დარგებიმევენახეობა-მეღვინეობა

ჯვარი – თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიშია


გავრცელებულია ქართლში.

ევროპული წესით დაყენებული ღვინო არის ქარვისფერი, საკმაოდ სხეულიანი და სასიამოვნო გემური თვისებების.

შერეული სახით გავრცელებული იყო სამგორის, მცხეთის, კასპის და ბოლნისის ვენახებში.

ყვავილი მდედრობითი სქესისაა.ხასიათდება საშუალო ზრდა-განვითარებით. ზრდასრული ფოთოლი საშუალოზე დიდი ზომისაა, გულისებური ფორმის, სამ-ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე სუსტადაა შებუსული ჯაგრისებურად, რაც ძარღვების გასწვრივ ჭარბობს.

მტევანი ძირითადად საშუალო ზომისაა, კონუსური ფორმის, ხშირად დატოტვილი, კუმსი ან საშუალო სიკუმსის, გვხვდება ზოგჯერ თხელი მტევნებიც. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, კანი შედარებით თხელი, რბილობი საშუალო სიმკვრივის, საკმაოდ ტკბილი გემოთი.

სავეგეტაციო პერიოდი საშუალოდ შეადგენს 160-163 დღეს. სრულ სიმწიფეში სექტემბრის ბოლოს შედის. მტევნის საშუალო წონაა 150-170 გრამი. ყურძნის წვენის შაქრიანობა აღწევს 18-22% – ს, მჟავიანობა 7-9გ/ლ