ყურძნის დაკრეფა და დაწურვა – ივანე ჯავახიშვილი საქართველოში რთველის შესახებ
რთველს ძველად სთველი ერქვა. ხილეული ნაყოფის მოკრეფის პროცესს მაშინ ორი განსხვავებული სიტყვით აღნიშნავდნენ – მოსთვლა და მოწილვა. პირველმა სახე იცვალა და შემორჩა, ხოლო მეორე თითქმის უკვალოდ გაქრა.
დღესაც რომ ჭურის თავზე შემოუსხდებიან და დედას პურს გასტეხენ, ალბათ შარშანდელ სთვლობას გაიხსენებენ და წლევანდელი მოსავლის დაკრეფა-დაწურვაზე ჩამოაგდებენ სიტყვას. ჯერ კიდევ მოსაკრეფ ვენახს ძველად სასთულებელს ეძახდნენ. ამ სიტყვის არქაული კეთილხმოვანება, ჩემი აზრით, ღვინისადმი, როგორც რეალური სითხისადმი მოწიწებას ამჟღავნებს.
ყურძნის კრეფის დრო ჯიშზე და ამინდზეა დამოკიდებული. ისე კი, ჩვეულებრივ, ადრინდელ საქართველოში, ყურძენს ოქტომბერში კრეფდნენ და წურავდნენ. ამაზევე მეტყველებს ამ თვის ორი სახელწოდება – სთუელის თვე და ღვინობისთვე.
ვენახის და ღვინის თვისებებს მემარნე სინჯავდა. ვახტანგ VI-ის დასტურლამალში ნათქვამია, რომელიც „მემარნემ მოიწონოს და ირჩიოს და მოინდომოს“, ის უნდა დაწურონ კიდეცო.ყურძნის კრეფას თავის დათქმული დრო ჰქონდა და დიდხანს არ უნდა გაგრძელებულიყო.
ერთი და ორი კაცი ამ შრომატევად საქმეს ვერ აუვიდოდა. მეზვრესა და მესთველეს გარდა ამ საქმეში საკმარისი რაოდენობის ხალხი იყო ჩაბმული. მტევანს ან ხელით წყვეტდნენ ან დანით ჭრიდნენ და ფაქიზად აწყობდნენ მოცულობით დიდსა თუ მცირე ჩასაწყობში. ყურძენს ჯერ კალათაში აწყობდნენ, კალათა რომ გაივსებოდა, გოდორს მოიკითხავდნენ.
სულხან-საბა განგვიმარტავს, კალათა მცირე გოდორიაო. იმერეთში გოდრის მაგივრობას გიდელი სწევდა. გიდელს გურიაში და სამეგრელოშიც იყენებდნენ. ხეზე ასული კაცი გიდელს რომ გაავსებდა, ნახვრეტებში თოკს გაუყრიდა, ქვემოთ ჩამოუშვებდა და ჩასძახებდა: „ა გიდელიო“. ვის არ მოუსმენია გურული ფოლკლორის მშვენება, შესანიშნავი სიმღერა „ა გიდელი“. ამ სიმღერაში რიტუალურ მოთმინებასთან ერთად გლეხკაცის უტეხობა და სიჯიუტეც გამოსჭვივის.
ეს თავისებური შრომის ჰიმნია, რომელსაც სიხარული და ახლისქმნის ენთუზიაზმი ახლავს.და აი დადგა ჟამი წნეხვისა! სიტყვა „წნეხვა“ მაშინ გაჩნდა, როცა ერთად დაგროვილი ყურძნის ჭყლეტას და დაწურვას მიჰყვეს ხელი.
საწნეხელი ანუ საწნახელი, ქართლ-კახეთში მოგრძო ოთხკუთხა ქვიტკირისგან გაკეთებული აუზია. მისი ფსკერი ერთ მხარესაა დაქანებული და ბოლოში დაწურული ყურძნის წვენის გამოსასვლელად ღარი აქვს გაკეთებული. საწნეხელში ჩამდგარი მამკაცები ხელიხელგადახვეული ერთად წურავენ ღვინოს. ეს მწიფე ნაყოფთა მოსთვლის თავისებური აპოთეოზია. მშვენიერი ფერხულია, თანახმიერებით და თანადგომით გამორჩეული.
საწნახელს სხვადასხვა მხარეში სხვადასხვა სახელი ჰქონდა: ქართლ-კახეთში მას ნავსაც უწოდებდნენ, იმერეთში, საწნახელი და ონჯარო, რაჭაში – ხორგო და ჩაჭრილა, გურია-სამეგრელოში – ოჭინახი, ჯირაქვა და ჯერუკი.
ყურძნის დაწურვას თავისებური წესები და ტექნოლოგია აქვს. მწურავი ცდილობს ჭაჭა და კლერტი საწნახელში დარჩეს, წვენი კი ღარში ჩაედინოს.
XIX საუკუნის ორმოცდაათიან წლებში კახეთში ამ მიზნით „საწნეხლის ლატანს“ (საბა) იყენებდნენ. ამ ლატანს თუ ლასტს ერქვა ტოპკირი. ტოპკირი საცერის მსგავსი მოწყობილობა იყო.რაღა თქმა უნდა, საქართველოს ყველა კუთხეში ყურძნის წურვის თავისებური გამოცდილება არსებობდა.
ვთქვათ რაჭაში იყენებდნენ საწნეხს, რომელსაც ჭახრაკი ერქვა. ჭახრაკი საკმაოდ რთული მოწყობილობა გახლდათ. სირთულის თვალსაზრისით მას არც სხვა რაჭული საწნეხი – წბერი ჩამოუვარდებოდა.
საერთოდ, საწნეხ მოწყობილობებს საქართველოში თავისი ისტორია აქვს. ყოველ კუთხეში განსხვავებული სტრუქტურის მქონე მოწყობილობები არსებობდა. შესაბამისად მათ თავიანთი სახელწოდება ჰქონდათ.
უძველესი საწნეხი იყო საქაჩავი, იგივე საქაჯავი, ან საქაჯველი, რომელთაც აღმოსავლეთ საქართველოსა და იმერეთში ხმარობდნენ. ჭახრაკს (უკვე ვახსენეთ) რაჭის გარდა გურიაშიც იყენებდნენ; წბერის შესახებ უკვე ვისაუბრეთ; არსებობდა კიდევ ხარხინი, იგივე ხარხიმი. ესენი იმერეთსა და რაჭაში გამოიყენებოდა.
ბუნებრივია, ყურძნის წვენს აწყვაც სჭირდებოდა, ე.ი. გარკვეული ტევადობის საწყაო. ამიტომ ძველად საქართველოში საწნახელი არა მხოლოდ დასაწნეხ მოწყობილობად მოიაზრებოდა, არამედ საზომის ერთეულადაც იყო ნავარაუდევი. ყურძნის წვენის ოდენობა ყოველთვის მკაცრად იყო განსაზღვრული. გარკვეული დროის განმავლობაში ღვინის ესა თუ ის მარაგი უნდა ჰყოფნოდა ოჯახს. სხვა საწყაოთა შორის ყველაზე მეტად გავრცელებული იყო კოკა და ჩაფი.
დასტურლამალის მიხედვით, შულავრის მოურავს ყოველწლიურად საწნახლიდან ერთი კოკა ტკბილი ერგებოდა, ნაცვალს – ორი ჩაფი უნდა ხვდომოდა წილად. ღვინის საზომი ერთეულები იყო აგრეთვე კოკა, ბათმანი, თუნგი. ქვევრის ტევადობა კოკათა რაოდენობით განისაზღვრებოდა. ვთქვათ, გურიაში ძალზე დიდ ჭურებს ამზადებდნენ, თითოეული მათგანი 200-300 კოკიანი ყოფილა. გურიაშიც და სამეგრელოშიც ჭურ-ქვევრების თავი ისეთი ვიწრო იყო, რომ მრეცხავი შიგ ვერ ჩადიოდა და სარეცხს ხმარობდა.
აბა ის ქვევრი რა ქვევრი იყო, რომელსაც თავისი სახურავი არ ჰქონდა. ქვევრის სახურავს სარქველი ჰქვია. სარქველს ჩვეულებრივ ქვისას აკეთებდნენ. იმერეთში ხისგან გაკეთებული სახურავიიყო გავრცელებული, გურიაში სარქველს როგო ერქვა.
ორშიმო! ვის არ სმენია ეს კეთილხმოვანი, სასიამოვნო ასოციაციების აღმძვრელი სიტყვა! ორშიმოს ქვევრში ჩაჰყოფდნენ და ფრთხილად იღებდნენ ღვთაებრივ სითხეს! ყურძნის დაკრეფა და დაწურვა არა მხოლოდ შრომა იყო, არამედ სრულიად განსაკუთრებული რიტუალი.
კრეფას განუმეორებელი სიმღერები ახლდა, წურვა კი თვითონ იყო საკვირველი „ქორეოგრაფია“. საწნახელში ჩამდგარი ხელიხელგადახვეულ ჭაბუკთა მოძრაობის რიტმი სიცოცხლის მარადიულობას განასახიერებდა.
ივანე ჯავახიშვილი,
„ყურძნის დაკრეფა და დაწურვა“
სტატიის წარმდგენია „საქართველოს ბანკი“.