დარგებიმედიამევენახეობა-მეღვინეობა

გიორგი ბარისაშვილი _ ღვინობისთვის ჩანაწერები

ზოგიერთები ღვინოს ცხვირით აფასებენ. ზოგი ამბობს, რომ თუ ღვინის დალევის შემდეგ მუცელში სიამოვნება იგრძენი, კარგი ღვინო დაგილევიაო. ზოგნიც მეორე დილით თავის ტკივილითა თუ არტკივილით განსჯიან მის ხარისხს…
ვფიქრობ, რომ ღვინის ბუნება და ხასიათი გულისგულმა უნდა გიკარნახოს, ხოლო საბოლოოდ კი ის არა ცხვირ-პირით, არამედ სულით უნდა შეიცნო.

ჩემი ჩანაწერები ღვინით იწყება და ღვინითვე მთავრდება. მონათხრობში ძირითადად კახეთსა და იმერეთს ვუტრიალებ. შეიძლება იმის გამო, რომ კახეთში ჩემი პირველი ჩასვლა წუხანდელი საღამოსავით მახსოვს. დაუვიწყარი იყო სისხამ დილით ალაზნის ველზე არეკლილი კავკასიონის დანახვა და წინა ღამით კახურ ღვინოსთან ჩემი პირველი შერკინება. იმერეთი კი, ალბათ იმიტომ, რომ 35 წლის წინ ღვინიან ბოცაში ჩაშვებული რეზინის მილის ერთი ბოლო რისი ვაივაგლახით ამოვაძრე, პირთან მივიტანე და რაც ძალი და ღონე მქონდა მოვქაჩე… როცა პირიდან ღვინიანი რეზინის მილი ამომღლიტეს, გამიკვირდა კი არა გავოცდი, თუ რატომ დაიწყეს მთებმა მოძრაობა და ჩემს გარშემო ტრიალი, ან ეს ხალხი როგორ დადიოდა თავდაყირა, ან რატომ ალაპარაკდა უცბად ყველა ჩემთვის ჯერ არ გაგონილ ენაზე? რატომ აჩქარდა თუ შენელდა დრო?… მაშინ 5 წლისა ვიყავი. მას მერე 35 წელზე მეტია გასული და ცოლიკოურთან ჩემი ყოველი შეხება იმ შორეულ წარსულს მახსენებს.

მოხდა ისე, რომ წლევანდელი რთველის პერიოდში, თითქმის მთელი საქართველოს შემოვლა მომიწია, თანაც მოკლე დროში. ერთ დღეს, რომ კახეთში ვიყავი, მეორე დღეს მთიან აჭარაში და ასე…

შევეცდები, მოკლედ მოგიყვეთ ჩემი ღვინობისთვეში მოგზაურობის ამბავი.

კიდევ ერთი „ლხინი კახელებთან“

კახეთში ვარ. ჩემი მეგობარი მარანს აშენებს და მასთან მივდივარ, რომ დავხედო, სანამ რაიმე სისულელე ჩაუდენია. რამდენჯერაც ჩასვლა დავაგვიანე, ან არ მივედი, ისეთი ამბავი დააწია, რომ ლამის ქვევრები უკუღმა ჩაფლა მიწაში. ეხლაც მივდივარ ახალი სიურპრიზის მოლოდინში. ვერც კი შევამჩნიე, როგორ გავიარე სოფელი ვანთა. აქ ჩემი ძმაკაცი, 5 შვილის მამა – ზურა მუსხელიძე ცხოვრობს. რომ გავიცანი დაოჯახებული არ ვიყავი. ეხლა კი ვიცი, სიხარულით გული გაუსკდება, რადგან ცოტა ხნის წინ ტყუპები მეყოლა და ეხლა უკვე მეც 5 შვილის მამა ვარ. სოფელი გავიარე, მივედი ჩემს მეგობართან, მოვინახულე. მადლობა ღმერთს, ყველაფერი აჟურშია და უკან მოვდივარ. კახეთში გახურებული რთველი და მაჭრობაა. სადაც გაივლი ყველგან მწვადისა და მაჭრის სუნი ტრიალებს…

მე არაერთხელ მიფიქრია იმაზე თუ რისი სურნელი შეიძლება იდგეს ცათა სასუფეველში. ვფიქრობ, რომ სამოთხეში მაჭრის სურნელი იდგება. ვერცერთი ყვავილი ვერ შეედრება მაჭრის სურნელს. ეს რაღაც არაამქვეყნიურია, იდუმალია. მაჭრის სურნელი ერთადერთია, რომელიც კაცის გულს იმედით ავსებს. აი ჯოჯოხეთისა კი რა მოგახსენოთ. რომელიმე უბირ, უცხვირპირო და უსტუმრო კაცს რომ ღვინო დაუძმარდება და მერე შეშინებული ბლომად გოგირდს დაამატებს – იქნებ როგორმე გადავარჩინოო, აი სწორედ მასეთ ღვინო იმგვარად ყარს, რომ ჯოჯოხეთში უთუოდ დაძმარებული და გოგირდით აქოთებული ღვინის სუნი იდგება. დალოცვილო, სანამ დაგიძმარდება ეგ ღვინო ადექი და დალიე რა… მარა იცი რა? არც შენა და არც შენისთანების ღვინოს მაინც არაფერი გეშველებათ!

ხოდა მოვდივარ და ისევ სოფელ ვანთას მოვადექი. ზედ შუა გზაზე გადმომიდგა ზურა და ხელი ასწია – გააჩერე მანქანაო. თურმე გავლისას შემამჩნიეს და მას მერე მიდარაჯებენ. მანქანა ადგილზე გავაქვავე. ჩემს უნახავად მიდიხარო? მითხრა ღიმილით. მის სიტყვებში ცოტა არ იყოს საფრთხე ვიგრძენი და „ძალიან მეჩქარება“ ავიფარე ცხვირპირზე. სად გეჩქარება ბიჯო, წეღან სამწვადეზე სამკაციანი დელეგაცია გავაგზავნეთ, მწვადის ამბავში ჩემპიონები არიანო. რა არ ვეხვეწე, რა არ ვემუდარე, ჩვენი მთავრობისა არიყოს, რა გულწრფელი დაპირებები არ მივეცი (აი ზუსტად ისე, წინასაარჩევნოდ რომ იციან ხოლმე), მაგრამ რა? შეაყარე კედელს წიპწა… ჩემი ბედი, თურმე უკვე გადაწყვეტილი ყოფილა და მეც დავყაბულდი. მივხვდი, რომ იმ ღამეს იქ მომიწევდა დარჩენა. ძალიან დაღლილი ვიყავი, მაგრამ ზურას მეგობრებს არაფერი ვაგრძნობინე, რადგან ჩემი გულისთვის შეწუხდნენ. ხნის ხალხია, ზოგი მოხუციც, მაგრამ ერთმანეთს ისე ეშაყირებიან, რომ პატარა ბიჭები გეგონებათ. თან, თურმე წუხელ ჩემი ფილმის – „ქვევრისპირულის“ მორიგი სერია უნახავთ და იმის ნატვრაში არიან – ერთი ამ კაცთან ერთად გვაქეიფა და ჭიქა ღვინო დაგვალევინაო. ზურაც, თურმე დაჰპირებია ჩემს თავს – კაცი არ ვიყო თუ არ გაგაცნოთო და აბა ეხლა იქიდან ვინღა გამომიშვებდა ცოცხალი თავით? ჩემს მანქანას ყოველი შემთხვევისათვის  უკნიდან ზურას თეთრი ნივა ჩაუყენეს და დაიწყო „ლხინი კახელებთან“…

წალამი დაანთეს. რატომაა კახური მწვადი ყველაზე გემრიელი სხვა კუთხის მწვადებს შორის მეტყვით ვინმე? მერე სუფრას არ იკითხავთ? გვიანი შემოდგომის შემრეშილი პამიდვრები, წიწაკები და ნაბოლარა ქორფა კიტრები დაუჭრელად ეწყო ლანგარზე; კახური, გამტკიცული შოთის პურები; ცხვრის გუდაყველის დიდრონი ნაჭერი, ესეც დაუჭრელად; ალყად დაჭრილ ხახვში არეული მცვრიანი მწვადი ემალის ვებერთელა ჯამით (თან ისე მშია და ისეთი სუნი უდის ამ დალოცვილს, რომ ლამის არის კრუნჩხვები დამეწყოს); ვენახის ატამი, მარილი და ზედაც ისეთი კახური ღვინო, რომ სულში და გულში პირდაპირ თაფლად გეღვრება კაცს ეს მადლიანი. შენ რომ არ მოსულიყავი ამ ღვინოს დღის შუქი არ ეწერაო… როგორი სიმთვრალე აქვს-მეთქი ვკითხულობ, დინჯიო – მპასუხობენ ღიმილით. სიმთვრალე კეთილი, მარა სიფხიზლე როგორიღა აქვს-მეთქი და ამაზე ყველა ხმამაღლა ვიცინივართ გულიანად… ენამზეობენ, შაყირობენ, ლექსებს ამბობენ და ეს ყველაფერი სულ ჩემი გულისთვის, ჩემს პატივსაცემად. ცალი თვალი ყველას ჩემსკენ უჭირავს. ნაღდი კახელები არიან, ალალები, დინჯები, ლაღები. დაღამებულზე სუფრიდან გარეთ გამოვედი. პირამდე გალიპლიპებული ფიალასავით სავსე მთვარე ამოგორდა კავკასიონის მთებიდან. სახლიდან სუფრეულის მხიარული ხმა გამოდის. ყველანი ზარხოშში ვართ. კახურ ღვინოს კახეთის მადლიანი მიწის სურნელი უდის! დავასკვენი და სუფრასთან შევბრუნდი. იქნებოდა ღამის პირველი საათი როცა დავიშალეთ. სისხამ დილით მე და ზურამ შოთის პური და თითო ქილა კამეჩის მაწონი ჩავარტყით და გზას გამოვუდექი. ზურამ ხუთლიტრიანით კახური ჩამიდო მანქანაში – რა იცი რა ხდებაო. ისე გამიხარდა, რომ უკანობისას ცალი ხელი სულ იმ ხუთლიტრიანზე მეკიდა მთელი გზა.

საფერავი

მესამე დღეს კახეთიდან ცოტაოდენი გვიანი საფერავი უნდა ჩამომეტანა დასაწურად. მიყვარს გვიანი საფერავის ღვინო, გვიანი კი არის, მაგრამ ზოგიერთებივით გვიანობამდე არ უყვარს ლაპარაკი და იმიტომ მიყვარს! ყველა ყურძნის ნდობა არ შეიძლება. მე ჩემს მარანში მხოლოდ ბუნებურსა ვწურავ ხოლმე. შხამებით გამოტენილი ყურძენი აბა რა მარანში შესაშვებია? ან იქიდან დაყენებული ღვინო დაილევა? ჩავედი ერთხელაც ჩემს კახელ მეღვინე ძმაკაცთან თელავში და იმ ღამეს ისეთი ქიმიური ღვინო დამალევინა, რომ გათენებამდე დიმიტრი მენდელეევის ტაბულა მესიზმრებოდა. გამთენიისას კი თვითონ მენდელეევიც ვნახე იმავე სიზმარში წამიერად, მიყურებდა და იცინოდა…

ცივ ოფლში გახვირთქულს გამეღვიძა.

კახეთიდან საფერავის ყურძნის ჩამოსატანად დახმარება ჩემს მეღვინე ძმაკაცს – სანდრო ჯაფარიძეს ვთხოვე, რომელსაც ერთი ძველი, ათას კლდეზე გადამხტარი ჯიპი ყავს. ზუსტად არ ვიცი, მაგრამ დაახლოებით მთავარმართებელი ვორონცოვის ასაკისა იქნება ეს ჯიპი. ყოველი შემთხვევისათვის სტაროსელსკის ხნისა კი ნაღდია! საფერავი ყუთებში ჩავყარეთ, ყუთები მანქანაში ჩავაწყვეთ და შაშიანიდან მცხეთას გამოვუყენეთ. მეორე დღესვე დაიწყო დუღილი. მე ჭაჭას უკვე კარგა ხანია, ხელით ვურევ ხოლმე და ჭაჭის ჩასარევ ჯოხს არ ვიყენებ. ესე უფრო შენი ახლობელია ღვინო, უფრო შენიანია, ძმაკაცია. ჯერ არ დადუღებულა და უკვე იცი როგორი დადგება. უკვე იცი, როგორი სიმთვრალე, და რაც მთავარია, როგორი სიფხიზლე ექნება… მე და ჩემმა მეგობრებმა საფერავი დავწურეთ და იმავე საღამოს ზურას გამოტანებულ ხუთლიტრიანს ძირიც გავაგდებინეთ. ნამდვილად არ მეშლება, მცხეთაში სხვა გემო ჰქონდა იმ კახურს, ვინემ ვანთაში. არც გამკვირვებია, რადგან მეც ბევრს დავდივარ და როგორ გუნება-განწყობაზეც, მაგალითად რაჭაში ვარ, ისეთივეზე, ძალიანაც რომ მინდოდეს, ვერც აჭარაში ვიქნები და ვერც კიდევ კახეთში. საინგილოშიცა ვარ ნამყოფი, ტაო-კლარჯეთშიც და ლორეშიც. ესენი ყველა ჩვენი დალოცვილი ქვეყნის კუთხეებია, მაგრამ განწყობა ყველგან სხვადასხვანაირი გეუფლება კაცს. ეეჰ, რავიცი აბა? გასაგებადა ვთქვი, თორე ე ჩვენი საქარველო საქეიფოდ ყველგან კარგია…

15 წლის წინჩემი დაყენებული გორული მწვანე წავიღეთ შატილში, მეორე დღეს უნდა დაგველია და როცა გავსინჯეთ, იმგვარად იყო შეცვლილი, რომ კინაღამ ბოციანად მოვისროლე ის ოცლიტრიანი ქარაფიდან. ხოდა იმას ვამბობ, რომ ღმერთმა ღვინო აქეთ-იქით სატარებლად კი არ გააჩინა ამ ქვეყანაზე? ადგილზე უნდა დალიო ძმისავ, ოჯახში! და თუ მაინც წაიღებ სხვაგან და შეცვლილი გეჩვენა, არც უნდა გაგიკვირდეს. აბა წარმოიდგინეთ, ღვინო ყველგან ერთი გემოსი და ხასიათისა რომ იყოს რა მოხდებოდა… და ადამიანებიც რომ მასე იყვნენ ყველგან ერთნაირები მერე? ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ჩინეთშიცა და საქართველოშიც ერთნაირი ხალხი ცხოვრობდეს, ერთნაირი მოთხოვნებითა და ამბიციებით. მერე რა ღვინო ეყოფოდა ერთად აღებულ ამდენ ქართველს გიფიქრიათ ამაზე? ჯერ ამდენი ვართ და უკვე ღვინის დეფიციტია ჩვენს ქვეყანაში და ახლა მილიარდი რომ ვიყოთ წარმოგიდგენიათ მერე რაღა იქნებოდა? არა ძმაო, ისევ ესე ჯობია როგორცა ვართ, საცა ვართ და როგორებიცა ვართ!

ზოგიერთები იმასაც ამბობენ, რომ ღვინო შეხვედრაზეაო. შეხვედრაზე მე ლოტოს კოჭი გამიგია! რომელი ნომერიც შეგხვდება ეგ არის და ეგა. ღვინოს კი, როგორსაც დააყენებ ისეთია და არ უნდა მაგას შეხვედრა-შემოხვედრა და სვიდანია.

დიდებული პერიოდია მაჭრობა. დოვლათი და ბარაქა ყველა ქართულ მარანს!

იმ საღამოს, საფერავი რომ დავწურეთ, ზემოაჭარიდან დამირეკა ერთმა კარგმა კაცმა – მარანს ვაშენებ და თუ აქეთ მოხვდები იქნებ გვინახულოო. მესამე დღეს სამსახურის საქმეზე მივდიოდი ქედაში და შევპირდი, სადმე შეგხვდები და ჩემს წიგნებსაც მოგცემ-მეთქი.

თუშური კალტისა და ფშავური დამბალხაჭოს აჭარელი ბიძაშვილი ყურუთი

მესამე დღეც მოვიდა. სისხამ დილით დავადექი ზემოაჭარის გზას. არაერთ ადგილზე მომიწია გაჩერება და საღამოს, როგორც იქნა მივაღწიე დათქმულ ადგილამდე, სადაც ამირან მახარაძეს შევხვდი. ეს ის კაცია, ვინც მარნის მშენებლობის შესახებ დამირეკა. რომ დამინახა ჩემსკენ ორი ნაბიჯი გადმოგდა და გაჩერდა. მერე ერთი ნაბიჯი გადმოდგა და კიდევ გაჩერდა. ბოლოს მოვიდა და მეკითხება – შენ ის არა ხარო? მივხვდი, რომ „ქვევრისპირულზე“ მეკითხებოდა და ვუპასუხე – კი, ნამდვილად ისა ვარ-მეთქი. თავის სახლზე მიმითითა ქვემოდან, აი იქ ვცხოვრობო. სახლი იმ სიმაღლეზე იყო, რომ დანახვისას შიშისაგან 2 კილო ადგილზევე დავიკელი. ამ მთის კენწეროზე ნეტა როგორ უნდა ავიდეთ, ან იქ მარანი როგორ უნდა ააშენოს-მეთქი ვფიქრობდი. მივედით სოფელ ვარჯანისში.

ზურაბ გორგილაძის ლექსიგამახსენდა…

…კლდის კეტარში მზე ყვაოდა,

კლდის ბორჯღალზე ბენჩქვი ყანა,

გვანცას ლოცვებს ვაზის სული,

 გორით-გორზე გადეყვანა,

 ვარჯანისთან, ნაჯვარისთან,

დაჯვარული ქვები წვანან,

მთებში ჩუმად დაქვითინებს,

ჩემი დიდი ნენეს ნანა,

დარდებს გულში ვიბექსნიდი,

აჭარელი ვიყავ განა…

ამ ლექსის წაკითხვისას ყოველთვის ცრემლი მადგება…

ქვევრები შროშიდან ჩაუტანია და ჩასაყრელად ჰქონდა გამზადებული. ბევრი შეკითხვა დამისვა მარანზე, ქვევრზე, ღვინოზე, დანადგარებზე. საინტერესო კაცი აღმოჩნდა. მითხრა, რომ ძალიან მინდოდა შენთან შეხვედრა და შენივე ფეხით მოხვედიო. ამირანს ეზოში საკალმახე ჰქონდა მოწყობილი და სათბურიც ედგა. მითხრა, რომ ყველაფერს უნდა მოვეშვა და მარანსა და ღვინოს მივხედოო. ძალიან გამახარა ამ ამბავმა. მე მეჩქარებოდა, მაგრამ, როცა ჩემმა მასპინძელმა 5 წლის ცოლიკოური მიხსენა, გადაუდებელი და ამასთან სასწრაფო საქმე მაშინვე მეორე დღეზე გადავამისამართე…

აჭარული ხაჭაპურის გარდა ამ მხარის სხვა კერძებს არ ვიცნობდი და აი, უცბად გობის არაჟანი, იგივე კაიმაღი. თურმე უგემრიელესი ყოფილა, მაგრამ მთავარი მაინც წინ იყო. ყურუთი აქამდე მხოლოდ განაგონი მქონდა და არც კი ვიცოდი, როგორ გამოიყურებოდა და მზადდებოდა. ამიტომაც ვიკითხე, ყურუთი რა არის-მეთქი? ამის თქმა იყო და 2 წუთში სუფრაზე გააჩინეს. მოყვითალო-მოთეთრო წაგრძელებული კვერია. სიმინდის ფქვილს ცხიმში მოთუშავენ და დაამატებენ არაჟანს, ნადუღსა და მარილს. მერე ერთი კვირა მზეზე აშრობენ და რაც ქურდბაცაცა ყვავებს გადაურჩებათ იმას თვითონ მიირთმევენ აჭარლები ღომთანაც და მჭადთანაც. ჯერ გასინჯული არ მქონდა და ცოტა სახლში გამატანეთ-მეთქი ვთხოვე… მომჟავო გემო აქვს, გემრიელია და თითქოს თუშურ კალტს ჩამოჰგავს. რაღაცით ფშავურ დამბალხაჭოსაც წააგავს. ძალიან შევუხამე ღვინოს. გირჩევთ, რომელიმე მაღალმჟავიანი თეთრი ღვინო და ყურუთი ერთად დააგემოვნოთ. თავად ღვინო კი მართლაც ძალიან საინტერესო იყო, ცოტა არ იყოს მარახოში, მაგრამ ხალისიანი და გემრიელი. მსუბუქი, მოყვითალო და თანაც შესანიშნავად შენახული. ასაკი თითქმის არ ეტყობოდა. ალბათ მაღალმა მჟავიანობამ თუ გააძლებინა ასე კარგად. მაგრამ, მგონი ჩემი მასპინძლის მარჯვენის ამბავიც უნდა ერიოს ამ საქმეში, თორემ მხოლოდ მჟავიანობა საქმეს არა ყოფნის. მგონია, ამირანი ძალიან კარგ ღვინოს დაყენებს ქვევრებში. აუცილებლად ვეწვევი, როცა იქით კიდევ მომიწევს წასვლა. სხვა თუ არაფერი, ცოტა ყურუთს მაინც გამოვართმევ. შეხვედრისას შემომჩივლა, ზამთრის შემდეგ დიდი გვალვებია და ტყეში ხეებიც კი გახმაო. მე ვუთხარი, რომ ეგ საქმე მე მომანდე-მეთქი. ჯერ კიდევ სუფრასთან ვისხედით, რომ წვიმა დაიწყო. კარგი ფეხი გქონიაო… შარშან ქიზიყში ვენახები გაახმო გვალვამ. ჩავედი ერთხელაც ჩემს მეგობართან დედოფლისწყაროში და მისვლისთანავე ისეთი დასცხო, რომ კინაღამ წალეკა იქაურობა.

წამოსვლისას ამირანმა მითხრა, ერთ-ერთ ახლო სოფელში ერთ კარგ ადამიანს დიდებული მარანი აუშენებია თურმეო. გავიკითხ-გამოვიკითხე და დავაზუსტე, რომ სოფელ დანდალოში, ზურა ავალიანზე იყო საუბარი. აბა რაღა მომასვენებდა ამის უნახავად? იქიდანვე წავედი და მივადექი ზურას. მარანში რომ შევედი კინაღამ სუნთქვა შემეკრა. ყველაფერს ველოდი იმ სურათის გარდა. სიმართლეს ვამბობ, კახელებსაც შეშურდებათ ამგვარი მარანი… ეზოშივე ედგა ვენახი, რომელსაც თვითონვე უვლიდა. ძალიან კარგი კაცია ზურა ავალიანი და დიდებული ოჯახი აქვს. ოთხი შვილის მამაა.

რომ შეღამდა დანდალოდან ჩემს ძმაკაცთან – გიორგი კახიძესთან წამოვედი ღამე დასარჩენად. მესაზღვრეა, თანაც მყვინთავი. ამ ერთი თვის წინ ჩაყვინთა ზღვაში და ქვევრი არ იპოვა? სავარაუდოდ 300 წლისა უნდა იყოს ის ქვევრი. გიორგი ჭოროხის პირას ცხოვრობს გარებათუმში. სამი შვილის მამაა და ძალიან კარგი კაცია. როცა იქით მოვხვდები ყოველთვის მასთან მივდივარ. ერთხელ ესე მითხა, ცისიერი დამეცეს და ჩემი ნენეის – ფატი დიასამიძის საფლავს გეფიცები თუ ჩემი ძმა არ იყოო (ცისიერი აჭარულად ელვას ნიშნავს). ის ღამე გიორგისთან დავრჩი. მარანი ააშენა და ქვევრებიც ჩაყარა ამ ორი წლის წინ. საუბარმა და ღვინომ გვიანობამდე შეგვიყოლია. გიორგის მეუღლემ კიდევ ერთი აჭარული კერძი გამასინჯა, რომელიც მაშინვე ჩამივარდა გულში, ეს იყო სინორი… ნიორთან ერთად უგემრიელესია! ერთხელ გიორგის სრულიად შემთხვევით იმ დროს მივადექი, მესამე შვილი რომ ეყოლა და მისი საძმო სუფრასთან რომ სხდებოდნენ ბათუმში. არც მე ვიცოდი ეს ამბავი და არც იმან იცოდა ჩემი იქ ყოფნა. სუფრასთან გიორგის გარდა არავის ვიცნობდი, მაგრამ ისე მიმიღეს, როგორც დიდი ხნის ძმობილი. მაგათი აქცენტი ხომ საერთოდ საოცრებაა. ერთი საათის ჩასულიც რომ იყო აჭარაში, გინდა, შენც იმათებურად ისაუბრო, იმათიანი გახდე, გული გაუშალო და ენაცვალო ამ მრავალჭირნახულ ხალხს.

კოლხეთის კავკასიონი

მელაანის გრძელ აღმართს რომ გადაითავდაღმართებ და ყურყურასკენ ჩაუყვები, კახეთში მიმავალი კაცი პირველად იქ დაინახავ კავკასიონს. დგას მძიმე-მძიმედ, ბებერი ტანით, მწვერვალებით, ფიქრებითა და ნისლებით…

უკვე ბევრი წელია მას შემდეგ, რაც კახეთში პირველად ვიყავი. მაშინ, არცკი ვიცოდი თუ რომელ მხარეს იყო საქართველოს ეს მადლიანი კუთხე და ის ჩემი დედულეთისკენ, იმერეთისკენ მეგონა, მაგრამ, როდესაც მძღოლმა აეროპორტის ტრასა გაიარა და მდინარე ლოჭინის ხიდიც გადაიარა ცოტა შევფიქრიანდი. მერე დათოვლილი კავკასიონიც გამოჩნდა… ეს სურათი იმდენად მკვიდრად ჩაჯდა გონებაში, რომ დიდხანს მეგონა, კავკასიონი მხოლოდ კახეთშია-მეთქი. ამ გზით კახეთში დღეს უკვე 200-ჯერ მაინც ვიქნები ნამყოფი და ყოველ ჯერზე ერთი და იგივე. ისევ ის შეგრძნება, ისევ ის წამები და წუთები… დრო მიფრინავს, მაგრამ ჩემი და კავკასიონის შეყრის შეგრძნება არსადაც არ მიდის. მას მერე ბევრჯერ ვეცადე, ამეხსნა თუ რა გრძნობა მეუფლება, როდესაც ამ საოცრებას ვუმზერ ცივგომბორიდან ან კახეთის ველიდან, მაგრამ რათ გინდა? ერთი კია, კახეთიდან დანახული ეს მადლიანი ქედი რაღაცნაირად, კახურად იყურება. უმზერ და გეჩვენაბა, თითქოს კამეჩებშებმულ ურემს მიუძღვები მხარზე სახრეგადებული და შენთვის ჩუმად ღიღინებ კახურ სიმღერას. ღიღინებ და თითქოს ვიღაც ბანს გეუბნება. მიიხედ-მოიხდავ და ირგვლივ არავინაა… ბოლოს ხვდები, რომ ის იდუმალი ხმა ვიღაცა კი არა შენივე ღიღინია, რომელიც ალაზნის მადლიანმა ველმა, თურმე ბანად აქცია, მერე ეს ბანი კავკასიონის დათოვლილმა ქედმა აირეკლა და შენვე დაგიბრუნა უკან. ხვდები, რომ შენცა და შენი ხარკამეჩებიც თავის ურმიანად, ალაზნის ველიცა და ეს იდუმალი ღიღინიც, ალაზნის ველზე მთის ბროლივით ამოზიდული კავკასიონის ნაწილი ხართ ყველანი ერთად. ასე იცის ალაზნის კავკასიონმა. გასცქერი თელავიდან ამ ამოუცნობ საოცრებას, ამ დარდის მძივივით აკინძულ, მიჯრით მიწყობილ მწვერვალებს და ფიქრობ წარსულზე. თითქოს ცხადლივა ხედავ თუ, როგორ გადმოდიოდნენ შილდაში ლაკები და იტაცებდნენ ჩვენს ქალებს, ბავშვებს, კაცებს… ერეკებოდნენ საქონელს, არბევდნენ და წვავდნენ სოფლებს. თელავიდანვე აწვდენ თვალს კახეთის აღმოსავლეთს, ჩვენს საინგილოს, საქართველოს შეუხორცებელ იარას…

ჩვენი წმინდა მდინარე – დედა ალაზანი იდუმალად გებუტბუტება და გიყვება თავისი წუხილისას და დარდისას. მერე იმასაც ხვდები, რომ დედა ალაზანი ჩვენი კავკასიონის ტკბილმწარე ცრემლებია და სხვა არაფერი. შენ კი, ამ ერთმა მისხალმა ადამიანმა სად გინდა, დაიტიო ეს ყოველივე, ეს ამხელა ალაზნის კავკასიონი…

პირველადა ვარ სამეგრელოში, უკვე ბინდია. საჯიჯაოს რომ გასცდები, მალევე მიხვალ ხობის ერთ პატარა და კოპწია სოფელში. ბასილაიებთანა ვარ სტუმრად. პირველად სწორედ აქ გავსინჯე ნამდვილი მეგრული სულგუნი. ისეთი რძიანი იყო, რომ ჩაკბეჩისას რძე კინაღამ ყურებიდან გადმოვასხი… თურმე შესაძლებელი ყოფილა, გაირბინოს თვრამეტმა წელმა და ის გემო ისევ გახსოვდეს კაცს. ნაღდ მეგრულ სულგუნს თავად სამარგალოს სურნელი და გემო აქვს! დიასახლისმა სახელდახელო სუფრა ჯარგვალში გაგვიშალა, თან “მცირედზე” ბოდიშობს, მაგრამ, რომელი მცირედი და რისი ბოდიში? წამში იმდენი რამ მოამზადა და მოგვიტანა, რომ ტაბლა სიმძიმისაგან წელშია გაზნექილი. ნამგზავრები მალევე მოგვასვენეს.

გვიანი შემოდგომის სპეტაკი დილა გათენდა. ჭრელა-ჭრულა ბალახ-ბულახი, შეყვითლებულ ფოთლებიანი ხეები, ბოსტანში ალაგ-ალაგ დარჩენილი წითლად მოღუდღუდე წიწაკები, სიმინდის კონები და რაღაც ზღაპრული ფერის ცა. გასაოცარი ფერი აქვს ირგვლივ ყოველივეს, მე რომ მიყვარს სწორედ ისეთი… ეს იმგვარი დილაა, რომელიც კარგად უნდა დაიმახსოვრო, რათა მეხსიერების კუნჭულში ჩამალულმა ამ საოცარმა სურათმა ზამთრის ძუნწი დღეები და ადრე გაზაფხულის გიჟმაჟი ამინდები გადაგატანინოს და გაგათბოს, გასაზრდოვოს…

მე მაშინ გამეღვიძა, როდესაც კამეჩები გადენეს. დილის წმინდა ჰაერს სასიამოვნო სუსხი მოჰყვება. ჩაისუნთქავ და თითქოს თაკარა მზით გათანგულმა მთის ბროლივით ანკარა წყაროს წყალი დალიეო. გამოვედი ეზოს გარეთ და იქაურობის თვალიერებას მოვყევი. ვხედავ, მოუყვება მოხუცი კაცი საქონელს წყნარად. გამისწორდა თუ არა შეჩერდა, თავი დამიკრა, მომესალმა და გზა გააგრძელა. და ეს ყველაფერი ისეთი ბუნებრივი და გულწრფელი იყო, რომ შევატყვე, მთელი მისი ცხოვრება სიკეთის კეთებაში უნდა ჰქონოდა გატარებული. მერე ცოტა გამოვიარე, უკან შემოვბრუნდი და ადგილზე გავშეშდი. უყურებ და თვალებს არ ვუჯერებ. დათოვლილი კავკასიონი… თანაც, სწორედ ისეთი, როგორც კახეთში იყო. იქნებ მეშლება და ეს არ არის კავკასიონი? კი, მაგრამ კავკასიონი ხომ იქაა, კახეთშია, და მაშინ აქ რაღა უდნა? წლების წინ ალაზნის ველზე რომ ვიდექი და კავკასიონს შევცქეროდი გაოცებული ეხლაც ის დამემართა, ოღონდ ახლა კოლხეთის დაბლობზე ვიდექი. ამ ადრიან დილას ასე ახლოს, ერთი ხელის გაწვდენაზე ამხელა მწვერვალები, ასეთი ქათქათა, სპეტაკი, კოლხური… აქ, ხობში, რაღაცნაირად, მეგრულად იყურება ამხელა ქედი. ტკბილია კოლხეთის კავკასიონი!

ნაშობავებია და მცხეთაში ვარ. ბუხარში ვებერთელა კუნძი გიზგიზებს და სტუმრებს ველოდები. მეგობრები მომდიან, მარტვილელები: გიორგი კოკაია მეუღლითა და ბავშვით, ზვიად ჯოჯუა და მამა სერაფიმე დანელია. ყველანი სიღრმისეული მეგრელები არიან, აჯიკასავით ცხარე მეგრულით მოსაუბრეები. ჩემმა მეუღლემ (მეგრელია) სტუმრებს მათებური სუფრა მოუმზადა – ღომით, კამეჩის სულგუნითა და კვატის ხარჩოთი… ცოტა იმათაც შემოამატეს, თუმცა, რაღა ცოტა შე კაი კაცო: მეგრული შაშხი, მეგრული კუპატი, მეგრული კუჭმაჭი, მეგრული აჯიკა და მეტი რაღა გინდა? ვერც კი მივხვდი, როგორ ამოვყავი თავის შუაგული მცხეთიდან შუაგულ მარტვილში… სტუმრებს ორი წლის ჭყაპა შევთავაზე, მე კი საფერავს მივუცუცქდი. საოცარია ეს დალოცვილი საფერავი. მერე ყველაფერს როგორ უხდება ეს მადლიანი არა? საჭმელი გინდა? იმერულსაც, მეგრულსაც, აჭარულსაც და რაჭულსაც ისევე ეხამება, როგორც კახურს. დალევ ზამთრის ყინვებით შეწუხებული კაცი ორ-სამ ფიალას, უკაცრავად პასუხია და ჯერ ფეხის ბერა თითები შეგიხურდება სასიამოვნოდ, მერე კი წამოუყვება ეს სითბო ზემოთ და ზემოთ. პირი ქვისკენ მიქნია და შუაწელს რომ ამოსცდება და იღლიებს მოადგება, აი მანდ უნდა გაჩერდე და იკმარო, თორემ მერე ტვინასც შეახურებს. შეხურებული და ცხელი კი ზამთარში ბუხარია კარგი, თორემ ადამიანმა ყველაფერი ცხელი კი არა, ცივი გონებითა და ტვინით უნდა განსაჯოს. ნამდვილად ყველაფერს უხდება საფერავი: ბუხარსაც, ზამთარსაც, სტუმარსაც, მასპინძელსაც, გუნებასაც და უგუნებობასაც.

არ ვიცი რატომ, მაგრამ ბავშვობიდანვე მინდოდა მესწავლა მეგრული და მუნჯური. ვერც ერთი ვერ ვისწავლე და ვერც მეორე და გული მწყდებოდა, მაგრამ ნუ იტყვით და მცოდნია თურმე ორივე. არ ვიცი როდის და სად ვისწავლე, მაგრამ დანამდვილებით ასეა, რომ ერთიცა და მეორეც ღვინომ მასწავლა. რა, არა გჯერათ? აბა ყური დამიგდეთ, დალევ კაცი, ასე ლიტრანახევარ ღვინოს (სასურველია კახური) და უკვე გესმის ეს დალოცვილი მეგრული. არადა, თითქოს არ გისწავლია… არადა, თითქოს რა შუაშია კახური ღვინო და მეგრული ენა, მაგრამ აშკარად გესმის და იგებ ყველაფერს. ეს კიდევ რა? ამ ლიტრანახევარ კახურს დაამატებ ზემოდან კიდევ ერთ მაგდენს და მოერე დილამდე მუნჯი ხარ. ხოდა მუნჯურიც ეგაა, აბა სხვა კი არაფერი… ჭეშმარიტად ბრძენთაბრძენია ღვინო! შენ მთავარია ღვინის ზუსტი დოზა გაარტყა და ერთ ღამეში შეიძლება ჩინური წერაკითხვაც კი ისწავლო.

სუფრასთანვე მოვილაპარაკეთ, რომ ჩემს სტუმარს, გიორგის უნდა ვწვეოდი მარტვილში მალევე. მაშინვე განვჭვრიტე და კარგად გავაცნობიერე თუ რა მომელოდა მარტვილში ჩასულს, მაგრამ მეორე მხრივ საქმე მარნის მშენებლობასთან იყო დაკავშირებული და დასტური მივეცი.

საქართველოს ყველა კუთხეს თავისი სურნელი უდის. სადაც გაივლი და სადაც ეს მადლიანი საქართველოა ყველა მხარე ერთმანეთზე კარგი და ლამაზი როგორ არის ნეტავი? მადლობა შემოქმედო, რომ სწორედ აქ გამაჩინე, ამ გასაოცარ მიწაწყალზე, ამ გასაოცარ ცისქვეშეთში.

***

მიიწურა თებერვალი და შეპირებისამებრ მე და ჩემი მეგობარი – ფარნავაზი დავადექით სამეგრელოს გზას. გზაში ორ-სამ ადგილას შევჩერდით და მარტვილში მოსაღამოვებულზე ჩავედით. მანამდე კი ჩვენს მასპინძელს შევხვდით იმერეთში ერთ იქაურ მექვევრესთან, რომლისგანაც ორი ქვევრი გავაყოლეთ სამეგრელოში. ჩავიტანეთ ქვევრები დიდ ჭყონში და სანამ დაღამდებოდა დაღლილებმა ცოტა გავიარ-გამოვიარეთ. გიორგიმ მშობლები და ახლობლები გაგვაცნო და ეზო-კარიც დაგვათვალიერებინა. ვნახეთ ვენახი, მარანი, სახლი, ჯარგვალი… მე რამდენიმე ადგილზე ვენახის ჭიგოებზე მიმაგრებული ჩიჩილაკები შევამჩნიე სამეზობლოში. აქ ამგვარი წესიაო, ჩიჩილაკს ნაშობავებს გარეთ გამოვიტანთ და ვენახის ჭიგოზე ვამაგრებთო. მაგისი არც გადაგდება შეიძლება, არც შენახვა და არც დაწვაო. ძალიან მომეწონა ეს წესი. ამ ადგილას მეგრულ შაშხს ვბოლავთო, ამ ადგილას ჩირს ვაშრობთო, აქ კუჭმაჭსა და კუპატებს ვაკეთებთო – გვიყვებოდა ჩვენი მასპინძელი. მთლიანად შემოვიარეთ ეზო-კარი. მერე მარანში შევედით კიდევ ერთხელ, სადაც სპეციალურად ჩვენთვის შემონახული ქოცო უნდა გახსნილიყო, იქვე დაგველია თითო ფიალი და ამის შემდეგ დაწყებულიყო მეგრული სუფრა.

ქოცოს მოსახდელად და ლოცვის სათქმელად გვარის უხუცეს წარმომადგენელს მოუხმეს სპეციალურად. იცით როგორი მოხუცი იყო ეს კაცი? აბა ერთი წუთით წარმოიდგინეთ ნაღდი კახელი გლეხკაცი. მშრომელი, მზისაგან მთლად გარუჯული, კახურქუდიანი ფირუზა პაპა დიდრონი ულვაშით. ჩადგმული, ღიპიანი, შავტუხა, შავთვალწარბა, წარა-მარა კეთილების მაკურთხებელი. როგორც ძუნწი ნოქარი ხურდას, ისე ძუნწად მოგიგდებს ღიმილს სამ დღეში ერთხელ. ჭარმაგი, მაგრამ ჯერ კიდევ ჯანღონით სავსე. ორი ლიტრა კახურის დალევა კიდევ შეუძლია ჯეელურად… ეხლა ის ჩვენი კოლხი მოხუცი წარმოიდგინეთ, ვინაც ქოცო უნდა მოხადოს. მისი სახის დახატვა რომ გამიადვილდეს გეტყვით, რომ იმ კახელი ფირუზა პაპასაგან ყველაფრით საპირისპირო ადამიანია… ეგ არის და ეგ. მარანში კელაპტარი დავანთეთ და ამ მოხუცს ქოცო მოვახდევინეთ. ქოცოს მოხდისა და იქიდან ღვინის ამოღების დროს ტკბილი მეგრულით ლოცვას ბუტბუტებდა ჩუმად. გასაოცარი რიტუალი იყო, უძველესი და შეუბღალავი. ამ მოხუცივით ალალი და სუფთა. კელაპტარი ისე იდუმალად ანათებდა ჭურისთავებსა და იქ მდგომთ, რომ თავი მეთვრამეტე საუკუნეში მეგონა. თურმე ძალიან იმოქმედა კოლხ მოხუცზე ამ ყველაფერმა. ქოცოს მოხდა და უძველესი წესის კვლავ შესრულება ძალიან ემოციურად აღიქვა. იმდენად, რომ სუფრასთან ვერც კი შემოვიდა და სახლში გაცილება ითხოვა. ვუყურებდი და ვგრძნობდი, რომ თვალებიდან პირდაპირ სითბოს აფრქვევდა ეს კოლხი კაცი. მეორე დილით, სალხინოს მონასტრისკენ დავიძარით მანქანით და იქვე შორიახლოს შემოგვხვდა. ეზოდან საქონელი გამოედენა და მოდიოდა. მანქანა შევაჩერეთ და ყველა ერთად მივესალმეთ. არ მეშლება, ხელი აგვიწია თუ არა თვალებიდან ცრემლები წამოუვიდა… წუხელ, სახლში რომ გააცილეს, ვინ იცის რა აღარ გაახსენდა მოხუცს ღამით, რაზე აღარ დაფიქრდა. გაახსედნა ბავშვობა და მშობლები; ალბათ მოიგონა წასული მეგობრებიც; პირველი შვილი რომ ეყოლა ისიც; უთუოდ სიკვდილზეც დაფიქრდებოდა მოხუცი… სწორედ ამ მოხუცისნაირი ალალგულები არიან ის ქართველი ბიჭები, ვინაც მტრის შემოსვლისას მკერდით ეგებება მომხდურს. პირველი ტყვიები ამნაირებს ხვდებათ ყოველთვის. პირველები სწორედ ესეთები ხუჭავენ თვალებს სამშობლოსათვის და მერე კი მიდიან  ვალმოხდილები და ღიმილიანები სულეთში ჩვენს შუბლნათელ წინაპრებთან შესაყრელად…

***

ხოდა შევედით იმ ღამეს სუფრასთან, აირჩიეს თამადა და სულ ცოტა ხანში ხელოვნების მუზეუმში აღმოვჩნდი. სუფრაც, უგემრიელესი მეგრული კერძებიც, მასპინძლებიც, ახლობლებიცა და ერთი სიტყვით ყველაფერი, რაც კი ჩვენს გარშემო იყო, სულ ჩვენსკენ იყო მომართული და მოყურადებული. კარადის თავზე რომ თოჯინა იდო, ისიც კი მე მიყურებდა თვალებში… ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ შევნიშნე, რომ ღომი და დასავლური თეთრი ღვინო ერთმანეთს ძალიან უხდება. ველოდებოდი, რომ სუფრა მეგრულად წარიმართებოდა, მაგრამ სტუმრებს უხერხულობა რომ არ გვეგრძნო, მეგრულად ერთი სიტყვაც არავის დაუძრავს. სიმართლე რომ ვთქვა გული დამწყდა. ჩემი დაჟინებული თხოვნით, ჩვენი მასპინძლის სიძეს – გოჩას ერთი სადღეგრძელო ძლივს გამოვღლიტე მეგრულად. ჩვენს სუფრას ორი იქაური მოძღვარიც ესწრებოდა. ერთმანეთისაგან ზღვა და ხმელეთივით განსხვავდებოდნენ. ერთი მუდამ ღიმილიანი, კეთილი, ჭროღა თვალებით მაცქერალი იყო, უფრო ჩადგმული და მსხვილი. მეორე კი სევდიანი, დინჯი, გამხდარი და ცისფერთვალება… როგორც გავარკვიეთ, ჩვენი მასპინძლის ოჯახი დიდ ტკივილს ატარებდა. მცირეწლოვანი შვილი გარდაცვლიათ ამ ოციოდე წლის წინ, პატარა ალექსანდრე…

მე საფერავით სავსე დოქი და ფიალა მომიდგეს გვერდით, დანარჩენები ცოლიკოურს სვამდნენ. ცოტა გაიკვირვეს, ამდენი საფერავი როგორ უნდა დალიოო. მერე ერთ-ერთმა სუფრის წევრმაც მოინდომა ერთი ჭიქა საფერავის გასინჯვა, ჩემს დოქს ყელში სწვდა და ასწია, მაგრამ ის უკვე ცარიელი იყო. მე ერთი ისტორია გამახსენდა და გამეცინა…

***

შუაგულ ტოსკანაში ვართ მე და ნახშირღელელი რამაზ ნიკოლაძე. საღამო ხანია და ერთ პატარა რესტორანში, სახელად ოსტერიაში შევიარეთ. მთელი დღის ნაწანწალები, დაღლილები და მშივრები ვართ. შეუკვეთეთ იქაური კერძები. ერთი ბოთლი დოლჩეტო ჩავცალეთ და მერე მზარეულს ვკითხეთ, რაიმე აქაური ტრადიციული სასმელი ხომ არა გაქვთო? კი, რავა არა ჩემო ბატონო, მოგიკვდეთ ჩემი თავიო, გვითხრა და სადღაც გავარდა ტყვიასავით. იტალიელი მზაერულია, გამხდარი, გაწკეპილი ულვაშებით, ქათქათა თეთრ სამოსელში და ქუდშია გამოწყობილი. ცეცხლია! რაღაცით იმერელს ჩამოჰგავს. მოგვიტანა და გვეუბნება – ეს, ჩემო ბიძიკო ჩვენი რესტორნის ტრადიციული სასმელია – გრაპაო. ასე ლიტრანახევრიანი გრაფინი იქნებოდა, თან გარედან ჭილით მოწნული. მახსოვს, ზედ ეტრუსკა ეწერა. თუ მისი ნათქვამი სწორედ გავიგეთ, ასე გვითხრა – ჩვენთან მოსული სტუმრები ერთ ჭიქას ყველანი სვამენ ამ სასმელსო. დატოვა და წავიდა. მე და რამაზი ცოტა მოვხასიათდით და, თუმცა მადას ისედაც არ უჩივოდით, მაგრამ ეს უკანასკნელი კიდევ უფრო გაგვეხსნა და გაგვიძლიერდა. ცოტა ხანში სხვა კერძებიც შევუკვეთეთ და ეს ლიტრანახევრიანი გრაპაც ზედ დავაყოლეთ. ასე, ორ საათში მზარეული კვლავ გამოჩნდა. გუნებაგამოკეთებულებმა ისე შევაქეთ და ისეთი მხურვალე მადლობა-გრაციები ვუხადეთ, რომ ყელში გორგალი მიებჯინა, თვალებზე ცრემლი მოადგა და შესძახა – ერთი ჭიქა მეც უნდა დავლიო თქვენთან ერთადო. სწრაფად მოვიდა, გრაფინს ყელში სწვდა და ასწია, მაგრამ ის უკვე ცარიელი იყო… შეძრწუნებულმა და თვალებგადმოკარკლულმა მზარეულმა შუბლში ხელი იტკიცა და იტალიური წინადადება ძალიან სწრაფად წარმოსთქვა, რომლის იმერული თარგმანი წესით, მგონი ამგვარი შინაარსისა უნდა ყოფილიყო: კი, მარა ბიჯო, სა წევიდა იმდენი გრაპა რომ დავტოვე წახანე აქანა მეო? თურმე, ნუ იტყვით და იმ გრაფინიდან, ამ რესტორნის საპატიო სტუმრები სვამდნენ თითო ჭიქას. ჩვენც ამისთვის მოგვიტანეს, რომ მხოლოდ თითო ჭიქა დაგველია, მაგრამ მზარეულმა ეს ყველაფერი იტალიურად გვითხრა, ჩვენ კი ვერ გავიგეთ და ლიტრანახევარი, ამასთან არც თუ ურიგო გრაპა ბოლომდე მივაყუმბარეთ… ხოდა ეხლა მე თქვენ გეკითხებით, ჩვენი ბრალია რამე? მოგვიტანა დალიეთო და აბა რას ვიზავდით? ცეცხლისმფრქვეველ ჭაჭაზე გამოწრთობილებს მაგათი გრაპის დალევა გაგვიჭირდებოდა თუ? ესწავლა თავის დროზე ქართული იმ მზარეულს, ხომ გამოადგებოდა?

დილით სალხინოში, დადიანების სასახლის კარის ეკლესიაში უნდა წავსულიყავით წირვაზე. ამავე მონასტერში ერთი ჩემი კარგი მეგობარი ცხოვრობს, მორჩილი ილია (ოღონდ ეგ არის, რომ მეგრელი არ არის, მაგრამ ისე კი მართლაც კარგი ადამიანია), რომელმაც დადიანების მარანში ჩაგვიყვანა და მცირე დროში მე და ფარნავაზმა სამ-სამი ფიალა ოჯალეშიც წავაშველეთ შეჭირვებულ გუნება-განწყობას. მესამე ფიალა შევსვი თუ არა, მაშინვე დალაგდა თვალებში ფერები თავ-თავის ადგილზე. მერე იყო და ჩემს მეორე მეგობართან – კაკო თოდუასთანაც მივედით სოფელ ტალერში. მადლიანი კაცია კაკო და ბევრ კარგ ქართულ საქმესაც აკეთებს. ზღაპრულ ადგილას ცხოვრობს და პურ-ღვინიანი ოჯახი აქვს. იწყინა, რომ მასთან ცოტა ხნით მაინც ვერ ვრჩებოდი. მარნის მშენებლობას აპირებს და სწორედ ამაზე შევხვდით და გავიცანით ერთმანეთი ამ ორიოდე წლის წინ. მახსოვს, ზამთარი იყო და მისგან წამოსვლა რომ დავაპირე, კაკომ იქვე ახლოს კუნძზე დარჭობილ წალდსა და ამავე კუნძთან შორიახლოს მდგომარე შოლტივით დედალას ერთდოულად გახედა. ამ გარემოების შესაბამისად მეც ორი აზრი ერთდროულად მომივიდა გონებაში, რომ დავრჩე ამ კუნძზე ამ დედლის თავი დარჩება და წასვლა რომ დავაპირო ალბათ ჩემი-მეთქი. ხოდა აბა სად ვიყავი იქიდან წამსვლელი? და დავითენეთ თავზე მე და კაკომ ის ღამე.

მახსოვს, ცაიშის ტაძრის სანახავად წავედი. ის წუთები ზღაპარივით ჩამრჩა გონებაში. ტაძრის შორიახლოს გოგირდის წყლები ამოდიოდა, რასაც თეთრი ორთქლი უდიოდა. საღამო ხანს ეს ორთქლი ნისლივით იყურებოდა და მის ფონზე ცაიშის ულამაზესი ტაძარი ისე იდგა, თითქოს კალმითაა ნახატიო. საქართველო მოვიარე და ამგვარი ზღაპრული სილამაზე მანამდე არსად მენახა. სამეგრელო თვითონ ჩამოჰგავს ზღაპარს. დადიხარ კაცი აქაურ სოფლებში და რაღაც სევდანარევი სიხარული შემოდის გულში. გასცქერი კოლხეთის კავკასიონს და აშკარად გესმის აქაური სიმღერა, სევდიანი სითბოთი სავსე ოდოია და აშო ჩელა, მეგრული ნანინა. სამეგრელოში ცოტა ხნით ჩასული სტუმარი წამოსვლისას, სულ მთლად ბოლოს მაინც მიხვდება, რომ აქაც ყველაფერს, აქაურ უგემრიელეს კერძებსაც, მეგრულ სიმღერებსაც, ტაძრებსაც, სოფლებსაც და თვით კოლხეთის უდიდეს დაბლობსაც კი კავკასიონის სურნელი უდის, კოლხეთის კავკასიონისა.

ერთი ბოთლი წითელი ღვინო

მატარებელმა ჯერ დაკივლა, მერე, როგორც იქნა გააჩერა ვაგონების ჯარი ბაქანთან. ცოტა ხანი სოფლის შარაგზას მივდევდი, მერე ბილიკით აღმართს ავუყევი და სამების ტაძრის ხალხით სავსე ეზოში შევედი. წირვა იწყება, დილაა და ძეგვში ვარ. ერთი შავოსანი, წელში მოხრილი მოხუცი ქალი შემოვიდა ტაძრის ეზოში ხელში ჩანთით. ქაა, ე რამდენი ხალხია – თქვა ხმამაღლა. მე ისე ვიყავი სამების ტაძრის წარწერის კითხვით გართული, რომ ვერც კი გავიგე, როგორ მომეპარა.

რას უყურებ მანდა შვილო?

წარწერას ბებო!

აბა რომელსა?

აი იმასა! 

მერე მომიყვა ამბები. შვილიშვილი გარდაცვლია საწყალს. შენა გგავდაო და დალოცვაც მოაყოლა. ბოლოს მითხრა, ოთხივ კუთხივ ჯვარი გეწეროსო და ჯვარი გადამსახა. კავთისხეველი ყოფილა ბებო. ჩანთიდან ნახევარლიტრიანი ბოთლით წითლი ღვინო ამოიღო და მაჩუქა. კავთისხევი თრიალეთის ქედის კალთაზე შეფენილი ულამაზესი სოფელია. ბებიაჩემიც იქაური იყო… ნაშუადღევს სახლში რომ დავბრუნდი ღვინის ბოთლი მაგიდაზე დავდე და გარეთ გამოვედი. ერთი, თუ ორი საათის შემდეგ დავბრუნდი და ბებია მეკითხება – ეს ღვინო ვინ მოგცაო, მაგრამ პასუხი აღარ მაცადა და მომიყვა, თუ როგორ ასინჯებდა-ხოლმე მამამისი ბავშვობაში ზუსტად ამგვარ ღვინოს. ბავშვობის მერე ეს გემო დავიწყებული მქონდა და დღეს გავიხსენეო. მარტო ჩვენს სოფელში იცოდა ესეთი ღვინოო. თითქმის 70 წლის შემდეგ აღიდგინა ღვინის გემო.                    ზოგ-ზოგიერთებს კიდევ, გუშინ რა დალიეს ის აღარ ახსოვთ…

ჩემი სტუდენტები

სამი დღეა, სწავლა დაიწყო უნივერსიტეტში. ჩემი სტუდენტები რაღაც ნიშნით გამორჩეულები არიან. ანდა, როგორ შეიძლება, ეს თვალხატულა გოგო-ბიჭები გამორჩეულები არ იყვნენ? მათ ხომ ჩემი საგანი – „ღვინოთმცოდნეობა“ ამოირჩიეს. 2012 წლიდან ვასწავლი და ამ საგნის არჩევისათვის ბავშვები ყირაზე გადადიან ხოლმე. რაღაცნაირი მოკრძალებით შემოდიან ჩემს ლექციებზე და სულგანაბულები მისმენენ. როდესაც ჩემი ლექტორობის ამბავი ქალბატონ ცისანა კაკაბაძეს მოვუყევი, მითხრა, რომ მე ამ ყველაფრის ეშხში მხოლოდ მაშინ შევიდოდი, როდესაც ქუჩაში რომელიმე ნასტუდენტარი შემხვდებოდა და მოკრძალებულად შემახსენებდა თავს. ისე აგიხდეთ ყოველივე კარგი… ყოველი ფეხის ნაბიჯზე მხვდებიან. სათქმელიც რომ არა აქვთ, მაინც მოდიან და ქუჩაშივე მიბავენ საუბარს. თუ სადმე საერთო ნაცნობი მოიგდეს ხელში, მაშინ ხომ ათას ამბებს უყვებიან ჩემზე, თუ როგორც ვსაუბრობ ლექციაზე, როგორ ვიჭრები როლში, როგორ გადავდივარ ვაზისა და ღვინის თემიდან დიდგორის, ასპინძის, ერწუხის ბრძოლებზე, დამბალხაჭოზე, გუდაყველზე, სულგუნზე, ჩურჩხელებზე, ქართულ საბრძოლო იარაღებზე, საქარველოს კუთხეებზე და სოფლებზე, ქართული, თუ სპარსული სიტყვების მნიშვნელობაზე და სხვ. ეს მათ ძალიან მოსწონთ. თუ ხატვა ეხერხებათ, ლექციაზევე მხატავენ ჩუმად და ლექციის ბოლოს მჩუქნიან ჩემს პორტრეტებს. უკვე 6 პორტრეტი მომიგროვდა…

ტაქსის „შოფერი“

მარნისათვის ფიცრები და კიდევ რაღაც წვრილმანები დამჭირდა და ელიავას ბაზრობაზე წავედი. გზად ყურძნის ბაზრობაზეც შევიარე, დიდუბის მეტროს ქვემოთ რომაა გამართული. არ ვიყავი ამ ბაზრობაზე ნამყოფი და ძალიან მაინტერესებდა მისი დათვალიერება.

მივედი.

სადაურია?

რა, ყურძენი?

არა შენა!

მე კახელი ვარ და ეგი წარაფია ძამია (ამბობს ზესტაფონური კილოთი და მამაძაღლუარდ იღიმება).

ერთი შენა ხარ კახელი და მეორე ეგაა წარაფი – ვეხუმრები.

აჰ, რავა გეკადრება ძამია.

ურწყავია ალბათ ხომკი?

ჰმ… აპა რავა?

არადა ამ დროსრქაწითელს იმსიმსხო მარცვლები აქვს, რომ თითასაც კი შეშურდებოდა… წონის მოსამატებლად, ალბათ 5-ჯერ მაინც იქნებოდა მორწყული, თუ მეტი არა.

შენთვის 80 თეთრია ძამია, იყო მკაცრი, მაგრამ ღიმილიანი პასუხი.

ფიცრები და წვრილმანი რამე-რუმე ვიყიდე, მერე ეს ფიცრები ტაქსის საბარგულზე დავამაგრეთ და მცხეთისაკენ გამოვწიეთ. მძღოლი, ალბათ ჩემი ხნის ბიჭი თუ იქნებოდა. გამეცნო, მასლაათის ხასიათზე იყო, ან უბრალოდ ბევრი ლაპარაკი უყვარდა. სადაურობის კითხვაც მოასწრო და პროფესიისაც. ქართველი მეღვინეების უმეტესობის გარეცხილი ნამუსიდან გამომდინარე, მეღვინე რომ ვარ ხშირად ვმალავ და ხან რას ვამბობ და ხან რას. ზოგჯერ არქეოლოგი ვარ, ზოგჯერ ფოტოგრაფი, ხან ლექტორი და ხანაც რა ვიცი. ისე ყველაზე მეტად მძღოლის პროფესია ამართლებს, ღვინოს ვეღარ მაძალებენ ხოლმე. ჩემს მოსაუბრეს ვუთხარი – დამწყები ვარ და ოჯახში ვაყენებ ღვინოს-მეთქი. თვითონ გვარად სეთური აღმოჩნდა, მთიული. მეც ვაყენებ ღვინოსო მითხრა. მივდივართ და ვფიქრობ, აბა ამ ტაქსის შოფერმა რა ღვინო უნდა დააყენოს, თანაც მთიულმა? ალბათ გაზავებულ ხორბლის სპირტზეა გაზრდილი-მეთქი, ამ ფიქრებში ვარ და უცბად იცით რას კითხულობს? ღვინოს რომ დააყენებ, გადაიღებ და დააწმინდავებ მერე სახელს თუ არქმევ ხოლმეო? მივხვდი, რომ ამ წუთას რაღაც დიდს მეტყოდა და ინფორმაციის გამოსატყუებლად ვუთხარი – რა სახელი, რის სახელი, ღვინოს ღვინო ჰქვია და ეგ არის მაგისი სახელიცა და გვარიცა-მეთქი. აი მე შარშანწინ რომ დავაყენე კახური მწვანე, სახელად მზე დავარქვიო. შარშანდელი ქისი კი ისეთი დამიდგა ის დალოცვილი, რომ იმას კიდე მზეთამზე დავარქვიო…

არაგველო, მიგიხვდი, თურმე რა გული გქონია, კარგად მიგიხვდი! მაპატიე, რომ წეღან ესე ვფიქრობდი შენზე. მაპატიე არაგველო. თქმა ვეღარ შევბედე, მხოლოდ გავიფიქრე ეს სიტყვები. დავმარცხდი! ვაზისა და ღვინის უკიდეგანო სამყაროში ჩემი თავი დიდი ვინმე მეგონა და ერთმა მთიულმა ტაქსის შოფერმა დამამარცხა, თან სულ ერთ წუთში. მიყვარს საქართველო! ესეთი არაგველებითაა სავსე და იმიტომ მიყვარს. იმავე ღამეს მარანში ჩავედი და საფერავს ჩავურიე, რა თქმა უნდა ხელით. მერე მაჭრიანი ხელებითვე ავიღე ჯამი, გავავსე გორული მწვანით და ის ტაქსის შოფერი დავლოცე, ის სეთური, ის არაგველი. თხემით ტერფამდე დაირბინა შესმულმა ნუნუამ ჩემი სხეულის კუთხე კუნჭული და იცით რას მივხვდი იმ წამს? იმას, რომ ამ ჩურჩულით ნათქვამ სადღეგრძელოს ის არაგველიც იგრძნობდა უთუოდ…

ბადაგიანი შემოდგომა

წინანდალი. მოსაღამოვდა და ზედა მხრიდან ნიავმა სუსხი ჩამოიტანა.

მალე ზამთარი მოვა წინანდალში…

ჯერ სულ რაღაც მეასმე ჭიქაზე ვართ, მაგრამ თავი უკვე კავკასიონის სიმაღლე მგონია. ოქროსფერი წაჰკრავს ამ მადლიან ღვინოს, რომელშიც ყველაზე მეტად ატმის სურნელი იგრძნობა. სვავ კახურად გავსებული ჭიქებით ამ დალოცვილს და სულ ერთ დონეზე ხარ და ხარ. ქართლის ღვინოსავით კი არ არის? შუა ქეიფში, შიგ ცხვირ-პირში ერთს ისეთ თხლაშანს გაგადენს, რომ თვალებიდან ნაპერწკლები წამოგცვივა კაცსა. მერე გათენდება და როდის-როდის გაგახსენდება წუხანდელი გმირობები. ქართლის ღვინის დალევას ცოდნა უნდა. თუ ბავშვობიდანვე ხარ მიჩვეული მაშინ იოლია, თუ არადა პირველი ჭიქა ბოლოს წინა გეგონება ისეთია… ქართლი რომ შუას ჩასცდება და ქვემოთქკენ გადაიხრება იქ იცის მასეთი ღვინოები. აი დასხდებით სუფრასთან ოთხი კაცი ღვინის დასალევად და გგონია, რომ ოთხივეს მაგივრად სულ შენა სვავ. დანარჩენ სამსაც სწორედ ეგრევე ჰგონია. თორემ დალოცვილმა ატენმა ისეთი ღვინო იცის, რომ, როცა იმასა სვავ გგონია, ვარსკვლავებით მოჭედილ ცას შესცქერი და სავსე მთვარეს უყურებ გაოცებულიო. ერთი ეგაა, ბოლოს აღმოჩნდება, რომ, თურმე ღამე კი არა დღეა… და ის კიდევ მთვარე კი არა მზეა…

ძველი ღვინისააო, მეოთხე წელშიაო, ამბობს ჩვენი წინანდლელი მასპინძელი კახური კილოთი და ღიმილით ელოდება, როდის გამოვთქვამთ საქებარ სიტყვებს მის ღვინოზე. ყველანი ვხვდებით და აღარ ვაყოვნებთ ღვინის შექებას. თამადა არ ჩქარობს. ალაზნის ველი ხელის გულზე უდევს, ბუმბერაზი კავკასიონი ერთი ხელის გაწვდენაზეა, წინანდლის ოქროსა სვავს კახურად შევსებული ჭიქით და აბა სად უნდა ეჩქარებოდეს? პირიქით, მის საქციელში უჩვეულო სიდინჯეც კი იგრძნობა, თითქოს ეშურება ამ ყველაფერსო.

მალე ზამთარი მოვა წინანდალში…

შებინდდა და უცებ გონებაში ერთი რითმა შემოფრინდა ფუტკარივით. ცოტა დავახანე და რომ დაწყნარდა, სანამ ისევ გაფრინდებოდა სასწრაფოდ ფურცელზე გადავიტანე.

 „ბადაგიანი შემოდგომა ძალას კარგავდა,

მზე თითქოს სისხლად იცლებოდა ალაზნის ველზე,

როცა ზამთარი, შეჭურვილი მერანს მოახტა

და გაილაშქრა ბარაქიან წინანდლის ზვრებზე“.

 

თეთრახევა და ჟებოტა

წინანდლიდან მცხეთაში გვიან ჩამომიყვანეს. მეორე დღეს თიანეთში მივდივარ. ერთი საინტერესო წიგნი ჩავიგდე ამასწინებზე ხელში – „ერწო-თიანეთის ტოპონიმია“, სადაც ამოვიკითხე, რომ თიანეთთან, სოფელ თეთრახევაში ძველ დროში, თურმე ვენახებიც ჰქონიათ და ქვევრ-მარნებიც. ისევ ჩემი ძმაკაცი, მეღვინე სანდრო ჯაფარიძე თავისი ათას კლდეზე გადამხტარი ჯიპით… ავედით. შემოვიარეთ სოფელი, გამოვკითხეთ ადგილობრივები, გადავიღეთ სურათები. სოფელს მდინარე ქუსნო ჩამოუდის. ისეთი კამკამა წყალი აქვს, შიგ ძროხები რომ არ დააბოტებდნენ, დალევდა კაცი. გამახსენდა, რომ ერთხელ თიანეთელი და ჟებოტელი სტუდენტები მყავდნენ. ქართლის საადრეო ვაზები ვაშოვნინე და თიანეთში წაიღეს დასარგავად. ვნახოთ რა გამოვა.

წავედით ჟებოტასკენ. თიანეთში ჩემს ნაცნობთან შევიარე და ერთი კილო დამბალხაჭო გამოვართვი. არის მოსაზრება, რომ ტერმინი „ჟიპიტაური“ სიტყვა „ჟებოტაურიდან“ მოდის. ჟებოტაში კოპალას სალოცავი მოვინახულეთ, რომლის ეზოში ზედაშის ქვევრები აწყვია. ჟებოტელები თავიანთი ჟებოტაურით, მართლაც, რომ განთქმულები არიან. ამ ადგილზე ჯებოტაურს ხშირად ქალები ხდიან. როგორც იქნა, და თან დიდი მეცადინეობით ლიტრანახევარი ჟებოტაური ვიშოვნე და გაგიხარია, მეტი რაღა გინდა, რომ შემოდგომის მთიანეთი შეიგძრნო და დააგემოვნო? გზიდანვე დავურეკე ჩემს ძმობილ ფარნავაზს – ესა და ეს მომაქვს თიანეთიდან და საღამოს ჩამომიარე-მეთქი. ამის თქმა იყო და სახლში რომ დავბრუნდი ის უკვე 40 წუთის მისული დამიხვდა… ჟებოტაურს ზაქის ყანწებითა ვსვავდით. ჭანჭური ჭარბობდა, მაგრამ ვაშლიც მოდიოდა გემოში. ვაშლის გემო ისე ნაზად იგრძნობოდა, როგორც კალვადოსმა იცის (ეს სასმელი რამაზ ნიკოლაძემ გამაცნო პირველად). არა და, სად ჟებოტაური და სად კალვადოსი? არ იყო ძლიერი, რამაც ერთმანეთთან ღამის 12 საათამდე საუბრის საშუალება მოგვცა საქართველოზე, მთაზე და ბარზე, ჭირზე და ვარამზე, წარსულზე და მომავალზე. დამბალხაჭოს ჟებოტაური ისე მოუხდა, როგორც ჩაქაფულს ტარხუნა უხდება, ანდა კიდევ წიწილას კეცი. ღირდა ნამდვილად თიანეთში წასვლა იმ სისხამ დილით.

ტვიში

ჩემი სტუდენტები: ბექა შათირიშვილი, თამარ ლაჭყეპიანი, ნათია კენჭაძე და ნონა წერეთელი ექსპედიციაში წავიყვანე, მძღოლიანად 6 ვართ. ეს ჩემი საყვარელი საქმიანობაა და დრო თუ მაქვს შანსს არ ვუშვებ ხელიდან, რომ სადმე წავიდე, თუნდაც მარტო. ლეჩხუმის სოფელ საირმეში ძველად ქვევრებს ამზადებდნენ. საირმული ქვევრი განთქმული ყოფილა. საირმელები ძალიან სტუართმოყვარე ხალხია. ერთი სახლის წინ ჩავიარეთ და უკან ამოვლისას ეზოს კარები ფართოდ იყო გაღებული და ეზოში უკვე სუფრა იყო გაშლილი ჩვენთვის, სრულიად უცხოებისთვის. სოფელში ხმა დარხეულიყო –„ქე რომ ტელევიზორში ღვინოს სვამს ფიალებით, იგია ჩამოსული და სოფელში დეიარება ვინცხეებთან ერთადო“…

მერე კიდევ ერთმა ოჯახმა შეგვიპატიჟა და ამის შემდეგ ყველას მკაცრი უარით ვიგერიებდით. საირმელებს ეზოში შესასვლელ ქვის სვეტებიან ჭიშკრებზე ვაზის სიმბოლოები აქვთ გამოჩუქურთმებული. ზოგჯერ დოქები და ჭიქები, ან მასპინძელი ყანწით ხელში, ხოდა და იქნებიან სტუმართმოყვარეები აბა რა?

დავიარეთ მოსახლეობა და გავიგეთ ყველაფერი, რისი გაგებაც შეიძლებოდა. სად მზადდებოდა საირმული ჭურები, საიდან მოჰქონდათ საჭურე თიხა, ვინ იყვნენ ძველი მეჭურეები და სხვ. ორი ცალი საირმული ჭური და თითო-თითო დორა და მენახევრე ვიშოვნეთ მოსახლეობაში. ჩემი ერთ-ერთი სტუდენტი – თამარ ლაჭყეპიანი ტვიშელი იყო და საღამოს თავის სახლში მიგვიპატიჟა. დიდი არაფერი, უბრალო ოჯახური ვახშამიაო, გვითხრა მორცხვად.

მივედით, მაგრამ რა ენამ უნდა გადმოსცეს იმ სუფრის ქებათა ქება? მე საამისოდ სიტყვები არ მეყოფა. მერე ღვინოს არ იკითხავთ? ტვიში, ნაღდი, ალალი, წკრიალა, სურნელოვანი, ატმის წვენისფერი. ჭიქიდან მხოლოდ პირველ ყლუპს უნდა გადაყლაპვა, დანარჩენი ყლუპები თავისით მისდევენ იმ პირველს… გეცლება ჭიქები თვალსა და ხელს შუა და უფრო და უფრო უახლოვდები ხვამლის მთის საიდუმლოს. აი, როგორც კახურ ღვინოში გრძნობ ალაზნის ველს, ივრის ჭალებს, ცოვგომბორსა და კავკასიონს, ისე ტვიშის ღვინოში იგრძნობა ხვამლის მთის კალთების სითბო და სიმკაცრე, იდუმალება. იქაური სამზარეულო ხომ მთლად სასწაულია. კეცებში შემწვარი წიწილები სუფრაზე იმდენი ელაგა, რომ თავი ქათმების ფაბრიკის დირექტორი მეგონა. მერე მდინარის წითელწინწკლებიანი კალმახი? თანაც შამფურზე შემწვარი და სუფრაზე შამფურებიანად დალაგებული. ესეთი კალმახები მხოლოდ ბუგეულის ტაძარში, მაცხოვრის ნათლისღების ფრესკაზე მენახა აქამდე. სუფრაზე თონეში შეპრიწკინებული გოჭის შემოტანა კი ნამდვილი საკონტროლო გასროლა აღმოჩნდა ჩემთვის. ამას კი აღარ ველოდი. მოვუშვი და მოვუშვი ქამრის დოგმები რაც კი შემეძლო. ვერა და ვერ შეველიე იმ სუფრას. ვერც ჩვენი მასპინძლისა და დიასახლისის საოცრად თბილი და მოსიყვარულე თვალები დავთმე და იმდენი ვქენი, რომ ღამის 2 საათი შესრულდა. მერე კი დავიძარით ამბროლაურისკენ. მივედით სასტუმროში და არ იკითხავთ იქ რა მოხდა? სასტუმრო სახლის მასპინძელი გვეუბნება – ნამგზავრები და მოშიებულები ხართ და სახელდახელოდ „კალბასი“ და პური მაინც შეჭამეთ, უკვე მზადა მაქვსო… ამის გაგონებაზე დაახლოებით ორწუთიანი და ამასთან უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა. მერე ყველამ დავიძინეთ.

იმერეთი

იმერეთი ჩემი დედულეთია!

ბავშვობაში მეგონა, რომ იმერეთი ყველას დედულეთი იყო და ძალიან მიკვირდა, თუ ვინმეს სოფელი არა იმერეთში, არამედ სხვაგან ჰქონდა. სასკოლო არდადეგებს ყოველთვის ჩემს სოფელში – ფერეთაში ვატარებდი. მაშინ დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემი ფერეთა სულ ესეთი იყო, მწვანეში ჩაფლული, ლეღვებიანი, ჭყინტი სიმინდებიანი, მსხლებიანი, ვაშლებიანი, თხილებიანი, ნიგვზის ნეშოში გამომცხვარი კეცის მჭადებიანი… მე სხვა ფერეთას და სხვა იმერეთს არ ვიცნობდი. წამიყვანეს ერთხელაც ჩემს სოფელში. ნოემბრის თვე იყო. დილა რომ გათენდა ჩვეულად გამოვენთე გარეთ სათამაშოდ და სიმინდების, ლეღვებისა და მსხლების დასაკრეფად… მარა სადღაა ეს ყველაფერი? ან იმდენი წიწილები და ინდაურის ჭუკები სადღა წავიდნენ? ან ბავშვების ჟრიამული სადღაა? რამ გააშიშვლა და გააღარიბა აქაურობა?

იმერეთი ჩემი დედულეთია!

თუ წალამზე შემწვარი მწვადი ყველაზე გემრიელი კახეთშია და ეს მართლაც ასეა! სამაგიეროდ იმერული ჭურის მოხდის მთელი რიტუალ-ცერემონიალი ნამდვილად უფრო სასიამოვნო სანახავია, ვიდრე კახური მუცელვეშაპა ქვევრის გახსნა. წარმოიდგინეთ ღია ჭურისთავები და გვიანი შემოდგომა. ფრთხილად და აუჩქარებლად ძელბარით აყალო მიწის მოხდა. აი, ორგოებიც გამოჩნდა და ბოლოს ღვინო… მერე გიღიმის ხელორშიმოიანი მაინძელი სევდანარევი, ნაჯაფარი, მაგრამ მადლიანი თვალებით და გეუბნება – წამომყევი ბიძიკო, ქალი უკვე დააცხობდა ხაჭაპურებსო. გიფიქრიათ იმაზე, თუ როგორ უხდება პირდაპირ ჭურიდან ამოღებულ მაჭარს ჭურისთავებზე დარგული ბიის ხიდან მოწყვეტილი მწიფე ნაყოფი? უგემრიელესია კომში და იმერული მაჭარი. მარტო ამის გემოდ ღირს მთელი წელი ლოდინი.

ობჩაში ვარ. მოხუც ბაბუს ხის ორასწლიანი მარანი უდგას ეზოში. ამის სანახვად ამოვედი, მაგრამ მგონი გავები მახეში.

ბაბუა, შენ იგი არ ხარ ქე რო ყოველ კვირას ტელევიზორში სვამს ღვინოს? ლამაზი იმერული კილოთი მეკითხება წელში მოხრილი მოხუცი.

კი, ისა ვარ!

აპა მაშვინ მოი აქანა ბაბუა, ამეიღე ამ ჭურიდან ღვინო და ჩაასხი ეიმ დოქში.

ვხვდები, რომ დიდი პატივი მხვდა წილად და ვავსებ სამლიტრიან იმერულ დოქს ცოლიკოურით.

რავა ბაბუა, თუკი ტელევიზორში სვამ ღვინოს, ჩემს მარანში არ გინდა ორი ჭიქა დალიო თუ? მეუბნება და ჭიქას მიწვდის.

ბაბუა სახლში ფიალა არა გაქვს?

ჰა ჰა ჰა ჰა, იცინის და ფილმებიდან ახსენდება, რომ ფიალა მიყვარს. მოაქვ სფიალა და მეუბნება –შემოდეგი დამილოცეო. შემოდეგს დაგილოცავ მაინძელო ბატონო, 100 წელს კიდევ დაეყენებინოს შენს მარჯვენას ღვინო-მეთქი, ვლოცავ და ფიალას ბოლომდე ვცლი. კახური ღვინო ხომ დინჯია? აი, დალევ და უნდა დაახანო ცოტა, სანამ არ მოგონდები. მერე კი ხვდები რაცაა ეს მადლიანი სითხე. ისეთი დინჯია, რომ დაცლილ ჭიქას, სწრაფადაც რომ გინდოდეს მაგიდაზე მაინც დინჯად დადგავ. იმერული ღვინო კი კარაბინის გასროლილი პატრონასავით სწრაფია. უცბად დაგირბენს ტანში, ყველაფერს უცბადვე მიგახვედრებს და გეტყვის დაუფარავად, დაუხანებლად. დიდებულია ცოლიკოური, დიდებული. მერე ფერიც როგორი იმერული აქვს? შემოდგომობით ვაზის გაყვითლებული ფოთლების ფერი დაჰკრავს. იმასაც ამბობენ, იმერულ ღვინოს ბატის ჭუკის ფერი აქვსო… ჩემი მისვლიდან ჯერ 20 წუთიც არ არის გასული, რომ ჭური მოხდილია, ჭყინტი სიმინდი თუჯში იხარშება, წიწილები ტაფაში იწვება, მჭადები და ხაჭაპურები კეცებში ცხვება… მაინძლის ქალიშვილები დიასახლისობენ. ორი დანი არიან, მარა როგორები არ იკითხავთ? ცეცხლები, ხელ-ფეხიდან სულ ნაპერწკლები სცვივათ! დატრიალდნენ, მარა რა დატრიალდნენ, საითაც გავიხედე ყველგან ისინი დარბიან წინ და უკან. მე ჩემს მასპინძელს ველაპარაკები რაღაცაზე, მაგრამ ცალ ყურში სულ იმათი ყვირილი მესმის – არიქა დაკალი, არიქა გაპუტე, არიქა დაანთე, არიქა შოუკეთე, არიქა გამოუკეთე, არიქა დაჭერი, არიქა გააწყვე, არიქა გადმევიდა, არიქა მიშველეთ ვინცხამ… სუფრა ელვისისწრაფით გაიშალა ძველი მარნის გვერდით. ჭურისთავზე დარგული ვეებერთელა იფნის ჩრდილი გვიცავს ძალადაკარგული მზის სხივებისაგან. ზარხოშში ვართ. ისე სწრაფად იცის ცოლიკოურმა მოპარვა, როგორც გიორგობისთვემ. შოთა ნიშნიანიძის ლექსი მახსენდება:

 „…გიორგიბის თვეში გულს გაუდის რეჩხი,

გინდ ყოფილხარ იმერეთში, გინდაც სამოთხეში…“

მართლაც სამოთხეში ვართ რა… ზღაპარია შემოდგომის იმერეთი თავისი ჭრელაჭრულა ფერებით, თავისი მაჭრობით. მგონია, რომ ცოლიკოურის ღვინისა სურნელება უფრო ათრობს ადამიანს, ვინემ ალკოჰოლი… კახურისა არ იყოს, იმერულ ღვინოსაც იმერეთის სურნელი უდის თურმე, დავასკვენი წამოსვლისას.

ჯერ კიდევ ობჩაშივე ვიყავი, რომ ჯერემი (იერემია) ქვინმა დამირეკა, ხვალ საღამოს მე და ემილი რეილსბეკს შენი მარნის ნახვა გვინდა და თან შენთან მცირედი საქმეცა გვაქვსო.

ჯერემი და ემილი

მოსაღამოვდა და იერემია და ემილიც მოვიდნენ. თურმე, ნუ იტყვით და ქართულ ღვინოზე ფილმს არ იღებენ? მივესალმები, თუ კარგი ფილმი გადაიღეს. ამ მხრივ განებივრებულები ნამდვილად არა ვართ. ბოლო პერიოდში ბატონმა მერაბ კოკოჩაშვილმა ისეთი სამარცხვიონო ფილმი გადაიღო ქარულ ღვინოზე, რომ თუ გული არ შემიწუხდებოდა არ მეგონა. ფილმი – „ღვინის აკვანი“ (მგონი ესე ქვია) არის ქართველი ერის შეურაცხყოფა. სირცხვილი და თავსლაფი ფილმის რეჟისორს!

ემილიმ მითხრა, თურმე წიგნებსა და სტატიებს კალმითა და მელნით წერ და ამის გადასაღებად მოვედით ჩვენი ფილმისთვისო. როცა გაიგეს, რომ კალმით კი ვწერ, მაგრამ მელნის მაგივრად კალამს საფერავში ვაწობ და ისე ვწერ, მთლად გაოცდნენ…

მე მართლაც კალმით ვწერ და თუ ჩემი ნაწერები ღვინოს ეხება, მაშინ საფერავს ვიყენებ. აბა ქართულ ვაზზე და ღვინოზე სტატია 20-კაპიკიანი პასტით დავწერო? ამიტომ სახლში კალმებისა და სამელნეების მთელი კოლექცია მაქვს. თუ ვინმეს ჩემი პატივისემა გინდათ, ძველებური სამელნე მაჩუქეთ. შეგიძლიათ მშრალ ხიდზე მიბრძანდეთ და იქ შეიძინოთ. საფერავზე ნუ შეწუხდებით, მაქვს! (ერთხელ მალხაზ ჯაყელმა ჩამომიტანა გურიიდან ძველი სამელნე საჩუქრად. ჭაში ნახათქუნებ ვედროს წააგავდა ისეთ დღეში იყო, მაგრამ გამოვართვი მაინც. ჩემი რა მიდის, იყოს კოლექციაში, პურსა მთხოვს, თუ ღვინოს?). ცოტა გორული მწვანე დავლიეთ, მერე ცოტა ვისაუბრეთ. ერთ მომენტში კი შევამჩნიე, რომ მე, ემილი და იერემია, რაღაც თემაზე ვკამათობდით. არ მახსოვს რამ გამოიწვია ეს კამათი, მაგრამ ერთი კია, რომ მე ინგლისური არ ვიცი და იმათმა კიდევ ქართული არ იციან… თუმცა ჩვენ მაინც გამოვნახეთ საერთო ენა. ეს იყო, რაღა თქმა უნდა ჩვენს მიერ შესმული ორ-ორი ფიალა გორული მწვანე (2013 წლის მოსავალი). მერე ჩემი დოქების კოლექციაზეც მკითხეს და სწორედ ამ დროს რაღაც ახალი აღმოვაჩინე. დოქი და კაცი, თურმე რაღაც ნიშნით ერთმანეთსა გვანან. კერძოდ იმით, რომ ორივეში 2-3 ლიტრა ღვინო უნდა ჩაასხა და მერე იქიდან ნელ-ნელა ისევ გარეთ უნდა გადმოასხა…

ატენური და მეჯვრისხეული

ისე მოხდა, რომ მეორე დღეს ატენის ხეობაში წავედი საქმეზე. ჩემმა მეგობრებმა, გიორგი წირღვავამ და მამუკა გუდამაყრელმა მცეს პატივი და წამიყვანეს. იქაური საქმეები მალევე მოვილიე. მერე ატენელ სოსო ლოთიშვილს შევუარეთ ნახევარი საათით და ამ მცირე დროში სამ-სამი ფიალა ატენურიც გადავცხეთ. ცოტა გამოვიხედე თვალებში. კაი კაცია სოსო. სამი წლის წინ 200 ძირი ვაზის ნერგი ვაჩუქე და იმის მერე ჩემს ლოცვაშია. წელს იქიდან პირველ მოსავალს ელოდება და შეპირებულია, 20 ლიტრიანი ჩემზეაო. მომახასიათა სოსოს ღვინომ. წამოვედით, მარა გზაში ჩემი მეჯვრისხეველი მეგობარი – ზურა კაპანაძე გამახსენდა და ახლა იმისი ნახვა მოვისურვილე. ჩემმა მეგობრებმა ამაზეც არ მითხრეს უარი და წავედით პირდაპირ მეჯვრისხევში. ზურა მჭედელია, შრომობს თავისთვის და არის. კარგი მეურნეცაა და მოზრდილი ვაშლის ბაღიცა აქვს. იშვიათი ვაზის ჯიში – „მეჯვრისხევის საფერავი“ უდგას ვენახში. ჩინურიცა აქვს და თავკვერიც. ვარდისფერი, სურნელოვანი და თხელი ღვინო იცის მეჯვრისხეულმა. პირდაპირ მარანში შევედით, სადაც 3 წუთში ყველი, ოჯახის შოთები და პამიდორი შემოგვაყოლეს ფეხდაფეხ. სუფრისათვის რომ არ გვეცალა, ამაზე ზურასთან თავშივე შევთანხმდით. ზურას ღვინო მუხის კასრებში უსხია. ქვევრებიცა აქვს და დაპირებულია, მომავალ რთველს ქვევრებში ჩავწურავო.

აბა ზურა, ძმაო, ამაში რომელი ღვინო გიდგას?

მეჯვრისხეული, მომიგო ზურამ მოკლედ.

და ამაში?

ამაში კიდე მგონი ის არი, აი ისა, ჩინური? თუ მგონი ჩინური იქითაში მისხია?

კაი, და ამაში?

მაგაში კიდე ისა, აი ისა, თავკვერია მგონი, მარა თავკვერი მგონი აქეთაშია… ვახ, მაშ ჩინური სდღაა კაცო? თუ, მგონი ამაში ჩემი ძმის ღვინო დგას, თუ ჩემია? ვაჰ, ავირიე აი…

სიმართლე რომ ვთქვა, ვეღარ გავიგე სად რა იდგა და ისევ მეჯვრისხეულს მივუბრუნდი. ის ხომ ნამდვილად აქ არის და მაიტა ერთი ჩამოგვისხმი-მეთქი. მინის გრაფინში ჩამოასხა. ისეთია დალოცვილი, რომ სულ შხეფებს ისვრის. ბროწეულის წვენივითაა, ფერითაც იმას წააგავს და სიმჟავითაც, გასინჯავ და ყვრმალებში გიღიტინებს. მეჯვრისხევი მაღლობი ადგილია და მაგიტომაც ეს ღვინო ცოტა მაღალმჟავიანი დგება, მაგრამ ნამდვილი ზაფხულის ღვინოა, მსუბუქი, სურნელოვანი, შუშხუნა. 40 გრადუსიან სიცხეშიც კი მოგანატრებს თავს. ზურას სწორედ მაშინ გამოვუსხლტით, როცა მარნიდან ვიღაცას გასძახა გარეთ – ბიჯო სამწვადეზე გაიქე ჩქარაო. ეწყინა, აბა ეგ სადაური წესიაო, აბა ეგ რა გამოდისო. დავპირდი, მალე გინახულებ-მეთქი და ამ რთველზე უნდა ავიდე. რთველი ნოემბერში ექნება. აუცილებლად ავალ და რამე საჩუქარს ავუტან, ალბათ უფრო დოქს, რადგან მგონი დოქები არ უნდა ჰქონდეს. კარგი ბიჭია ზურა კაპანაძე.

მე მეორე ზურა კაპანაძესაც ვიცნობ, მაგრამ ის იმერელია და ჭიათურაში, სოფელ ტყემლოვანაში ცხოვრობს. მექვევრეა და დიდებულ და ნაქებ ქვევრებს აკეთებენ ის და მამამისი. უკვე მთელი საქართველო იცნობს მათ ნახელავს. ერთი ეგაა, ღვინო მთლად ისეთი ვერა აქვთ… რომელიღაც წითელი „უწამლი ვაზი“ უდგათ ეზოში და იმის ღვინოს ეკვლევინებიან მთელი წელი. თუმცა ეს კიდევ რა? თქვენ მაქათუბნელი მექვევრის – ზალიკო ბოჟაძის ღვინო უნდა გასინჯოთ… მაგრამ, სამაგიეროდ ქვევრში კი მართლაც ნაქები ხელი აქვს ზალიკოს და საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო მექვევრეა 50 წლიანი „სტაჟით“. ძალიან კარგი კაცია ზალიკო. ზურა კაპანაძესაც დიდებული ოჯახობა აქვს, სტუმართმოყვარე, ქართული, ნაღდი იმერული. იქ ასული კაცი ჯერ უსუფროდ არ გამოუშვიათ. დიდიან-პატარიანად მადლიანი ხალხია. ისე, ამ გახსენებაზე, ვარდისუბნელი მექვევრეების, მამა-შვილი – რემი და ზაზა კბილაშვილების ღვინო ჯერ არ გამისინჯია და ნეტავი როგორი იქნება?

 ვაქირში…

როდესაც ვაქირში გავივლი, მაშინვე ჩემი ძმაკაცი – შალვა გამახსენდება. ამ რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა. მეუღლე ახლად შერთული ჰყავდა და სამი თვის ბიჭი – გიორგი დარჩა. ყველას საოცრად დასწყვიტა გული მისმა გარდაცვალებამ. ერთხელ მისი ნომრით მირეკავს ვიღაცა. გისმენ შალვა ძმაო-მეთქი, ვუთხარი მხიარულად და ის კიდევ იქიდან მეუბნება, შალვა წუხელი გარდაგვეცვალაო… მარნის აშენებაში მივეხმარე, თითქმის ყოველ კვირას მასთან ვყავი და თვალყურს ვადევნებდი. ერთხელ გვიან ღამით შევიარე მასთან. მარანში ერთი წაფი ედო ხოლმე. ქვევრი მოხადა და მე ამ წაფით ამოვიღე საფერავი პირდაპირ ქვევრიდან და დავლიე. მაშინვე მაჩუქა ის წაფი. რამდენმა სცადა და ვერ დაცალა და შენ კიდევ 5 წუთით შემოირბინე და დაღლილმაც კი დალიეო. იმ დღიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ შალვას ამბავი რომ გავიგე იმ საღამოთივე გავავსე მისი ნაჩუქარი წაფი და შესანდობარი შევუთვალე მის სულს. შალვას დაყენებული ერთი ბოთლი ღვინოც კი მაქვს შენახული მარანში, საფერავია. გავა წლები და თუ დამცალდა გავხსნი და რა თქმა უნდა მის შესანდობარს შევსვავ.

ეპილოგი

დღეს ჩემი დაბადების დღეა, 41 წლისა გავხდი, მაგრამ ვმალავ. ზოგს 40-ს ვეუბნები და ზოგს 42-ს. 41-მა (5-ისა არ იყოს) ვერ გაამართლა და იმიტომაც… პარასკევია, მარხვა დღეა და ყველამ იცის, რომ დღეს ვერ მოვლენ და ხვალისათვის ემზადებიან. ვინ რას შეგარჩენს?ცოტა კახური მწვანე მაქვს გადანახული და იმის ეშხით უფრო მოდიან, თორემ ჩემი ნახვა თუ ვინემს უნდა სულ აქ არა ვარ? ანკი სად უნდა წავიდე ვაზის, ღვინისა და ქვევრების სამშობლოდან?

„ბოჩკა“ იქა, ქვევრი აქა, ლექი იქა ღვინო აქა!

გიორგი ბარისაშვილი