რუბრიკებისტატიები

საძოვრების მართვის საკითხები საქართველოში

საქართველოში მიწის რესურსების ადმინისტრირების არსებულ  პირობებში გამოწვევას წარმოადგენს მიწის მართვის და ადმინისტრირების სისტემების  ფორმირება და ამ მიმართულებით საჭირო მმართველობითი უფლებამოსილებების გონივრული ინსტიტუციური გადანაწილება.

ამ გამოწვევის საპასუხოდ მიღებულ იქნა „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი და „მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ“ საქართველოს კანონი და  საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შეიქმნა მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტო, რათა განხორციელდეს, დღევანდელი გამოწვევების შესაბამისად, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსების გამოყენების, დაცვის ღონისძიებებისა და უფლებამოსილებების გამიჯვნა. სააგენტოს განესაზღვრა  ფუნქციები და უფლებამოსილებები; მან მოქმედება დაიწყო კოვიდ-19  პანდემიის პერიოდში და შესაძლებელი გახდა არაერთი მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტა.

ერთ-ერთი ასეთი საკითხია მთავრობის 2021 წლის 6 ოქტომბრის № 497 დადგენილებით დამტკიცებული „საძოვრების ხელმისაწვდომობის სახელმწფო პროგრამა“, რომელიც ხელს შეუწყობს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საძოვრების რაციონალურად გამოყენებას; განხორციელდება ამ საძოვრების სარგებლობაში ისეთი განკარგვა, რომელიც შესაძლებელს გახდის საძოვრებზე ხელი მიუწვდებოდეთ რეალურ მეურნეებს.

საქართველოს საძოვრების საერთო ფართობის დიდი ნაწილი (500 ათასამდე ჰა) ეროზიულია, მათ ეკოსისტემას და მცენარეულ საფარს განსაკუთრებით აზიანებს პირუტყვის მრავალწლიანი გადამეტებული ძოვება, სიმჭიდროვის ზრდა და საძოვრების არარაციონალური გამოყენება.  სავარგულების უსისტემო გამოყენების შედეგად მცირდება ნიადაგის ზედაპირის ბალახოვანი საფარი, ბუნებრივი საფარი იცვლება უხეში, საკვებად გამოუსადეგარი მავნე მცენარეებით და ბუჩქნარით, რომლებიც ხელს უშლიან სასარგებლო მცენარეულობის განვითარებას.

საძოვრების არარაციონალური გამოყენება და ბალახის საფარის განადგურება იწვევს ნიადაგის სტრუქტურის შეცვლას, მის ზედაპირზე ღრმა ფენებიდან ჩამონადენი ან დაგროვილი წყლები კი ხელს უწყობენ ნიადაგის  დამლაშებას, ხოლო გარკვეულ ტერიტორიებზე – ეროზიული პროცესების განვითარებას. საქართველოს საძოვრების ბუნებრივი პირობები, კლიმატი, რელიეფის სირთულეები, ხელმისაწვდომობა ტექნიკასა და ფინანსებზე (ღონისძიებათა სიძვირე), საგრძნობლად ზღუდავენ ამ სავარგულებზე ძირეული გაუმჯობესების ღონისძიებების ჩატარებას, რაც შესაბამისად იწვევს საძოვრების მწყობრიდან გამოსვლას და გაუვარგისებას.

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის სახელმწიფო პროგრამის მიზანს წარმოადგენს  საჯარო რეესტრში საძოვრის კატეგორიად  რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება და საძოვრების მოვლა-სარგებლობაზე ლეგიტიმური კერძო პასუხისმგებლობის გაჩენა, რაც თავის მხრივ, საძოვრების რაციონალური გამოყენების, ხარისხობრივი გაუმჯობესების, მეცხოველეობის განვითარების და ადგილობრივი პროდუქციის რაოდენობრივი ზრდისა და ხარისხის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა.

პროგრამის ფარგლებში დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე გამოვლინდება დაურეგისტირებელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საძოვრის კატეგორიის მიწის ნაკვეთები და განხორციელდება მათი სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრაცია ამ პროგრამაში ჩართვის მიზნით, ასევე დადგინდება სახელმწიფო საკუთრებად შესაბამისი კატეგორიის გარეშე რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების კატეგორიები და საძოვრის კატეგორიის დადგენის შემთხვევაში მოხდება მათი პროგრამაში ჩართვა. პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების იჯარით სარგებლობაში გადაცემის ვადა განისაზღვრება სამი წლით, ხოლო საძოვარი რომელიც მდებარეობს „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლით განსაზღვრულ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწებზე – ერთი წლის ვადით, თუ ლიცენზიის მფლობელთან შეთანხმებით სხვა ვადა არ იქნა განსაზღვრული, რაც  ზემოაღნიშნული პროგრამის მიზნის მიღწევის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ღონისძიებას წარმოადგენს.

გიორგი მიშელაძე,

მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე