აგროსიახლეებიდარგებიმევენახეობა-მეღვინეობა

რამდენ მილიონს დახარჯავს მთავრობა „რთველი 2020“-ის სუბსიდირებაზე

საქართველოს მთავრობა წელს 80 მლნ ლარით რთველის და მეღვინეობის დაფინანსებას გეგმავს. ამას 2020 წლის ანტიკრიზისული ბიუჯეტის პროექტი ითვალისწინებს, რომლის საკომიტეტო მოსმენები პარლამენტში უკვე დასრულდა.

დოკუმენტიდან ირკვევა, რომ წელს მთავრობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტს 123.8 მილიონი ლარით ზრდის, რის შედეგადაც ეს უწყება ჯამურად 476.9 მილიონი ლარით დაფინანსდება. ამ თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი COVID-19-ის კრიზისის ფონზე, მევენახეობის მიმართულებით დაიხარჯება.

კერძოდ კი, ქვეპროგრამა, მევენახეობა-მეღვინეობის განვითარება, რომელზეც გასულ წელს 16.9 მილიონი ლარი დაიხარჯა, წელს 80 მილიონით დაფინანსდება.

ბიუჯეტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, პროგრამის ერთ-ერთ მიზანს, მევენახეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირების მიერ მიღებული ყურძნის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობა წარმოადგენს. Covid-19-ის გამო გამოწვეული კრიზისიდან გამომდინარე, 80 მლნ-დან 60 მლნ ლარი ყურძნის ფასის სუბსიდირებაზე დაიხარჯება, რადგან პანდემია ღვინის სექტორზეც აისახა და სავარაუდოდ, წელს, ღვინის კომპანიებისგან ყურძენზე ნაკლები მოთხოვნა იქნება, რაც ყურძნის გასაყიდ ფასზეც აისახება.

რამდენიმე დღის წინ პარლამენტის აგრარულ-საკითხთა კომიტეტზე სადაც ანტიკრიზისული ბიუჯეტის პროექტს განიხილავდნენ, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გელა ხანიშვილმა ღიად თქვა, რომ რქაწითელის რეალიზაციის მიმართულებით პრობლემების ელოდებიან და ამით ახსნა მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების ქვეპროგრამის ბიუჯეტის ზრდა.

„ეს თანხა გათვალისწინებულია შემოდგომისთვის იმ ვითარებიდან გამომდინარე, რომელიც შეიძლება ყურძნის ჩაბარების ნაწილში შეგვექმნას. ჩვენი მოლოდინია, რომ წელს მოსავალი დახლოებით, 300 ათასი ტონა ყურძენი იქნება. ვფიქრობთ, საფერავს არ დასჭირდება ჩაბარების მექანიზმი და აქ არ იქნება საჭირო სახელმწიფო დახმარება, თუმცა კოვიდისგან გამომდინარე, საკმაო პრობლემებს ველოდებით რქაწითელის ჩაბარების ნაწილში. აქ ორი მომენტია – ერთი, რომ არსებული მარაგები ძალიან დიდი რაოდენობით გვაქვს, 90 000 ტონა ჭურჭელი არის მოსაძებნი, ამიტომ სხვადასხვა მიმართულებით ვცდილობთ, რომ რაიმე კომპონენტი მოვიფიქროთ… მონახაზი გაკეთებულია და ვფიქრობთ, მიმდინარე წლის რთველი ძვირადღირებული იქნება, სწორედ ამ მარაგების მართვიდან გამომდინარე“, – განაცხადა გელა ხანიშვილმა.

მინისტრის მოადგილის თქმით, სერიოზულ პრობლემას ქმნის, ასევე, სახელმწიფო საწარმო „აკურას“ მიერ ჩაბარებული ყურძენი, დამზადებული ღვინო და გამოხდილი სპირტი, რომლის საბაზრო ფასი მკვეთრად დაეცა.

„ბიუჯეტში გათვლილი გვქონდა 9 ლარი, მაგრამ ფასი დაეცა და დღეისთვის, 5 ლარიან კლიენტზეა საუბარი და ისიც რამდენად რეალურია, ჯერაც არ ვიცით. ამიტომ სტიმულირების სხვადასხვა მეთოდებს განვიხილავთ. მაგალითად, როგორ დავასტიმულიროთ თავად ფერმერი და გამოვაცალოთ ჭარბი ყურძენი. ასევე, როგორ დავასტიმულიროთ ღვინის საწარმოები, რომ ჩაიბარონ მეტი ყურძენი თუნდაც იმის ხარჯზე, რომ თავადაც გამოხადოს ღვინო და სპირტში გადაიყვანოს, რომ მოცულობები შემცირდეს. ამ თემაზე მსჯელობა გრძელდება, ჩვენი გათვლებით არა 60, არამედ 80 მილიონი იქნებოდა საჭირო, თუმცა რადგან ამის საშუალება არ არის, შიდა რესურსებით, არსებული მარაგების გაყიდვით, ფინანსთა სამინისტროს მხარდაჭერით, მიმდინარე რთველს ჩავატარებთ წარმატებით. მინიმუმ ისე მაინც, რომ ფერმერთა ინტერესი იქნას დაცული. ისევ და ისევ საფერავთან დაკავშირებით ვფიქრობთ, თავის თავს მოემსახურება“, – განაცხადა გელა ხანიშვილმა.

წლევანდელ რთველზე რომ სუბსიდირება იქნება, ეს 18 ივნისს, tv “იმედის“ ეთერში სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმაც, ფაქტობრივად, დაადასტურა, მაგრამ იქვე მიანიშნა, რომ კახელ ფერმერებს ზედმეტი და ცრუ მოლოდინები არ უნდა ჰქონდეთ.

„ბოლო წლების განმავლობაში სუბსიდირების რეჟიმიდან, ფაქტობრივად, გამოსული ვიყავით, მაგრამ იმისთვის, რომ წელს ფერემერებს არ შეექმნათ ყურძნის ჩაბარების პრობლემა, რადგან ეს არის მალფუჭებადი პროდუქტი და მყისიერად უნდა დაბინავდეს, კრიზისულ ბიუჯეტში გათვალისწინებული გვაქვს სუბსიდიის თანხა, რათა ფერმერებმა მინიმუმ თავიანთი დანახარჯის ამოღება შეძლონ და გარკვეული მოგებაც მიიღონ, მაგრამ პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ რაღაც სუპერ მაღალი ფასების მოლოდინი ყურძენზე წარმოუდგენელია და აქ ძალიან მნიშვნელოვანია, გულწრფელები ვიყოთ, არ შევქმნათ ზედმეტი, ცრუ მოლოდინები. ეს არის ის შესაძლებლობა, რაც ამ რთულ პერიოდში ქვეყანას გააჩნია. გვესმის, რომ რესურსები შეზღუდულია. ყველაფერს ყურძნის შესაძენად ვერ დავხარჯავთ, თან სახელმწიფომ უნდა დახარჯოს. კერძო სექტორის მხრიდან შესუსტებულია მოთხოვნა, მაგრამ ვფიქრობთ, დაახლოებით, 60 მლნ ლარი, რომელიც ამ მიმართულებით სახელმწიფოს მხრიდან დაიხარჯება, მოგვცემს საშუალებას, დავაბალანსოთ და სექტორმა ნაკლებად მტკივნუელად გადაიაროს ეს ეტაპი. გვესმის, რომ ფერმერებს ყოველ წელს სურთ მაღალი ფასი და ეს არის ბუნებრივი მოლოდინი და სურვილი. გვესმის, რომ ღვინის კომპანიებსაც თავისი ინტერესები გააჩნია. ამდენად, გვაქვს რეგულარული კომუნიკაცია სექტორთან“, – განაცხადა მინისტრმა.

ლევან დავითაშვილის შეფასებით, „ღვინის ინდუსტრია, ტურიზმის შემდეგ ერთ-ერთ ყველაზე დაზარალებულია მთელს მსოფლიოში, რადგან გაყიდვების კუთხით ის მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ჰორეკა სექტორთან. „გაყიდვების დაახლოებით, 30% სწორედ ჰორეკა სეგმენტზე მოდის“, – აღნიშნა მან.

ავტორი: ინგა მურუსიძე

წყარო: bm.ge