აგროსიახლეები

„ალოობა 2026“ და ხორბლის სტრატეგიული მნიშვნელობა საქართველოსთვის

საქართველო, როგორც მსოფლიოში პურის ხორბლის წარმოშობისა და ენდემური სახეობების ერთ-ერთი უძველესი კერა, განსაკუთრებული ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობით გამოირჩევა.

ქვეყნის აგრარული სექტორის განვითარება, სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ადგილობრივი აგრობიომრავალფეროვნების დაცვა სახელმწიფო პოლიტიკის უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს.

დედოფლისწარო, ალოობა 2026 შირაქი

სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ცენტრალურ პარკში გამართული მასშტაბური ფესტივალი „ალოობა 2026“, რომელმაც ერთ სივრცეში თავი მოუყარა ფერმერებს, მეცნიერებს, ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ქართული კულტურით დაინტერესებულ საზოგადოებას.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ორგანიზებითა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ჩატარებული ფესტივალი ქართული ხორბლის ენდემური სახეობების, ადგილობრივი ჯიშებისა და პურის მრავალსაუკუნოვანი კულტურის პოპულარიზაციას მიეძღვნა. „მარცვლიდან პურამდე“ კონცეფციის ფარგლებში მოწყობილმა თემატურმა სივრცეებმა სტუმრებს მდიდარი და მრავალფეროვანი პროგრამა შესთავაზა:

  • გამოფენა-გაყიდვა და ეთნოგრაფია — წარმოდგენილი იყო ადგილობრივი მეწარმეების პროდუქცია, ტრადიციული კულინარიის მასტერკლასები და შემეცნებითი აქტივობები ბავშვებისთვის.

  • სამეცნიერო და გენეტიკური რესურსების ექსპოზიცია — სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სივრცეში გამოიფინა ხორბლისა და ქერის ენდემური სახეობების ნიმუშები, სამეცნიერო გამოცემები და ჯიღაურას ბაზაზე დაცული იშვიათი ქართული ვაზის ჯიშებისგან დაყენებული ღვინოები.

როგორც ფესტივალის გახსნაზე სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ აღნიშნა, ღონისძიების მთავარი მიზანია საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენოს საქართველოს, როგორც ხორბლის წარმოშობის უძველესი ცენტრის როლი, ხაზი გაუსვას ენდემური ჯიშების დაცვის აუცილებლობას და მომავალ თაობებს შეუნარჩუნოს ქვეყნის უმნიშვნელოვანესი აგრობიომრავალფეროვნება.

მაღალი დონის ვიზიტი და შირაქის ველის აგრარული პოტენციალი

ფესტივალს „ალოობა 2026“ ოფიციალური პირები — საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, აკადემიური წრეებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები ეწვივნენ.

ვიზიტის ფარგლებში, დავით სონღულაშვილი და შალვა პაპუაშვილი შირაქის ველზე ხორბლის აღების პროცესს ადგილზე გაეცნენ. როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა აღნიშნა, უმნიშვნელოვანესია ხორბლის წარმოებაში არსებული პოტენციალის სრულად გამოყენება, წარმოების ეფექტიანობის ზრდა და თვითუზრუნველყოფის მაჩვენებლის გაზრდა. სამინისტროს ფერმერებთან აქტიური კავშირი აქვს და მათი საჭიროებების გათვალისწინებით მხარდაჭერის მექანიზმების გაძლიერებაზე მუშაობს.

სტატისტიკური მონაცემები ცხადყოფს, რომ კახეთის რეგიონს განსაკუთრებული როლი აკისრია ქვეყანაში ხორბლისა და სხვა საშემოდგომო მარცვლეულის წარმოების თვალსაზრისით. 2025 წელს საქართველოში სულ 145.3 ათასი ტონა ხორბალი მოიწიეს, საიდანაც 116.2 ათასი ტონა (დაახლოებით 80%) სწორედ კახეთის რეგიონზე მოდის, ხოლო ხორბლის საშუალო მოსავლიანობამ ჰექტარზე 2.9 ტონა შეადგინა.

როგორც დავით სონღულაშვილმა ფესტივალზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა:

„ქართული ხორბალი ჩვენი ქვეყნის ისტორიის, კულტურისა და ეროვნული იდენტობის განუყოფელი ნაწილია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ქართულმა ხორბლის კულტურამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა… ჩვენი მიზანია, შევინარჩუნოთ და განვავითაროთ ის უნიკალური გენეტიკური რესურსი, რომელიც საქართველოს კონკურენტულ უპირატესობას წარმოადგენს მსოფლიოში.“

საქართველოში მეხორბლეობის განვითარება და მისი წარმოების ხელშეწყობა სცდება მხოლოდ ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებს; იგი წარმოადგენს ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის ფუნდამენტურ კომპონენტს. სასურსათო უსაფრთხოების განმტკიცება პირდაპირკავშირშია ადგილობრივი წარმოების მოცულობებისა და თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტის ზრდასთან.

როგორც ფესტივალმა „ალოობა 2026“-მა აჩვენა, ქვეყნას უზარმაზარი გენეტიკური, სამეცნიერო და აგრარული პოტენციალი აქვს. ენდემური ჯიშების კონსერვაცია, ფერმერთა მხარდაჭერა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა მყარ საფუძველს ქმნის იმისათვის, რომ საქართველომ წარმატებით აიმაღლოს კონკურენტუნარიანობა გლობალურ ბაზარზე, შეინარჩუნოს მრავალსაუკუნოვანი აგროკულტურული მემკვიდრეობა და მოსახლეობა საკუთარი წარმოების ეკოლოგიურად სუფთა ხორბლითა თუ სხვა პროდუქციით უზრუნველყოს.