აგროსიახლეები

საერთაშორისო კონფერენცია „ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევის სამეცნიერო პროექტი – შედეგები და სიახლეები“

დღეს, 10 ოქტომბერს თბილისში, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია, „ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევის სამეცნიერო პროექტი – შედეგები და სიახლეები“, გაიხსნა, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან: იტალია, საფრანგეთი, ესპანეთი, ინგლისი, აშშ, კანადა, ისრაელი, ბრაზილია, სამხრეთ აფრიკა, ხორვატია, 22 მეცნიერი, მკვლევარი და ექსპერტი ესწრება.
კონფერენცის მიზანია მევენახეობა – მეღვინეობის დარგის მკვლევარებს და სხვადასხვა დისციპლინის ექსპერტებს, სპეციალისტებს, დაინტერესებულ პირებს და, ზოგადად, ფართო საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევის სამეცნიერო პროექტის ფარგლებში განხორციელებული შედეგების და დაგეგმილი სამომავლო აქტივობების შესახებ. 

კონფერენციის ფარგლებში, მეცნიერები და მკვლევარები წარმოადგენენ მოხსენებებს სამომავლო კვლევების პრიორიტეტულ მიმართულებებზეც.

სამეცნიერო კონფერენცია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ გახსნა.

„მოხარული ვართ, გიმასპინძლოთ საქართველოში და კიდევ ერთხელ განსაკუთრებული სიამაყით აღვნიშნო, რომ  თქვენ, საერთაშორისო უნივერსიტეტებისა და ინსტიტუტების წამყვანი მეცნიერები დღეს ღვინის სამშობლოს საპატიო სტუმრები ხართ. აღნიშნული პროექტის განხორციელება 2014 წელს  დავიწყეთ. პროექტის მიზანი საქართველოს ღვინის კულტურის უძველეს კერად დადასტურებისათვის ახალი მონაცემების შეგროვება იყო. კვლევის შედეგებმა ვაზის მოშინაურებასა და ღვინის წარმოების დაწყებასთან დაკავშირებით ახალი რეალობა გააჩინა, 2017 წელს, მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოებამ აღიარა, რომ მეღვინეობის უძველესი კვალი სწორედ საქართველოს ტერიტორიაზე იყო აღმოჩენილი, რომ ღვინის სამშობლო საქართველოა. დღეს, კონფერენციის ფარგლებში, მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მკვლევარებთან,  ექსპერტებთან და დაინტერესებულ ფართო საზოგადოებასთან ერთად გვინდა შევაჯამოთ პროექტის შედეგები და  მომავალი კვლევების პრიორიტეტებზე ვიმსჯელოთ“.

„სიმბოლურია, რომ დღევანდელი საერთაშორისო კონფერენცია „ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევის სამეცნიერო პროექტი – შედეგები და სიახლეები“ ტარდება ღვინის დღეების ფარგლებში, რომელიც პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაარსდა და ყოველწლიურად იმართება მთელი ქვეყნის მასშტაბით. ღვინის დღეებით, ჩვენ ვახსენებთ მთელ საზოგადოებას, რომ ქართული ღვინო არის ჩვენი კულტურის და ისტორიის ნაწილი. აღსანიშნავია, რომ „ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევის პროექტის“ ფარგლებში, დაიდო საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი სამეცნიერო დასკვნა, რომელიც  მნიშვნელოვანი იყო ქართული ღვინის საერთაშორისო ბაზარზე პოზიციონირებისთვის, ის გახდა მთავარი გზავნილი დანარჩენი მსოფლიოსთვის, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა, ღვინის დაყენების 8000 წლიანი  უწყვეტი ისტორიით“ _ აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ.

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევის სამეცნიერო პროექტი – შედეგები და სიახლეები“  10-12 ოქტომბერს, „ღვინის დღეების“ ეგიდით  საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით იმართება.