რამდენია შიდა წარმოება და საიდან შემოდის სიმინდი საქართველოში
წლის დასაწყისიდან დღემდე სიმინდი 21%-ით გაიაფდა, რაც აშშ-სთან ერთად ბრაზილიაში კარგი მოსავლის მოლოდინითაა გამოწვეული. Trading Economics-ის თანახმად, სიმინდის ფიუჩერსული ფასი ამჟამად 4.75 აშშ დოლარია ბუშელზე (36.4 ლიტრა).
ჩიკაგოს სასაქონლო ბირჟაზე, რომელიც ერთ-ერთი უმსხვილესია მსოფლიოში, სიმინდის ფიჩერსული ფასი 2020 წლის დეკემბრის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა, რასაც გაუმჯობესებული კლიმატური პირობები განაპირობებს.
ამ ფონზე საქართველოში სიმინდის იმპორტი იზრდება. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის პირველ ორ კვარტალში ქვეყანაში 14.5 მლნ აშშ დოლარის სიმინდი შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს, 5.3 მილიონ აშშ დოლარს 173%-ით აღემატება.
არ გაგიკვირდებათ და ქვეყანაში სიმინდის მთავარი იმპორტიორი რუსეთია (7.95 მლნ აშშ დოლარი), შემდეგ კი თურქეთი (2.2 მლნ აშშ დოლარი) და უკრაინა (1.2 მლნ აშშ დოლარი) მოდის.
რაც შეეხება ექსპორტს, იმპორტთან შედარებით ის საკმაოდ მცირეა და 1.3 მლნ აშშ დოლარს შეადგენს 2023 წლის იანვარ-ივნისში.
უნდა ითქვას ისიც, რომ საქართველოში სიმინდის წარმოება მცირდება და 2022 წელს 152.9 ათას ტონას აღწევს, რაც 2021-თან შედარებით 34.4%-ით, ხოლო 2014 წელთან შედარებით 47.6%-ით ნაკლებია.
კახი ჩაკვეტაძე
წყარო: https://www.bpn.ge