ქართული ბიოღვინის დიდი წარმატება შტატებში
ორიოდე სიტყვით გვინდა მოგიყვეთ იმ დიდი წარმატების შესახებ, რომელიც ახლახანს, ქართულ ბიოღვინოს ხვდა წილად.
ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების გამოფენა ფლორიდაში 18-21 აპრილს გაიმართა. ღონისძიება, რომელიც ყოველწლიურად იმართება ძალზე პრესტიჟულია და აქ მოხვედრა საკმაოდ რთულიცაა. ამის გამო აღნიშნულ გამოფენაში აქამდე ქართულ ღვინოებს მონაწილეობა არ მიუღია. პირველი კომპანია, რომელმაც ამ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა ესაა „არტევანი“, რომელიც აწარმოებს ბიოღვინოს. კომპანია 2013 წლიდან არის ასოციაცია „ელკანას“ წევრი და იგი ფლობს 10 ჰა საკუთარ ვენახს ყვარელში.
კომპანია არტევანი გამოფენაზე სამი ღვინით წარსდგა: საფერავი, რქაწითელი და ქინძმარაული. აქედან საფერავმა მიიღო ოქროს მედალი, ხოლო რქაწითელმა და ქინძმარაულმა კი ვერცხლის მედლები დაიმსახურა. ეს ნამდვილად დიდი წარმატებაა ქართული მეღვინეობისა და კონკრეტულად კი ბიომეღვინეობისათვის. კომპანიის მფლობელია პაატა სარდალიშვილი. აღსანიშნავია, რომ ახლახანს კომპანიამ ააშენა ტრადიციული მარანი და გასული წლის მოსავალი ქვევრებში დააბინავა. არტევანის ღვინოებს თბილისის ღვინის მაღაზიებშიც შევხვდებით.
წარმატებას ვუსურვებთ არტევანს, რომელმაც პირველი და ძალზე სერიოზული ნაბიჯი გადადგა ქართული ბიომეღვინეობის მიმართულებით.
გიორგი ბარისაშვილი
მცხეთა, 2017 წ.