ხუთშაბათი, მაისი 23, 2024
ახალი:
ბლოგიდარგებიმედიასტატიები

ისტორიული გამოცდილება _  ყოველივე ახალი კარგად დავიწყებული ძველია

   ერი და ქვეყანა, რომელიც თავის წარსულს სრულყოფილად არ იცნობს, სათანადო პატივს არ მიაგებს, არ უკეთებს ანალიზს და არ უფრთხილდება მას შესამჩნევი განვითარების პერსპექტივა არ უწერია. ამ მხრივ, ჩვენი ქვეყანა გამონაკლისიც არ არის და წარსულის შუქ-ჩრდილების სათანადოდ შეფასება და სწორი დასკვნების გამოტანა უთუოდ სასიკეთოდ წაადგება ქვეყანასა და მის სახალხო მეურნეობის ცალკეული დარგების დროზე მორგებულ განვითარებას.

   ამ საკითხების ირგვლივ სჯაბა-ბასი მეცნიერ პრაქტიკოსებისა და სპეციალისტების მხრიდან, სხვადასხვა დონეზე ყოველთვის იყო და ბოლო წლებშიც სულ უფრო ხშირია, მაგრამ პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმა და ისეთი ეფექტური ღონისძიებების გატარება, რომელიც გარდატეხას შეიტანდა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების საქმეში ვერადავერ ხერხდება. თუ რატომ ხდება ასე და რა უნდა გაკეთდეს, რომ ბოლოსდაბოლოს სწორი აგრარული პოლიტიკის გატარება დაიწყოს ჩემი ამ სისტემაში, საკმაოდ ხანგრძლივი, მრავალმხრივი საქმიანობიდან, ისტორიული წარსულის გამოცდილებიდან და შესაბამისი ეკონომიკური ანალიზიდან გამომდინარე, ვცდილობ რიგი საკითხები სამსჯავროდ კიდევ ერთხელ გავხადო. დარწმუნებული ვარ ბევრი ჩემი კოლეგა, საქმეში ღრმად ჩახედული სპეციალისტები, სოფლად მცხოვრები და მოღვაწე ადამიანები, სწორად შეაფასებენ ამ წერილის პათოსს და თავიანთ შეხედულებასაც საჯაროდ გაახმოვანებენ.

ისტორიულადაც და ფაქტოლოგიურადაც, თავისი ბუნებრივ-კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, ჩვენი ქვეყანა ყოველთვის აგრარული იყო და არის. ამიტომ, მისი ცალკეული დარგების განვითარება, სასურსათო უსაფრთხოება და უზრუნველყოფა  ისტორიული გამოცდილებიდან, შესაძლებლობიდან და საჭიროებიდან გამომდინარე უნდა ხდებოდეს და არა კეთილი სურვილებიდან, რადგანაც ხშირად იგი ამ შესაძლებლობიდან ძალიან აცდენილია. კიდევ უფრო, სახიფათო და საშიშია ქვეყნის დამოუკიდებელი სასურსათო უსაფრთხოების საკითხების ვიღაც-ვიღაცების ნება-სურვილზე მიღება, ხშირად ზოგიერთების მხრიდან მოდაზე გამოდევნებული აგრარული პოლიტიკის დამკვიდრების მცდელობა ეკონომიკური დასაბუთების გარეშე, რომელიც ვერასოდეს იქნება შედეგის მომცემი. ქვეყნის უახლოესი ისტორიიდან, კარგად გვახსოვს, ლიბერალიზმით აღტკინებული ნებისმიერი დონის ჩინოვნიკთა მტკიცება, იმის თაობაზე, რომ სოფლის მეურნეობაში წარმოების დონეს თითქოსდა ბაზრის მოთხოვნა-მიწოდებას დაარეგულირებს და განსაზღვრავსო.

დღესაც გვხვდებიან საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე მომუშავე პირები და ისეთი ვაი სპეციალისტები, რომლებიც კერძო საუბრებში ცდილობენ საზოგადოებაში დაამკვიდრონ აზრი, რომ საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარებას პერსპექტივა არ გააჩნია. უპირატესობას ტურიზმის სფეროს უნდა ვანიჭებდეთ და აგრარული დარგი, რაღაც კუთხით მასზე იყოს მიბმულიო, რაც არასწორია და ყოველგვარ ეკონომიკურ ანალიზს მოკლებულია, რადგანაც საუკუნეების განმავლობაში საქართველომ თვითმყოფადობა დიდწილად სწორედ, რომ სოფლის მეურნეობის მრავალმხრივი განვითარების წყალობით მიაღწია და დღესაც ასე უნდა იყოს, რადგანაც ქვეყნის ეკონომიკაში ტურიზმი „მითუმეტეს უცხოური“ გარდამტეხი ვერ იქნება და ამის დასამტკიცებლად მრავალი არგუმენტის მოყვანა შეიძლება. მაგრამ, აღვნიშნავ მათგან ბევრისათვის უცნობ ერთ-ერთ გარემოებას.

არანორმალურია, როცა ქვეყანაში ვიზიტორთა რაოდენობა და შემოსავლები უცხოური ვალუტის სახით წლიდან წლამდე იზრდებოდეს, მაგრამ იმავე ტურისტთა სრულფასოვანი კვებისთვის შემოსული თანხის 60-70 % საზღვარგარეთ გაედინებოდეს ესეც, რომ არა სავალალოა, როცა ქვეყნის მოსახლეობის წლიური მოთხოვნილების დაკმაყოფილება ძირითად სასოფლო სამეურნეო პროდუქტებზე (70-75%) იმპორტის ხარჯზე ხდებოდეს. ეს მაშინ, როცა ჩვენს წალკოტ ქვეყანაში, რომელიც ხორბლისა და ვაზის სამშობლოდ არის აღიარებული, ძირითადი სასოფლო სამეურნეო პროდუქციის (ხორბლის, სიმინდის, სოიოს, ლობიოს, ბოსტნეულ-ბაღჩეულის, მეცხოველეობის პროდუქციის და ა.შ) ადგილზე წარმოება შეუძლია. ეს რომ რეალურია და წარსულში ასეც ხდებოდა, ჩვენც კარგად გვახსოვს, ამას სტატისტიკური მონაცემებიც ცხადყოფს. ბევრმა სკეპტიკოსმა, შეიძლება შემოგვედავოს ამ არგუმენტის რეალობაში, მაგრამ ფაქტი ხომ ჯიუტია.

ჩემს ბავშვობაში, კარგად მახსოვს, როცა ქობულეთის რაიონის, სოფელ ქაქუთში, ჩვენი ბეღელი და არა მარტო ჩვენი სავსე, რომ იყო ადგილზე წარმოებული ღომის, ლობიოს, სოიოს და თქვენ წარმოიდგინეთ ბრინჯისა და ფეტვის მარცვლეულით. აღარაფერს ვამბობ, სიმინდის, კარტოფილისა და ნივრის წლიური მოთხოვნილების სრულყოფილ მარაგზე. პირველი და მეორე მსოფლიო ომის პირობებში სწორედაც, რომ ჩვენმა ქვეყანამ ამის წყალობით დააღწია შიმშილობას თავი. აქ ისიც არის გასათვალისწინებელი, რომ მოსავალს ღებულობდნენ ყოველგვარი ქიმიური და ბიოლოგიური საშუალებების გამოყენების გარეშე. დღეს კი მეცნიერულ-ტექნიკური ეპოქის ხანაში და საკმაოდ, სოლიდური ფინანსური უზრუნველყოფის პირობებში, ადგილობრივი წარმოების წილი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. მიზეზები სხვადასხვაგვარია: საბაჟო, საგადასახადო სისტემის არასწორი პოლიტიკიდან დაწყებული მონოპოლიის დამკვიდრების მცდელობით დამთავრებული. ამას ისიც ემატება, რომ არაკეთილსინდისიერი ბიზნესმენი და მევახშე, არ არის დაინტერესებული შიგა წარმოების განვითარებით.

   პროფესიონალური და სამსახურეობრივი მოვალეობიდან გამომდინარე, რამოდენიმე ათეული წელია უწყვეტი კავშირი მაქვს გურია-აჭარის სხვადასხვა სოფლებთან და დასახლებულ უბნებთან და თქვენ წარმოიდგინეთ, მოსახლეობის უმეტესობა დღესდღეობით სიმინდს, ჭყინტადაც კი არ თესავს, რომ არაფერი ვთქვათ პირუტყვისა და ფრინველის სულადობის კატასტროფულ შემცირებაზე.

ბოლო 25-30 წელია სოფლებში არსად მინახავს, ახლად აგებული ნალია, ბოსელი და საქათმე (კარია). ეს ერთი და ბევრი სხვა მსგავსი თვალსაჩინო მაგალითების მოყვანა შეიძლება ბოლო 3 ათეული წლებია თუ რა „აღმავლობა“ განიცადა და განიცდის ქართული სოფელი და სოფლის მეურნეობა. რა არის ამის მიზეზი? რა თქმა უნდა, ობიექტურიც და სუბიექტურიც, მაგრამ ძირითადი მაინც არასასურველი ორგანიზაციულ-პოლიტიკური მიდგომაა და სოფელზე მორგებული შრომისა და ყოფის სწორი, გამართული იურიდიულ-სამართლებრივი ფორმის არარსებობა.

   როდემდე შეიძლება თავს ვიტყუებდეთ და სოფლად მაცხოვრებელთა ყველა ოჯახს (კომლს), რომლებიც საკუთრებაში მხოლოდ 1000 დან 2500 კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთის მფლობელია და წლის განმავლობაში ერთი საჯიშე მამალი და დეკეული ვერ გამოუზრდია, მეცხოველეობისა და მემცენარეობის პროდუქციის წლიური მოთხოვნილების ნახევარიც ვერ უწარმოებია, ფერმერებად მოვიხსენიებდეთ და მათ ბაზაზე თითქოს და შექმნილ (ფერმერულ მეურნეობებზე) მილიონებს ვხარჯავდეთ.

ნუთუ ძნელია, ანდა სირცხვილია ვისაც სოფელთან კავშირი აქვს, სოფლად ცხოვრობს, სასოფლო სამეურნეო საქმიანობით არის დაკავებული, უბრალოდ მიწის მესაკუთრე ვუწოდოთ და არა ფერმერი, რადგანაც ცნება ფერმერი კლასიკური გაგებით, სოფლად სულ სხვა დონისა და გაქანების მეწარმეს ნიშნავს. ჩვენ შემთხვევაში კი, სოფლად არაფრის მქონე ისეთივე ფერმერია, როგორც ჯიბეში კაპიკის მქონე მილიონერია. როდემდე შეიძლება, ადამიანებს სოფლად დამაგრებას, დაბრუნებასა და ცხოვრებას მოუწოდებდე და მას კანონის დონეზე უკრძალავდე ოდესმე მისი წინაპრების, სოფლებისა და შემდგომში კოლმეურნეობების საკუთრებაში ძალად გადასული ტყეების სათიბ-საძოვრების და სხვა ბუნებრივი რესურსების გამოყენება სარგებლობას.

როგორ შეიძლება სოფლად ადამიანს ჭიგოებად და გიდელ-გოდრის მოსაწნელად ხე-ბუჩქნარების სარგებლობისათვის იმ ოდენობის ფულად ჯარიმებს აკისრებდე, რასაც მთელი ოჯახის წლიური შემოსავალი ვერ ფარავდეს. თანაც თუ ეს ხე-მცენარეები სწრაფი ბუნებრივი თვითაღდგენის შესაძლებლობით გამოირჩევა (თხილი, თხემლა და ა.შ).

მიზეზი კიდევ ბევრია, რომელთა სრული ჩამოთვლა ერთ პუბლიკაციაში შეუძლებელია და ალბათ, არც არის საჭირო, რადგანაც მათ შესახებ სხვადასხვა დოზით სხვადასხვა პიროვნებების მხრიდან არაერთხელ თქმულა და მოგვისმენია. მაგრამ, არ შემიძლია კიდევ ერთი რამ არ აღვნიშნო, რომელიც ადგილზე სოფლისა და სოფლის მეურნეობის შემდგომი განვითარების ამოსავალი წერტილი იქნება: სანამ სოფლებს არ მიეცემათ ადრე მათ მფლობელობაში, არსებული მიწების, სათიბ-საძოვრების და სხვა ბუნებრივი რესურსების ფლობისა და განკარგვის უფლება, მანამდე ყოველგვარი ცდა, გატარებული ღონისძიებები, განხორციელებული პროგრამები ნაკლებ ეფექტიანი, უფრო ზუსტად, უშედეგო იქნება და ეს, რომ ასეა, იმ უამრავი მაგალითებიდან ქვეყანაში კოოპერატივების შექმნასა და ჩამოყალიბებაზე დახარჯული შრომა და ფინანსებიც საკმარისია.

კოოპერაციული მეურნეობების საქმიანობა, რომ თავისთავად სარფიანია და მოსახლეობის ფართო ფენებზეა გათვლილი საყოველთაოდ ცნობილია, უფროსი თაობისათვის კი არა ახალია, ძველია და ბევრ ჩვენგანს თავადაც მიგვიღია მონაწილეობა ამგვარ საქმიანობაში, რადგანაც თავისი არსით კოლექტიური შრომის ორგანიზაციის ისეთი ფორმები, როგორიცაა, კიბუცები, კოლმეურნეობა, სოფლის მეურნეობის პროდუქციის დამზადებისა და რეალიზაციის კოოპერატივები იგივე ერთობლივი შრომის ფორმა იყო, თანაც მასში გაერთიანებული იყო მთელი სოფლის ადამიანური ბუნებრივი და მატერიალურ-ტექნიკური სიმძლავრეები.

დღეს კი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში ხელოვნურად შექმნილი კოოპერატივების შედეგად რა მივიღეთ, რომელთა ჩამოყალიბებაზე სოლიდური თანხები დაიხარჯა, მაგრამ დღეს საგადასახადო ორგანოებში ფინანსური ბრუნვა 2 ათეულზე მეტს არ უფიქსირდება?! ანუ აღმოჩნდა, რომ უფუნქციოდ არის, რადგანაც შექმნის დღიდან არ აქვთ საჭირო რაოდენობის, როგორც მატერიალური ისე ფინანსური რესურსი.

ამის მსგავსად, არაფრისმომცემი გამოდგა ხელოვნურად ჩამოყალიბებული, ინკუბატორები და კიდევ ბევრი სხვა გაურკვეველი დანიშნულების ორგანიზაციები, რომელთა კონკრეტული დასახელებისაგან ამჟამად თავს შევიკავებ. ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ ყოველგვარი ახალი წამოწყება (საქმიანობა) ხშირად კარგად დავიწყებული ძველია. თანაც უფრო ცუდი სასტარტო მაჩვენებლებით. რადგანაც ასეთი საქმიანობის დაწყებას, მითუმეტეს, როცა იგი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, აუცილებლად წინ უნდა უსწრებდეს ამ საქმიანობის ეკონომიკური დასაბუთება.

ამწუხაროდ, არა თუ დაწყებამდე, არამედ წლების გავლის შემდეგაც კი არ ხდება გატარებული (განხორციელებული) ამგვარი რეფორმებისა და ღონისძიებების, ეკონომიკური მაჩვენებლების (მოსავლიანობა, პროდუქტიულობა, თვითღირებულება, რენტაბელობა, მოგება, წაგება და ა.შ) გაანგარიშება.

ამიტომაც არის, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობიდან დღემდე სოფლის მეურნეობის სისტემაში, დახარჯული მილიონების, თუ არა მილიარდების, უკუგება ბევრ შემთხვევაში უარყოფითია. თუ ვინმე სხვაგვარად ანგარიშობს ან კითხულობს, მზად ვართ შესაბამის სპეციალისტებთან ერთად, მოვახდინოთ ერთი ან რამოდენიმე განხორციელებული პროგრამებისა და ქვეპროგრამების ეკონომიკური ანალიზი, მისი საჯარო განხილვა, სადაც ნათლად გამოჩნდება თუ რატომ ვერ ვღებულობთ ადეკვატურ შედეგს.

საერთოდ მიგვაჩნია, რომ არამარტო სოფლის მეურნეობაში, არამედ სახალხო მეურნეობის სხვა დარგებშიც განხორციელებული ინვესტიცია, მაშინ უპასუხებს სრულად თავის დანიშნულებას, როცა იგი მწარმოებლურ სფეროშია (საქმიანობაში, დარგში ) დაბანდებული. სხვა შემთხვევაში იგი მოკლე დროის განმავლობაშია ეფექტის მომტანი და ისიც დასაქმების მხრივ, თორე გრძელვადიან პერსპექტივაში ასეთი საქმიანობა, უბრალოდ მევახშეობაა და მეტი არაფერი.

ნუგზარ ოქროპირიძე

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგროსერვის ცენტრი, სწავლული აგრონომი, სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეკონომისტ-ორგანიზატორი, ზოოტექნიკოსი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი