაში სრულად გაწყდა ღორების პოპულაცია, რის გამოც უკრაინამ 1 მარტიდან შეაჩერა ხორცისა და ხორცპროდუქტების იმპორტი ბელორუსიიდან — ბელორუსიის ვეტერინარული სამსახური არ ადასტურებს ღორის აფრიკული ცხელების შემთხვევას თავის ტერიტორიაზე.

2012 — უკრაინა, ზაპოროჟიეს ოლქი, სოფელი კომიშევატკა.

ღორის აფრიკული ცხელება უკრაინაში პირველად, ზაპოროჟიეს მხარეში 2012 წლის ივლისში დაფიქსირდა. დაავადება გამოწვეული იყო ღორის აფრიკული ცხელების ((ASF) — ვირუსის მე 2-ე გენოტიპის მიერ, რომელიც 2006 წლიდან დაფიქსირდა საქართველოში, სომხეთსა და რუსეთის ფედერაციაში. დაავადების გავრცელების სისწრაფე, მიმართულება და, აქედან გამომდინარე, ეპიდემიოლოგიური ანალიზი ევროკავშირის ქვეყნებისათვის საკმაოდ შემაშფოთებელია.

უკრაინის ვეტერინარიისა და ბიოუსაფრთხოების სერვისი 2012 წლის 30 ივლისს ადასტურებს ღორის აფრიკული ცხელების შემთხვევას კერძო საოჯახო ფერმაში ზაპოროჟიეს რეგიონის, პრიმორსკის რაიონის სოფელ კომიშევატკაში.

რეპორტის მიხედვით, 5 შინაური ღორიდან 3 უცაბედი სიკვდილით მოკვდა, მათ არ აღენიშნებოდათ არავითარი კლინიკური ნიშნები რაც ღორის აფრიკულ ცხელებაზე მიუთითებდა, თუმცა კიევის სახელმწიფო ვეტერინარულ-სანიტარული ექსპერტიზის კვლევითმა ლაბორატორიამ დაადასტურა ღორის აფრიკული ცხელება PCR მეთოდის გამოყენებით. დიაგნოზის გადასამოწმებლად ერთ-ერთი ღორის ელენთის ნიმუშები გადაგზავნილ იქნა რეფერენს ლაბორატორიაში, კერძოდ CISA-INIA, მადრიდი, ესპანეთი.

ნიმუშების მიღებიდან 24 საათის შემდგომ, ღორის აფრიკული ცხელების აღმძვრელის არსებობა დადასტურდა PCR-სა და  ELISA-სა მეთოდების გამოყენებით — ანალიზები ჩატარებულ იქნა ცხოველთა ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ დადგენილი პროტოკოლის მიხედვით (OIE 2012), გარდა ამისა მოხდა ვირუსის იზოლაცია (PBM).

სამი გენომის სეკვენსირების ანალიზმა აჩვენა, რომ უკრაინაში დაცემული ღორების სიკვდილის მიზეზს წარმოადგენს იგივე მე-2 გენომი, რომელიც დაფიქსირებულ იქნა აღმოსავლეთ ევროპის რიგ ქვეყნებში, მას შემდეგ რაც ის 2007 წელს პირველად დადასტურდა საქართველოში.

ღორის აფრიკული ცხელების მე-2 გენომიდან დღემდე იზოლირებულ იქნა 14 სხვადასხვა იზოლატი (შტამი), რომლებიც ინახება ევროკავშირის რეფერენს ლაბორატორიების (EUR) ვირუსულ ბანკში.

მიხეილ სოხაძე

ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“ №20

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.