რაც ყველა მეფუტკრემ უნდა იცოდეს, რომ….
1) ფუტკრის ჯიში არ არსებობს, რადგან იგი ადამიანს არ შეუქმნია და ეკუთვნის თაფლის მომცემ სახეობას.
2) ფუტკარი ველური მწერია და დღემდე ცხოვრობს ველური ინსტიქტებით, რომელთა უმრავლესობა ადამიანისათვის ჯერ კიდევ შეუცნობადია. იგი შრომისმოყვარე,წესრიგიანი ოჯახის ჰარმონიულობის, მომჭირნეობის, სიმდიდრის სიმბოლოა და ექვემდებარება ცხოვრების ეკონომიკურ კანონს.
3) ფუტკრის ოჯახი ორი დაპირისპირებული სქესის მდედრობითი და მამრობითი ინდივიდების ერთობლიობაა, რომლებიც გროვებად ცხოვრობენ და ერთმანეთის გარეშე არსებობა არ შეუძლიათ. ფუტკარი არ ექვემდებარება მოშინაურებას, რადგან მოშინაურებულ ცხოველებს ადამიანი არამარტო უცვლის ცხოვრების საარსებო პირობებს, არამედ თავისი შრომის იარაღად აქცევს ( აქლემს საპალნეს ადგამს, ცხენს – უნაგირს, ხარებს აბამს უღელში). ცხოველთა მოშენება ითხოვს ადამიანის ზრუნვას, მოვლა-პატრონობას, მათ გამრავლებას, სანიტარულ-ჰიგიენური პირობების დაცვას. ფუტკრის მოშინაურებაში ადამიანის როლი მხოლოდ გარემოს გამოცვლაში გამოიხატება და მის ბიოლოგიაში ვერავითარ გარდაქმნას ვერ ახერხებს. ფუტკარი შინაურ პირობებში იმავე ფუნქციას ასრულებს, რასაც ველურობაში აკეთებდა.
4) ფუტკრის ოჯახის მთავარი საზრუნავი აღზრდა და საკვები მარაგის დაგროვებაა.
5) ფუტკრის ოჯახში როგორც კანონი, ერთი დედაა და ატავიზმი, ანუ ორ დედიანობა არ ახასიათებს. თუმცა არის იშვიათი შემთხვევა, როცა წლის გარკვეულ პერიოდში ძველ დედასთან ერთად ახალი დედის თანაარსებობისას გარკვეული პერიოდის შემდეგ რჩება ერთი დედა.
6) ფუტკრის ოჯახის წევრებს წარმოადგენენ დედა და მუშა ფუტკარი-მდედრი, ხოლო მამრობითი სქესის ინდივიდები არიან მამლები. დედა ფუტკარი ყველაზე დიდი ზომისა და წონისაა. 4 დედა იწონის 1გ-ს, 10 ცალი მუშა ფუტკარი 1გ-ს, 5 მამალი 1გ-ს.
7) დედა ფუტკრის ბიოლოგიური განვითარების ციკლი მოიცავს 16-17 დღეს, რომელთაგან კვერცხის სტადია 3, ხოლო ღია ბარტყის – 5დღე, გადაბეჭდილი ბარტყის 8-9 დღე.
8) ფუტკრის დედები ოთხი სახისაა: გაუნაყოფიერებელი, განაყოფიერებული, გაცრუებული (რომელსაც გამოელია სპერმატოზოიდები და ჯერ კიდევ ახალგაზრდამ დაიწყო სამამლე კვერცხის დება) და ბერწი, ანუ უნაყოფო დედა
.9) ბერწი-უნაყოფო დედაა, რომელიც დაბადებიდან 10 დღის განმავლობაში ვერ შეუღლდება მამალთან, რის გამოც მასში ჩაკვდება შეუღლების სურვილი და იწყებს გაუნაყოფიერებელ კვერცხის დებას.
10) სკიდან გასანაყოფიერებლად გამოფრენილი დედა აფრინდება 8-10მ სიმაღლეზე, რათა სამუშაოდან დაბრუნებული მუშა ფუტკრის ნაკადში არ მოხვდეს და არ დაზიანდეს, შემდეგ კი გაფრინდება ჰორიზონტალური მიმართულებით. დავიმახსოვროთ: დედა ფუტკრის განაყოფიერება გასანაყოფიერებლად გუნდურად გაფრენილ მამლებიდან მხოლოდ ერთ – ყველაზე ძლიერთან ხდება. თუ ახალგაზრდა განაყოფიერებულმა დედამ ვერ მოასწრო კვერცხისდება და დაზამთრებაში შევიდა, გაზაფხულზე იგი ნორმალურად დაიწყებს კვერცხისდებას. მეფუტკრე როცა შეამჩნევს, რომ დედა ფუტკარი უხარისხოა, როგორი ახალგაზრდაც არ უნდა იყოს იგი, მას არ უნდა გაუხანგრძლივოს სკაში ყოფნა და დაუყოვნებლივ უნდა შეცვალოს სათადარიგო დედით, ან ძლიერი ოჯახიდან უდედო, ან უხარისხო დედიან ოჯახში ახალი დედის გამოსაყვანად ბუდის შუაში (სადაც მეტი სითბოა) ჩადგას ახლად ჩაკვერცხილი და რძეში მოტივტივე ღია ბარტყიანი ჩარჩო. გვახსოვდეს, რომ ადრე გაზაფხულზე დედის გამოყვანა არ შეიძლება, რადგან ამ პერიოდში მამალი სკაში არ არის, ახლად გამოყვანილი დედის განაყოფიერება ვერ მოხდება და დედა გაუნაყოფიერებელი დარჩება. ახალგაზრდა თაობის მისაღებად 45 დღეა საჭირო, რადგან 16-17 დღე სჭირდება დედის გაჩენას, 1 კვირა განაყოფიერებას, ხოლო 21 დღე მუშა ფუტკრის დაბადებას, მამალი ფუტკრის გამოყვანას კი 24 დღე, რომლის სქესობრივ მომწიფებას ესაჭიროება კიდევ 12-14 დღე, ამიტომ, გაზაფხულზე უდედო ოჯახს უნდა მივცეთ სათადარიგო განაყოფიერებული დედა, რომელიც მაშინვე დაიწყებს კვერცხის დებას და ფუტკარი მოასწრებს ახალი თაობის გამოზრდას და ღალიანობასთან შეხვედრას.
11) ფიჭის უჯრედებზე მოსიარულე დედას უკან დაჰყვება 10-12 მუშა ფუტკრისგან შემდგარი ამალა, რომლის დანიშნულებაა მხოლოდ კვერცხდების პერიოდში დედის გამოკვება მათ მიერ გამომუშავებული სადედე რძით, რომელიც ითვლება კვერცხის დების სტიმულატორად.
12) ხშირად ფიჭის უჯრედების უკმარისობის გამო დედა ფუტკარი კარგავს კვერცხებს, ამ შემთხვევაში, როგორც ძლიერი, ისე სუსტი ოჯახის ფუტკრები ასეთ კვერცხებს თვითონ ჭამენ. დედა ფუტკარი კვერცხებს თანმიმდევრულად დებს ფიჭის შუა გულზე არსებული უჯრედებიდან პერიფერიისკენ უჯრედების გამოუტოვებლად, რის შემდეგ გადადის მეორე ფიჭაზე, ამიტომაც თითოეულ ფიჭაზე თითქმის ერთი ასაკის ბარტყს ვხვდებით, რომელსაც ტალღისებურად იკავებს კვერცხი, ღია და შემდეგ გადაბეჭდილი ბარტყი.
13) როცა ოჯახი დიდი ხნის განმავლობაში უდედოდ არის დარჩენილი და ოჯახში ბარტყი აღარ არის, ვეღარ ხარჯავს რძისმაგვარ ნივთიერებას და მუშა ფუტკრები მათ მიერვე გამომუშავებული რძისმაგვარი ნივთიერებით თვითონვე იკვებებიან, რის გამოც, უდედობიდან 7 დღის შემდეგ უვითარდებათ საკვერცხე მილაკები და მამალთან შეუღლების გარეშე, მე-17 დღიდან იწყებენ სამუშე და ნახევრად ჭეოიან სამუშე უჯრედის ფსკერზე ჩაყრით გაუნაყოფიერებელ რამოდენიმე კვერცხის დებას. ასეთი დედები მრავლად არიან წარმოდგენილნი და ეწოდებათ ცრუ დედები, საიდანაც იჩეკებიან პატარა ზომის მამლები, რომლებსაც დაკარგული აქვთ მამრობითი ფუნქციის შესრულების უნარი, ისინი ანატომიურ დედას არ წარმოადგენენ და მუშა ფუტკრები არიან, მათ მიერ სამუშე უჯრედში ერთ-ერთ კვერცხიდან გამოყვანილ ბარტყს, რომელიც უჯრედში ვერ ეტევა, რის გამოც ფიჭის უჯრედს წამოზრდიან, ცვილით დახურავენ და ბეჭდავენ, რომელსაც კუზიან ბარტყს უწოდებენ, რაც ცრუდედიანობისათვის დამახასიათებელი ნიშანია. დედის არსებობაზე ოჯახის გასინჯვას ვიწყებთ ბუდის შუიდან და იქიდან გადავდივართ მის გაგრძელებაზე.
უდედობაზე ეჭვი უნდა შევიტანოთ მაშინ, როცა გამოფრენილი ფუტკრები უწესრიგოდ ფრენენ, ცოცავენ მისაფრენ ფიცარზე და თითქოს რაღაცას ეძებენ, საფარი ტილოს გადაწევით გამოსცემენ ფოთლის შრიალისებურ ხმას, მუცელი აბზეკილი აქვთ და ფრთებს სუსტად ამოძრავებენ, ფიჭის უჯრედებში ნაკვერცხი არ არსებობს, საფრენ ხვრელზე აღინიშნება წვრილი ლაქები. დედის ხარისხი დამოკიდებულია არა ასაკზე, არამედ კვერცხისმდებლობაზე.
14) დედის არსებობის ადგილს გვკარნახობს ხშირად ფუტკრის ქცევები, დედას ვეძებოთ იქ, სადაც ფუტკარი გროვად არის წარმოდგენილი.
15) თუ ჩარჩოზე ვერ ვნახავთ კვერცხს და ვერც ფუტკრის ქცევა მიგვანიშნებს უდედობას, ოჯახს უნდა მივცეთ დედა საკონტროლო ჩარჩოთი. თუ საკონტროლო ჩარჩოზე ფუტკარი სადედეს არ ჩამოაშენებს, ეს იმას ნიშნავს, რომ ოჯახს ჰყავს დედა, მაგრამ იგი უვარგისია, ასეთი დედა მეფუტკრემ უნდა მოაცილოს ოჯახს და ახალი დედა მისცეს ხუფის ქვეშ მოთავსებით, ან გალიით ჩადგას ბუდის ცენტრში, რომელში არსებულ დედასაც მეორე დღეს გაანთავისუფლებენ. ხუფის ქვეშ მოთავსებულ დედას კი ფუტკრები ხუფის ირგვლივ ფიჭის უჯრედების გამოღრღნით გაანთავისუფლებენ.
16) დედის შეცვლას ახდენენ ასევე ოჯახში არსებული დაბალპროდუქტული, ან ფრთებ შეცვეთილი, ფიზიოლოგიურად დაბერებული დედის შემთხვევაში.
17) დედა ფუტკარი ძალიან დიდი პატივისცემით სარგებლობს ოჯახში, მაგრამ დედის მიმართ სიძულვილიც უჩნდებათ, ეს მაშინ ხდება, როცა ოჯახიდან დედას ამოიყვანენ და 4-5 საათის შემდეგ ოჯახი იგრძნობს რა უდედობას, იწყებს სადედეების ჩამოშენებას. თავისი დედის მიმართ უჩნდებათ სიძულვილი და მას აღარ იღებენ. თუ საჭიროება მოითხოვს, მისი მიღება შეიძლება გალიაში მოთავსებით და 1-2 დღის შემდეგ გაშვებით. ასე რომ, საკუთარი დედის დაობლებიდან 3-4 საათის შემდეგ, როცა ყალიბდება უდედობის ინსტიქტი, თავის დედას აღარ იღებენ, რადგანაც უკვე დაწყებული აქვთ ახალი დედის გამოსაყვანად სადედეების ჩამოშენება.
18) მუშა ფუტკარი. მისი სასქესო ორგანოები შედგება 20-მდე საკვერცხე მილაკისაგან. ვინაიდან სასქესო ორგანოები მათ განუვითარებელი აქვთ, მუშა ფუტკრებს არ შეუძლიათ მამალთან შეუღლება, მაგრამ როცა დიდი ხნით უდედო ოჯახში ბარტყი აღარ არის, ისინი იკვებებიან მათ მიერვე გამომუშავებული რძისმაგვარი ნივთიერებებით, უდედობიდან 7 დღის შემდეგ უვითარდებათ საკვერცხე მილაკები და მამალთან შეუღლების გარეშე მე-17 დღიდან დებენ სამუშე და ნახევრადჭეოიან უჯრედში გაუნაყოფიერებელ კვერცხებს თითო, ან რამოდენიმე ცალს უჯრედის ძირზე მათი ჩაყრით, ამიტომაც, ისინი იწოდებიან ცრუ დედებად.
19) ერთი ცრუ დედა თავის სიცოცხლეში 19-32 ცალ კვერცხს დებს, კვერცხების დადებიდან 6-7 დღის შემდეგ სამუშე უჯრედში სამამლე კვერცხიდან გამოსული ბარტყი ვეღარ ეტევა, ამიტომ უჯრედებს აგანიერებენ, წამოზრდიან და ბეჭდავენ. ასეთ ბარტყს, როგორც აღვნიშნეთ, კუზიანი ბარტყი ეწოდება.
20) ცრუ დედებს მცირე რაოდენობით მოაქვთ ნექტარი. ცვილს არ გამოყოფენ, ამიტომ მათ სამეურნეო მნიშვნელობა არ აქვთ.
21) მუშა ფუტკრების ფუნქციებია: ოჯახში ტემპერატურის რეგულირება, ბარტყის და დედის გამოკვება, ფიჭების მშენებლობა, სკის განიავება, ნექტრის თაფლად გადამუშავება, ბუდის დაცვა დაუპატიჟებელი სტუმრებისგან, ყვავილის მტვერის, წყლის, დინდგელის, ნექტრის შეგროვება. 6-7 დღის ასაკიდან 14 დღის ასაკამდე დღეში რამოდენიმეჯერ კუჭის გასაწმენდად გამოფრინდება და თან ადგილს, სკის ფერს და ადგილსამყოფელს იმახსოვრებს, აკეთებს ჰაერში წრეებს. ამ ასაკში მას არ მოაქვს არც ნექტარი და არც წყალი.
22) სკაში დაბრუნებულ მშიერ ფუტკარს დამხვედრი ფუტკრები საკვებს აწვდიან. გამონაკლის შემთხვევაში, როცა ძიძა ფუტკრები ოჯახში საკმარისი არ არიან, ბარტყს ძველი ფუტკრებიც კვებავენ.
23) ძიძა ფუტკრები არეგულირებენ და ინარჩუნებენ 34˚ტემპერატურას და 65-68% ტენიანობას, რისთვისაც უხვად იკვებებიან თაფლით. ნესტიან ჰაერს ანიავებენ ფრთებით, ფუტკარი გარეთ გროვდება საფრენზე ჩამოკიდებული და ვენტილაციას საფრენის გარედან აწარმოებენ. სუფთა ჰაერი სკაში გარედან შეაქვთ, ხოლო სკიდან კი თბილ ჰაერს გარეთ დევნიან. ნექტრის შესაგროვებლად ფუტკარს შეუძლია გაფრინდეს 15-30კმ/სთ სიჩქარით 5-8 კმ-ზე. უტვირთოდ კი _ 65კმ/სთ სიჩქარით. 2-3 დღის ასაკის მუშა ფუტკრები მუშაობენ უჯრედების გასუფთავებაზე, 3 დღის შემდეგ კი უკვე ძიძობენ. 7 დღის ასაკამდე მუშა ფუტკარმა უნდა მოამზადოს თაფლის და ჭეოს ნარევი ღია ბარტყის გამოსაკვებად მათ მიერ ზედა ყბის და საყლაპავი ჯირკვლებით გამომუშავებული რძისმაგვარი ნივთიერებით.
24) 13-15 დღის ფუტკარი მინდორში სამუშაოდ გასასვლელად ემზადება, რამდენიმე დღე ადგილმდებარეობის დასამახსოვრებლად გამომღერას იწყებენ.
25) საცვილე ჯირკვლები მუშა ფუტკარს დაბადებიდან პირველივე დღეს უვითარდებათ, მაგრამ ცვილის გამოყოფას სარკეზე 3-5 დღის ხნოვანებიდან იწყებენ.
26) ცვილის მაქსიმუმს მუშა ფუტკრები სიცოცხლის 12-დან 18 დღემდე აწარმოებენ. მთავარი ღალიანობის დროს ისინი მაქსიმალური რაოდენობით გამოყოფენ ცვილს.
27) შემოდგომაზე დაბადებულ ფუტკრებს საცვილე ჯირკვლები გაზაფხულზე უვითარდებათ და მაშინვე იწყებენ ცვილის გამოყოფას და ცვილის გამოყოფით ეს ხნიერი ფუტკრები ფიზიოლოგიური მდგომარეობით ახალგაზრდა ფუტკრებს ემსგავსებიან. 24 დღის ასაკიდან გადადიან ღალის შეგროვებაზე. ხარჯავენ 1-2 ჭიქა წყალს. დღეში აკეთებენ 8-10 გამოფრენას, 24 დღის ასაკიდან უვითარდებათ თავდაცვის ინსტიქტი.
28) მზვერავი ფუტკრები ისეთი მუშა ფუტკრებია, რომლებიც სკის შიგნით თავისებური ცეკვებით ატყობინებენ ფუტკარს ღალის შეგროვების ადგილს.
29) ფუტკრებს, რომლებიც ნექტარს, ყვავილის მტვერს აგროვებენ, მოღალე ფუტკრები ეწოდებათ.
30) იმ ფუტკრებს, რომლებიც მოტანილ ნექტარს იღებენ და თაფლად გადაამუშავებენ, მიმღებ ფუტკრებს უწოდებენ, მაგრამ თუ მიმღები ფუტკრები დაკავებულნი არიან, მაშინ მოღალე ფუტკრები თვითონვე გადაამუშავებენ ნექტარს და ჩაასხამენ უჯრედში. ნექტრის გადამუშავება ხდება ჩიჩახვში საყლაპავი ჯირკვლის მიერ გამოყოფილ სეკრეტთან-ინვერტაზასთან ერთად. საქაროზას (ლერწმის შაქარი) შლიან გლუკოზა და ფრუქტოზად, რის შემდეგ მას ჩაასხამენ ფიჭის უჯრედებში, ფუტკრები ააორთქლებენ ზედმეტ წყალს და ნექტარს გარდაქმნიან თაფლად.
31) ზამთარში წყალზე სურვილის დასაკმაყოფილებლად ბუდეში ცენტრალურ ჩარჩოზე ჩასხმულ თაფლს სპეციალურად ტოვებენ გადაუბეჭდავად.
32) იმ ფუტკრებს, რომლებიც იცავენ თავის ოჯახს სხვა ფუტკრების შეღწევისგან, ან მავნე მწერებისაგან, დარაჯ ფუტკრებს ეძახიან, რომლებიც ამავე დროს ასრულებენ ვენტილატორი ფუტკრების ფუნქციას. თუ ფუტკრები გზააბნეული, თავჩაღუნული, საფრენთან არიან ძირზე დაშვებული ბოლოთი, წელში მოხრილები არიან და დატვირთული არიან ნექტრით და მტვერით, მაშინ ფუტკარი მათ შეუშვებს თავიანთ სკაში.
33) ფუტკარს არ სძინავს, რადგან მათ არ აქვთ უნარი თავის ორგანიზმში დააგროვონ საკვები ნივთიერების დიდი რაოდენობა.
34) მუშა ფუტკრებს ვინაიდან მცირე რაოდენობის საკვერცხე მილაკი აქვთ, მათ არ შეუძლიათ მამალთან შეუღლება.
35) ნაყრის დასახლება ხელოვნურ ფიჭაზე არ შეიძლება, რადგან სიმძიმისაგან ისინი ჩამოინგრევა. ასეთ შემთხვევაში კარგია, თუ ჩაუდგამენ ღია ბარტყიან ჩარჩოსაც.
36) მამალი ფუტკარი ასრულებს შთამომავლობის აღწარმოების ფუნქციას. მათი მიზანი გვარის გაგრძელებაა. მამალი ფუტკრის დანიშნულება ერთადერთია – დედა ფუტკრის განაყოფიერება ჰაერში. მამლები განთავისუფლებულნი არიან საოჯახო ზრუნვისაგან. მამლების ბიოლოგიური განვითარების ციკლი მოიცავს 24 დღეს. აქედან 3 დღე- კვერცხის, 6,5-ღია ბარტყის და 14,5 დღე ჭუპრობის.
37) მამა ფუტკარს დიდი ღონე, მსხვილი თვალები, დიდი ულვაშები, 5-ჯერ მეტად განვითარებული ყნოსვის უჯრედები აქვს, რას ეხმარება მას საქორწინო გამოფრენის დროს დედა ფუტკრის მოძებნაში. მამალ ფუტკარს არ აქვს თავდაცვის უნარი, არ აქვს საცვილე ჯირკვალი, უკანა ფეხებზე ყვავილის მტვრის შესაგროვებელი კალათა, მუშა ფუტკართან შედარებით ორჯერ ნაკლები ხორთუმის სიგრძე აქვს, რის გამოც მას არ შეუძლია არც ნექტრის შეგროვება და არც საამისო ინსტიქტი არ გააჩნია. ერთ მამალს სჭირდება 5-6 მუშა ფუტკრისათვის საჭირო საკვები ულუფა. სკიდან თითო გამოფრენაზე მამალი ფუტკარი ხარჯავს 30 მგ თაფლს.
38) სქესობრივ მომწიფებას ისინი აღწევენ გამოჩეკიდან 12 დღის შემდეგ. ფუტკრის ოჯახი მამლების გამოყვანას იწყებს გაზაფხულზე დაახლოებით კუჭის გაწმენდიდან პირველი ერთი თვის შემდეგ. მამლები ცხოვრობენ ღალიანობის დამთავრებამდე 3-5 თვის განმავლობაში. მხოლოდ ზაფხულში შეუძლია მამალ ფუტკარს შეუზღუდავად შევიდეს სხვა სკაში. მამალ ფუტკრებს შეუძლიათ აქტიური სეზონის ნებისმიერ პერიოდში თავი მოიყარონ უდედო ოჯახებში.
39) ფუტკარს 5 თვალი აქვს, 3 პატარა და 2 დიდი, რთული (ფასეტური) თვალი. რთული თვალები შედგება ომატიდებისაგან. რთული თვალის თითოეულ ფასეტში ხდება არა მთელის გამოსახულება, არამედ მისი ნაწილის აღქმა, რომლებიც თავს იყრიან ტვინში და ამის შემდეგ ფუტკარს წარმოესახება საგნის მთლიანი გამოსახულება.
40) იგი რთული თვალებით ხედავს როგორც სიბნელეში, ასევე მზის სინათლეში. რთული თვალებით შორს იხედება და დიდ ფართობზე არჩევს საგნებს. შეუძლია განასხვავოს ახლო მანძილზე მყოფი საგნები და დაინახოს წვრილი წერტილები ადამიანთან შედარებით 172-ჯრ უფრო გაძლიერებული მხედველობით. ფუტკარი კარგად არჩევს ყვითელ, თეთრ და ლურჯ ფერებს.
41) მარტივი თვალები მოთავსებულია რთულ თვალებს შორის სივრცეში. მარტივი თვალები რთულ თვალებთან არ არიან დაკავშირებულნი. ისინი საგნებს ვერ ხედავენ. მათ სინათლისადმი მხოლოდ ზოგადი მგრძნობელობა აქვთ და სტიმულს აძლევენ რთული თვალების მუშაობას. მას ჩვენ ვუწოდეთ მაღვიძარა თვალები. ისინი მუშა ფუტკრებს გათენების დაწყებას, და საღამოს დადგომას აუწყებენ.
42) ფეხები შედგება მენჯის, ბარძაყის, წვივის და თათისგან. თათი კი 5 ნაწილისაგან შედგება. თათზე ორ კლანჭს შორის სველი ბალიშებია, რითაც ებჯინება გლუვ, მოპრიალებულ ზედაპირს, საგნებს და ძირს არ ვარდება.
43) დედამიწაზე არც ერთი ცოცხალი არსება არ არსებობს, რომელიც აღჭურვილი იყოს თავდაცვის ისეთი იარაღით, რომელიც არის შხამი და რომელიც ელვის სისწრაფით მტერზე მომაკვდინებლად მოქმედებს, რითაც თავის თავს იცავს. ფუტკრის ნესტარი თავდაცვის და თავდასხმის საშუალებაა.
44) მუშა ფუტკარი შხამს გამოიმუშავებს დაბადებიდან 6-7 დღის შემდეგ. მაქსიმალურად მისი გამოყოფა ხდება 10-18 დღის ასაკში.
45) შხამის გამოყოფა წყდება და გახარჯული შხამის აღდგენა აღარ ხდება.
46) სკაში შეღწეული ქურდი ფუტკრების გამოცნობა ადვილია, ისინი მოპარული ნექტრით, ან თაფლით დატვირთულები სიმძიმის გამო საფრენიდან პირდაპირ ვერ აფრინდებიან, აცოცდებიან სკის კედელზე, ძალას იკრებენ და გარკვეული პერიოდის შემდეგ გაფრინდებიან. გზააბნეულ მოხეტიალე ფუტკრებს დარაჯი ფუტკრები სკაში მაშინ შეუშვებენ, თუ ისინი ყვავილის მტვერით, ან ნექტრით დატვირთულები არიან, რითაც გამორიცხულია მტრობის, ან ქურდობის მიზნით მათი შეღწევა სკაში.
47) ფუტკრის სასუნთქი სისტემა ჟანგბადს ღებულობს არა სისხლიდან, არამედ სასუნთქი სტიგმებიდან. სამივე ინდივიდს სტიგმები მკერდზე სამი წყვილი აქვთ. მუცელზე დედა და მუშას 6, მამალს კი 7. სუნთქვის სიხშირე ხორციელდება კარგად განვითარებული კუნთოვანი სისტემით, რაც წუთში 40-დან 150-მდე მერყეობს.
48) ფუტკრის ჯირკვლოვანი სისტემა 24 ჯირკვლისაგან შედგება.თავში ფუტკარს 5 ჯირკვალი აქვს, აქედან ორი წყვილი ზედა და ქვედა ყბის ჯირკვლები და ერთი თავის უკანა კენტი ჯირკვალი; მკერდში – 1 წყვილი; მუცელზე- 4 წყვილი საცვილე; სუნოვანი – 1 წყვილი მუცლის დოზარულ მხარეზე 6-7 სეგმენტებს შორის; რექტალური – 6 ჯირკვალი; შხამის – 1 ჯირკვალი.ჯირკვლოვან სისტემაზეა დამოკიდებული ფუტკრის ცხოვრების ყველა პროცესი – საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობა; სადედე რძის წარმოება; ნექტრის გადამუშავება თაფლად, ფიჭების მშენებლობა და თავდაცვისუნარიანობა.
ვენერა სტეფანიშვილი,
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო ცენტრი