ჯიღაურაში საქართველო-ესპანეთის ერთობლივი სამეცნიერო-პრაქტიკული აგროფორუმი გაიმართა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ბაზაზე საქართველო-ესპანეთის ერთობლივი სამეცნიერო-პრაქტიკული აგროფორუმი „ხეხილის ბაღების მოვლის თანამედროვე ესპანური აგროტექნოლოგიები“ გაიმართა.
აგროფორუმი სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისა და ესპანეთის აგროკორპორაციის „Viveros Verón“ თანამშრომლობით ჩატარდა. ღონისძიების მიზანი მეხილეობის სფეროში თანამედროვე ტექნოლოგიების, სამეცნიერო მიღწევებისა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება, ასევე ქართველი ფერმერებისა და დარგის სპეციალისტებისთვის ინოვაციური მიდგომების გაცნობა იყო.
ფორუმი სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ გახსნა.
„სახელმწიფო განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ახალი ხეხილის ბაღების გაშენებას, განსაკუთრებით პერსპექტიული ჯიშების წარმოებაში დანერგვას. მეხილეობა საქართველოს სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგია. სწორედ ამიტომ, აუცილებელია თანამედროვე ტექნოლოგიებისა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება. დღევანდელი აგროფორუმი ამის კარგი მაგალითია, რადგან ქართველ სპეციალისტებსა და ფერმერებს შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ ინოვაციურ მიდგომებს და იმ გადაწყვეტილებებს, რომლებიც კლიმატური გამოწვევების პირობებში მეხილეობის სექტორის განვითარებას შეუწყობს ხელს“, – განაცხადა ლევან უჯმაჯურიძემ.
ფორუმის ფარგლებში სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეხილეობის კვლევის სამსახურის უფროსმა, ზვიად ბობოქაშვილმა, მეხილეობის მიმართულებით ცენტრში მიმდინარე სამეცნიერო კვლევები და მიღწეული შედეგები წარადგინა.
აგროფორუმზე ქართველმა და ესპანელმა მეცნიერებმა და დარგის ექსპერტებმა მონაწილეებს მეხილეობის სფეროში თანამედროვე მიდგომები და პრაქტიკული გამოცდილება გაუზიარეს. განხილვის თემებს შორის იყო ხეხილის ახალი ჯიშების შერჩევა და შეფასება, თანამედროვე სანერგე მეურნეობის განვითარება, ბაღების მართვისა და გასხვლის სისტემები, მორწყვისა და ფერტიგაციის თანამედროვე მეთოდები, კლიმატური რისკების შემცირება და ინოვაციური აგროტექნოლოგიების დანერგვა.
ღონისძიებას ფერმერები, აგრონომები, მეცნიერები, სანერგე მეურნეობების, კერძო სექტორისა და აგრობიზნესის წარმომადგენლები, აგრარული მიმართულების სტუდენტები და მეხილეობის სფეროთი დაინტერესებული სხვა პირები ესწრებოდნენ.
აგროფორუმის დასასრულს მონაწილეებმა ჯიღაურას ბაზაზე არსებული ვაზისა და ხეხილის უნიკალური საკოლექციო ნარგაობები დაათვალიერეს.

