აგრარული განათლებარუბრიკები

კაკალი Juglans Regia

კაკალი, ნიგვზის ხე ერთ-ერთი გამორჩეული ძვირფას ნაყოფიანი კაკლოვანი კულტურაა. მისი დასახელება – კაკალი, Walnuts, Орех და სხვ. მრავალ ენაში წარმოადგენს კრებსითი მნიშვნელობით გამოყენებულ საფუძველს სხვა კაკალნაყოფიანი კულტურების ჯგუფის აღწერის მიზნით. კულტურის ლათინური დასახელება Juglans Regia  ღეგია ღმერთის (იუპიტერის) სამეფო ნაყოფს აღნიშნავს. სხვადასხვა ენაზე ზოგჯერ უწოდებენ ბერძნულ კაკალს, სპარსულ კაკალს, ჩერქეზულ კაკალს, კარპატულ კაკალს, ინგლისურ კაკალს და ა.შ.
 კაკალი წარმოდგენს მძლავრი ფესვთა სისტემით გამორჩეულ მრავალწლოვან ფოთოლმცვივან ძლიერი ზრდის ხეს, რომლის სიმაღლე 5 – 30 მეტრამდე მერყეობს. მისი ნაყოფი ნაჭუჭიანი კურკიანაა (ე.წ. „კაკალი“), რომელიც მოთავსებულია მწვანე ნაყოფგარემოში – ლენჯოში. კაკლის შიგნით მოთავსებულია მოყავისფრო-მოთეთრო ფერის ლებნები (ნიგოზი), რომელიც ნაწილობრივ გაყოფილია თხელი მყარი აფსკით, ე.წ. უღელით.

კაკალი მიეკუთვნება წიფლისნაირების რიგის კაკლისებრთა ოჯახს. თანამედროვე კულტივირებული კაკალი ბოტანიკურად წარმოადგენს ევრაზიულ პოპულაციებში სხვადასხვა ფორმების კომპლექსური ურთიერთქმედების შედეგად მიღებულ ტაქსონს, რომელიც ხასიათდება მნიშვნელოვანი ეკოტიპიური დიფერენციაციით.

იგი ბუნებაში გავრცელებულია კავკასიაში, ჩრდილო-აღმოსავლეთ თურქეთში, ირანში, მცირე აზიაში, ბალკანეთის ნახევარკუნძულზე, შუა აზიასა და ჩინეთში. მიჩნეულია, რომ მისი მრავალფეროვნებისა და წარმოშობის რამდენიმე ძირითადი ცენტრი არსებობს, რომელიც მოიცავს სამხრეთ კავკასიას, კარპატების მთიანეთს და შუა აზიას. საქართველოში კაკლის ველური ბუნებრივი კორომები გვხდება პანკისის ხეობასა და ალაზნის ველის ჭალებში.

კაკლის ნაყოფების საკვებად გამოყენებას 6000-8000 წლიანი ისტორია აქვს. როგორც ერთ-ერთი ადგილობრივ კაკალ-ნაყოფიანი კულტურას საქართველოში მას უძველესი დროიდან იცნობენ და ფართოდ იყენებენ. ამჟამად, კაკალი ერთ-ერთი სამეურნეო მეტად მნიშვნელოვანი კაკალნაყოფიანი კულტურაა, რომელსაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით აშენებენ.

მსოფლიოში კაკლის ყოველწლიური წარმოება 3 700 000-3 800 000 ტონის ფარგლებშია (FAO stat, 2018). სამრეწველო ბაღების ყველაზე დიდი ფართობები განლაგებულია ჩინეთში, აშშ -ში, ირანში, თურქეთში, მექსიკაში, უკრაინასა და ჩილეში. საქართველოში კაკლის ყოველწლიური წარმოება 5 000-10 000 ტონის ფარგლებშია.

კაკლის სამრეწველო ბაღების ფართობი საქართველოში 4000 ჰა-ზე მეტია, რომელთა უდიდესი ნაწილი გაშენებულია 2015 წლის შემდეგ.

კაკალი ფართოდ გვხვდება მთელს ქვეყანაში, როგორც ერთეული ხეების სახით საკარმიდამო ბაღებსა თუ ნაკვეთებში, ასევე მაგისტრალური გზების გასწვრივ – კაკლის ხეივნების სახით. საქართველოში კაკლის ადგილობრივი სორტიმენტი შედგება ინტროდუცირებული, ადგილობრივი მკვლევარების მიერ შერჩეული და ხალხური სელექციის გზით მიღებული ჯიშებისაგან.

 კაკლის ადგილობრივი ფორმებიდან ბაღებში გვხვდება და მკველევარების მიერ დახასიათებულია შემდეგი ჯიშები და ჯიშ-პოპულაციები: კასპურა, გარეჯი, ავენისური, მანგლისური, არაგვი, აწყური, გორული, უჯარმა და სხვ. ძალიან საინტერესოა ქართველი სელექციონერების მიერ მიღებული ახალი ლატერალური მსხმოიარობის მქონე ფორმები და ჯიშები – ნუგო, ანანო (სელექციონერი ნ. შენგელია ) და სხვ.

კაკლის ზოგიერთ ძველ ბაღში გაშენებულია ლატერალურ-აპიკალური მსხმოიარობის ბულგარული ჯიშები, როგორიცაა დრიანოვსკი, სილისტრენსკი, იზვორ 10 და შეინევო. უკანასკნელ პერიოდში ახალ გაშენებულ ბაღებში ძირითადად წარმოდგენილია ამერიკული და ფრანგული სელექციის საერთაშორისო ჯიშები – ჩენდლერი, ფრანკეტი, ფერნორი, ლარა, ფერნეტე და სხვ.

კვებითი ღირებულება და გამოყენების პირობები

გატეხილი კაკლიდან ამოღებული გული – ნიგოზი, გარდა იმისა, რომ გამორჩეულად გემრიელი საკვებია, ასევე მეტად მდიდარია ადამიანისათვის სასარგებლო მთელი რიგი ნივთიერებებით. იგი დიდი რაოდენობით შეიცავს მცენარეულ ცხიმებს (45-77%), ნახშირწყლებს და ცილებს (8-21%). ნიგოზი საგრძნობი რაოდენობით შეიცავს ვიტამინებს (B1, B6, B7), უჯერ ცხიმოვან მჟავებს (ომეგა-3) და სხვა მნიშვნელოვან მინერალურ ნივთიერებებსკალციუმს, მანგანუმს, სპილენძს, ფოსფორსა და რკინას. კაკლის ლენჯო და უღელი გარკვეული რაოდენობით შეიცავს იოდს და სხვადასხვა სახის პოლიფენოლებს.

ნიგოზი ფართოდ გამოიყენება როგორც სხვადასხვა დიეტების ერთერთი კომპონენტი და მისი რეგულარული მოხმარება ხელს უწყობს წონის შენარჩუნებას. იგი მდიდარია ომეგა-3-ის შემცველი ცხიმებით და შეიცავს დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტებს, ნიგოზის მოხმარება ამცირებს ქოლესტერინის შემცველობას სისხლში, ხელს უწყობს გულსისხლძარღვოვანი დაავადებების განვითარების პრევენციას, მელატონინის შემცველობის გამო აუმჯობესებს ძილის ხარისხს, აძლიერებს თმის ზრდას ბიოტინის (B7) მოქმედებით, ამცირებს ოსტეოპოროზის, დიაბეტისა და დემენციის განვითარების რისკს, აუმჯობესებს ტვინის მუშაობასა და ფერტილობის ხარისხს. ნიგვზის მიღება ასევე თავიდან გვაცილებს ისეთ საშიშ ავადმყოფობებს, როგორიცაა ონკოლოგიური მიმართულების დარღვევები, ეპილეფსია და სხვ.

ნიგოზს ძირითადად იყენებენ როგორც პირდაპირ მოსახმარად, ასევე ე.,წ საკვები წასახემსებლების – „სნეკების“ შემადგენელ მნიშვნელოვან ნაწილად. ნიგოზს ასევე ამატებენ სხვადასხვა სალათებში, ბურღულეულებში და სუპებში. კაკალს ფართო გამოყენება აქვს ნამცხვრების, შოკოლადების, ტკბილეულებისა და სხვა საკონდიტრო პროდუქტების დამზადებისთვის. ქართული სამზარეულო და ტკბილეულობა ნიგვზის გამოყენების გარეშე წარმოუდგენელია. კაკლისგან დამზადებული უგემრიელესი ნიგვზნიანი კერძები, სხვადასხვა ტკბილეული, გოზინაყი და ჩურჩხელა საქართველოს სავიზიტო ბარათად არის გადაქცეული.

კაკლის ზეთი ასევე მეტად ძვირფასი და გამორჩეული პროდუქტია, რომელსაც იყენებენ კულინარიასა და სხვადასხვა სალათების მომზადების დროს. კაკლის გამოყენების ასევე საინტერესო მიმართულებას წარმოადგენს მისი მწვანე ნაყოფებისგან მურაბის დამზადება, რომელიც იშვიათი საგემოვნო თვისებებით ხასიათდება. კაკლის ლენჯოსგან შესაძლოა დამზადდეს სხვადასხვა საღებავები და პიგმენტები. კაკლის ფოთლებს, უღელს და ლენჯოს გარკვეული გამოყენება აქვს სამედიცინო დანიშნულებით. კაკლის მერქანი ასევე ძვირფას მასალას წარმოადგენს ორიგინალური ფაქტურის ავეჯის, თოფის კონდახებისა და სხვადასხვა ნივთების დასამზადებლად.

გარემო ფაქტორების მიმართ დამოკიდებულება

ნიადაგი

კაკალი კარგად ხარობს ჰუმოსოვან, შედარებით საშუალო სიმკვრივის, ან მსუბუქ თიხნარ ნიადაგებზე, რომლებიც ხასიათდებიან ნაყოფიერი ფენის მნიშვნელოვანი სიმძლავრით. კაკლის ხე ასევე აქტიურად იზრდება მდინარეების ნაპირების ალუვიურ ნაფენებზეც. ნიადაგის პH-ის მაჩვენებლების მიმართ ტოლერანტულია, თუმცა მაღალტუტიან ნიადაგებზე ზოგჯერ ზიანდება ქლოროზით. კაკლის ბაღის გაშენების დროს აუცილებელია გათვალისწინებული იყოს დრენაჟის პირობები – იგი ნაკლებად ეგუება სველ, წყალგაუმტარ ნიადაგებს. გრუნტის წყლების ზედაპირთან ახლოს დგომით, ასეთ პირობებში კაკლის ფესვი ასფიქსიას განიცდის, ზიანდება ფესვის სხვადასხვა სახის სიდამპლეებით და ადვილად იღუპება, ამიტომ ადგილებში სადაც გრუნტის წყალი 1,5 -2,5 მეტრზეა მიწის ზედაპირთან, კაკლის გაშენება მიზანშეწონილი არ არის. ბიცობიანი ნიადაგების მიმართ კაკალი საკმაოდ მგრძობიარეა და EC=1.5dS/m-ის შემდეგ მისი მოსავლიანობა მნიშვნელოვან შემცირებას იწყებს.

ტემპერატურული რეჟიმი

კაკალი სინათლისმოყვარე და ზრდასრულ ასაკში საკმაოდ გვალვაგამძლე მცენარეა, მოსავლის მისაღებად მოითხოვს 2800 – 3200 ∑T > 50Cაქტიურ ტემპერატურათა ჯამს. კაკლის ბუნებრივი გავრცელების არეალში საშუალო წლიური ტემპერატურა +8 + 120C-ია, ხოლო ყველაზე თბილი თვეების საშუალო ტემპერატურა არანაკლებ +200C. მცენარის სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლივობა – 150-200 დღეა.

კაკლის ზამთრის ყინვაგამძლეობა მერყეობს ჯიშების მიხედვით და ძირითადად – 20 -220C-ის ფარგლებშია (ზამთარგამძლეობის 5-9 ზონა), თუმცა ზოგიერთი გენოტიპი – 30-320C ყინვასაც უძლებს. აღსანიშნავია, რომ კაკლის ახალგაზრდა ყლორტები მეტად მგრძნობიარეა გაზაფხულის მცირე საგვიანო წაყინვების მიმართ, რომელიც სერიოზულად აზიანებს და სტრესულ მდგომარეობაში აგდებს მცენარეს. მთიან ადგილებში (1200 – 1500 მ-ზე ზევით) კაკლის ერთწლოვან და მრავალწლოვან ნაწილებს სიცივე მნიშვნელოვნად აზიანებს, ამიტომ მისი გაშენება ზღვის დონიდან მაღალ ზონებში ნაკლებად სასურველია.

ალექები

კაკალი წყლის რეჟიმის მიმართ მეტად მომთხოვნი მცენარეა. ვარჯის სიდიდის გამო, იგი საგრძნობი რაოდენობით წყალს აორთქლებს, რომლის კომპენსაციაც აუცილებლად უნდა მოხდეს, ან ბუნებრივი ნალექების ან მორწყვის მეშვეობით. წლიური ნალექები 800-1000 მმ-ის ფარგლებში კაკლის კულტურისთვის სასურველად არის მიჩნეული. ჭარბი ნალექების პირობებში კაკალი ადვილად ავადდება სხვადასხვა დაავადებით, ამიტომ მაღალტენიან კლიმატში სამრეწველო ბაღების გაშენებას თავს არიდებენ.

მავნებელდაავადებები

კაკლის პათოგენებით დაზიანებას მნიშვნელოვნად აძლიერებს არახელსაყრელი პირობები, როგორიცაა გახშირებული ნალექები გაზაფხულის პერიოდში, წაყინვები, გაუარესებული დრენაჟი, გრუნტის წყლის ახლო დგომა და სხვ. ანთრაქნოზი (მარსონიოზი) კაკლის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა, რომელიც ვლინდება ფოთლებსა და ნაყოფებზე ყავისფერი, შემდეგ რუხი ფერის მრგვალი ლაქების განვითარებით, რაც მნიშვნელოვნად ასუსტებს მცენარეს და ამცირებს მოსავლის რაოდენობას და ხარისხს. ასევე არანაკლებ საშიში დაავადებაა ბაქტერიოზი, Xanthomonas arboricola pv.juglandis, რომელიც თავს იჩენს წვიმიანი და ნესტიანი გაზაფხულის პირობებში.

ბოტრიოსფერიაც კაკლის დაავადებათა რიცხვს მიეკუთვნება, რისი კონტროლიც აუცილებელია მოსავლის გადასარჩენად. კაკალს ასევე საგრძნობლად აზიანებენ სხვადასხვა მავნებლები – ვაშლის ნაყოფჭამია, მაჟაურა, ქეჩისებური და აბლაბუდიანი ტკიპები, ბუგრები და ა.შ.

მორფოლოგიური ნიშნები

 ხე

კაკალი წარმოადგენს დიდი ზომის ტანმაღალ ხეს, რომლის ზოგიერთი ეგზემპლარის სიმაღლე 30-35მ სიმაღლეს აღწევს. კაკლის ხე ასევე ივითარებს მძლავრ, ნიადაგში ვერტიკალურად მიმართულ ცენტრალურ მსხლის ფორმის მსგავს ფესვს, რომელიც წარმოადგენს მცენარის ძირითად საყრდენ საფუძველს, თუმცა კაკალი ასევე ხასიათდება ჰორიზონტალურად განვითარებული ძლიერი და კარგად განტოტვილი ფესვთა სისტემითაც.

არჯი

კაკალს ახასიათებს მძლავრი 15-20 მეტრამდე სიმაღლის ჩახშირებული, დიდი ზომის ძლიერი ვარჯი. ვარჯის ფორმა ცვალებადობს სფერულიდან პირამიდალურამდე.

 შტამბი

კაკლის ხე ივითარებს 40-80 სმ-ის, ზოგჯერ 2-2,5 -მდე მეტრამდე დიამეტრის ძლიერ შტამბს. ვარჯის დატოტვა ეწყება 1.5 -2,0 მეტრის შემდეგ, ახალგაზრდა ხეების კანი ღია ნაცრისფერია, წლოვანების მატებასთან ერთად შტამბი იღებს ყავისფერ ან რუხ ნაცრისფერში გარდამავალ შეფერვას, რომელზეც ჩნდება ყავისფერი, გამოკვეთილი ნაწიბურები, ან ღრმა ნაჭდევები.

 ვეგეტატიური და სანაყოფე ტოტები

კაკალი ძირითადად მსხმოიარობს ერთწლიან ტოტებზე. ახალგაზრდა ასაკში ივითარებს ღია მოყავისფრო შეფერვის გრძელ, 1-1,5 მეტრის სიგრძის, 1 სმ-მდე სისქის ვეგეტატიურ ტოტებს. რომელთა ზრდის სიძლიერე ასაკში შესვლის შემდეგ მნიშვნელოვნად მცირდება. კვირტები მსხვილია და ტოტებზე მორიგეობით არის განლაგებული. კაკლის ყლორტები ინტენსიურად იზრდება მაისის მესამე დეკადამდე, შემდეგ ზრდის სიძლიერე შედარებით მცირდება და მთლიანად სრულდება ივლისის ბოლოს – აგვისტოს პირველ ნახევარში კენწრული აპიკალური კვირტის ჩასახვით.

ფოთოლი

კაკალი ივითარებს რთულ ფოთოლს. ჩვეულებრივ, ფოთლის გრძელ სეგმენტურ ყუნწზე განლაგებულია 7-9 ერთმანეთის საპირისპიროდ ან სპირალურად განლაგებული ფოთოლაკები, რომელიც ერთი ფოთლით მთავრდება (კენტფრთართული) – დამასრულებელი ფოთოლაკი ყველაზე დიდია. ფოთლების სიდიდე მნიშვნელოვნად ცვალებადობს ერთი ხის ფარგლებში, სადაც გვხდება როგორც პატარა, ასევე გაცილებით დიდი ზომის ფოთლები. ფოთლის სიგრძე 10-25 სმ-ია, ხოლო სიგანე 5-15 სმ-მდე. ფოთლები მეტად გლუვი და პრიალააა, ფოთლის შიდა მხარე უფრო ღია მწვანე ფერისაა, ვიდრე ზედა მხარე. ფოთლის წვერი ან მომრგვალებულია, ან გამოკვეთილი მახვილწვერიანი. კულტურული ჯიშების ფოთლის კიდე – კიდემთლიანია, ხოლო ველური ფორმების – წვრილად ხერხკბილა. ფორმის მიხედვით კაკლის ფოთლები ასევე ცვალებადობს, თუმცა ისინი ძირითადად უფრო ოვალური ფორმისაა.

ვავილი

 კაკალი გაყოფილ სქესიანი ერთბინიანი მცენარეა, რომელიც ივითარებს ხეზე ერთამანეთისგან დამოუკიდებლად ჩამოყალიბებულ მამრობით და მდედრობით რეპროდუქციულ ორგანოებს. იგი ყვავილობს ფოთლის გაშლასთან ერთად. მამრობითი ყვავილი წარმოადგენს წაგრძელებული ფორმის ჩამოკიდებულ მჭადას, საიდანაც მომწიფების შემდეგ ხდება მტვერის გაფანტვა. მამრობითი ყვავილის მტვერი, საკმაოდ მსუბუქია და ქარის მეშვეობით შესაძლოა 1000-1500 მ-მდე მანძილზე გადაადგილდეს. მდედრობითი ყვავილი მოკლეა, შედგება ორ ნაწილიანი დოქის ფორმის მწვანე შებუსული თანაყვავილისაგან. ჯამი წარმოადგენს ერთმანეთში შეზრდილ ოთხ ფოთოლაკს, ნასკვი ერთბუდიანია, ორად გაყოფილი ნაკვთიანი დინგით.

კაკლის სასაქონლო ნიშნებიდან განსაკუთრებით ღირებულია ნაყოფის სიდიდე, გულის გამოსავლიანობა და ნიგოზის ფერი. გაუტეხავი კაკლის მასა კომერციულ ჯიშებში საშუალოდ 9-15გ-ს შეადგენს. კაკლის ჯიშების გულის გამოსავლიანობა 38-52 %-ის ფარგლებშია – როგორც წესი თხელნაჭუჭიანი გენოტიპების გამოსავლიანობა უფრო მაღალია, ვიდრე სქელნაჭუჭიანი ფორმების. ცალკე აღსანიშნავია, ისეთი საინტერესო სასაქონლო ნიშნები, როგორიცაა კაკლის გატეხვის შემდეგ მთლიანი ლებანის თავისუფლად ამოღების შესაძლებლობა. ნიგოზის ფერს მეტად დიდი მნიშვნელობა აქვს – ნიშანდობლივია, რომ მარკეტინგული მოთხოვნა უფრო მაღალია ღია ფერის ნიგვზიან ჯიშებზე ვიდრე მუქფერიანზე. ფერის გრადაციის მიხედვით განასხვავებენ შემდეგი ფერის ნიგოზს – თეთრი- ღია ყვითელი – Extra Light, ყვითელი Light, ყავისფერი Light amber და მუქი ყავისფერი – amber.

კაკლის ჯიშებს ასევე აჯგუფებენ ცხიმიანობის მიხედვით: 50 %-ზე ნაკლები ცხიმის შემცველობის ნიგოზი მიეკუთვნება ძალიან დაბალი შემცველობის ჯგუფს, ხოლო 65 – 70 % -მაღალ შემცველობის ჯგუფს.

კაკლის ჯიშების დახასიათებაში განმსაზღვრელი როლი უკავია ნაყოფების ისეთ პომოლოგიური ნიშნებს, როგორიცაა ნაყოფის ფორმა, ნაჭუჭის სიმტკიცე, ნაჭუჭის ხაოიანობა და სხვ.

კაკლის ჯიშებში ასევე გამოირჩევა გამოირჩევა ძნელად გასატეხი, მაგარ ნაჭუჭიანი „კერკეტი“ და მსხვილნაყოფა ე.წ. „ბომბა“ კაკლების პოპულაციები, რომლებსაც იყენებენ საძირეებად ან დეკორატიული მიზნით.

ბიოლოგიური თავისებურებები

ზრდა და მსხმოიარობა

კაკალი ახასიათებს აქტიური და ძლიერი ზრდა ახალგაზრდა ასაკში, რომელსაც მოსავლიანობის დაწყების შემდეგ მნიშვნელოვნად ანელებს. კაკალი ჩვეულებრივ მოსავლის მოცემას საკმაოდ გვიან, დარგვიდან მე- 6-8 წელს იწყებს, ხოლო სრულმსხმოიარობაში 12-15 წლის ასაკში შედის. მსხმოიარობის პერიოდი საკმაოდ ხანგრძლივია და პროდუქტიული პერიოდი 40-60 წელს აღწევს. კაკლის სამრეწველო ბაღები ძირითადად შენდება ნამყენი ნერგით. კაკლის ჯიშები ერთმანეთი განსხვავდებიან მსხმოიარობის ტიპის მიხედვით. კაკლის ჯიშების უმეტესი ნაწილი მსხმოიარობს უპირატესად ერთწლიანი ტოტების კენწრულ (აპიკალურ, ტერმინალურ) კვირტებზე, ამიტომ ასეთ ჯიშებს აპიკალური მსხმოიარობის ჯიშებს უწოდებენ. ასეთი ჯიშები უპირატესად გვიან შედის მსხმოიარობაში და ძალიან ძლიერი ზრდით ხასიათდებიან.

ჯიშებს შორის გამოიყოფა მეორე ჯგუფი, რომელსაც ახასიათებს შერეული ტიპის მსხმოიარობა – ისინი მოსავალს იძლევიან არამარტო კენწრულ, არამედ ტოტების შუალედური კვირტებიდან გამოსულ გვერდით (ლატერალურ) ტოტებზე, ასეთ ჯიშებს ლატერალური მსხმოიარობის ჯიშებს უწოდებენ. ლატერალური ჯიშები ადრეულად იწყებენ მსხმოიარობას და შედარებით კომპაქტური შეზღუდული ზრდით გამოირჩევიან.

კაკლის მსხმოიარობაში შესვლას და ზრდის სიძლიერეს ასევე განაპირობებს გამოყენებული საძირეც. კაკლის საძირეებად ძირითადად გამოყენებულია ჩვეულებრივი კაკლის ან ამერიკული (შავი) კაკლის ნათესარები და სელექციური გზით მიღებული სხვა საძირეები (პარადოქსი, შავი კაკალი, Vlach, VX 211, და სხვ.).

დამტვერვა

კაკალი ანემოფილური უპირატესად ჯვარედინმტვერია მცენარეა, თუმცა ჯიშების მიხედვით თვითდამტვერვის სხვადასხვა სიძლიერის გამოვლენასაც აქვს ადგილი. კაკალი ხასიათდება დიქოგამიით, ანუ მამრობითი და მდედრობითი ყვავილების არაერთდროული განვითარებით. ამ ნიშნის მიხედვით ჯიშები იყოფა პროტოანდრეულ (ადრე ყვავილობს მამრობითი ყვავილები) და პროტოგინეურ (ადრე ყვავილობს მდედრობითი ყვავილები) ფორმებად.

მამრობითი ყვავილები უპირატესად ისახება გასული წლის ნაზარდებზე, ხოლო მდედრობითი ყვავილები მიმდინარე წლის ნაზარდზე. მამრობითი და მდედრობითი ყვავილობის პერიოდი განცალკევებულია ერთმანეთისგან, ჯიშების ზოგიერთ ჯგუფში ისინი ერთმანეთ ნაწილობრივ, ან მთლიანად ფარავენ. კაკლის ზოგიერთ გენოტიპს შეზღუდულად ახასიათებს აპომიქსისი, ანუ ნაყოფების განვითარება განაყოფიერების გარეშე.

სიმწიფის პერიოდი და მოსავალი

კაკლის ჯიშების უმეტესობა მწიფდება სექტემბერ-ოქტომბრში. კაკლის ბაღის საშუალო მოსავლიანობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული მოცემული გენოტიპის მსხმოიარობის თავისებურებებზე. აპიკალური (კენწრული) მსხმოიარობის ჯიშების მოსავალი 3,0-4.0 ტ/ჰა ფარგლებშია, ხოლო ლატერალური (გვერდითი) მსხმოიარობის ზოგიერთი მაღალმოსავლიანი ჯიშის მოსავალი 5,0-7,0 ტონა/ ჰა-ზე აღწევს.

„საქართველოს ხეხილი: ახალი ჯიშები და მათი თავისებურებები“

ზვიად ბობოქაშვილი,

ელენე მაღლაკელიძე