მცირემიწიან ფერმერებს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის საჭირო საქონლის შეძენაში დაეხმარება
„ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა დღეს მთავრობის მიერ მიღებული ჩვენი ფერმერების მხარდასაჭერად – დამტკიცდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მქონე ფერმერთა მხარდაჭერის პროგრამა, რომლის მიზანია მცირემიწიან ფერმერებს დავეხმაროთ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის საჭირო საქონლის შეძენაში“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ მთავრობის სხდომის შემდეგ მედიის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, რამდენიმე კვირის წინ, ფერმერების მხარდასაჭერად, კიდევ ერთი პროგრამა ამოქმედდა. შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში, მსხვილ ფერმერებს საბრუნავი სახსრებისთვის აღებული სესხის საპროცენტო განაკვეთი უფინანსდებათ.
„ფერმერებს ვეხმარებით საბრუნავი სახსრებისთვის აღებული სესხების პროცენტის სუბსიდირებაში – 9%-ის ოდენობით. პროგრამის ფარგლებში, ძალიან მცირე ხნის განმავლობაში, 22 მარტიდან დღემდე, ისარგებლა ძალიან ბევრმა ბენეფიციარმა, გაცემულია 20 მლნ ლარზე მეტი სესხი, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ფერმერები აქტიურად სარგებლობენ სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული პროგრამით და ჩართულები არიან ერთწლოვანი კულტურების მოყვანის პროცესში; ეს ნიშნავს მეტ დამუშავებულ ფართობს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა, უნდა აღნიშნოს, რომ მცირემიწიან ფერმერებს შედარებით ნაკლებად აქვთ წვდომა შეღავათიან ფინანსურ რესურსებზე, აქედან გამომდინარე, იმ პირობებში, როცა გაზრდილია ფასები სასუქებზე, პესტიციდებზე და სხვა საქონელზე, მათ სჭირდებათ მხარდაჭერა. სწორედ ამიტომ, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ახალი პროგრამის დამტკიცების შესახებ. პროგრამის ფარგლებში, პრემიერის გადაწყვეტილებით, ფერმერები მიიღებენ 300 ლარიან დახმარებას 1 ჰექტარზე გადაანგარიშებით. დამეთანხმებით, რომ ეს მათთვის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იქნება და შესაძლებლობას მისცემს, აწარმოონ სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია და მიიღონ შემოსავალი“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.
აღსანიშნავია, რომ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის პროგრამას იწყებს. ახალი პროგრამის ბიუჯეტი 35 მლნ ლარს შეადგენს. პროგრამის ფარგლებში, სასოფლო-სამეურნეო მიწაზე სუბსიდიის მოცულობა განისაზღვრა 1 ჰა -ზე 300 ლარით. პროგრამის ფარგლებში სუბსიდიას მიიღებენ 0.25 ჰა-დან – 1.25 ჰა-ს ჩათვლით მიწის მესაკუთრეები/თანამესაკუთრეები.
ბენეფიციარს შესაძლებლობა ექნება ბარათზე დარიცხული ქულები გამოიყენოს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის განხორციელებისთვის საჭირო საქონლის შესასყიდად. პროგრამაში ჩართულ ბენეფიციარებზე სუბსიდიის გაცემა მოხდება სპეციალურ აგრობარათზე შესაბამისი ქულების დარიცხვით.
ბენეფიციარების აგრობარათებით უზრუნველყოფას მოახდენს სს „ლიბერთი ბანკი“. პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად ბენეფიციარი ვალდებულია დარეგისტრირდეს ფერმერთა რეესტრში.