რაფსი
რაფსი უძველესი ზეთოვანი კულტურაა. არსებობს მისი, როგორც საშემოდგომო, ისე საგაზაფხულო ფორმა. საშემოდგომო რაფსი უფრო მდიდარია ზეთით და მეტ მოსავალსაც იძლევა. თესლი შეიცავს 40-50% ცხიმს, საგაზაფხულო ფორმა კი – 32-35%. რაფსის ზეთს (იოდის რიცხვით 94-112) ფართო გამოყენება აქვს საპნისა და სხვადასხვა სახის საღებავების დასამზადებლად, იყენებენ აგრეთვე საფეიქრო, ტყავის, პოლიგრაფიისა და მრეწველობის სხვა დარგებში.
თესლის გადამუშავების შედეგად მიღებული კოპტონი ძვირფასი კონცენტრირებული საკვებია პირუტყვისათვის, 1 გ. კოპტონი უთანაბრდება 1 საკვებ ერთეულს. ამასთან, პირუტყვის საკვებად გამოყენებულ უნდა იქნეს მცირე ნორმებით, რადგან შეიცავს ეთეროვან ზეთებს.
რაფსის თესვა მწვანე მასის მისაღებადაც შეიძლება, მისი კვებითი ღირსება 0,16 ერთეულს უდრის. რაფსი ითვლება კარგ თაფლოვან მცენარედ. მისი ერთი ყვავილი შეიცავს 0,5-0,7 მგ. ნექტარს. 1 ჰა-ზე მიიღება 100 კგ. თაფლი.
დადგენილია, რომ 1 ჰა რაფსის ნათესი გამოყოფს 10,6 მლნ ლიტრ ჟანგბადს და შაქრის ჭარხლის შემდეგ (15 მლნ ლიტრი) მეორე ადგილზეა, მაშინ როდესაც 1 ჰა ტყის მასივი მხოლოდ 4 მლნ ლიტრ ჟანგბადს გამოყოფს. მაღალი აგროტექნიკის პირობებში საშემოდგომო რაფსის თესლის მოსავალი ჰექტარზე შეადგენს 20-25ც., საგაზაფხულო რაფსისა 15-18ც. მწვანე მასის მოსავალი აღწევს 200ც-მდე ჰექტარზე.
ბოტანიკური დახასიათება და ბიოლოგიური თავისებურებანი
რაფსი ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა, ეკუთვნის ჯვაროსანთა ოჯახს, წარმოადგენს შალგისა და კომბოსტოს ბუნებრივ ჰიბრიდს. ამფიდიპლოიდია. ფესვთა სისტემა მთავარღერძიანი და კარგად განვითარებული, ნიადაგში აღწევს 3მეტრ სიღრმემდე.
საშემოდგომო ნათესი
შემოდგომაზე იკეთებს მხოლოდ ფოთლების კონას, როზეტას, ღერო კი მომდევნო გაზაფხულზე იწყებს ზრდას და სიმაღლით აღწევს 130სმ-მდე. ძლიერ იტოტება. ფოთლები მომწვანო-მონაცრისფრო, ცვილისებრი ნაფიფქით. ზედა ფოთლები ყუნწიანი აქვს, ყვავილედი-შედარებით გაშლილი მტევანი, ყვავილის გვირგვინის ფურცლები შეფერილია ღია ყვითლად. თვითმტვერიაა, თუმცა მცენარე ჯვარედინადაც იმტვერება.
საშემოდგომო რაფსი გრძელი დღის მცენარეა, ვერ იტანს ძლიერ ყინვებს -8 -10°C ყინვაზე იღუპება. ამის გამო მისი მოყვანა შესაძლებელია იქ, სადაც ზამთარი რბილია, თოვლიანი. მცენარე ვერ იტანს ტემპერატურის დიდ მერყეობას, განსაკუთრებით ზამთრის ბოლოს და ადრე გაზაფხულზე.
რაფსი ტენის მოყვარული მცენარეა, ვერ იტანს გვალვებს, ტრანსპირაციის კოეფიციენტი 740-ს აღწევს. განსაკუთრებით ესაჭიროება წყალი ყვავილობისა და თესლის ჩასახვის ფაზაში.
რაფსი დიდ მოთხოვნილებას აყენებს აგრეთვე ნიადაგების მიმართაც, საუკეთესოა მისთვის შავმიწა და კარგი წყალგამტარი ნოყიერი თიხნარი მიწები, აგრეთვე მსუბუქი ალუვიური ნიადაგები. მისთვის გამოუსადეგარია ძლიერ მსუბუქი ქვიშნარები და ისეთი მიწები, სადაც გრუნტის წყლებია ახლოს.
აგროტექნიკა
თესლბრუნვაში რაფსი თავსდება სათოხნი და პარკოსანი კულტურების, აგრეთვე თავთავიანი პურეულისა და მრავალწლიანი ბალახების შემდეგაც.
თვით რაფსისაგან განთავისუფლებული მინდორი კარგი წინამორბედია საშემოდგომო ხორბლისათვის.
ნიადაგის დამუშავება ძირითადად ისეთივეა, როგორც მოცემული ზონისთვისაა მიღებული.
რაფსი საკმაო მოთხოვნილებას იჩენს სასუქებისადმი. 25ც. მოსავალს, შესაბამისი მწვანე მასით, 1 ჰექტარიდან გამოაქვს 120კგ. აზოტი, 60კგ. ფოსფორი და 160კგ. კალიუმი. ნიადაგის პირობების მიხედვით ჰექტარზე შეაქვთ 40-60ტ. ნაკელი.
თესლის მომზადება
რაფსის დღემდე არსებული ჯიშები, სასარგებლო ნივთიერებებთან ერთად, დიდი რაოდენობით შეიცავენ არსასურველ ნივთიერებებსა: ცერუკოვის მჟავას, გლუკოზინოლატებს და სხვ., რომლებიც მნიშვნელოვნად აქვეითებენ ზეთის სასურსათო ღირებულებას და საკვების ფართოდ გამოყენების შესაძლებლობას.
ამჟამად სელექციონერების მიერ გამოყვანილია სასურსათო და ტექნიკური ზეთის მაღალი შემცველობის უხვმოსავლიანი ჯიშები, ასევე მწვანე მასის მომცემი მაღალმოსავლიანი ჯიშები.