მცენარეული ნაყენები და ნახარშები
მცენარეებს, რომელთა ნაყენები და ნახარშები გამოიყენება მავნებლებისა და დაავადებების წინააღმდეგ, პესტიციდური აქტივობის მცენარეები ეწოდება. აქვე რამდენიმე ასეთი მცენარის ნაყენის დამზადების ტექნოლოგიასაც გაგაცნობთ.
ჭინჭრის ნაყენი
გამოიყენება ბუგრების წინააღმდეგ და სასუქად (შეიცავს დიდი რაოდენობით აზოტს). გაზაფხულზე და ზაფხულში უნდა დავკრიფოთ ჭინჭარი (თესლის მომწიფებამდე), დავჭრათ წვრილად, 1 კგ-ს დავასხათ 10 ლ. წყალი. ნაყენი რამდენიმე დღის შემდეგ დაიწყებს დუღილს. დუღილის დამთავრებამდე ჭურჭელს დავაფაროთ ბადე, დღეში ერთხელ მოვურიოთ, ნაყენი მზად იქნება 7-12 დღის შემდეგ (ჰაერის ტემპერატურატურის შესაბამისად). გადავწუროთ.
თუ ნაყენს ვიყენებთ მავნებლების წინააღმდეგ, 1 ლ. ნაყენს უნდა დავუმატოთ 19 ლ წყალი და შევასხუროთ მცენარეს. 20 ლ ხსნარი გამოიყენება დაახლოებით 200 მ2 ფართობზე.
თუ ნაყენს ვიყენებთ სასუქად (ხეხილი, კენკროვნები, დეკორატიული მცენარეები, ბოსტნეული კულტურების უმეტესობა. გამონაკლისია ხახვი, ნიორი, ბარდა, ლობიო) 1 ლ. ნაყენს უნდა დავუმატოთ 9 ლ. წყალი და დავუსხათ მცენარეს ძირებში. 10 ლ. ხსნარი გამოიყენება დაახლოებით 100 მ2 ფართობზე.
წყლით გაზავება უნდა მოხდეს უშუალოდ ნაყენის გამოყენების წინ.
ხახვის ფურცლის ნაყენი
გამოიყენება ბუგრებისა და თრიფსების წინააღმდეგ. ხახვის მშრალ ფურცლებს (200 გრ.) უნდა დავასხათ 10 ლ. წყალი და გავაჩეროთ 5 დღე-ღამის განმავლობაში, (დროდადრო ვურიოთ). 10 ლ. ხსნარი გამოიყენება დაახლოებით 100 მ2 ფართობზე.
ცხარე წიწაკის ნახარში
გამოიყენება ბუგრებისა და ფარიანების წინააღმდეგ. ცხარე წიწაკა, მწვანე — 1 კგ, ან ხმელი — 0,5 კგ. უნდა ვადუღოთ 1 სთ 10 ლ. წყალში, ნახარში გავაჩეროთ 48 სთ-ს. 120 მლ. ნაყენი გავაზავოთ 10 ლ წყალში. 10 ლ. ხსნარი გამოიყენება დაახლოებით 100 მ2 ფართობზე.
პომიდვრის ფოთლის ნაყენი
გამოიყენება კომბოსტოს თეთრულას წინააღმდეგ. 2 მუჭ პომიდვრის მწვანე ფოთოლს უნდა დავასხათ 20 ლ წყალი და გავაჩეროთ 2 საათის განმავლობაში. მცენარეს შევასხუროთ (გაუზავებლად) მავნებლის ფრენის პერიოდში, პრეპარატს აქვს გამაფრთხილებელი ეფექტი.
ნუკრი მემარნიშვილი
„ელკანას” მრჩეველი მებოსტნეობის დარგში
ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“ # 16