წნორის მეცხოველეობის კომპლექსის რეალური ისტორია

წნორის მეცხოველეობის კომპლექსი გასული საუკუნის სამოციან წლებში, სიღნაღის რაიონის ალაზნის ველის მარჯვენა ნაპირის, ძირითადად დამლაშებულ და ბიცობ ნიადაგებზე შეიქმნა.

კომპლექსი საკავშირო სოფლის მეურნეობის სამინისტროს იმ 18 მეურნეობის რიცხვში შედიოდა, რომლის ტექნოლოგიებიც საბჭოთა კავშირმა აშშ-საგან შეიძინა. მეცხოველეობის კომპლექსები მაშინდელი საბჭოთა კავშირის მთელ ტერიტორიაზე შენდებოდა. პროექტის ამოცანა მეხორცული მეცხოველეობის პოტენციალის მაქსიმალური გამოყენებით ხორცის წარმოების გაზრდა იყო. ამისთვის მთელ ქვეყანაში დიდი მოცულობის სამუშაოები შესრულდა; კერძოდ, წნორისა და საქობოს ტერიტორიაზე განხორციელდა მიწების განმარილება, დრენაჟირება, ჩარეცხვა, მარილის მშთანთქმელი კომპონენტებით დამუშავება. მეორე ეტაპზე სარწყავი სისტემების სამონტაჟო სამუშაოები განხორციელდა. ჯერ ფრეგატები დაიდ-გა, რომლებსაც მაღალი წნევის საქაჩებიდან მიეწოდებოდა წყალი, წრიულად ბრუნავდა და ერთდროულად 68-72 ჰექტარ მიწის ფართობს რწყავდა, ხოლო მოგვიანებით მას საბჭოური სარწყავი სისტემა „ყუბანი“ დაემატა, რომელიც ერთ გავლაზე 180 ჰა. ფართობს რწყავდა. სტრუქტურულად გაუმჯობესებულ განმარილებულ ნიადაგებზე, მეცხოველეობის საკვები ბაზის შექმნის მიზნით დიდ ფართობებზე იონჯა და სხვა მრავალწლიანი ბალახები დაითესა. ალაზნის ველის დამარილებულ და გამოუყენებელ ფართობებზე, სადაც ველური ცოცხის გარდა არაფერი ხარობდა, ერთწლიანი თუ მრავალწლიანი საკვები კულტურების არნახული მოსავალი მოვიდა.

წნორის მეცხოველეობის კომპლექსი იმ დროისათვის უჩვეულოდ დიდი  რაოდენობის მეხორცული საქონლის ერთად თავმოყრას ითვალისწინებდა. საბოლოოდ კომპლექსის სიმძლავრე 25000 სულამდე უნდა გაზრდილიყო.

აღსანიშნავია, რომ ამერიკელების მიერ საბჭოელებისთვის მიყიდული მეცხოველეობის გიგანტური კომპლექსების ტექნოლოგია თავის დროზე რუსეთიდან წასული ძმების მიერ იყო დამუშავებული და პრაქტიკულად განხორციელებული, მათ პირველად ტეხასის შტატში შექმნეს უზარმაზარი კომპლექსი, სადაც 250 000 სული მეხორცული საქონელი ჰყავდათ, რომელიც მთლიანად ჭაბურღილებით ირწყვებოდა, მაგრამ როგორც შემდეგ გამოვლინდა, ასეთი უზარმაზარი რაოდენობის საქონლის ერთ ადგილზე კონცენტრაციამ  მოცემულ რეგიონში ეკოლოგიის პრობლემები შექმნა და ბუნებაზე უარყოფითი გავლენა იქონია.

წნორის მეცხოველეობის კომპლექსის სიმძლავრემ ოთხმოციანი წლებისთვის 21000 სულს გადააჭარბა. ამ პერიოდში წლიურად კომპლექსი 5000 ტონა ხორცს ამზადებდა.

წნორის კომპლექსის „ენამთისსასუქ მოედანზე თავმოყრილი მოზარდის რაოდენობა 10-12 ათას სულს შეადგენდა და 24- თვიანი გამოზრდა-შენახვისათვის იყო გათვლილი. ანუ ორი წლის ასაკის საქონელი 350-400 კგ. აღწევდა.

სასუქი მოედნის „ენამთისმოზარდით შევსებას ალაზნის ველზე განთავსებული რამდენიმე რეპროდუქტორი ემსახურებოდა, რომელშიც სადედე საქონლის სულადობა 6000-მდე აღწევდა და მთელი საბჭოთა კავშირიდან იყო შეგროვილი. ამის გარდა სიღნაღისა და მეზობელი რაიონის მეურნეობებიდან შემოდიოდა 6-7 თვის მოზარდი საქონელი შემდგომი გამოზრდა-სუქებისათვის.

ამ რაოდენობის პირუტყვის საკვებით დაკმაყოფილებას დიდი რაოდენობის წვნიანი, უხეში და კონცენტრირებული საკვები სჭირდებოდა, რის დიდ ნაწილს მუდმივად სარწყავების ქვეშ მყოფი მრავალწლიანი ბალახებისაგან აწარმოებდნენ. კონცენტრირებული საკვებისათვის საჭირო ნედლეული რუსეთიდან შემოდიოდა. ნამჯაც კი ხშირად დეფიციტი იყო და სტავროპოლ-კრასნოდარში მზადდებოდა. ადგილზე ბალახს ორმოცზე მეტი გერმანული სათიბელა თიბავდა.

ხორცის წარმოების ზრდასთან ერთად, სხვადასხვა ადგილიდან შემოყვანილ საქონელს თან შემოჰყვა სხვადასხვა დაავადებები. განსაკუთრებით თავი იჩინა პარაზიტის მიერ გავრცელებულმა „პიროპლაზმოზმა“ (ნაბარევი _ ბარისათვის დამახასიათებელი დაავადება), რომელიც ალაზნის ველიდან მთელ საქართველოში გავრცელდა. ჯანმრთელობის შერყევის გამო გადარჩენილი პირუტყვის წონამატი მნიშვნელოვნად მცირდებოდა. ქართველმა მეცნიერებმა დაავადების წამალს მიაგნეს; აღმოჩნდა, რომ ნაბარევით თითქმის არ ავადდებოდა ადგილობრივი ჯიშის საქონელი, ასევე კამეჩი. ალბათ, ამიტომ უხსოვარი დროიდან ამ რეგიონში განვითარებული იყო მეკამეჩეობა, რის გამოც ქიზიყს კამბეჩოვანსაც უწოდებდნენ. გამოკვლევებით დადგინდა, რომ „პიროპლაზმოზით“ არ ავადდება ზებუ და მისი ნაჯვარები. ამასთანავე   მათ  შესანიშნავი ხორცი აქვთ. ამის შემდეგ აზერბაიჯანიდან და კუბიდან შემოიყვანეს ზებუს მწარმოებლები; შემოიტანეს გაყინული სპერმაც, რითაც ადგილობრივ ჯიშებს სამრეწველოდ აჯვარებდნენ. ამ თემაზე ინტენსიურად  მუშაობდნენ მეცნიერები: მიხეილ რჩეულიშვილი, გიული გოგოლი, ლეო დოლმაზაშვილი და სხვები.

დასაწყისში წნორის კომპლექსში ხბოს გამოზრდისა და შემდგომში სუქების ტექნოლოგია ღია ცის ქვეშ შენახვას ითვალისწინებდა. ამერიკის თბილ რეგიონებში, მშრალი კლიმატის პირობებში, სადაც ბალახის ინტენსიური საფარით დაფარულ ნიადაგებზე სიიაფის გამო პირუტყვის ამგვარი შენახვის  მეთოდის ამართლებდა, მაგრამ ალაზნის ველის დაბლობზე, გრუნტის წყლების სიახლოვეს, ცხოველების დიდი კონცენტრაცია გაუვალ ტალახსა და მასში აზელილ ნაკელის ქმნიდა, რაშიც მოზრდილ ძროხებთან ერთად ახლად მოგებული ხბოებიც იწვნენ, რაც მოზარდს მასობრივად აავადებდა და სიკვდილიანობის რიცხვს ზრდიდა. ამის გამო მოგვიანებით დაიწყეს ფერმების აშენება; რამდენიმე რეპროდუქტორი წნორილაგოდეხის ტრასას კეთილმოწყობილი, ასფალტიანი გზით დაუკავშირდა. ასეთივე ასფალტიანი  გზა გაიყვანეს „ენამთისსასუქ მოედნამდეც.

უზარმაზარი კაპიტალდაბანდების მიუხედავად სამუშაოები იმდროინდელი  `ხარისხის სტანდარტებით~ სრულდებოდა. ძირითადი მშენებლობის დასრულების შემდეგ ყურადღება არ ექცეოდა, თითქოსდა წვრილმან დეტალებს, რაც კომპლექსის სრულყოფილად ასამუშავებლად იყო აუცილებელი, ამიტომ კომპლექსის ექსპლუატაციის პროცესში თავი იჩინა ბევრმა სირთულემ. მაგ: „ენამთისსასუქ მოედანზე ამერიკელების დამონტაჟებულ საკვების გადამმუშავებელ საამქროს პრაქტიკულად არ უმუშავია. არ აშენდა ნაკელისა და წუნწუხის შესანახი და გადასამუშავებელი საცავები, რის გამოც წელიწადში 50 000 ტონა სასუქი, რომელსაც 4-5 ათასი ჰა. მინდვრის განაყოფიერება შეეძლო, კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე გროვდებოდა და სასუქად დაყენებული ძროხების ტალახის აბაზანად იქცა.

ენამთის“ მოედნის მონტაჟის დროს ამერიკელი მუშები და ინჟინრები ყოველ დილა-საღამო თვალს აყოლებდნენ მილარის მინდვრებისაკენ მიმავალ სატვირთო ავტომობილებს, რომლის ძარაზეც ორ რიგად ჩამწკრივებული კოლმეურნეები ხშირად მღეროდნენ კიდეც. ამერიკელებს ისინი პატიმრები ეგონათ და ვერაფრით გაეგოთ ან სპეცტანსაცმელი, პატიმრის ნომრიანი ხალათები რატომ არ ეცვათ, ან რა ამღერებდა ამ ხალხს.

წნორის სასუქი კომპლექსის მნიშვნელობას დიდ ყურადღებას აქცევდა მოსკოვი, საკავშირო მთავრობის წარმომადგენლები სისტემატურად სტუმრობდნენ და მითითებებს აძლევდნენ მშენებლებსა და კომპლექსის ხელმძღვანელებს.

ასეთი საქმიანი ვიზიტები ტრადიციულად ქართული სუფრით მთავრდებოდა. ერთხელ მიხეილ გორბაჩოვის სტუმრობის დროს, კომპლექსის დათვალიერებით გართულებს შეაგვიანდათ და როდესაც კომპლექსის ტერიტორიაზე გაშლილ სუფრას შემოუსხდნენ, საკმაოდ გვიანი იყო, უკვე ბნელოდა; სუფრა „ილიჩის ნათურებით“ იყო გაჩახჩახებული. ის იყო პურობას შეუდგნენ, რომ უეცრად შუქი ჩაქრა, ირგვლივ ყველაფერი ჩაბნელდა. გორბაჩოვის პირად მცველებს ეს თავდასხმად მოეჩვენათ (მაშინ ელექტროენერგია თითქმის არ ითიშებოდა), მიხეილი ელვისებურად მანქანაში ჩასვეს, ისე რომ სასმისის დაცლაც არ აცალეს და თბილისისკენ გააქანეს. როგორც გაირკვა, განგაში ცრუ აღმოჩნდა; სულ ტყუილად ჩაუმწარეს ბატონ მიხეილს პურმარილი; ვიღაც მთვრალმა მძღოლმა ავტომობილით მაღალი ძაბვის ბოძი დააზიანა, რამაც დენის ავარიულად გამორთვა გამოიწვია; ამ დროს კი მაღალი სტუმრის მცველები (ოთხიოდე კაცი) ინსტრუქციის მიხედვით მოიქცნენ (ალბათ სასაცილოა სატირალი, რომ არ იყოს. მსოფლიოს ერთ მეექვსედზე გადა-ჭიმულ სამას მილიონიანი ქვეყნის ხელმძღვანელს 4-5 კაცი იცავდა.

ლოთი მძღოლი სამაგალითოდ დაისაჯა ასეთი სტუმრის შეწუხებისათვის;

კომპლექსში კი მუშაობა თავისი გზით გაგრძელდა; ინერგებოდა ინტენსიური ტექნოლოგიები, გასარწყავიანდა 12 000 ჰა. სასოფლო-სამეურნეო მიწა, სადაც მარცვლოვანების მოყვანა წელიწადში 2-ჯერ ესწრებოდა, ხოლო იონჯა და სხვა მრავალწლიანი ბალახები 4-5-ჯერ ითიბებოდა. დაინერგა ჯუგარის, ამარანდის და სხვა ყუათიანი მცენარეების მოვლა-მოყვანის ტექნოლოგიები, რასაც ცნობილი მეცნიერი უშანგი ჯიბღაშვილი ხელმძღვანელობდა. კომპლექსისათვის საკვები ბაზების შექმნაში დიდი მუშაობა გასწია აგრონომმა ჟიული მახაშვილმა. კომპლექსის სამუშაოებს აწარმოებდა ტრესტი `იორწყალმშენი“, რომლის ხელმძღვანელი იყო ანზორ მურუსიძე, მთავარი ინჟინერი _ ვალიკო გოგინაშვილი _ კომპლექსის მშენებლობის ცოცხალი ენციკლოპედია.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ „ენამთის“ სასუქი მოედანი მეხორცული მოზარდით ძირითადად რეპროდუქტორებს უნდა მოემარაგებინა, სადაც ხბოს მიღების, მოვლისა და შენახვის პირობები უაღრესად მძიმე იყო. ორპირი ქარი, ტალახი, ნესტი, უხარისხო და მოუმზადებელი რძის შემცვლელი საკვები, ხბოს ადრეულ ასაკშივე ავლებდა მუსრს. ბრუცელიოზის გამოც დიდი იყო ბერწიანობაც. იმის მაგივრად, რომ პირობების დახვეწა-გაუმჯობესებაზე ეზრუნათ, რაც მნიშვნელოვ-ნად გაზრდიდა ხბოს შენარჩუნების მაჩვენებლებს, ქართველმა პარტიულმა ბოსებმა, როგორც ყოველთვის, სტატისტიკური მაჩვენებლების შესწორების მარტივი გზა არჩიეს. დაუმტკიცეს მთავრობას, რომ კომპლექსში ხბოს შენარჩუნების დაბალი მაჩვენებელი უარყოფითად მოქმედებდა რაიონისა და რესპუბლიკის მაჩვენებელზე და მიაღებინეს გადაწყვეტილება სახორცედ ჩაებარებინა რეპროდუქტორებში არსებული 4500 სული ძროხა და მოზარდი დეკეულები.

რესპუბლიკის მაშინდელმა ხელმძღვანელმა ედუარდ შევარდნაძემ პარტიულ ყრილობაზე სიამაყით განაცხადა „ენამთისსასუქ მოედანზე დღეღამურმა წონა-მატმა 600 გრამს გადააჭარბა და ეს ზღვარი როდიაო. არადა კავშირის სხვა კომპლექსებში ამ პერიოდში 1000-1200 გრამი იყო, ანუ ორჯერ მაღალი, ვიდრე ჩვენთან.

ნაკლოვანებების მიუხედავად კომპლექსი ძირითად მოვალეობას ასრულებდა, ასაქმებდა რაიონის მოსახლეობის ძირითად ნაწილს და ქვეყანას წელიწადში 5000 ტონა ხორცს აძლევდა.

გასული საუკუნის 90-იან წლებში სიგუა-კიტოვანის მიერ გამოცხადებულ  პრივატიზაციის შედეგად დაქუცმაცებული მიწების დიდი ნაწილი კერძო საკუთრებაში გადავიდა.უზარმაზარი სარწყავი სისტემები უდენობის გამო ჯერ გაჩერდა, ხოლო 95-97 წლებში, რაიონის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, დაიშალა და ჯართად ჩაბარდა.წნორის კომპლექსის ტერიტორიაზე ჩადებულ 250 კილომეტრიან მილსადენს დიდხანს ჩიჩქნიდნენ და იყოფდნენ ჯართად ჯერ მოქკავშირისა და შემდგომ ნაცმოძრაობის მაღალჩინოსნები.

დღეს ყოფილი ლეგენდარული კომპლექსის მიწების დიდი ნაწილი (დაახლოებით 7000 ჰა), რომელთა ბრუნვაში ჩასაყენებლად უზარმაზარი მატერიალური და შრომითი რესურსები ჩაიდო, ინდოელების ხელში აღმოჩნდა; გადასახადებითა და ბანკის ვალებით გატანჯული ადგილობრივი მოსახლეობამ, მთავრობის დახმარების ყოველგვარი იმედის დაკარგვის შემდეგ იძულებული გასცა, მიწა ჩალის ფასად მიჰყიდა უცხოელებისთვის, რათა ოცდამეერთე საუკუნეში უსახლკარობისა და შიმშილისაგან ოჯახი დროებით გადაერჩინა.

თამაზ ბურდულაძე

Comments are closed.