გლობალური დათბობის შედეგად როგორ შეიცვლება ღვინის რუკა, მოხვდება თუ არა სარისკო ქვეყნებში საქართველო?
როგორ იმოქმედებს გლობალური დათბობა ღვინოზე და როგორ შეიძლება ინგლისი და კანადა ღვინის მთავარ მწარმოებლებად იქცნენ. ამ თემასთან დაკავშირებით მკვლევარები რამდენიმე შემაშფოთებელ ცნობას ავრცელებენ:
• მკვლევარების აზრით, დაზარალდება 131 ქვეყნის 7500 რეგიონი;
• არგენტინის ორი რეგიონი ყველაზე დიდი რისკის ქვეშაა მსოფლიოში;
• მოვლენები, როგორებიცაა ყინვა, სეტყვა, ტყის ხანძრები, მიწისძვრები, გვალვა და წყალდიდობა, მსოფლიო ღვინის ინდუსტრიას წელიწადში 10 მილიარდ დოლარს აკარგვინებს;
• კლიმატის ცვლილება იმოქმედებს ღვინის ინდუსტრიაზე და მწარმოებელი რეგიონები ჩრდილოეთით და სამხრეთით გადაინაცვლებს, ეკვატორთან ახლოს მდებარე რეგიონები კი ღვინისთვის საერთოდ დაიკარგება.
ყოველწლიურად მსოფლიო ღვინის ინდუსტრია 10 მილიარდამდე დოლარს კარგავს. ამის მთავარი მიზეზებია მეტეოროლოგიური მოვლენები და ბუნებრივი კატაკლიზმები: ყინვა, სეტყვა, გვალვა და ტყის ხანძრებია.
მეცნიერებმა გამოითვალეს, თუ რა დონეზე დაზარალდება 131 ქვეყნის 7500 რეგიონი და როგორ იმოქმედებს ზოგადად გლობალური დათბობა ღვინის ინდუსტრიაზე.
მათ გამოსცეს მსოფლიო რუკა, რომელზეც ნაჩვენებია, რომ ყველაზე დიდი რისკის ქვეშ არგენტინის ორი რეგიონია მოქცეული. ესენია მენდოსა და სან ხუანი.
მთავარი დაზარალებულები:
1. მენდოსა და სან ხუანი – არგენტინა;
2. კახეთი და რაჭა – საქართველო;
3. კაჰული (სამხრეთი ნაწილი) – მოლდოვა;
4. სლოვენია (პრიმორიე – დასავლეთი);
5. იარაკის ველი – ეკვადორი;
6. ნაგანო – იაპონია.
ევროპელი და ავსტრალიელი მეცნიერებისგან შემდგარმა ჯგუფმა, რომელსაც სათავეში კარლსრუეს ტექნოლოგიური უნივერსიტეტის წარმომადგენელი ჯეიმს დენიელი ედგა, ჩაატარა კვლევა და შედეგი წარადგინა ვენაში გამართულ ევროპული გეო-მეცნიერებათა კავშირის ყოველწლიურ კონფერენციაზე.
წინასწარი შედეგების მიხედვით, ზემოთნახსენები არგენტინული რეგიონების შემდეგ, ყველაზე დიდი რისკის ქვეშაა საქართველო და მისი ორი მთავარი ღვინის მწარმოებელი რეგიონი – კახეთი და რაჭა, მათ მოჰყვება მოლდოვური კაჰული, სლოვენიის ჩრდილოდასავლეთი, ეკვადორის იარუკი და იაპონიის ნაგანო.
მეცნიერების აზრით, არ არსებობს მსოფლიოში ერთი ღვინის რეგიონიც კი, რომელსაც არ შეეხება გლობალური დათბობისგან გამოწვეული მოვლენები. ყინვა, სეტყვა, ტყის ხანძრები და მიწისძვრები მსოფლიო ღვინის ინდუსტრიას წელიწადში 10 მილიარდ დოლარს აკარგვინებს და ამას კონკრეტული გამოთვლები ადასტურებს.
„ყველაზე უარყოფით გავლენას ყინვა და ცივი ჰაერის მასები ახდენს”, – ამბობს ჯეიმს დენიელსი.
მან ასევე აღნიშნა, რომ ამჟამად სეტყვა ერთ-ერთ მთავარ საფრთხეს წარმოადგენს ევროპელი მეღვინეებისთვის და ისეთმა ქვეყნებმა, როგორებიცაა საფრანგეთი და იტალია, გასული ხუთი წლის განმავლობაში სერიოზული ზარალი ნახეს. ყველაზე მეტად აქ ბურგუნდიისა (საფრანგეთი) და პიემონტეს (იტალია) რეგიონები დაზარალდა.
მოგებულები:
მკვლევარები აცხადებენ, რომ ყველაზე მეტად გლობალური დათბობით ინგლისის, კანადისა და ჩრდილოეთ ჩინეთის რეგიონები იხეირებენ.
სეტყვისგან გამოწვეული ზარალის რაოდენობამ, 2012-2016 წლებში, მთლიანი მოსავლის ღირებულების 50-90 პროცენტი შეადგინა და ბევრ მრავალწლოვან ვენახს გრძელვადიანი ზარალი მიაყენა.
მაგრამ სეტყვა მხოლოდ ევროპას არ აზარალებს: როგორც მინიმუმ წელიწადში ერთი შემთხვევა მსოფლიოს ნებისმიერ ადგილას შეიძლება მოხდეს. ჯეიმს დენიელის აზრით, სეტყვისსაწინააღმდეო ბადეები საკმაოდ დიდი რაოდენობის მოსავალს გადაარჩენს.
„დანახარჯისა და შემოსავლის ურთერთქმედების ანალიზის მიხედვით, უმაღლესი ხარისხის ღვინოები ისინი იქნება, რომლებიც სეტყვის საწინააღმდეგო ბადეებით არის დაცული, ასევე შეიძლება დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს დაზღვევას ან სხვა, უფრო იაფ მეთოდებს”, – ამბობს ჯეიმს დენიელი.
მიწისძვრამაც შეიძლება მოახდინოს დიდი გავლენა, მაგალითად დაანგრიოს ინფრასტრუქტურა ღვინის რეგიონებში.
ამ მიმართულებით ყველაზე დიდი საფრთე ემუქრება შემდეგ რეგიონებს: კალიფორნია, ჩილე, იაოპნია, თურქეთი, საბერძნეთი და ალბანეთი.
მაგალითად, 2010 წელს, ჩილეში, 125 მილიონ ლიტრზე მეტი ღვინო დაიკარგა ფოლადის ცისტერნების დაზიანების გამო. ჯეიმს დენიელი ამბობს, რომ მიწისძვრა-გამძლე ცისტერნები ამ მხრივ მილიონობით ლიტრს გადაარჩენს.
კვლევის თანახმად, კლიმატის ცვლილება დადებით გავლენასაც მოახდენს ღვინის ინდუსტრიაზე.
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მეღვინეობის კერები ჩრდილოეთით და სამხრეთით გადაინაცვლებს, ზოგიერთი რეგიონი კი, რომელიც ეკვატორთან ახლოს არის, ღვინისთვის საერთოდ დაიკარგება.
5 უდიდესი ღვინის მწარმოებელი ქვეყანა და შესაბამისი საფრთხეები:
1. იტალია – 4.9 მილიარდი ლიტრი – სეტყვა, ყინვა და მიწისძვრები (ასევე ვულკანის ამოფრქვევა, წყალდიდობა და სხვა კლიმატური კატაკლიზმები);
2. საფრანგეთი – 4.2 მილიარდი ლიტრი – ყინვა, სეტყვა, შტორმები;
3. ესპანეთი – 3.8 მილიარდი ლიტრი – სეტყვა, ყინვა, სიცხე;
4. აშშ – 2.25 მილიარდი ლიტრი – ყინვა, მიწისძვრა, შტორმები;
5. ავსტრალია – 1.25 მილიარდი ლიტრი – ყინვა, შტორმები, სეტყვა, ტყის ხანძრები.
წყარო: allwine.ge