რატომ ეტანება ძროხა ძვლებს ან ნაგავს? კვებითი დარღვევები ორგანიზმის განგაშის სიგნალია
ის, რაც შეიძლება „უცნაურად“ ან „სასაცილოდ“ მოგეჩვენოთ, სინამდვილეში სერიოზული პრობლემაა.
კვებითი დარღვევები, ანუ პირუტყვის გაუკუღმართებული გემოვნება, მკაფიო გამაფრთხილებელი სიგნალია.
როდესაც ძროხა ჭამს: მიწას, ქვებს, ძვლებს, პლასტმასს ან ნაგავს, _ ეს ნიშნავს, ორგანიზმის გვატყობინებს, რომ მას რაღაც აკლია.
რა ხდება სინამდვილეში?
კვებითი დარღვევა ძირითადად მინერალური დეფიციტით არის გამოწვეული. ამით ორგანიზმი ცდილობს აინაზღაუროს დანაკლისი, განსაკუთრებით:
- ფოსფორის;
- კალციუმის;
- ასევე ნატრიუმის, რკინის, თუთიის ან სპილენძის.
როდესაც ფოსფორის დონე ეცემა ან კალციუმი არასაკმარისია, ცხოველი გარემოში ეძებს იმას, რაც მის რაციონს აკლია. ეს ძალიან ხშირია გვალვების დროს, როდესაც საძოვარზე ბალახი გადაბერებული, გამხმარი, გაუხეშებული და ნივთიერებებით ღარიბია.
დანაგვიანებული საძოვრები
ხშირად საძოვრები ნაგავსაყრელს ემსგავსება, სადაც მიმოფანტულია:
- მავთულები;
- პლასტმასის პარკები;
- ნახმარი ქილები და მათი ნამსხვრევები;
- ლითონის ჯართი.
მინერალური შიმშილით გაღიზიანებული პირუტყვი ამ ყველაფერს ინსტინქტურად ჭამს, რასაც მძიმე შედეგები მოჰყვება:
- საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დახშობა;
- ფაშვის პერფორაცია (გახვრეტა);
- მძიმე მეტალებით მოწამვლა;
- რძის პროდუქტიულობისა და წონის მკვეთრი კლება;
- უნაყოფობა.
პრობლემის გამოსასწორებლად საჭიროა დაბალანსებული, მაღალი ხარისხის მინერალური დანამატები:
- ფოსფორი _ მინიმუმ 4-დან 12%-მდე (წარმოების სისტემის მიხედვით);
- კალციუმი _ 16-დან 19%-მდე (ნიადაგისა და საკვების მიხედვით);
- ბიოშეღწევადობა _ მინერალები ორგანიზმის მიერ ადვილად ასათვისებელი უნდა იყოს.
გაფრთხილება: ფერმერები მოერიდეთ „იაფფასიან“ მარილებს, რომლებიც ლამაზად გაფორმებული ეტიკეტით, ბევრს გპირდება. ხარისხიანი მინერალი იაფი ვერ იქნება. თუ პირუტყვს მცირე და უხარისხო საკვებს აძლევთ, ნუ ელოდებით მაღალ პროდუქტიულობას.
წყალი და საკვები _ საფუძველი, რომელიც ბევრს ავიწყდება
სუფთა წყლისა და ნედლი საკვების გარეშე, მინერალების ათვისება მკვეთრად ეცემა, მაშინაც კი თუ ძვირადღირებულ დანამატებს იყენებთ.
რა ვქნათ, თუ ცხოველმა ჩვევა არ მოიშალა?
უმეტეს შემთხვევაში, რაციონის გამოსწორებისთანავე კვებითი დარღვევები ქრება. თუმცა, ზოგიერთ ცხოველს ეს მავნე ჩვევა ჩვევადვე რჩება და შესაძლოა ნახირის სხვა წევრებსაც „ასწავლოს“. ასეთ შემთხვევაში, ყველაზე პრაქტიკული გამოსავალი ცხოველის გასუქება და მისი შეცვლა სხვა, ჯანსაღი ინდივიდით.
გახსოვეთ!
გაუკუღმართებული მადა ძროხის ბრალი არ არის. ეს არასწორი მართვის, არასაკმარისი დანამატებისა და დანაგვიანებული საძოვრების შედეგია.
პასუხისმგებლიანი მეცხოველეობა ნიშნავს ხარისხიან მინერალებს, სუფთა წყალს და ნაგვისგან გასუფთავებულ საძოვრებს.
წყარო: Swagx-ის ვეტერინარული კლინიკა

