აგრარული განათლებამეცხოველეობარუბრიკები

მრავალწლოვანი საკვები ბალახების როლი და მნიშვ-ნელობა მეცხოველეობაში

მეცხოველეობის სრულფასოვანი საკვებით უზრუნველყოფაში სახნავი მიწებიდან მიღებული საკვების ხვედრითი წილი დაბლობ და მთისწინა რეგიონებში საკვების საერთო ბალანსში მაღალია. იქ, სადაც ბუნებრივ სათიბსაძოვრებს ძალზე მცირე ფართობი უჭირავს, მინდვრად საკვებწარმოების ძირითადი წყარო მრავალწლოვანი საკვები ბალახების ნათესებია. იმის გამო, რომ ხშირად უგულებელყო-ფილია მათი მოვლამოყვანის ელემენტარული აგროწესები (ცუდად დამუშავებულ ფართობში თესვა უხარისხოდ ტარდება, თითქმის ყოველთვის ირღვევა თესვის ოპტიმალური ვადები, ფართობი არ ირწყვება, არ შეაქვთ მინერალური და ორგანული სასუქები, უმეტეს შემთხვევაში ბალახების ნათესი მეჩხერი და სარეველებით დაფარულია, მოსავლის აღება დაგვიანებით და უყაირათოდ ხდება), ბალახების მოსავალი ძალზე დაბალია და უხარისხო. თავისთავად ცხადია, რომ ასეთი დაბალი აგროტექნოლოგიის შედეგად დიდი დეფიციტით წარმოებს მაღალი ხარისხის თივისა და სენაჟის დამზადება. საკვების ბალანსში დიდია ნაყიდი და და-ბალყუათიანი ნამჯისა და ჩალის ხვედრითი წილი, რაც მეცხოველეობის პროდუქტიულობის შემცირებას, პროდუქციის გაძვირებას და არარენტაბელობას იწვევს.

აღნიშნული მდგომარეობის გამო ფერმერული მეცხოველეობა, როგორც მოცუ-ლობით, ისე ბიოლოგიური სრულფასოვნების თვალსაზრისით საკვების დიდ დანაკლისს განიცდის.

ბუნებრივ სათიბ-საძოვრებს მსოფლიოში 3 მლრდ. ჰექტარამდე ფართობი უჭირავს, ხოლო სახნავი ფართობის რაოდენობა ორჯერ უფრო ნაკლებია და 1,5 მლრდ ჰა-ს შეადგენს. დღეისათვის მსოფლიოში 6 მილიარდზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, საშუალოდ ერთ სულზე 0,5 ჰა ბუნებრივი საკვები სავარგული და 0,25 ჰა სახნავი მიწა მოდის. ეს მაჩვენებლები საქართველოში (5 მლნ. მოსახლეზე გადაანგარიშებით) საშუალოდ 0,38 ჰა ბუნებრივ საკვებ სავარგულს და 0,15 ჰა სახნავს შეადგენს. საქართველოსათვის მიწის ფონდის მოვლა, მისი პოტენციალის გამოვლენა და სრულყოფილად გამოყენება საკვებწარმოების გადიდების მთავარი რეზერვია. სწორედ ამაში უნდა ვეძიოთ მეცხოველეობისათვის საკვები ბაზის მკვეთრად გაუმჯობესების გზა და შესაძლებლობები.

ნათესი საკვები ბალახები პირუტყვის საკვებით უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანეს წყაროს წარმოადგენს. ისინი პირუტყვის საკვებად უშუალოდ ნედლი სახით, თივად, სილოსად, სენაჟად და თივის ფქვილის დასამზადებლად გამოიყენება. მრავალწლოვანი ბალახების გამოყენებით კულტურული სათიბები და საძოვრები იქმნება.

საკვები ბალახები ბიოლოგიური თავისებურებების, თესვა-მოყვანისა და დანიშ-ნულების მიხედვით ორ ძირითად ჯგუფად იყოფა: პარკოსნები და მარცვლოვნები. ორივე ჯგუფში წარმოდგენილია მრავალწლოვანი და ერთწლოვანი მცენარეები. მათი თესვა როგორც სუფთად, ასევე ნარევების სახითაც შეიძლება.

პროდუქტიული პირუტყვის კვების რაციონის ცილებით გამდიდრების მიზნით დიდი საწარმოო მნიშვნელობა აქვს ბალახების ნარევად თესვას. იგი სუფთა ნათესებთან შედარებით მაღალ და მყარ მოსავალს იძლევა, რადგანაც სრულად და წარმატებით იყენებს სინათლეს, სითბოს, ტენს და საკვებ ნივთიერებებს.

მრავალწლოვანი ბალახები აუმჯობესებს ნიადაგის ფიზიკურ, ქიმიურ და ბიოლოგიურ თვისებებს, ორგანული ნივთიერებებით ამდიდრებენ ნიადაგს, მძლავრი ფესვთა სისტემით ამაგრებს ნიადაგს და ხელს უშლის ეროზიული მოვლენების განვითარებას, აუმჯობესებს დამლაშებული ნიადაგების თვისებებს და ხელს უწყობს მათ განმარილებას.

მრავალწლოვანი საკვები ბალახების ღერო ერთი წელიწადი ცოცხლობს, მაგრამ ერთწლოვანი ბალახებისაგან განსხვავებით, მთავარი ღეროს ფუძეში (იმ ადგილას, სადაც ღერო ფესვს უერთდება), რომელიც მორფოლოგიურად მცენარის ფესვის ყელს წარმოადგენს, მომდევნო წელს ისევ წარმოიქმნება ახალი ყლორტები. მრავალწლოვანი ბალახების ამ თვისებას ვეგეტატიური განახლება ეწოდება. ეს თვისება (მრავალწლოვანობა) ფესვის ყელისა და მასზედ მოთავსებული კვირ-ტების სიცოცხლისუნარიანობაზეა დამოკიდებული.

მრავალწლოვან პარკოსნებს აღმოცენებისას ლებნები მიწის ზევით ამოაქვთ, მცენარის ფესვის ყელიც მიწის ზევითაა, ამიტომ ის ამინდის უარყოფით გავლენას, ტემპერატურის მერყეობას, ქარების მოქმედებას, გამოშრობას და სხვა ადვილად განიცდის. 2-3 წყვილი ნამდვილი ფოთლის განვითარების ფაზაში, ფესვის მთავარი ღერო მოკლდება და მცენარის ფესვის ყელი ნიადაგის ზედაპირს უახლოვდება, ხოლო შემდგომში ნიადაგში 2-3 სმ სიღრმეზე, ზოგჯერ უფრო ღრმა-დაც ჩადის, რის გამოც მცენარე მავნე მეტეოროლოგიური პირობების (ყინვა, გვალვა და სხვა) მიმართ გამძლე ხდება.

მრავალწლოვანი პარკოსანი ბალახები, ფესვებზე განვითარებული კოჟრის ბაქ-ტერიების საშუალებით, ჰაერის აზოტს შებოჭავს (ფიქსაცია) და ნიადაგს აზოტით ამდიდრებს. მაგალითად, იონჯა ერთ ჰექტარზე 250 კგ. აზოტს აგროვებს. აქედან 100 კგ. ფესვებთან ერთად რჩება ნიადაგში. ამის გარდა პარკოსნების ფესვთა სისტემა ღრმად ჩადის ნიადაგში და ქვედა ფენებიდან ითვისებს საკვებ ნივთიერე-ბებს. დადგენილია, რომ მცენარის წონის 25-50% მისი ფესვები შეადგენს. მოსავ-ლის აღების შემდეგ ნიადაგში რჩება მცენარეთა ნარჩენების ისეთივე რაოდენობა, რაც მიწისზედა ნაწილების მოსავლის სახით იქნა მიღებული.

მრავალწლოვან მარცვლოვან ბალახებს ძლიერი ბარტყობა და ვეგეტატიური განახლების დიდი უნარი ახასიათებს. ისინი უხვად დატოტვილ ფუნჯისებურ ფესვთა სისტემას ინვითარებენ, რომელიც უმთავრესად სახნავ ფენაშია მოთავსებული და ნიადაგის ზედა, სახნავი ფენის სტრუქტურას აუმჯობესებს. მრავალწლოვანი მარცვლოვნები უფრო უძლებს ყინვებს და პარკოსანი ბალახების დაზიანების შემთხვევაში უზრუნველყოფენ ნორმალურ მოსავალს.

მრავალწლოვანი ცდებითა და პრაქტიკული გამოცდილებით დადგენილია მრავალწლოვანი ბალახების ნარევად თესვის უპირატესობა, სუფთა ნათესთან შედარებით. მრავალწლოვანი მარცვლოვანი ბალახები მოსავლიანობით პარკოსნებს ვერ აღემატება, კვებითი თვისებებით და ნიადაგზე ზემოქმედების თვალსაზრისით, მრავალწლოვან პარკოსან ბალახებს ასევე მნიშვნელოვნად ჩამორჩება. მარცვლო-ვანი ბალახები ცილების შესაქმნელად ითვისებს ნიადაგის აზოტს, ხოლო პარ-კოსნები ნიადაგს აზოტით ამდიდრებს, ამასთანავე მთავარღერძიანი ფესვთა სის-ტემის მეშვეობით ნიადაგის ღრმა ფენიდან ითვისებს საკვებ ელემენტებს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მრავალწლოვანი საკვები ბალახების უმეტესობა ხანგრძლივი სიცოცხლისუნარიანობით და არახელსაყრელი გარემო პირობების მიმართ გამძ-ლეობით (სითბოს ნაკლები რაოდენობით კმაყოფილდებიან) ხასიათდება. სწორედ აღნიშნულის გათვალისწინებით ფართოდ დაინერგა მარცვლოვანი და პარკოსანი ბალახების ნარევის ფორმით თესვა. ამ გზით მწვანე მასისა და თივის უფრო მეტი და მყარი მოსავლის მიღებაა შესაძლებელი.

ნათესი საკვები ბალახები ყველაზე ეფექტიანად საკვებ კულტურათა შორის გა-მოიყენება. მათგან მაღალი კვებითი ღირებულების ბალახის ფქვილი, თივა, საუკე-თესო საძოვარი და მწვანე საკვები მიიღება. მაღალყუათიანი და ვიტამინებით მდიდარი თივა ცხოველთა ზრდა-განვითარებასა და პროდუქტიულობაზე დადებითად მოქმედებს.

ნათესი მარცვლოვნების ფესვები ნიადაგში 100-150 სმ. სიღრმეზე ჩადის, ზოგიერთი სახეობის (უფხო შვრიელა, მაღალი კოლინდარი, კაპუეტა) ფესვები ნიადაგ-ში 200 სმ-ზე მეტ სიღრმეს აღწევს. მრავალწლოვანი პარკოსნები კი კიდევ უფრო ღრმად ფესვიანდება, ვიდრე მარცვლოვანი ბალახები. მარცვლოვნებისა და პარ-კოსნების ფესვების 50-70% განლაგებულია ნიადაგის ზედაპირის 20-30 სმ სიღრმე-ზე.

ნათესი ბალახნარევების ძოვნადობა და გამოყენების პროცენტი მაღალია, ვიდრე სუფთა ნათესის. მარცვლოვანი და პარკოსანი ბალახების ნარევები უფრო გამ-ძლეა არახელსაყრელი პირობებისადმი და უკეთესად ებრძვის სარეველებს. ბალახნარში პარკოსნების გამეჩხერებისას თავისუფალ ადგილებს იკავებს უფრო გამძლე და ხანგრძლივი სიცოცხლისუნარიანი მარცვლოვნები. მარცვლოვანი და პარკოსანი ბალახების არათანაბარი განვითარების გამო ბალახნარევებში თესვისას თითოეული მათგანისათვის შედარებით სასურველი პირობები ნიადაგის ტენი-სა და საკვები ნივთიერებების გამოყენების თვალსაზრისით, იქმნება რაც უზრუნ-ველყოფს თივის მაღალი მოსავლის მიღებას, გათიბვისა და გაძოვების შემდეგ ბა-ლახნარის კარგ წამოზრდას. რთული ბალახნარევები წლების მიხედვით (სამი და მეტი წელი) იძლევა უფრო სტაბილურ და მაღალ მოსავალს, ვიდრე მარტივი ბა-ლახნარევები.

ბალახნარევების (მარცვლოვან-პარკოსანი) შრობისას პარკოსნების (სამყურა, იონჯა) ფოთლების სრული შენარჩუნება ხდება, მაშინ როდესაც პარკოსნების ცალკე ნათესით მიღებული ბალახის მასის შრობისას ფოთლების დიდი დანაკარგი აღინიშნება. ბალახნარევების თესვისას საგრძნობლად უმჯობესდება ნიადაგის ფიზიკურ-ქიმიური შემადგენლობა, იზრდება ნიადაგის დაკორდების პროცესი.

ბუნებრივი პირობების გათვალისწინებით ბალახნარევების შემადგენლობა სხვა-დასხვაგვარია. ნარევში შეაქვს ადგილობრივი პირობებისათვის ყველაზე მოსავლიანი და მაღალი კვებითი ღირებულების ბალახები. ბალახების სახეობათა შერჩევისას გათვალისწინებული უნდა იქნას მათი დამოკიდებულება ნიადაგის, წყლის რეჟიმის, საკვები ნივთიერებების და სხვათა მიმართ. მაგალითად მარცვლოვნები აზოტის მიმართ მომთხოვნი არიან, ამიტომ ისინი კარგად იზრდება აზოტით მდი-დარ ნიადაგებზე. პარკოსნები კარგად იზრდება ფოსფორისა და კალიუმის შემც-ველ ნიადაგებზე. საშუალო ტენიანობის ნიადაგებზე კარგად იზრდება მდელოს წივანა, უფხო შვრიელა, მდელოს თივაქასრა, სათითურა, წითელი და თეთრი სამყურა. მაღალი ტენიანობის პირობებში კარგად იზრდება მდელოს ტიმოთელა, მდე-ლოს მელაკუდა, თეთრი ნამიკრეფია, ვარდისფერი სამყურა და სხვა.

ხანგრძლივი გამოყენების სათიბებისათვის მიზანშეწონილია დაითესოს ფესურიანი მაღლარი ბალახები, ხოლო საძოვრული გამოყენების შემთხვევაში უმჯობესია დაითესოს დაბლარი, ძოვების ამტანი ბალახები. საერთოდ ბალახნარევების თესვისას აუცილებელია შერჩეული იქნას თანაბარი ვეგეტაციის მქონე მცენარეები, იმისათვის რომ მივიღოთ მაღალი მოსავალი და გამოვიყენოთ მეორე ნათიბის მიღების შესაძლებლობა.

ხანგრძლივი სარგებლობის მრავალწლოვანი საძოვრების შესაქმნელად მიზანშეწონილია ბალახნარევებში შეტანილი იქნეს პარკოსნების 20-30%, მაღლარი-მარცვლოვნები 20%-მდე, დაბლარი- მარცვლოვნები 50-60%.

საძოვრის ტიპის ბალახნარევებში შეტანილი უნდა იქნეს სხვადასხვა ვადებში მწიფადი ბალახები (საადრეო, საშუალო, საგვიანო), რომლებიც გაძოვების შემ-დეგ კარგ აქვიტს იძლევა. ძოვების ამტან ბალახებად ითვლება: საძოვრის კოინდარი, სათითურა, ყვითელი იონჯა, თეთრი სამყურა, კურდღლისფრჩხილა და სხვა. საძოვრულ ბალახნარევებში შეტანილი უნდა იქნეს აგრეთვე მაღლარი მარცვ-ლოვნები, ისინი სწრაფად იზრდება და საშუალებას აძლებს მათი საფარის ქვეშ გაიზარდოს და გამაგრდეს დაბლარი ბალახები. მაღლარი მარცვლოვნები დათეს-ვის წელსვე იძლევა მწვანე მასის კარგ მოსავალს.

ცნობილია, რომ რაც მეტია მცენარის მიწისზედა ნაწილები (ღეროფოთლები), მით მეტი ფესვები გროვდება ნიადაგში. იმისათვის, რომ მცენარემ შექმნას ღეროფოთლების დიდი მასა მას ესაჭიროება ძლიერი ფესვთა სისტემა, ხოლო ფესვე-ბის დიდი მასის შესაქმნელად საჭიროა ნიადაგში ფესვის მცენარეული ქსოვილის წარმოსაქმნელი ორგანული ნივთიერების არსებობა. მრავაწლოვანი ბალახებისაგან თივის მაღალი მოსავლის მიღება ნიშნავს, რომ მოსავლის მიღებასთან ერთად ნიადაგში გროვდება აზოტი (საშუალოდ 1 კგ ყოველ ცენტნერ თივაზე), ფოსფორი, კალიუმი, კალციუმი და მცენარისთვის საჭირო სხვა საკვები ნივთიერება.

მრავალწლოვანი ბალახების თესვა წარმოებს საფარი კულტურების ქვეშ და უსაფაროდ-სუფთად. უსაფაროდ თესვა, სარწყავ ნიადაგებზე, ზაფხულში ან ადრე შემოდგომით, წინამორბედი კულტურების მიერ ნიადაგის განთავისუფლებისთანავე სწრაფად ხდება იმ ანგარიშით, რომ ნათესიდან დაზამთრებამდე მივიღოთ ერთი ნათიბი.

საფარქვეშ დათესილი ბალახები პირველ წელს სუსტად ვითარდება და მცირე მოსავალს იძლევა, მაგრამ ამით ჩვენ ვიგებთ ერთ სავეგეტაციო წელს, საფარი კულტურის მოსავლის აღების შემდეგ მცენარე სწრაფად ვითარდება და იმავე წელს იძლევა 1-2 ნათიბს.მრავალწლოვანი ბალახების თესვა შესაძლებელია ადრე შემოდგომით ან საგაზაფხულო კულტურების საფარქვეშ. ასევე შესაძლებელია ბალახების შეთესვა გაზაფხულზე სიმინდში, რომლის აღების შემდეგ ის კარგად იზრდება და წლის ბოლომდე 1-2 ნათიბს იძლევა, ხოლო მომდევნო წელს უკვე სრულად ითიბება (4-5-ჯერ).

მმრავალწლოვანი ბალახებისათვის ნიადაგის დამუშავება დამოკიდებულია თესვის წესებსა და ვადებზე. თუ ბალახები ითესება გაზაფხულზე ნიადაგი უნდა მო-იხნას მზრალად, წინსახვლენიანი გუთნით 22-25 სმ სიღრმეზე.შევიტანოთ ორგანუ-ლი და მინერალური სასუქები.ადრე გაზაფხულზე ხნულს ფარცხავენ, ხოლო თეს-ვის წინ ატარებენ კულტივაციას ფარცხვით.

ბალახების ზაფხულში ან ადრე შემოდგომით თესვისას, ნიადაგის ძირითადი დამუშავება წარმოებს წინამორბედი კულტურისგან ნიადაგის განთავისუფლებისთანავე. ხნული თუ ბელტიანია, კარგად უნდა დაიშალოს დისკებიანი ფარცხებით, მოსწორდეს მისი ზედაპირი კულტივატორით და კბილებიანი ფარცხით, როგორც წესი თესვის წინ და თესვის შემდგომ ხდება მოტკეპნა საგორავებიანი სატკეპნელათი, რაც უზრუნველყოფს ბალახების თესლის თანაბარ სიღრმეზე ჩათესვას და მის კარგ შეხებას ნიადაგის ნაწილაკებთან.

საფარი კულტურების ქვეშ ბალახების თესვა მიმდინარეობს ძირითადი კულტუ-რის გარდიგარდმო. თუ თესვა ერთ აგრეგატში სრულდება, მაშინ ბალახებს თესავენ ძირითადი კულტურის მწკრივებს შორის.ცალ-ცალკე თესვის დროს, უმჯობესია ჯერ დაითესოს საფარი მცენარე (ხორბალი, ქერი) და ნათესის მოტკეპნის შემდეგ დაითესოს ბალახები.

ნათესი ბალახების პირველი გათიბვა მიზანშეწონილია ჩატარდეს ნიადაგის ზედაპირიდან 5-6 სმ სიმაღლეზე. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვნად მცირდება დანაკარგები და ხელსაყრელი პირობები იქმნება წამონაზარდის განვითარებისათვის.

გამოყენებული ლიტერატურა:

– გ. აგლაძე “საკვებწარმოება” (საკვების წარმოების ტექნოლოგია და საძოვრული მეურნეობა).   თბილისი. 2010.

– ი. სარჯველაძე, კ. ბერიძე “მინდვრად საკვებწარმოება”. თბილისი. 2008.

– ი. სარჯველაძე,ჯ. ჯინჭარაძე “საკვებწარმოება აგრონომიის საფუძვლებით” (კულტურათა მოვლა-მოყვანის ტექნოლოგია). თბილისი. 2012.

– ჯ.ჯინჭარაძე “ნათესბალახიანი სათიბების შექმნისა და გამოყენების ზოგიერთი საკითხები”.   ფერმერთა ბიბლიოთეკა. 15. თბილისი. 2003.

– Н.Третьякова. Основыагрономии, Москва.2006.

იოსებ სარჯველაძე-სმმ დოქტორი, პროფესორი

ჯემალ ჯინჭარაძე – სმმ დოქტორი, პროფესორი.