ხუთშაბათი, მაისი 23, 2024
ახალი:
აგრარული განათლებააგროსიახლეებირუბრიკები

რა ეტაპები უნდა გავიაროთ ბიოსერტიფიკატის ასაღებად?

ბიოსერტიფიკატის მიღებამდე მეურნეობა გადის კონვერსიის პერიოდს. კონვერსია არის ინტენსიური მეურნეობიდან ბიომეურნეობაზე გადასვლის გარდამავალი პერიოდი, რომლის დროსაც გამოიყენება ბიოწარმოების მეთოდები. მრავალწლოვან კულტურებზე და მათ შორის ვაზზე კონვერსიის პერიოდი შეადგენს 12-36 თვეს.

თავდაპირველად განისაზღვრება მეურნეობის სამართლებრივი სტატუსი (ინდმეწარმე, შპს, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი და ა.შ.).

მეურნე, რომელსაც აქვს მიწის ნაკვეთი საკუთრებაში (ნაკვეთი დაფიქსირებული უნდა იყოს საჯარო რეესტრში) და აქვს სურვილი, აწარმოოს ბიოპროდუქცია, განცხადებით მიმართავს ბიომასერტიფიცირებელ ორგანოს აღრიცხვაზე აყვანის მიზნით:

 მასერტიფიცირებელ ორგანოს მეურნე აჰყავს აღრიცხვაზე და უსაზღვრავს კონვერსიის (გარდამავალ) პერიოდს.

 ბიომასერტიფიცირებელი ორგანოს მიერ კონვერსიის პერიოდში წელიწადში 2-ჯერ ხდება ინსპექტირება. პირველ ინსპექტირებაზე მეურნე წინასწარ გაფრთხილებულია, მეორე ინსპექტირება კი გაუფრთხილებლად მოხდება. 

 ინსპექტირების საფასური განისაზღვრება ნაკვეთის ადგილმდებარეობის, ინსპექტირებაზე დახარჯული დროის და მთელი რიგი სხვა ფაქტორების გათვალისწინებით ინსპექტირებამდე, მასერთიფიცირებელი ორგანოს მიერ გადმოგზავნილი ინვოისის საფუძველზე.

 დაინტერესებული პირი (ფერმერი) ამჟღავნებს თეორიულ მზაობას კონვერსიისათვის, მან იცის ბიომეურნეობის ძირითადი პრინციპები და მეთოდები, აგრეთვე ქვეყანაში მოქმედი ბიორეგულაციები და საკანონმდებლო აქტები. იგი წერილობით წარმოადგენს კონვერსიის ეკონომიკურ, ფინანსურ და საერთო გეგმებს.

 ინსპექტირებისას მეურნე ვალდებულია შეავსოს სპეციალური კითხვარები და ინსპექტორს წარუდგინოს ჩანაწერები მეურნეობაში ჩატარებული ყველა სამუშაოს შესახებ.

კონვერსიის პერიოდის გავლის შემდეგ თუ რისკები და დარღვევები არ დაფიქსირდა და მეურნეობა აკმაყოფილებს საქართველოში მოქმედ ბიოსტანდარტის მოთხოვნებს, მეურნე მიიღებს შესაბამის ბიოსერტიფიკატს.