აგროსიახლეები

NAITS და FMS აკვაკულტურის ჯანმრთელობის მართვის გასაუმჯობესებლად

საქართველოს აკვაკულტურის სექტორში დაავადებების ადრეული გამოვლენის, ბიოუსაფრთხოების გაძლიერებისა და ჯანმრთელობის მონიტორინგის გაუმჯობესების მიზნით, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO), სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს თევზმომშენებელთა ასოციაციის მონაწილეობით, სამდღიანი სასწავლო პროგრამა გამართა.

აქტივობებს FAO-ს საერთაშორისო ექსპერტი აკვაკულტურის საკითხებში, დოქტორი რუთ გარსია უძღვებოდა. პროგრამაში რეგიონული ვეტერინარები, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები, ფერმერები და სხვა დაინტერესებული მხარეები ჩაერთვნენ. მათ ერთად განიხილეს როგორც აკვაკულტურის ჯანმრთელობის მართვის თანამედროვე მიდგომები, ასევე დაავადებების მონიტორინგისა და ბიოუსაფრთხოების საერთაშორისო პრაქტიკა.

პირველ დღეს სასწავლო სემინარი სურსათის ეროვნული სააგენტოს ცენტრალურ ოფისში გაიმართა. მონაწილეებმა იმსჯელეს ცხოველთა იდენტიფიკაციისა და მიკვლევადობის ეროვნული სისტემის (NAITS) და ფერმის მართვის სისტემის (FMS) მნიშვნელობასა და მათ გამოყენებაზე აკვაკულტურის ჯანმრთელობის მართვის, ბიოუსაფრთხოების ღონისძიებების გატარების, დაავადებების ადრეული გამოვლენის, წყლის ცხოველთა დაავადებების მონიტორინგის, ნიმუშების აღებისა და ლაბორატორიაში უსაფრთხო ტრანსპორტირების დროს. შეხვედროს მონაწილეებმა ასევე განიხილეს სააგენტოში გამოყენებული ეპიდემიოლოგიური მოკვლევის კითხვარის შეფასებისა და გაუმჯობესების შესაძლებლობები.

პროგრამის მეორე დღე საველე პრაქტიკულ სწავლებას დაეთმო, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარიანში მდებარე საკალმახე მეურნეობაში, სადაც მონაწილეებმა სემინარზე მიღებული ცოდნა რეალურ ფერმერულ პირობებში გამოიყენეს. მათ ჩაატარეს თევზის ჯანმრთელობის შეფასება, წყლის ხარისხის შემოწმება და ბიოუსაფრთხოების ღონისძიებების განხილვა, ასევე აიღეს ნიმუშები და გაიარეს მარკირების, შეფუთვისა და ლაბორატორიაში უსაფრთხო ტრანსპორტირების პროცედურები. დღე დასრულდა დაავადების გავრცელების შემთხვევაში რეაგირების ღონისძიებების სიმულაციით, რომლის განმავლობაშიც გამოყენებული იქნა NAITS და FMS სისტემები.

„NAITS და FMS ვითარდება, რომ ერთი მხრივ სახელმწიფო ინსპექტორებსა და მეორეს მხრივ ფერმერებს მიეცეთ საიმედო სისტემა, რომელიც წყლის ცხოველების ჯანმრთელობის მონიტორინგს უზრუნველყოფს ფერმიდან სუფრამდე. ამ შესაძლებლობის გაძლიერება მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოს აკვაკულტურის პროდუქტების წარმოების, მათი მიკვლევადობისა და სექტორში დაავადებების უფრო ეფექტიანი მონიტორინგისკენ“, განაცხადა მიხეილ სოხაძემ, FAO- პროექტის მენეჯერმა.

მესამე დღეს ტრენინგი გაგრძელდა კახეთის რეგიონში, წნორის სატბორე მეურნეობებში, სადაც მონაწილეებმა იგივე პრაქტიკული აქტივობები თბილი წყლის თევზის წარმოების სპეციფიკას მოარგეს. ეს მოიცავდა წყლის ხარისხის კონტროლს, ეპიდემიოლოგიური მოკვლევის პროცესის სიმულაციას და ნიმუშების უსაფრთხო ტრანსპორტირების პროცედურების დემონსტრირებას.

ტრენინგებისა და საველე ვიზიტების ფარგლებში მიღებული გამოცდილება და მონაწილეთა რეკომენდაციები გამოყენებული იქნება ცხოველთა იდენტიფიკაციის, NAITS-ის და FMS-ის აკვაკულტურის მოდულების ტექნიკური სპეციფიკაციების საბოლოო დახვეწის პროცესში. აღნიშნული პლატფორმები ფუნქციურად უზრუნველყოფენ აკვაკულტურის მეურნეობების რეგისტრაციის, იდენტიფიკაციის, მიკვლევადობის, ჯანმრთელობის მონიტორინგისა და ბიოუსაფრთხოების მართვის ერთიანი ციფრული სისტემის განვითარებას, რაც მნიშვნელოვნად გააძლიერებს სახელმწიფო ზედამხედველობას, ხელს შეუწყობს მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებას და მხარს დაუჭერს საქართველოს აკვაკულტურის სექტორის მდგრად განვითარებას.

NAITSის  პროექტს FAO ახორციელებს სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობითშვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის  სააგენტოსა (SDC) და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) ფინანსური  მხარდაჭერით  ავსტრიის საერთაშორისო პარტნიორობის ფარგლებში.