მეფუტკრეობა
შესავალი
ადამიანი ბიოლოგიური და ფსიქოლოგიური ერთეულია, რომელიც კვლავ აგრძელებს ბრძოლას პლანეტასა და სოციალურ სფეროსთან შესაგუებლად. ევოლუციისა და შემოქმედებითი საქმიანობის პროცესში ბუნებისაგან იგი ღებულობდა მისთვის სასიცოცხლო პროდუქტებს და გარდაქმნიდა საჭიროების მიხედვით. ადამიანი იბრძოდა არსებობისთვის და ცდილობდა შეევსო ის ხარვეზები, რასაც ბუნება სიკეთესთან ერთად სთავაზობდა და დაიწყო ისეთი სამკურნალო ნივთიერებების დამზადება, რაც ბუნებაში არ მოიპოვებოდა. მაგრამ ბუნებასთან შეჯიბრისას ხშირი იყო უარყოფითი შედეგი, ე.ი. იქმნებოდა სამკურნალო და საკვები პროდუქტები, რომლებიც ზიანს აყენებდა ადამიანის ჯანმრთელობას.
დღეისათვის, ახალი საკვები პროდუქტებისა და თერაპიული საშუალებების ძიებაში, კაცობრიობის ყურადღებას სულ უფრო მეტად იპყრობს ის ნატურალური პროდუქტები, რომელსაც ადამიანი უხსოვარი დროიდან იყენებდა.
მრავალი გამოკვლევა გვიჩვენებს, რომ ეკოლოგიური თანაფარდობის დარღვევა დიდად საზიანოა ადამიანისათვის, შემთხვევითი არ იყო ნობელის პრემიის მინიჭება ბიოლოგიის, ექიმისა და ფილოსოფოსის – კონდარ ლორენცისთვის, რომელიც იკვლევდა ეკოლოგიასა და ეტოლოგიას და ასევე ბიოლოგ კარლ ფონ ფრიშისთვის, რომელიც მთელი სიცოცხლე აკვირდებოდა ფუტკრის ოჯახის ინსტინქტს და სწავლობდა იმ ადგილებს, რომელიც საჭირო იყო ფუტკრის არსებობისა და გამრავლებისათვის.
თაფლის ღირსებანი ადამიანისთვის უხსოვარი დროიდანაა ცნობილი. თაფლის სიკეთეზე ცხოველებიც არ ამბობენ უარს. მაგალითად დათვი კოკნურენციას უწევს ადამიანს. იგი თავს ესხმის ტყეში, ხის ფუღუროში დაბუდებულ ფუტკარს და ადამიანის ეზოში სკებს.
მეფუტკრეობის ეკონომიური მნიშვნელობა, ან იმის დაწვრილებით განხილვა, თუ რა უპირატესობა აქვს თაფლის შაქარს სხვა შაქართან შედარებით, დასაბუთებას არ საჭიროებს. თაფლი შეიცავს გლუკოზასა და ლევულოზას იმ სახით, როგორითაც ისინი ბუნებრივ პროდუქტებშია. შაქარი-რაფინადი კი თითქმის მთლიანად შედგება საქაროზისაგან, რომელიც ასეთი კონცენტრაციით არცერთ ბუნებრივ პროდუქტში არ არის და ამიტომ იწვევს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციის მოშლას, ავითარებს ისეთ დაავადებებს, როგორიცაა დიაბეტი, ათეროსკლეროზი და სხვა.
უკანასკნელ წლებში მეფუტკრეობა საკმაოდ განვითარდა. საქართველოში მეფუტკრეობისადმი მეცნიერული მიდგომა მარტო მეფუტკრეობის მაღალხარისხოვანი პროდუქტების მიღებას კი არ ითვალისწინებს, არამედ ამ პროდუქტების გამოყენებას სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ. აპითერაპია ამდიდრებს თერაპიას მრავალი პროდუქტით, რომელთა ეფექტები და უკუჩვენებები მოითხოვს შესწავლას მეცნიერული კვლევების საფუძველზე. მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში მოიპოვება მონაცემები სამკურნალო ნიშნით მეფუტკრეობის პროდუქტების გამოყენების შესახებ. საჭიროა ამ ინფორმაციის თავმოყრა და ერთ საერთო „საინფორმაციო ბანკში“ შეტანა.
ფუტკრის პროდუქტების სამკურნალო მიზნით გამოყენება მოითხოვს შემდგომ საფუძვლიან კვლევას თანამედროვე მეთოდებით.
ფუტკრის პროდუქტების მედიცინაში გამოყენება და მიღებული კარგი შედეგები მიუთითებს იმაზე, რომ აპითერაპია მკურნალობის ის მეთოდია, რომელსაც უახლოეს დროში დიდი პერსპექტივა ექნება.
მეფუტკრეობა საიმედო დასაყრდენი და აქტიური მონაწილეა კაცობრიობის ბრძოლისა შიმშილთან, დაავადებებთან და იმ ეკოლოგიური თანაფარდობის შესარჩუნებასთან, რომელიც ბუნებამ დააწესა ჩვენს პლანეტაზე.
მეფუტკრეები მართალია ალტრუისტები არიან, მაგრამ მათაც აქვთ თავისებური პირადი „გამორჩენა“. იკვებებიან ფუტკრის შრომის პროდუქტით, სარგებლობენ მეფუტკრეობის პროდუქტების გამაჯანსაღებელი ეფექტით და ემპირიული მონაცემებით ცოცხლობენ სხვებზე მეტ ხანს და გამოირჩევიან ჯანმრთელობით.
„ფუტკრის პროდუქტები და მუმიო ხალხურ და მეცნირეულ მედიცინაში“_გ. ჭუმბურიძე, ქ. ბარამიძე. თბილისი. 1992