ხბოს გამოზრდა _ პარაზიტული და გარეგანი დაავადებები
ბუზები, ტილები, ტკიპები და რწყილები ყველა გარეგანი პარაზიტია,ზოგი მათგანი სისხლის მწოველია და შეუძლია ხბოს ანემია და სიკვდილი გამოიწვიოს, არიან დაავადების გადამტანები, დაკბენისას იწვევენ ძლიერ ქავილს, ასევე ნაკბენზე შესაძლებელია განვითარდეს ანთებითი პროცესი.
ბუზების, ტილების, ტკიპებისა და რწყილების სიმრავლეს, განსაკუთრებით თბილ და ნოტიო კლიმატის პირებებში შეუძლია, მწვავე გართულებები გამოიწვიოს.
პარაზიტების სიმცირე არ წარმოადგენს საფრთხეს დეკეულისათვის, მაგრამ დიდ რაოდენობას შეუძლია ჯანმრთელობის სერიოზული დაზიანება.
ტილი – ძირითადად ზამთარში ჩნდება, განსაკუთრებით ცუდი მოვლისა და შენახვის პირობებში. ტილის ზოგიერთი სახეობა იჭრება კანში და წოვს სისხლს, ზოგი კი უბრალოდ იკბინება. თუ ხბო მოუსვენრადაა და ცდილობს გაეხახუნოს საკვებურს, ბოძს ან სხვა რამეს სავარაუდოა, რომ მას ტილები ყავს.
ტკიპა – სისხლისმწოველი მწერია, ემაგრებიან ცხოველის კანს ძირითადად უბანზე, სადაც კანის სისქე მინიმალურია. იწვევენ ქავილს, დერმატიტებს, ალერგიებს, გადააქვთ მძიმე დაავადებები, მათ შორისაა ერთ-ერთი ყველაზე საშიში დაავადება პიროპლაზმოზი. ამ დაავადების არადროული მკურნალობისას ხბოები კვდებიან.
რწყილი – სისხლისმწოველი მწერებია, რომლებიც უფრო ხშირად ჯგუფდებიან ყურების უკან, კანის ნაოჭებში, კიდურების და კუდის მიდამოში. ინვაზიის სიმპტომებია: ქავილი, რომელიც გამოხატულია ხეებთან, კედლებთან ხახუნით, უმადობა, წონაში კლება. კანზე შესაძლოა წარმოეშვათ ანთებითი კერები. ქავილის გამო პირუტყვი ხდება აგრესული. მკურნალობის გარეშე ცხოველს უვითარდება ზოგადი ინტოქსიკაციის ნიშნები და ქვეითდება იმუნიტეტი. ცხოველები ადვილად ავადდებიან ინფექციური, ვირუსული დაავადებებით, რომელთა მატარებლებიც გარეგანი პარაზიტები არიან. ხბოები ინფიცირდება ექტოპარაზიტებით დაავადებულ ცხოველებთან უშუალო კონტაქტით. მწერები და მათი კვერცხები ცხოველზე ხვდება დაბინძურებული ქვეშსაფენით, საკვებით. პირუტყვის რწყილებით დაინვაზირების მაღალი რისკია ზაფხულში, პარაზიტების მაღალი აქტივობის პერიოდში. სამკურნალოდ და საპროფილაქტიკოთ გამოიყენება ცხოველების გეგმიური გაბანება, რისთვისაც გამოიყენება ფართო სპექტრის ინსექტოაკარიციდული საშუალებები დელტამეტრინისა და დიაზინონის ფუძეზე წარმოებული პრეპარატები. ამასთან ერთად აუცილებელია ცხოველთა სადგომების გეგმიური დეზინსექცია და შენობების სანიტარულ-ჰიგიენური პირობების დაცვა.
მკრეჭავი მუნი (ტრიქოფიტია) – ცხოველის კანის მეტად გავრცელებული დაავადება, მიმდინარეობს ქრონიკულად და გადამდებია, დამახასიათებელია კანისა და ბეწვის საფარის დაზიანება. დაავადების აღმძვრელია უმარტივესი სოკოები, რომელიც შეიძლება დიდხანს იმყოფებოდეს ხბოს კანზე, ხოლო კანის მთლიანობის დარღვევისას, რომელსაც იწვევს მუნის ტკიპები – ეს პარაზიტები ხვრეტენ კანს ქსოვილებიდან სისხლის გამოსაწოვად, მრავლდებიან, კანზე ნაკაწრები მატულობს. ნაკაწრებში მრავლდება სოკო ტრიქოფიტონი. დაავადების კერის აღმოჩენა ცხოველის კანზე მარტივია. ტრიქოფიტია აფერხებს ხბოს ზრდა-განვითარებას და აქვეითებს იმუნიტეტს. 5-7 დღეში დაზიანებული კანიდან იწყება ბეწვის ცვენა. ეს დაავადება ძირითადად ვლინდება შემოდგომასა და ზამთარში. ხელშემწყობია, სინესტე და დაბინძურებული გარემო. ტრიქოფიტიას ახასიათებს ხანგრძლივი ინკუბაციური პერიოდი – 10-30 დღე. დაავადების კლინიკური ნიშნებია კანზე მკვრივი ბორცვაკების წარმოქმნა და კანის ეპიდერმისის უჯრედების ნეკროზი, ბეწვის ცვენა. ხბოებს ეს სიმპტომები აღენიშნებათ თავის არეში კერძოდ: შუბლზე, ყურების მიდამოში, თვალებისა და ნესტოების გარშემო. სამკურნალო მიზნით გამოიყენება მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ტრიქოფიტიის საწინააღმდეგო ცოცხალი მშრალი ვაქცინა. კანზე მრავლობითი დაზიანების შემთხვევაში ხბოებს უტარდებათ კომპლექსური მკურნალობა სპეციფიკური საშუალებებით. აუცილებელია ხბოს კვების რაციონის გაუმჯობესება იმუნიტეტის გასაძლიერებლად. ხბოზე გარეგანი პარაზიტების პრევენციისათვის, რეკომენდებულია შემდეგი მოქმედებები:
✔ ხბოების სპეციალური ინსექტიციდებით დამუშავება;
✔ ბოსელის განიავება;
✔ ხბოებისათვის დამცავი პრეპარატების გამოყენება;
✔ როტაციული ძოვება;
✔ ცხოველთა სადგომებში ზურგის საფხანების გამოყენება;
ხბოების პროფილაქტიკური გარეგანი დამუშავება.
ჭიპლარის დამუშავება – ხელს უშლის ბაქტერიების შეჭრას. ხბოს ჭიპლარი უნდა დამუშავდეს პოვიდონ იოდის შემცველი ხსნარით ან ანტისეპტიკური სპრეით. განმეორებითი დამუშავება ტარდება მეორე დღეს, იმავე პრეპარატებით.
ხბოს რქების მოწვა – მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ფერმებში ხშირია რქებით დაზიანების შემთხვევები, ამიტომ პრევენციისთვის საჭირო გახდა ძროხებისთვის რქის მოშორება. ხშირად რქის ამორტყმა აზიანებს ძროხის ცურს, მუცლის მიდამოს და სხვა ორგანოებს, რაც ხდება გაბერწების მიზეზი. რქიანი ძროხები ხშირად დევნიან საკვებურებიდან სუსტ და ურქო ძროხებს, რაც ამ უკანასკნელებში იწვევს ლაქტაციის შემცირებას. რქის გარეშე ძროხები ნაკლებად აგრესიულები არიან და ნაკლებ საფრთხეს უქმნიან ფერმერებს, მწველავს და სხვა ძროხებს.
საქონლის რქების დამუშავებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ გაეცნოთ პროექტი „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში“ მიერ შედგენილ საინფორმაციო მასალას – „მსხვილფეხა საქონლის ჩლიქების და რქების დამუშავება“, რომელიც ასევე ატვირთულია ვებგვერდზე https://agronavti.ge.
მიხეილ ჭიჭაყუა – ექიმი ვეტერინარი, ბიოლოგიის დოქტორი;
ნიკოლოზ ზაზაშვილი -ვეტერინარიის დოქტორი;
დავით ბოსტაშვილი – ექიმი ვეტერინარი, აგრარულ მეცნიერებათა დოქტორი;
ლიანა ჭიჭაყუა – დოქტორანტი;
ლაშა ავალიანი – USDA Food for Progress SQIL პროექტის დირექტორის მოადგილე, ექიმი ვეტერინარი (DVM), აგრარულ მეცნიერებათა დოქტორი (PhD);
თამარ ჩხიკვიშვილი – USDA Food for Progress SQIL პროექტის მეცხოველეობის სპეციალისტი, ექიმი ვეტერინარი, დოქტორანტი