მე და ჩემი სოფელირუბრიკებიფერმერი ფერმერს

„გმირობის” დასასრული… ანუ „კოლხური ბზის მცველის“ გულში ნაფიქრი

როგორც იქნა გავბედე და ვწერ, ვწერ იმას, რაც არ მეგონა თუ ოდესმე დასაწერი მექნებოდა. ეს ალბათ ჩემი იმდროინდელი ასაკისა და ადრეულ ასაკში არსებული დიდი ამბიციების დაუზუსტებელი პროგნოზის ბრალია. მეგონა მაგარი ვიყავი, რადგან საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა გმირად მაღიარა _ „კოლხური ბზის მცველი“ მიწოდა.
საზოგადოების მხრიდან დადებითი ემოციებისა და შეფასებების მიღება 16 წლის ასაკში ცხოვრების უმაღლესი მწვერვალის დაპყრობასთან გავაიგივე.
შევცდი!
ეს არაფერია იმასთან შედარებით, რაც ცხოვრებაში შეიძლება გადაგხდეს. ეს წარმატება, უფრო დიდი წარმატებების საწინდარი უნდა გამხდარიყო ჩემს ცხოვრებაში და ვიმედოვნებ, ასეც იქნება.
არასდროს განმიზრახავს ჩემ მიერ შექმნილი პატარა სანერგე საზოგადოებისთვის დიდი ინტერესის საგანი გამხდარიყო, მაგრამ ასე მოხდა. სულ რაღაც ასეული დაუფესვიანებელი ტოტისა და იმ დროისათვის ჯერ კიდევ გაუღვივებელი, მიწაში ჩაფლული ასეულობით თესლის მარცვლის წყალობით გამიცნეს. ასე თუ, ისე გამიცნო ფართო საზოგადოებამ, ვიდრე მიცნობდა. მადლობა ყველას ამ საზოგადოებიდან. მადლობა თქვენ, რომ დამანახეთ, სად არის ჩემი მომავალი… მე აღმოვაჩინე ჩემი თავი მომავალში და მას წლების შემდეგ აგრონომად წარმოვიდგენ.
ჩემ მიერ შექმნილი სანერგის ამბავი კი ალბათ იმ ისტორიათა სამარცხვინო ნუსხში ჩაეწერება, რომელშიც ხელოვნურად, გასაპიარებლად შექმნილი ისტორიები იყრიან თავს, მაგრამ მე ერთი რამ ვიცი, ვიცი, რომ ჩვენ (მე, ბზა და ბუნება) ერთად ვართ!... მე ჩემი წვლილი უნდა შევიტანო ჩემი ქვეყნის ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებაში და „წისქვილში“ გინდ გმირი მიწოდონ და გინდ „ბუდიონა“
ჩემი გმირობა… მორჩა.
სხვაა, როდესაც საქმით ხარ გატაცებული და სხვაა, „გადამრჩენელის“ სტატუსი რომ გაქვს.
ჩემი გატაცება 2016 წელს დასრულდა და სხვა სახე მიიღო საქმემ, რომელიც ასეა, თუ ისე, წარუმატებლი ღმოჩნდა.
სხვადასხვა სამთავრობო თუ არასამთავრობო უწყებასთან მოლსალაპარაკებლად რამდენჯერმე პირდაპირი ჩართვაც კი გამოვიყენე, მაგრამ უშედეგოდ. ერთი თხოვნა მქონდა, მაქვს და მექნება მათთან (იმ უწყებებთან ვის კომპეტენციაშიც გარემოსდაცვითი საქმიანობა შედის). დიდი ხანია ვითხოვ, ჩემს სანერგეში არსებული ბზის ნერგები (3-5 წლიანი, უკვე გაჩანაგებული და დაავადებული) გადაეტანათ თავიანთ – დაცულ ტერიტრიაზე (არანაირ მატერიალურ სარგებელს არ ვითხოვდი და არც არასდროს მომითხოვია!).
სამი წელიწადია ბზის თესლს ვაგროვებ ჯანსაღი ბზის ბუჩქებიდან და მათი რაოდენობა ყოველწლიურად 1000 (ათასი) მარცვალს აღემატებოდა. მათი უყურადღებობით გაბრაზებულმა თესლი დავთესე და მათი აბსოლუტური უმრავლესობა გაფუჭდა/არ აღმოცენდა.
მოგეხსენებათ, რომ სანერგე არ არის ჩვეულებრივი ნაკვეთი, სადაც ნერგებია ჩაყრილი, სანერგეში  ბევრი სპეციფიური ნორმაა დასაცავი, იგი  მუდმივად უნდა კონტროლდებოდეს და მავნებელ-დაავადებებზე საგანგებოდ დამუშავდეს, კარგად გამოიკვებოს და ნიადაგი ტენით უზრუნველყოფილი იყოს და სხვა.
მოკლედ, თავს არ შეგაწყენთ და გეტყვით. ამდენი რამის კონტროლი მე რომ შემეძლოს და  იმის მატერიალური და ფინანსური შესაძლებლობა მქონდეს, რომ კოლხური ბზა, და არა მარტო ეს სახეობა გადავარჩინო, საქართველოს ფლორას ნამდვილად საკუთარი შვილივით მოუვლიდი და დავიცავდი გაბოროტებული, „პიარშიკი“ გარემოსდამცველებისა და მსგავსი ორგანიზაციებისგან.
ცოტა ხმამაღალი განცხადებებით გაჯერებული ტექსტია, მაგრამ გულში ნაფიქრი და გონებაში მრავალგზის გადახარშული გრძნობით არის ნათქვამი.
 PS. ნურავინ შემეხმიანება ისეთი, ვისაც კოლხური ბზის კომერციული ინტერესებისთვის გამოყენება სურს.
„კოლხური ბზის მცველი“