რით იმსახურებს ქართული თაფლი ევროკავშირის ბაზარზე უმაღლეს შეფასებას?
ქართული თაფლი არ არის მასობრივი მოხმარების პროდუქტი, რადგან იგი გამოირჩევა განსაკუთრებული საგემოვნო თვისებებით და ევროპულ ბაზარზე საკმად ძვირადაც ფასობს.
„საქსტატის“ ცნობით, 2017 წლის იანვარ-ნოემბერში ევროკავშირში საქართველოდან ექსპორტირებული იყო 14,1 ათასი აშშ დოლარის ღირებულების თაფლი, თუმცა დღემდე ქართული თაფლის გასაღების ძირითადი ბაზარი აზიის ქვეყნებია.
უკვე მეხუთე წელიწადია ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ფარგლებში ევროკავშირის ბაზარზე ქართული თაფლის მაღალი სტანდარტის აღიარების თაობაზე ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს და ამ პერიოდში საქართველომ შეძლო ევროპას ეღიარებინა ქართული თაფლის უვნებლობის კონტროლის სისტემა.
„ჩვენ რამდენიმე წლის წინათ მივიღეთ თაფლის ტექნიკური რეგლამენტი, რაც ყველა მეფუტკრისთვის სავალდებულოდ შესასრულებელი დოკუმენტია, სადაც მკაფიოდაა გაწერილი, როგორც თაფლის უვნებლობის, ისე ხარისხის პარამეტრები.
ასევე შესაძლებლობის ფარგლებში აღჭურვეთ ლაბორატორია, სადაც თაფლს გარკვეული ანალიზები უტარდება, ხოლო რაც შეეხება უფრო რთულ და დეტალურ ანალიზს, ამისთვის იმ საერთაშორისოდ აღიარებულ ლაბორატორიებს ვიყენებთ, რომელთანაც ვთანამშრომლობთ, მაგალითად ლატვიის ლაბორატორიას _ აცხადებს სურსათი უვნებლობის სამსახურის წარმომადგენელი თენგიზ კალანდაძე.
ევროპის ბაზარზე გასვლის სამზადისის დროს გაირკვა, რომ ქართული თაფლი არ აღმოჩნდა მასობრივი მოხმარების პროდუქტი, რადგან ის სხვა ქვეყნის თაფლისგან გამოირჩევა საგემოვნო თვისებებით, ეკოლოგიური სისუფთავით და უფრო ძვირია ვიდრე, ვთქვათ, ჩინური და არგენტინული თაფლი.
ფაქტია, რომ დღეს ცალკეული ქართველი მეფუტკრეები ევროკავშირის ბაზარზე წარმატებით ყიდიან მინდვრის მრავალფეროვანი ყვავილების (მონოფლორა) და ალპური ზონის თაფლს კილოგრამს სულ მცირე 10$-ად, თუმცა ევროკავშირში საქართველოდან ექსპორტირებული თაფლის რაოდენობა ძალიან მცირეა.
ევროპის ბაზრისათვის საექსპორტო თაფლის მცირე მოცულობის მიზეზად (შარშან სულ 11 ათასი დოლარის ღირებულების თაფლი გავიდა ევროკავშირში) თენგიზ კალანდაძე ასახელებს, იმას რომ საოჯახო მეურნეობებიდან ერთგვაროვანი თაფლის შეგროვება და სასაქონლო სახის მიცემა ვერ ხერხდება.
ცალკეული მეწარმის მიერ წელიწადში წარმოებული 5-6 ტონა თაფლი ევროპის ბაზრისთვის ძალიან ცოტაა.
ამიტომ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს კოოპერატივების სააგენტოს ხელშეწყობით ქ. გორში შენდება თაფლის მიმღებ-გადამმუშვებელი საწარმოს მშენებლობას, სადაც შესაძლებელი იქნება თაფლის ჩაბარება, კუპაჟირება, მისთვის ერთსახოვანი სასაქონლო სახის მიცემა, მარაგების შექმნა და საექსპორტოდ მოზადება, რათა ევროკავშირის ბაზარს სტაბილურად მიეწოდოს მაღალხარისხიანი ძვირფასი ქართული თაფლი.
ეს საწარმო რამდენიმე წელიწადში ეტაპობრივად იმ კოოპერატივების მეპაიეების საკუთრებაში გადავა, ვინც ამ ქარხნის ირგვლივ გაერთიანდება.
წყარო: www.agroxxi.ru