აგრარული განათლებააგროტექნოლოგიებირუბრიკები

ჰიდროპონიკა – მომავლის მიწათმოქმედება

მსოფლიო მოსახლეობა, რომელიც სწრაფად უახლოვდება 9 მილიარდს, კაცობრიობის წინაშე სერიოზულ გამოწვევას აჩენს, როგორ უზრუნველვყოთ მიმდინარე და მომავალი თაობების სტაბილური ცხოვრება.

მთავარ შეშფოთებას იწვევს ადამიანის ინტენსიური საქმიანობით გამოწვეული ნიადაგის მუდმივი დეგრადაცია, რაც ტყისა და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ფართობების შემცირებას იწვევს.

მეცნიერების ერთ ნაწილს მიაჩნია, რომ მომავლის სტაბილურად განვითარების  და ამ პრობლემების გადაჭრის ერთ-ერთი ეფექტიანი გზა სასოფლო-სამეურეო პროდუქტების საწარმოებლად „ჰიდროპონიკის“ მასობრივად დანერგვაა.

რა არის ჰიდროპონიკა?

ჰიდროპონიკა ფართოდ არის ცნობილი, როგორც მიწის გარეშე მეურნეობის წარმართვის ფორმა. ეს არის მცენარეების ქვიშაში, ღორღში, ბუნებრივ სუბსტრატებსა ან სითხეში, საკვები ნივთიერებების დამატებით, მაგრამ ნიადაგის გამოყენების გარეშე მცენარის გაზრდის მეთოდია.

ტრადიციულ სოფლის მეურნეობაში ნიადაგი მცენარის ფესვებს მყარ პოზიციას უნარჩუნებს და ზრდისთვის საჭირო საკვებ ნივთიერებებ საწვდის. ჰიდროპონიკის შემთხვევაში კი მცენარეებს ინერტული მასალები (მაგალითად: ქვიშა, ქოქოსის ბოჭკო და პერლიტი) იჭერენ. აუცილებელი საკვები ელემენტები: აზოტი, ფოსფორი, კალიუმი, კალციუმი, მაგნიუმი და ა.შ. ფესვებს სხვადასხვა გზით, მკვებავი ხსნარების გამოყენებით ხელოვნურად მიეწოდება.

მცენარეების კულტივირების ოპტიმალური მეთოდების შესამუშავებლად მრავალი სამეცნიერო კვლევა ტარდება.

ყველა მცენარე ზრდისთვის გარკვეულ პარამეტრებს მოითხოვს; ჰიდროპონიკურ სისტემებში ოპტიმალური შედეგების მისაღებად ზუსტად ამ პირობების იმიტაცია ხდება.

ჰიდროპონიკური კულტივირების ძირითადი მეთოდები

მცენარეების მოსაყვანად გამოიყენება შემდეგი გავრცელებული მეთოდები:

  • წვეთოვანი ირიგაციის სისტემა (Drip System) – მკვებავი ხსნარი წვეთ-წვეთად ეშვება მცენარის ფესვებზე, რათა ისინი მუდმივად ტენიანად შენარჩუნდეს.
  • დატბორვისა და დაცლის სისტემა (Flood and Drain System) – სისტემა მუშაობს მცენარის ფესვთა სისტემის პერიოდული დატბორვით საკვები ნივთიერებებით მდიდარი ხსნარით.
  • საკვები ფენის ტექნიკა (N.F.T) – ამ სისტემაში ძალიან თხელი ფენის მქონე საკვები ხსნარი უწყვეტად მიედინება მილით ქვემოთ; მცენარეების შიშველი ფესვები ეხება წყალს და მისგან ითვისებს საკვებ ნივთიერებებს.
  • წყლის კულტურა (Water Culture) – მცენარის ფესვები, რომლებიც კალათაშია მოთავსებული, პირდაპირ საკვებ ხსნარშილიფსება. ფესვები წყალქვეშ რჩება 24/7 რეჟიმში. აუცილებელ ჟანგბადს მცენარეები იღებენ საკვებ ხსნარში ამომავალი ჰაერის ბუშტუკებიდან ან წყალში გახსნილი ჟანგბადიდან.
  • აეროპონიკა (Aeroponics) – როგორც სახელი მიუთითებს, ჰაერში ჩამოკიდებული მცენარეების ფესვებს საკვები ნივთიერებები მიეწოდება ნისლის სახით, სპეციალური დამფრქვევლის ან სარწყავის მეშვეობით, რეგულარული ინტერვალებით. ჰაერში გამოკიდებულება მცენარის ზრდისთვის მაქსიმალურ ჟანგბადს უზრუნველყოფს.
  • ფითილის (სპეციალური ზონარი) სისტემა (Wick System) – რეზერვუარიდან მკვებავი ხსნარი მცენარეებს ფითილით _  კაპილარული მოქმედების პროცესით მიეწოდება. ეს ნიშნავს, რომ ის ღრუბელივით ქაჩავს და აწვდის წყალს მცენარეს ფითილის (საველეს) მეშვეობით.

ადამიანს მცენარისა და პროცესის მიზანშეწონილობის გათვალისწინებით შეუძლია, რომელიმე კონკრეტული მეთოდი აირჩიოს.

ჰიდროპონიკური სისტემების უპირატესობები

  • ჰიდროპონიკური მეურნეობის საშუალებით მცენარეების გაზრდა შესაძლებელია ნებისმიერ ადგილას, სანამ დაცულია მათი ზრდის ძირითადი მოთხოვნები.
  • ტექნიკა არ საჭიროებს პესტიციდებს ან სხვა ქიმიკატებს, რადგან არ არსებობს ნიადაგით გამოწვეული დაავადებების ან მავნებლების რისკი.
  • მონიტორინგის უწყვეტი გარემო იძლევა მცენარის ზრდის პროცესების სრული კონტროლის საშუალებას, რაც შესაძლებელს ხდის, სეზონების ცვლილების მიუხედავად, სასურველი კულტურები მთელი წლის განმავლობაში მოვიყვანოთ.
  • მარტივად მიიღწევა სრული კონტროლი კვების ბალანსზე.
  • მიიღწევა გაორმაგებული მოსავლის მიღება, რაც ზრდის პროდუქციის მოცულობას განსაზღვრული სივრციდან, აუმჯობესებს მოწეული პროდუქციის ხარისხს და მის სასურსათო ღირებულებას.
  • მოსავლის აღების სიმარტივე.

ჰიდროპონიკურმა პრაქტიკამ, სათანადო ცოდნისა და ტექნიკის გამოყენებით, ძალიან მოკლე დროში შესანიშნავი შედეგები აჩვენა. ეს მეთოდი უკიდურესად ხელსაყრელია კომერციული ფერმერებისთვის; ამიტომ, ახალი ტექნოლოგია ნამდვილად წარმოადგენს მიწათმოქმედების წინაშე წარმოქმნილ მოსალოდნელ შეზღუდვებთან გასამკლავებლად.