დარგებიმეთევზეობა

კალმახის ძირითადი სახეობები და ფორმები

 კალმახი ორაგულისებრთა ოჯახის წარმომადგენელი თევზია. ეს ოჯახი კი სულ 230 სახეობას მოიცავს (ორაგული, კალმახი, სიგა და სხვა) და თითქმის ყველა კონტინენტზეა წარმოდგენილი როგორც ენდემური სახით, ისე, ხელოვნური მოშენების გზით. თავად კალმახი რამდენიმე სახეობისაა. მათ შორის კი ყველაზე ფართოდ არის გავრცელებული ნაკადულის კალმახი, ამერიკული პალია და ცისარტყელა კალმახი.  

საქართველოში ბინადრობს კალმახის ორი ჯიში – ჩვეულებრივი ანუ ნაკადულის კალმახი (Salmo trutta m.fario ) და 1936- 1940 წლებში აკლიმატიზებული ცისარტყელა კალმახი (Oncorhynchus mykiss).

ნაკადულის კალმახი (Salmo trutta m. fario)

  • ნაკადულის კალმახი (Salmo trutta m. fario);
  • ზრდასრული თევზის ტიპიური ზომა ბუნებაში – 1-2 კგ;
  • მაქსიმალური სიგრძე და წონა – 100 სმ TL, 20 კგ;
  • მაქსიმალური ასაკი – 12 წელი;
  • წყლის ტემპერატურა გამოზრდისათვის – 2-16˚C.

ნაკადულის კალმახი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სახეობაა და თითქმის ყველა მდინარის ზემო დინებაში ბინადრობს. ნაკადულის კალმახს სხეულზე წითელი ხალები აქვს. მდინარეებში მისი რაოდენობის საგრძნობლად კლების გამო, ნაკადულის კალმახი საქართველოს წითელ ნუსხაშია („საფრთხის ქვეშ მყოფი სახეობების წითელი ნუსხა“) შეტანილი, როგორც მოწყვლადი (VU) სახეობა.

ნაკადულის კალმახის პოპულაცია, მაგალითად – აჭარის მდინარეებში, ბოლო 20 წლის განმავლობაში დაახლოებით 3-ჯერ შემცირდა (გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ანგარიში – 2010 წ.). კლება განსაკუთრებით მდინარეთა იმ მონაკვეთებზე შეინიშნება, რომლებიც ზღვის დონიდან 600 მეტრ სიმაღლემდეა განლაგებული. ნაკადულის კალმახის ქვესახეობებია ზღვის კალმახი (კუმჟა)( Salmo trutta m. trutta) და ტბის კალმახი (Salmo trutta m. Lacustris).

ზღვის კალმახი (კუმჟა), რომლის მაქსიმალური სიგრძე და წონა – 140 სმ TL, 50 კგ, ხოლო მაქსიმალური ასაკი – 38 წელია, ზღვის ბინადარი კალმახია. ის, გარეგნული მსგავსების გამო, ხშირად ერევათ ახალგაზრდა ორაგულში. ზღვის კალმახიც, ორაგულის მსგავსად, გასამრა-ვლებლად მდინარეებში შედის (ძირითადად, მარტიდანივლისამდე პერიოდში).

აქედან მოდის მითი იმის შესახებ, რომ თურმე, ნაკადულის კალმახი ზღვაში გასვლის შემდეგ ორაგულად გარდაიქმნება, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება. ეს ორი, სხვადასხვა სახეობაა, რომლებიც საწყის ეტაპზე გარეგნულად და გამრავლების თვისებითაც ერთმანეთს გვანან. აღსანიშნავია, რომ ორაგული ბევრად დიდი ზომის იზრდება, ვიდრე კალმახი.

 ორაგულისა და კალმახის ახალგაზრდა თაობა მდინარეებში გარკვეული პერიოდის განმავლობაში ერთად თანაცხვრობენ. ხოლო ერთად ცხოვრების მეორე წელს კალმახები მდინარეშიც რჩებიან (უმთავრესად, მამრობითი სქესის ინდივიდები) და ზღვაშიც გადიან (კალმახის მდედრობითი სქესის ინდივიდები (80-90%), ორაგულები კი, ძირითადად, ზღვას უბრუნდებიან (საქართველოში ეს სახეობა ცნობილია, როგორც შავი ზღვის ორაგული).

ზღვის კალმახი, მდინარის კალმახთან შედარებით, გამოირჩევა სწრაფი ზრდით, მაღალი ნაყოფიერებით, სხეულის ცისარტყელა კალმახი ფორმით, შეფერილობით, რაც ზღვის თავისებური პირობების გავლენით არის გამოწვეული.

ტბის კალმახის მაქსიმალური სიგრძე და წონა – 140 სმ SL, 50 კგ, ხოლო მაქსიმალური ასაკი – 7 წელია. საქართველოში მისი ბინადრობის შესახებ ინფორმაცია 1896 წელს რუსმა მეცნიერმა ფ.ფ.კავრაისკიმ გამოაქვეყნა, რომელმაც ტაბაწყურში მობინადრე კალმახი ცალკე ფორმის სახით აღწერა და რუსეთის იმპერატორის პატივსაცემად “Salmo lacustris var Romanov” უწოდა. 2015 წელს გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლებმა ჯავახეთის რეგიონში ტბის კალმახი აღმოაჩინეს. მისი მოპოვების შესახებ ინფორმაცია საქართველოში ბოლო 20-25 წლის მანძილზე არ დაფიქსირებულა. შესაბამისად, ე.წ. “რომანოვის კალმახი” გადაშენებულად ითვლებოდა.

ამერიკული პალია (Salvelinus fontinalis)

  • ზრდასრული თევზის ტიპიური ზომა ბუნებაში – 1-2 კგ;
  • მაქსიმალური სიგრძე და წონა – 86 სმ TL, 9,39 კგ;
  • მაქსიმალური ასაკი – 24 წელი.

ამერიკული პალია ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული რეკრეაციული დანიშნულების თევზია. ის აშშ-ს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში და კანადის აღმოსავლეთ რეგიონებში ენდემურ სახეობას წარმოადგენს და შემდგომ, სამხრეთ ამერიკის, ოკეანეთის, აზიის, ევროპისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში გავრცელდა.

ცისარტყელა კალმახი (Oncorhynchus mykiss)

  • ზრდასრული თევზის ტიპიური ზომა ბუნებაში – 2-3 კგ;
  • მაქსიმალური სიგრძე და წონა – 120 სმ TL, 24 კგ;
  • მაქსიმალური ასაკი – 11 წელი;
  • წყლის ტემპერატურა გამოზრდისათვის – 2-16˚C.

ცისარტყელა კალმახი მტკნარი და ცივი წყლის მოყვარული თევზია. ორი წლის ასაკამდე ძალიან გავს მდინარის კალმახს, თუმცა, მისგან განსხვავებით, წითელი წინწკლები არ აქვს. ცისარტყელა კალმახი, ძირითადად, ჩრდილოეთ ამერიკისა და აზიის წყნარი ოკეანის სანაპიროებზე გვხვდება. ამიტომ, ფერმერები მას იცნობენ როგორც ამერიკულ კალმახს.

ცისარტყელა კალმახი საქართველოში 1936-1940 წლებში რუსეთის ტერიტორიიდან – კურსკის ოლქიდან შემოიყვანეს მოსაშენებლად. პირველად, ეს სახეობა შავწყალას საკალმახე მეურნეობაში მოაშენეს, საიდანაც გადაიყვანეს თბილისის, ტყიბულის, კუმისის, შაორის წყალსაცავებში და რუისის საკალმახე მეურნეობებში.

ცისარტყელა კალმახის სახეობას თავადაც გააჩნია ქვესახეობები და ფორმები.

 ცისარტყელა კალმახი

 წარმოების ტექნოლოგია