აგროსიახლეები

ხორბლის ფასმა ორწლიან მაქსიმუმს მიაღწია _ ხორბლის ბაზრისთვის შავი ზღვა დაახლოებით იგივეა, რაც ორმუზის სრუტე ნავთობის ბაზრისთვის

წლევანდელ ზაფხულში (2026 წლის ივლისის ბოლოსთვის) მსოფლიო სასოფლო-სამეურნეო ბაზარზე მნიშვნელოვანი ცვლილებები ფიქსირდება.

შავი და აზოვის ზღვების აუზში არსებული გეოპოლიტიკური დაძაბულობისა და სატრანსპორტო დერეფნების შეფერხების ფონზე, საერთაშორისო ბირჟებზე ხორბლის ფასმა ბოლო ორი წლის მაქსიმუმს მიაღწია.

აღნიშნული ტენდენცია პირდაპირ აისახება გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებაზე, რეგიონულ საექსპორტო ნაკადებსა და ფერმერების შემოსავლებზე.

აშშ-ის სასაქონლო ბირჟებზე ხორბლის ფასი სულ რაღაც ერთ თვეში 14%-ით გაიზარდა. თუ ივნისის ბოლოს ერთი ბუშელი ხორბალი 5,78 აშშ დოლარი (დაახლოებით 212 დოლარი ტონაზე) ღირდა, 24 ივლისისთვის ფასმა 6,79 დოლარს (249 დოლარს ტონაზე) მიაღწია. ზრდის მთავარი მიზეზი აზოვისა და შავი ზღვის პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტის შემცირებაა, რაც რეგიონში სამხედრო კონფლიქტის ესკალაციითაა გამოწვეული.

როგორც ანალიტიკური ცენტრის „სოვეკონის“ დირექტორმა, ანდრეი სიზოვმა აღნიშნა, რუსეთსა და უკრაინაზე მსოფლიო ხორბლის ექსპორტის 30% მოდის, თუმცა, აზოვის ზღვაში რუსულ გემებზე განხორციელებულმა უკრაინულმა თავდასხმებმა და საპასუხო დარტყმებმა ოდესის პორტების მიმართულებით მოძრავ უკრაინულ გემებზე, ექსპორტის მოცულობა მკვეთრად შეამცირა.

  • რუსეთის მარცვლეულის ექსპორტის 25% აზოვის ზღვის პორტებზე მოდის.
  • უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის დაახლოებით 80% ოდესის აკვატორიას უკავშირდება.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ნაწილობრივ შეძლებს ექსპორტის ნოვოროსიისკის მიმართულებით გადამიზიდვას, ხოლო უკრაინა ევროკავშირის პორტების გავლით, ყოველთვიურად 3 მილიონ ტონამდე ხორბლის მიწოდება მაინც საფრთხის ქვეშ რჩება. ეს მსოფლიო ხორბლის ვაჭრობის საშუალო თვიური მოცულობის, დაახლოებით, 13%-ია.

„ხორბლის ბაზრისთვის შავი ზღვა დაახლოებით იგივეა, რაც ორმუზის სრუტე ნავთობის ბაზრისთვის. აქ არსებული სერიოზული პრობლემები სწრაფად იქცევა გლობალურ მოვლენად ფასებისთვის,“ _ აცხადებს ანდრეი სიზოვი.

ექსპერტის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ გლობალური ფასების ზრდა სხვა ქვეყნების ფერმერებს მოგებას მოუტანს, რუსი და უკრაინელი ფერმერები ვერ შეძლებენ ამით სარგებლობას. შიდა ბაზრებზე ფასებზე ძლიერი წნეხი გაჩნდება ახალი მოსავლის შემოსვლის გამო, რომლის საზღვარგარეთ გასაღებაც შეზღუდულია, პარალელურად კი ლოგისტიკური ხარჯები გაიზრდება.

ეს ვითარება საფრთხეს უქმნის ყაზახეთსაც, რადგან რუსმა ფერმერებმა შესაძლოა ცენტრალური აზიის მიმართულებით ექსპორტის გაზრდა სცადონ. ამ რისკის შესაკავებლად ყაზახეთში 27 ივლისიდან ნახევარი წლით ხორბლის იმპორტზე შეზღუდვები/აკრძალვები წესდება.

რაც შეეხება შიდა ფასებს ყაზახეთში, ბოლო ერთ თვეში მცირედი ზრდა აქაც დაფიქსირდა: თუ 29 ივნისს ETS ბირჟაზე მე-3 კლასის რიგითი ხორბლის ტონა 107 000 ტენგე ღირდა (1 აშშ დოლარი შეადგენს, დაახლოებით, 475-476 თენგეს), 24 ივლისისთვის ფასმა 109 000 ტენგეს მიაღწია (ელავატორიდან გატანით _ EXW პირობით).

წარმოდგენილი მონაცემები მკაფიოდ აჩვენებს, თუ რამდენად მგრძნობიარეა გლობალური აგრარული ბაზარი ლოგისტიკური და გეოპოლიტიკური რისკების მიმართ. შავი ზღვის რეგიონში მიმდინარე პროცესები უშუალო გავლენას ახდენს ფასწარმოქმნაზე, რამაც ხორბლის ბირჟებზე ორწლიანი პიკი გამოიწვია.

იმის მიუხედავად, რომ საერთაშორისო ბაზარზე ხორბალი ძვირდება, კონკრეტულ რეგიონებში (კონფლიქტის ზონასთან ახლოს ან ლოგისტიკური ბარიერების მქონე ქვეყნებში) ფერმერები შესაძლოა შიდა ჭარბი მოსავლისა და მაღალი სატრანსპორტო ხარჯების მახეში აღმოჩნდნენ.

ექსპორტიორები, რომლებსაც ალტერნატიული ლოგისტიკური მარშრუტები (მაგ. ევროკავშირის პორტები ან ახალი სახმელეთო დერეფნები) არ აქვთ, მძიმე ფინანსური წნეხის ქვეშ ექცევიან.

ისეთი ქვეყნები, როგორიცაა ყაზახეთი, ცდილობენ შიდა ბაზარი და იმპორტირებული „იაფი“ კონკურენცია დააბალანსონ მკაცრი სავაჭრო რეგულაციებით, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ადგილობრივი ფერმერების დაცვის აუცილებლობას გლობალური შოკების დროს.

წყარო: https://eldala.kz